ოთხფეხა, ორფეხა და სულაც უფეხო საჩუქრები

Approved by Mary Poppins

«-Люди забыли эту истину,- сказал лис.-Но ты не должен ее забывать. Мы всегда будем в ответе за тех, кого приручили. И ты отвечаешь за свою розу...
-Я отвечаю за свою розу...-повторил Маленький принц, чтобы хорошенько это запомнить.»


ჩვეულებრივ ქალებს, ჩვეულებრივ, ყვავილებს ან ტკბილეულს ჩუქნიან, უფრო იღბლიანებს აქსესუარებს და სუნამოებს, შანსიანები ძვირფას სამკაულებსაც გამოკრავენ ხოლმე ხელს, ბედის ნებიერები კი საჩუქრად მანქანას ან სახლსაც ღებულობენ ხოლმე. არ ვიცი მიხაროდეს თუ მწყინდეს, მაგრამ მე არც ერთ კატეგორიაში არ ვხვდები... არა, ვიტყუები - მამამ სახლი მაჩუქა, მაგრამ ქართულ ენაში არსებობს შესანიშნავი სიტყვა: „მამა-მარჩენალი“ და მოდით, ამიტომ ამას საჩუქრად ნუ ჩავთვლით. მოკლედ, ისე მოხდა, რომ სულ შინაურ ცხოველებს მჩუქნიან. ცხოველსაც გააჩნია, ჩემს საოჯახო ზოოპარკში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ 3 კუ, 4 თევზი და ვითომ ოთხი დღით შემომდგმურებული და სინამდვილეში სამი თვით შემოსახლებული მეზობლის თუთიყუში .
გურამა კარგ ხასიათზე
ახალ ბინაში ახალგადასული ვიყავი, ჩემი ახალი მეზობელი და ძველი კლასელი რომ მესტუმრა დიპოლომატიური მისიით. ჩვენს მეზობელ ლია ბებოს ზაზუნა ცუცა და თევზი გურამი ყოლია (არა, თევზის ჯიში გურამი არა, თევზს ასე „საყვარელი“ ყოფილი სიძის საპატივცემულოდ ერქვა). ქალი მარტო ცხოვრობდა და მთელ თავის დროს ცუცასთან და გურამთან ატარებდა, ანუ აკვარიუმთან საათობით იჯდა, ზაზუნა კალთაში ეჯდა და თევზს ელაპარაკებოდა. ერთ დღესაც ცუცას წიგნი დაეცა თავზე და სული განუტევა. ჰოდა, ლია ბებომ შინაური მღრღნელის უდროო დაღუპვა ისე განიცადა, რომ გადაწყვიტა გურამი „კარგ ხელში“ გაესხვისებინა, აქაოდა, ესეც რომ მომიკვდეს (არადა, ეს დღე ერთხელაც აუცილებლად დადგებოდა), ვეღარ გადავიტანო. როგორც ჩემმა მეგობარმა გამიმხილა, თევზის სავარაუდო მომავალი პატრონების საკმაოდ მკაცრ კონკურსში ჩემდაუნებურად გამიმარჯვია და საჩუქრად 2 სანტიმეტრიან თევზს, მის სამლიტრიან აკვარიუმს და 1 კვირის სამყოფ საჭმელს ვღებულობდი.
გურამიკო ბრაზობს
ასე მოხვდა გურამა ანუ გურამიკო ჩემთან და ასე გავხდი თავი თევზის ნაცვლად ადამიანი რომ ეგონა ისეთი არსების პატრონი. ლია ბებო კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნა - მე რომ მეგონა იმაზე მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აღმომაჩნდა: დაუყოვნებლივ ჩავძვერი ინტერნეტში, დავადგინე რომ ციხლაზომა ბიოცელატუმი მერგო წილად, აღმოვაჩინე რომ თბილი წყლის თევზი იყო, აკვარიუმს კი გათბობა არ ქონდა... იმ წელს განსაკუთრებით ყინვიანი ნოემბერი იდგა და ამიტომ სანამ აკვარიუმის გათბობას შევიძენდი, ყოველ დღე სამსახურში წასვლამდე და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ვადუღებდი წყალს, ვასხამდი ტაშტში და შიგნით აკვარიუმს ვდგამდი გასათბობად... განებივრევულ გურამას ჟანგბადის აპარატიც არ ქონდა და ამიტომ წყალს ყოველ მეორე დღეს ვუცვლიდი (სანამ ჟანგბადის აპარატს შევიძენდი), თან ნუ გავიწყდებათ, რომ პენსიონერი ლია ბებოსგან განსხვავებით, მე სახლში არ ვიჯექი და საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა. მალე აღმოჩნდა, რომ გურამიკოს კვების რეჟიმიც არასწორი ქონდა და... თევზმა ისეთი სისწრაფიდ დაიწყო ზრდა, რომ ჯერ 10 ლიტრიანი აკვარიუმი შევიძინე, მერე 20-ანი, მერე 50-იანი... თან ნუ გავიწყდებათ რომ აკვარიუმის ზომის ზრდასთან ერთად მისი აქსესუარებიც იცვლება: უფრო მეტი მოცულობის ფილტრი, გათბობა, განათება, ჟანგბადის აპარატი... მერე გურამას გახალისება და მითვის მეორე ნახევრის მოყვანა მოვინდომე - ბიოცელატუმს კი ერთი გამორჩეული თვისება აქვს, საწინააღმდეგო სქესის დანახვაზე მოზღვავებული ჰორმონები ისე აღაგზნებს რომ თავს ესხმის და მეტისმეტი „ალერსისგან“, რომელიც კბენაში და დევნაში გამოიხატება, კლავს. „პატარძალი“ საგულდაგულოდ შევარჩიე გურამაზე დიდი რომ არ ყოფილიყო და აქეთ არ მორეოდა, აკვარიუმში ჩავსვი და... უი, თქვენს მტერს იმას რომ დღე დაადგა. ბურვაკივით ჩასუქებული გურამი ციცინოს ტახივით დაეტაკა, სდია მარა რა სდია... საბრალოს მოსვენებას არ აძლევდა და ორ დღეში მოინელა. დალილავებული და ნაკბენებისგან გატყავებული ციცინო რომ გავასვენე, დავიფიცე რომ გურამა ქვრივი მოკვდებოდა და მისი გამრავლება აღარასდროს მიცდია. აღარ მოვყვები, როგორ დამსდევდა გურამიკო აკვარიუმის ერთი კუთხიდან მეორეში, როგორ აქიცინებდა კუდს ძაღლივით და როგორ მათხოვრობდა გემრიელ ლუკმას ხილის დანახვაზე, როგორ იბუტებოდა სტუმრები ყურადღებას თუ არ მიაქცევდნენ... 
განსრისხებული გურამი
ვინც არ იცნობდა გიჟად ჩამთვლის, მაგრამ ვინც იცნობდა და ასეთი ძალიან ბევრია, ყველა დაადასტურებს, რომ არც ერთ სიტყვას არ ვიტყუები. უფრო მეტიც, თევზი ისეთი პოპულარული იყო, რომ სტუმრებს ჩემთან მოსატანი შოკოლადის ნაცვლად გურამასთვის მოქონდათ ზოომაღაზიაში ნაყიდი გაყინული მატლები ან სახლში დახოცილი და საგულდაგულოდ  შეგროვებული ბუზები, რომლებზეც ჩემი მხეცი გიჟდებოდა. აბსოლიტურად უფერული და ნაცრისფერი თევზი, რომ ბრაზდებოდა ჯერ ვეფხვივით შავ ზოლებს იკეთებდა, მერე ბოლომდე შავდებოდა და შაბიამნისფერი წინწკლებით იფარებოდა, პროტესტის ნიშნად მიდიოდა და აკვარიუმის ადამიანებისგან ყველაზე მოშორებულ კუთხეში ჩვენსკენ ზურგით დგებოდა... ერთად ცხოვრების 8 წლის მანძილზე გურამიკო სულ ერთხელ გაშვადა: წყალს რომ ვუცლილი და ხელიდან გამივარდა მაშინ. სამი დღე გაბუტული იყო ქიშმიშითა და მოფერებით ძლივს შემოვირიგე. გურამა რომ სიბერისგან მოკვდა, 70 ლიტრიან აკვარიუმში ცხოვრობდა და მთელი 28 სანტიმეტრი იყო, თან საკმაოდ მსუქანი და სამკეცი ღაბაბიც ქონდა...
გურამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, წყლის კუ რომ მაჩუქეს, რომელიც მე-12 სართულის აივნიდან გამექცა. მაგას გაქცევა არა, მოკვდა ქვიაო მეტყვით, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, კუ გადარჩა. ჩემი მეზობელი ბავშვები ჩემი დავალებით სამი დღე ეძებდნენ და ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავარდნის მერე თავისი ფეხით წავიდა. აივანზე კი იმიტომ მოხვდა, რომ ყოველ გაზაფხულზე, სითბოს დადგომასთან ერთად აკვარიუმიდან ამოშვებას ითხოვდა (შუშაზე ორ ფეხზე დამდგარი ეყუდებოდა საცოდავად). მეც აივნის ყველა ღრიჭოს ვგმანავდი და მზეზე გასათბობად ვუშვედი ხოლმე...  როგორც ჩანს ერთელაც კარგად ვერ დავგმანე. ყველაზე კარგი ჩემი ზემოთ ნახსენები კლასელის ბებიის რეაქცია იყო. კუს გაპარვის ამბავი რომ მოისმინა, თავზე ხელი გადამისვა და მანუგეშა: ზის ახლა ალბათ ბალახებში და ძალიან ნანობს, შენ ისე კარგად უვლიდიო.
ბონდო
გურამიკოს „გარდაცვალების“ შემდეგ, ჩემმა ძმამ მისი დაცარიელებული აკვარიუმის ყურებას ვერ გაუძლო და დაბადების დღეზე ტეტრაოდონი, ანუ თევზი ფუგუს მინიატურული ვარიანტი მომიყვანა. ეს ერთი ბეწო თევზი გარდა იმისა, რომ მტაცებელია (გურამაც მტაცებელი იყო, მაგრამ თევზის რაღაც-რაღაც ჯიშებს ეგუებოდა), ნებისმიერი ზომის და ნებისმიერი ჯიშის სხვა თევზს უმოწყალოდ ჭამს და ამიტომ ვერაფერთან ვერ მეზობლობს. ჩემს „განდეგილს“ მჩუქებელმა თან საკვებიც მოაყოლა თხუთმეტი ცალი ცოცხალი ლიფსიტის სახით. ბონდო (ასე დავარქვი ტეტრაოდონს) ზოომაღაზიაში ცუდი მოვლის გამო ავადმყოფი აღმოჩნდა და მიუხედავად ზუსტი დიაგნოზისა და ოპერატიული მკურნალობისა, თავისი საკვებიც დაავადა და კუდიც გაფშიკა. ბონოდს სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ხუთი ლიფსიტის მკურნალობა მაინც გავაგრძელე და შედეგად დღეს ერთი გადარჩენილი უშანგი მყავს, რომელიც გურამას მონათესავე ცისარტყელისებური ციხლიდა აღმოჩნდა, უკვე უზარმაზარია და ბედნიერად ცხოვრობს, თან პერიოდულად თვალებში უყურებს თავის ჯალათს, ჩემს ძმას, რომელმაც ოდესღაც სასიკვდილოდ დაუნანებლად გაიმეტა და უშოს ჩასუქებული ფერდების დანახვაზე სინდისის ქენჯნა დღესაც არ აწუხებს...
უშო
ჩემი ნაამბობიდან მორალი ასეთია, ნებიმიერი ცოცხალი არსების, თუნდაც თევზის და თუნდაც კუს მოვლას უამრავი დრო, ენერგია და ფულიც უნდა. დასასვენებლად წასვლისას მათი მოვლა ვინმეს უნდა თხოვოთ, სახლში სულ უნდა თბილოდეს, რომ არ გაგიცივდეთ და ელექტროსადგურზე ავარიის მერსამე დღეს, თევზი რომ არ გაგეგუდოთ, შეიძლება მისი სამლიტრიანი ბანკით და ყველაზე პატარა ჟანგბადის აპარატით სამსახურში წაყვანამაც მოგიწოთ, ან თელასში დარეკვამ და მუქარამ, რომ დენს დროზე თუ არ ჩართავენ, დახოცილ თევზებს მიუსვენებთ და იქ დაუყრით... და რა მალ-მალეა აკვარიუმი გასარეცხი, რა მალ-მალე თავდება საჭმელი... დამიჯერეთ, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. არადა, რა სასიამოვნოა თქვენს დანახვაზე თევზი აკვარიუმში მალაყებს რომ გადადის, დამალული კუ თქვენი ხმის გაგონებაზე რომ „მორბის“...
ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ყველამ იცის რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობ... ძაღლი მაჩუქოს ვინმემ და მაინც თევზს მჩუქნიან!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment