ავტოსამყაროს შედევრები

Approved by Mary Poppins



მანქანები რომ ძალიან მიყვარს და სულ ცოტათი, მაგრამ ქალისთვის საკმარისად მაინც რომ ვერკვევი ალბათ უკვე მიხვდით. თუმცა, ჩემი ცოდნაც და სიყვარულიც პრაქტიკულზე უფრო მეტად, თეორიულია და ახლავე აგიხსნით რატომ: დედამიწაზე არ მეგულება ჩეზე ზარმაცი ადამიანი. არა, არა, ზანტი სულ არ ვარ. არც საქმის კეთება მეზარება და არც ზედმეტი მოძრაობა და ბევრზე უფრო ენერგიული, ინიციატივიანი და ცოცხალი ვარ. მე ცოტა სხვა ტიპის სიზარმაცე შემეყარა - სიამოვნების მიღება ბოლომდე მიყვარს. რას ვგულისხმობ, რამდენიმე პატარა მაგალითზე აგიხსნით: ძალიან მომწონს სისწრაფის და სრიალის შეგრძნება და თხილამურებზეც ძალიან კარგად ვდგავარ, მაგრამ ყოველთვის ციგით ვსრიალებ. რატომ? თხილამურებზე შენ უნდა იმუშაო და სიამოვნებას ბოლომდე ვერ ღებულობ, ციგას კი, სანამ შენ ნახევრადწამოწოლილი თოვლზე სრბოლით ტკბები - თვითონ მიყავხარ. იგივეა წყალშიც. ნორმალურად ვცურავ, მაგრამ მკლავებზე 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასაბერი სამკლაურები მიკეთია, რომელიც ცურვასა და ყვინთვაში ხელს არ მიშლის და თან თევზის საცურაო ბუშტის მოვალეობასაც ასრულებს, ანუ საერთოდ არ ვიღლები. სანამ სხვები შრომობენ და ქოშინ-ქოშინით გამოდიან ნაპირამდე, მე წყლზე ვკოტრიალობ და ვნებივრობ. მანქანის მიმართაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება მაქვს - ცარიელ ტრასაზე გაზზე ფეზის მიჭერა, კი ბატონო, სადმე ტრეკზე დრიფტაობა - სიამოვნებით, მაგრამ თბილისი ქუებში მგზავრობისთვის მძღოლი რომ მოყვება ისეთი მანქანა მირჩევნია. ასე რომ, სანამ მავანნი მანქანიან კაცს ეძებენ, ისეთებიც ვართ, ვისაც კაციანი მანქანა გვირჩევნია. დღეს ჩემს უსაყვარლეს მანქანებზე მოგიყვებით, რომლებიც რამდენიმე სხვა პარამეტრთან ერთად, ძალინ მარტივი პრინციპით: „მომწონს, არ მომწონს“ შევარჩიე.

Ariel Atom 500 V8  –  ბრიტანული კომპანია Ariel Motor Company სულ რამდენიმე მოდელს უშვებს „არიელ ატომ“-ს „არიელ ატომ 2“-ს, „არიელ ატომ 3“-ს და, როგორც უკვე ხვდებით „არიელ ატომ 500 V8“-ს. კოვენთრის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკ სმარტის მიერ მოდელირებული ... დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ - „არიელ ატომი“ ერთი რიგითი სტუდენტის საკურსო პოექი იყო, რომელსაც შემთხვევით გაუმართლა და მისი ლექტორი ავტომინიმალიზმის თაყვანისმცემელი და კომპანია „ატომის“ გენერალური დირექტორი გამოდგა. მოკლედ, ამ ჭეშმარიტად „დრაივერული“ მანქანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისი თანამოძმეებისგან განსხვავევით, არ გააჩნია, ერთი შეხედვით ისეთი აუცილებელი დეტალები, როგორიცაა ფანჯრები, კარები, ჭერი, კაპოტი, საბრგული და ზოგოერთ მოდელში წინა საქარე მინაც კი. სამაგიეროდ აღჭურვილია მოოქროვილი ეკზოკარკასითა და 500 ცხენისძალიანი V8 ძრავით. იწონის სულ რაღაც 550 კილოს და მასისა და ცხენის ძალების შეფარდების წყალობით არა ერთ ბევრად უფრო ძვირადღირებულ სუპერქარზე უფრო სწრაფად დაქრის. დიახ, დიახ, მათემატიკურად თუ დავითვლით  „ბუგატი ვეირონსა“ და „ფერარი ენცოზე“ ორჯერ უფრო ძლიერი გამოგვივა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2,3 წმაში ადის, მისი ყველაზე იაფიანი მოდელი კი სწრაფი სიარული მოყვარულთა გასახარად სულ რაღაც 50 ათასი დოლარი ჯდება, პირდაპირ გასაკვირია, თბილისის ქუჩებში რატომ არ გვხვდება. თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ ცოტათი „დანავაროტკებული“ უკვე სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ჩვენ კი ყველაფერი საუკეთესო გვიყვარს.
მანქანას, რომელსაც დასამალი არაფერი აქვს, და რომლის სალონიდანაც ხელსგულივით მოსჩანს მისი მოტორი, ამორტიზატორები, ბორბლები და თვით ასფალტიც კი,  ექსპლუატაციის თავისი წესები აქვს. „არიელ ატომში“ ჩასაჯდომად ცალი ფეხით მძღოლის სავარძელზე უნდა შედგეთ, მეორეთი კი საკმაოდ მაღალ კარკასს გადააბიჯოთ, რაც როგორც ხვდებით, მიჩვევას და გარკვეულ მოხერხებულობასა და მოქნილობას მოითხოვს და ალბათ სტამბულის კაჟივით მაგარ ჯანმრთელობასაც. მანქანის დაქოქვაც კი მთელ რიგ მანიპულაციებთანაა დაკავშირებული, რაც ამ საქმეში გაუწაფავი ადამიანისგან "ქუჩაში გავიარე, უპატრონოდ იდგა, ჩავხტი და გავიტაცეს" - პრაქტიკულად გამორიცხვას. „არიელ მოტორსი“ კლიენტებზე მანქანის მიყიდვის მერეც ზრუნავს და წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებას მართავს, მრავალეტაპიანი რალის ჩათვლით, სადაც მხოლოდ „ატომები“ მონაწილეობენ.






McLaren F1 – ამ მართლაც ლეგენდარულ მანქანას წარდგენაც არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს ავტომოყვარულს საუკეთესო შემთხვევაში ფორმულა პირველის ბოლიდი გონია, უარესში კი - საერთოდ არ აქვს გაგონილი. არადა, „მაკლარენ F1“  მთელი თორმეტი წლის მანძილზე ინარჩუნებდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ანუ საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების უფლების მქონე ავტომობილის ტიტულს. და სხვათა შორის, იგი დღესაც უსწრაფესია ატმოსფერული ძრავის მქონე მანქანებში. გარდა იმისა, რომ ოქროს ძრავი აქვს (როგორც საუკეთესო თბოგამტარი ლითონის), 390 კმ/სთ-ავითარებს და 100 კმ-მდე 3,2 წამში ადის, მანქანის კიდევ ერთი უნიკალურობა დანარჩენი სუპერქარებისგან განსხვავებით მის სამ სავარძელში მდგომარეობს - მძღოლის სკამი შუაში დგას, მის უკან კი ორი ადგილია მგზავრებისთვის გათვალისწინებული.
„მაკლარენ მოტორსში“ ფორმულა 1-ის ბოლიდების გარდა სპორტული ავტომობილის გამოშვებას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის შრეულ 60-იან წლებშიც აპირებდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით 80-იანი წლების ბოლომდე ვერ მოაბეს თავი და ამ მართლაც ამბიციურ პროექტზე მუშაობას მხოლოდ 1990 წელს შეუდგნენ. პირველი „F1“-ის დემონსტრაცია მონაკოს გრან-პრიზე 1992 წლის 28 მაისს შედგა და ავტომანქანამ ნამდვილი ფურორი მოახდინა თავისი გარეგნობითაც და ფასითაც - 1,2 მილიონი აშშ დოლარით. 1998 წლისთვის, როცა მანქანამ სისწრაფეში კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მაკლარენმა „F1“-ის გამოშვება შეაჩერა, სულ 170 მანქნა იყო აწყობილი. დღეს მათი ფასი  უკვე 2 მილიონი დოლარია.  „F1“-ის 1993-2005 წლების ლიდერობას ბოლო აეროდინამიკისა და ინჟინერული აზრის შედევრმა „ბუგატი ვეირონმა“ მოუღო. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ როცა აბუ-დაბიში (ავტოშოუ „Top Gear”-ის ერთ-ერთ გადაცემაში) ძველი და ახალი ჩემპიონები ერთმანეთს 1 მილის მანძილზე შეაჯობრეს, გადამღები ჯგუფო საგონებელში ჩავარდა: სცენარის და ლოგიკის მიხედვით, „ბუგატის“ უნდა გაემარჯვა, პირველი ათი დუბლი კი „მაკლარენმა“ მოიგო და მერეც, მასალის კომპიუტერულად დამუშავება დასჭირდათ, „ვეირონი“ კადრში „F1“-ზე სწრაფ „ვიდზე“ რომ დაეყენებინათ. კარგად თუ დააკვირდებით, ისი კი ჩანს, რომ სტარტზე მაკლარენი ბუგატზე სადღაც მეტრანხევრით უკან დგას. 




Bugatti Veyron – მრავალნატანჯი და მრავალნაცადი „ფოლკსვაგენი გოლფის“ გადამკიდე ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ იმავე კონცერნმა მოახერხა და შექმნა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძვირიანი და ალბათ ყველაზე ლამაზი მანქანა. ამ საოცრების შექმნის ისტორია ასეთია: 1999 წლის ტოკიოს ავტოსალონზე 30-იანი წლების ბუგატის ავტომსრბოლელის, ლუის-ალექსანდრე შირონის  საპატივცემულოდ EB 18/3 „Chiron“-ად წოდებული კონცეპტქარი წარმოადგინეს, რომელიც თავისი უზარმაზარი, მაგრამ სუსტი მოტორისა და სპორტულზე მეტად ფუქსავატური ისერსახისს გამო მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა. 2001 წლის ჟენევის ავტოსალონზე „ბუგატიმ“ სრულიად ახალი მანქანა გამოიყვანა, რომელსაც ნაწილებთან ერთად დასახელებაც შეუცვალეს და ამჟამად ლე-მანის რალის 1939 წლის გამარჯვებული პიერ ვეირონის სახელს ატარებდა. მანქანის სერიული წარმოება 2005 წელს დაიწყო და მსოფლიოს ქუჩებში სრულიად მონსტრი და სრულიად სერიული „Bugatti Veyron 16.4“ გამოსეირნდა. ამ სტატიის ციფრებით გადატვირთვა არ მინდოდა, მაგრამ „ბუგატისთან“ ციფრებს ვერსად გავექცევით, სხვანაირად მისი უნიკალურობის შეგრძნება შეუძლებელია - სულ 300 ეგზემპლიარი გამოუშვებას აპირებენ და 200 უკვე გაყიდულია, ფასი საშუალოდ 1 მილიონი ევროა, მოტორში დაახლოებით 1001 ცხენი უზის, მაქსიმალური სიჩქარე 407-415 კმ/სთ, და 100 კილომეტრამდე 2, 5 წამში ადის, 1888 კგ-ს იწონის და მქასიმალური სიჩქარით მიმავალი მანქანა რეზინის რამდენიმე ფენისგან დახვეული ხელნაკეთი ბორბლებით, მძღოლმა საჭეს ხელი რომც გაუშვას მაინც, მოძრაობის ტრაექტორიის შეუცვლელად დამუხრუჭებიდან 10 წამში ჩერდება, მაქსიმალურ სიჩქარეზე სიარულისას საბურავები 60 კილომეტრში გამოსაცვლელია, მაგრამ ეგ არაფერი, იგივე პირობებში 1 ავზი ბენზინი მხოლოდ 12 კილომეტრზე ყოფნის... ერთადერთ ნუგეშად ის რჩება, რომ მაქსიმალური სიჩქარით საგანგებოდ ტრეკზე თუ არ წახვალ, თორემ სხვაგან ვერსად ივლი.


ეშხში შესულმა „ბუგატიმ“ „ვეირონის“ სხვადასხვა ვერსიები გამოუშვა: Pure Sang-ს ანუ „წმინდასისხლიან“ ვეირონს ბრილიანტებით მოპირკეთებული გაულაქავი და შეუღებავი ალუმინის ძარა აქვს; Fbg par Hermès-ი ალბათ თავადც ხვდებით, რომ ფრანგული სამოდელო სახლთან ერთადაა შექმნილი; Sang Noir-ი სულ 15 ცალი გამოუშვეს, იგი გარედან კუნაპეტი შავია, შიგნით კი ალისფერი; Blue Centenaire –„ბუგატის“ 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს; იგივე იუბილეთვის გამოუშვეს ერთადერთი Centenaire Jean-Pier Wimille; ერთადერთია Centenaire Achille Varzi, Centenaire Sir Malcolm Campbell და Centenaire zu Leiningen-იც. აღარ ჩამოვთვლი ახლოაღმოსავლეთის მილიონერებისა თუ ცუდ ხასიათზე გაღვიძებული მოდელებისთვის გამოშვებულ სპეციალურ მოდელებზე, რომელთაც ხან ვარდისფრად ღებავენ და ხანაც პლატინათი აპირკეთებენ. ისიც კი კმარა, რომ ყველაზე ჩვეულებრივი „ვეირონი“ გადაცემათა კოლოფი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „პორშ 911“, სამუხრუჭე დისკების ფასად კი მთელ „გოლფს“ იყიდით.  სალონში ალპებში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე გაზრდილი და ალპური ბალახით გამოკვებული ძროხების ტყავს იყენებენ. თურმე ნუ იტყვით, მაგ სიმაღლეზე კოღო ვერ ძლებს და ძროხას ვერ კბენს. შესაბამისად, მათი ქათიბი დაუკბენავია და უაზდო გამოდის. ერთ მანქანისთვის კი 20 ნიკორას ატყავებენ...







Jaguar E-Type Speedster - ახლა ისევ კლასიკას მივუბრუნდეთ. თუმცა, მთლად კლასიკა ვერაა, რადგან ექსკლუზიური მანქანების მწარმოებელმა ბრიტანული კომპანია Eagle-მა, რომელიც რარიტეტული ავტომანქანების განახლება-რესტავრაციაზე მუშაობს, თვალი 60-იანი წლების Jaguar E-Type-ს დაადგა და დრო და ჟამისაგან დაძველებული ხელოვნების ნიმუში თანამედროვე შედავერად აქცია. თავად „იგლში“ თავიანთ ნახელავს „ყველა დროის უმშვენიერესი მანქანის ევოლუციას“ უწოდებენ, რაშიც შეუძლებელია არ დავეთანხმო. მანქანა, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს მორალური ცვეთა, თავისი სრულყოფილებიდან გამომდინარე, ისე გადააკეთეს, განაახლეს და გააძლიერეს,  რომ გარეგნული ცვლილება პრაქტიკულად არ განუცდია. „იგლის“ ინჟინრები სიამაყით აცხადებენ, რომ მანქანის ყველა დეტალი ორიგინალია. ოღონდ, რასაკვირველია, მოდერნიზებული ორიგინალი. სპეციალისტების მცდელობით ისედაც პატარა და მსუბუქმა ავტომობილმა წონაში კიდევ უფრო დაიკლო და სულ 1008 კილოგრამი გახდა, ახალთახალი 310 ცხენისძალიანი მოტორის წყალობით კი 258 კმ/სთ სიჩაქრეს ავითარებს და 100 კმ-მდე 5 წამში ქაჩავს...
„ბუგატი ვეირონზე“ რომ ვწერდი, სულ ციფრები, ტექნიკური მონაცემები და მსგავსი ოპციები მომდიოდა თავში, ახლა კი მომკალი და არ გამომდის, რა დროს ცფრებია, როცა ფოტოზე ასეთ სილამაზეს ვხედავ! შეხედეთ, დატკბით, ისიამოვნეთ და თავში „რა მოტორი უდგას“ ან „რამდენ სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს“-ს მსგავსი კითხვები თუ მოგივათ, ექიმს ეჩვენეთ. „E-Type Speedster“-ზე ლაპარაკს „The Sunday Times”-ის ჯერემი კლარქსონის რუბრიკაში გამოქვეყნებული სიტყვებით დავამთავრებ: „მანქანისთვის გამორჩეულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას წინათ „ტოპ გირში“ რაღაც, სახელად „იგლ სპიდსტერი“ გავატარე. მსგავს მანქანაში არასდროს ვმჯდარვარ. მჭირდება? არა. მინდა? ჩემს მარცხენა ფეხზე მეტად“.




Pagani Huayra – სამხრეთამერიკულ ანდებში, ღმერთები და სულები ბინადრობენ. ერთ-ერთი მათგანი Aymara Huayra Tata ქარიშხლების, ქარისა და ბუნების კატაკლიზმების ღმერთი ზეციდან ცოდვილ მიწაზე დაეშვა და მისი ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა უბრალო მოკვდავთ, 2011 წლის მარტში ჟენევის ავტოშოუზე მიეცათ. კომპანია Pagani Automobili-ს მორიგი ოთხბობრბლიანი სენსაცია გაყიდვაში 2012 წლიდან გამოვა და მისი ფასი შემკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე მილიონიდან მილიონნახევარ დოლარამდე იმერყევებს. ჰორაციო პაგანისა და მისი ინჟინრების შვიდი წლის ნაფიქრსა და ნააზრევზე (სწორედ ამდენი დრო დაახარჯეს, როგორც თვითონ ეძახიან ზებგერითი გამანადგურებლებისა და ქალის სხეულის კონტურებისა და ფორმების მქონე ამ საავტომობილო სკულპტურის გამოძერწვას), პაპარაცები მთელი ორი წელი უშედეგოდ ნადირობდნენ, და აგერ ნანატრი დროც დადგა. არგენტინულმა ნიავმა, ევროპის გზებზეც გაინავარდა. თქვენი არ ვიცი და ამ მანქანის დანახვაზე, მეც კი,  Zonda R-ზე უგონოდ შეყვარებულს, სუნთქვა მეკვრება და გულის ცემა მინელდება. აღარც მისი საკმაოდ სოლიდური მონაცემები, დიდი სიჩქარე, ალუმინითა და ტყავით გაწყობილი სალონი, Mercedes AMG-ის ხელით აწყობილი თორმეტცილინდრიანი მოტორი, ტიტანით გაძლიერებული კარბოტანიუმის მონოკოკის კორპუსი და არც თავად მინიატურული
„უარაიას“ ფორმის მქონე ალუმინის გასაღები მაინტერესებს, რომელიც შუაზე იხსნება და ნახევარი გასაღებია და ნახევარი კი USB-ფლეშკა. მინდა, რომ აქვე სადარბაზოსთან ეყენოს და მინდა რომ ჩემი თუ არ იქნა და ვერ ჩავჯექი, სხვისი მაინც დავინახო ყოველ დილას და იდიოტივით გავიღიმო. მინდა რომ მისი მოტორის ხმა, რომელიც ჩემდა საუბედუროდ, „იუტუბიდან“ მოვისმინე, აქვე, ჩემს ქუჩაზეც კრუტუნებდეს... რრრრრრრრ....  აი, ძინავს, ძინავს და ახლა გაიღვიძებს, აფეთქდება, აბღავლდება... შეუკვეთეთ რა ვინმემ, წელიწადში მთელი 20 ცალი უნდა გამოუშვან და ნუ დაიწყებთ ახლა, რომ ღვთაებისთვის მილიონი ბევრია და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უშვებენ არასპეციალიზირებული უსაფრთხოების ბალიშების გამო - თავად ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტმაც ვერ გაუძლო ცდუნებას, კანონზეც თვალი დახუჭა, შესვლის ნებაც დართო და უკვე ჩაიყვანა კიდეც და 15 ცალიც შეუკვეთა სამომავლოდ ... ისე, კაცმა რომ თქვას, მანქანის რიგში რომ ჩავდგე, სადღაც 2015 წლამდე არ მომიწევს, მანამდე კი რაღაც მილიონნახევარი როგორ ვერ უნდა დავაგროვო?!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment