Pavlova Cake - ტორტი „პავლოვა“

Approved by Gourmet Guide



1926 წელს სახელგანთქმული რუსი ბალერინა ანა პავლოვას ავსტრალიურმა ტურნემ ადგილობრივ მოსახლეობაზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ერთ-ერთ უსაყვარლეს ტორტს მისი სახელი უწოდეს (იმ პერიოდისათვის უკვე გამოდიოდა პავლოვას სახელობის სუნამო, ტანსაცმლის სერია, შოკოლადები და კამფეტები). „პავლოვა“ ბეზეს ფირფიტისგან, ნაღების კრემისა და ხილისაგან მზადდება. ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები მას ძირითადად კივით რთავენ, ბრიტანელები კი ჟოლოთი, თუმცა არსებობს არანაკლებ გემრიელი მარწყვის და სხვადასხვა კენკრის ნარევის ვერსიებიც. მას ერთ მთლლიან ტორტად ან ინდივიდუალურ პორციებადაც აცხობენ.
მის ავტორობაზე ავსტრალიელებსა და ახალ ზელანდიელებს შორის გაცხარებული დავა დღემდე გრძელდება. თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დესერტი მაინც ახალზელანდიურია. ანა პავლოვას ბიოგრაფმა კეით მოუნიმ ხანგრძლივი ძიების შემდეგ დაადგინა, რომ ეს ტორტი ბალერინას ახალზელანდიაში მდებარე სასტუმრო „ველინგტონის“ შეფ-მზარეულმა გამოუცხო 1926 წელს. მიუხედავად ამისა, ავსტრალიელები ამტკიცებენ რომ „პავლოვას“ ტორტის რეცეპტი ავსტრალიელმა მზარეულმა ბერტ საშემ შექმნა 1935 წელს სასტუმრო „ესპლანადეში“ მუშაობისას. ტორტი ვიღაცის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოუცხვიათ და საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებულ მზარეულს აღუნიშნავს, რომ დესერტ პავლოვასავით ჰაეროვნად გამოიყურებოდა და სწორედ აქედან შერჩა ასეთი სათაურიო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დღეს ანა პავლოვას დაბადების დღეა...

„პავლოვა“ ჟოლოთი
¼ ლ კვერცხის ცილა (დაახლოებით 8 ცალი კვეცხი), 200 გრ შაქარი, 150 გრ შაქრის პუდრა, 30 გრ კარტოფილის სახამებელი, 500 გრ ჟოლო, ¼ ლ ასათქვეფი ნაღები, 2 ს/კ შაქარი, 20 მლ კონიაკი, პერგამენტის ქაღალდი ტორტის გამოსაცხობად
საცხობ თუნუქის ფორფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი. ღუმელი გავახუროთ 100°C-მდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ რაც შეიძლება კარგად და თან ცოტ-ცოტა შაქარი ვუმატოთ. ბეზე ბოლომდე რომ აითქვიფება ძალიან ფრთხილად გადავურიოთ შაქრის პუდრა და სახამებელი. გამზადებული ბეზე ჩავასხათ საკონდიტრო შპრიცში და პერგამენტზე დავსვათ სპირალურად დახვეული ბისკვიტის კორჟი, ირგვლივ კი ლამაზი ვასკვლავები დავუჯინოთ. ღუმელში შევდგათ, ღუმელის კარი ოდნავ გამოღებული დავიტოვოთ და 8 საათი ვაცხოთ. გამომცხვარ ბეზეს ავაცალოთ პერგამენტი და გავაგრილოთ. ჟოლო გავრეცხოთ და დავწრიტოთ. ნაღები და 2 ს/კ შაქარი ავთქვიფოთ და დავუმატოთ კონიაკი. კრემი წავუსვათ ბეზეს ფირფიტას შუაში და ზევიდან ჟოლოები დავალაგოთ.
ბეზეს ტორი ზუსტად ჭამის წინ უნდა მორთოთ, თორემ კრემი და ხილი ბეზეს ფირფიტას დაარბილებს და ფაფად აქცევს.

„პავლოვა“ მარწყვით და ბანანით
4 ც კვერცხის ცილა, 1 ჭ შაქარი, 3 ს/კ სახამებელი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, 550 მლ ცხიმიანი ნაღები, 50 გრ შაქარის პუდრა,  300 გრ მარწყვი, 1 ც ბანანი,
კვერცხის ცილები კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და თანდათანობით დავუმატოთ შაქარი. ბეზე ბოლომდე რომ აითქვიფება, ფრთხილად გადავურიოთ გაცრილი სახამებელი და ძმარი. საცხობ თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი  და ქაღალდზე ბეზე დავასხათ და გავანაწილოთ ისე, რომ დაახლოებით 20 სმ-ის დიამეტრის ბისკვიტი გამოგვივიდეს. ბეზე ისე გავანაწილოთ, რომ ირგვლივ კედლები უფრო მაღალი ქონდეს, შუაში კი ჩაღრმავება. შევდგათ 100°C-მდე გახურებულ ღუმელში, კარები ოდნავ გამოღებული დავუტოვოთ და ვაცხოთ დაახლოებით 5-6 საათი. გამომცხვარი ბეზე გამოვიღოთ, ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი და გავაგრილოთ. ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა და წავუსვათ ბეზეს. ზემოდან მოვრთოთ მარწყვის და ბანანის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„თქვენ ალბათ ჩემზე იცინოდით“

Approved by Gourmet Guide


ძალიან ხშირად ცნობილი კომიკოსი რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ უხეში და არც თუ ისე მხიარული ადამიანია, კონდიტერებს არ უყვართ ტკბილეული, მზარეულს კი არ უყვარს ქეიფი. ამიტომ ალბათ სულ ცოტა ჩემი პროფესიის ბრალიაცაა (საქმეში ძალიან კარგად ვარ ჩახედული), რომ ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ - საკუთარ ნერვებს ვუფრთხილდები. ნებისმიერი არაპროფესიონალიზმი მაღიზიანებს, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელია თანამდებობრივი გულგრილობა. რამე რომ არ იცი, ან არ გეხერხება ტრაგედია არაა, სწავლა ყოველთვის შეიძლება. საკუთარი უცოდინრობა რომ არ გაწუხებს და არაფრის სწავლას არ ცდილობ, უბედურება ამაშია. ეს მარტო ტელევიზიებს არ ეხება - ყველგან ასეა. ჩემს თანამშრომლებს ვეხუმრებოდი ხოლმე, საკუთარი მოვალეობები რომ არ იცით და არ გაინტერესებთ ერთია, მაგრამ თანამდებობრივ ინსტრუქციას ინტერესის გამო მაინც ჩახედეთ, ეგებ რისი უფლება გაქვთ-თქო. სამსახურის ათწლიანი ვადა ჩემმა ბევრმა კოლეგამ ისე გაიარა, რომ საკუთარი სამსახურისა და პოზიციის ზუსტი დასახელებაც არ იცოდა. რამდენი თსუ-ს კურსდამთავრებული იცით (ნებისმიერი თაობის), თბილისის, თავის დროზე უმთავრესი უნივერსიტეტის სახელწოდებას საკუთარ ავტობიოგრაფიაში არასწორად რომ წერეს? მე ბევრი. იგივე მდგომარეობაა ჩვენს ტელევიზიებში და ყველაზე უარესი ისაა, რომ რაც ხდება უცოდნირობით კი არ მოსდით, გასდით და აკეთებენ - ხალხი მაინც უყურებს და უფროსობა ხარისხის გამოსწორებას არ ითხოვს. ზოგადად ქართული პოზიციაა: ნებისმიერმა ღონისძიებამ ნებისმიერნაირად თუ ჩაიარა და საერთოდ არ ჩაიშალა - წარმატებულად ითვლება. მერე რა რომ ყველაფერი არაორგანიზებული, არეულ-დარეული, ცუდად გაკეთებული იყო, მთავარია დამთავრდა და გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალში „პწიჩკა“ ჩაისვა.
ოდესღაც შალვა ნათელაშვილმა თქვა (გამონათებები მასაც აქვს ხოლმე): „ჰიტლერს „რუსთავი-2“ რომ ქონოდა, გერმანელებს დღესაც არ ეცოდინებოდათ მეორე მსოფლიო ომი რომ წააგესო“ და ეს მარტო პოლიტიკას არ ეხება. მაგალითად, 2012 წელს გიყვებიან რაღაც თითიდან გამოწურულ ახალ ამბავს, რომ თურმე ვიღაც მილიარდელს, პოლიტიკოსს, შოუ ბიზნესის წარმომადგენელს საყვარელი გაუჩენია და  ამის დამადასტურებლად რომელიღაც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბედნიერი წყვილის სურათებს გიჩვენებენ, რომელსაც კუთხეში უზარმაზარი შრიფტით 2007 ან 2003 წელი აწერია.  კარგი, ამბავი გააყალბე, ამაზე არავინ არ დავობს, თავად „სიენენის“ ცნობილი პრინციპია ხუთი ერთზე, ანუ ხუთი სიმართლე და მერე ერთ ტყუილს ყველა ჭამს, მაგრამ ნუთუ უთარიღო სურათის ან ნაკლებნაფტალინ მოყრილი ისტორიის მოძებნა ასე ძნელია? თავს არავინ არ იწუხებს, მთავარია რომ ნიუსი გავიდა და ეთერი შეივსო. 
ალბათ ყველამ შენიშნეთ, რომ ახალ წელს ყველა ქართული არხი ერთიდაიგივე ფილმებს ატრიალებდა - ერთგან თუ ვერ მიუსწრებდი რამე მომენტს, მეორეზე გადართავდი და აი, ისიც! უფრო მეტიც, „თუ შეგიძლია დამეწიე!“ ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით, სამ ქართულ არხზე შესაშური სინქრონული სიზუსტით მიმდინარეობდა.  სამჯერ გადავრთე და გადმოვრთე და არხების დასახელებები ყურადღებით წავიკითხე - კადრი კადრში ჯდებოდა. პირველად შევნიშნე ქართული გახმოვანების კიდევ ერთი თავისებურებაც: ფილმს ქართულ ხმას რომ ადებენ, ფონურ ხმებს მთლიანად შლიან და შედეგად ფილმში აღარ ისმის კაკუნი, ნაბიჯების ხმა, კარის გაღების ხმა და ა.შ. და რაღაც-რაღაც ადგილები სრულიად გაუგებარი ხდება. მაგალითად: ამერიკულ კომედიაში „შვიდი ძმის შვიდი საცოლე“, ასეთი მომენტია: ქალი ოთახში მშობიარობს, გარეთ მაზლები ნერვიულობენ, ამ დროს ისმის ბავშვის ტირილის ხმა და უმცროსი მაზლი გულწასული ეცემა სიტყვებით: „ბიძა გავხდი!“. ქართულ ვარიანტში: ქალი მშობიარობს, მაზლები ნერიულობენ და უხმო ბოლთას სცემენ (ეტყობა მელოგინე რომ არ შეაწუხონ), უცებ, ერთ-ერთ მაზლს ნათელმხილველური ნიჭი ეხსნება და გულწასული ასევე უხმოდ ეცემა: „ბიძა გავხდი!“. აღარაფერს ვამბობ, რომ ფილმი მიუზიკლია და არცერთი სიმღერა არ ისმის...
ჩემს საყვარელ „რუსთავი-2“-ზე ერთიდაიგივე სიუჟეტში წამვანმა „ფოიერვერკი“ ახსენა ოთხჯერ, სიუჟეტის ავტორმა კი „ფეიერვერკი“ ხუთჯერ. რედაქტორს ალბათ ეძინა და არ უსმენადა გამოშვებას, თორემ აშკარად გერმანულენოვან წამყვანს, გაუსწორებდა შეცდომას და ეტყოდა რომ „ფეიერვერკია“ სწორი. არადა, რა საინტერესოა, ასეთ რა ოჯახში ან სად გაიზარდა წამყვანი, პეტარდების არსებობა მხოლოდ გერმანული ენის სახელმძღვანელოდან რომ გაიგო და მისი ქართული სახელი არ იცოდა. იგივე არხზე შეგიძლიათ დატკბეთ მორიგი ლათინოამერიუკლი  სერიალის სარეკლამო რგოლით: „თქვენ ალბათ იქ ჩემზე იცინოდით...“ ამხელა არხზე ვერც მთარგმნელმა, ვერც რედაქტორმა, ვერც მსახიობმა რომელმაც გმირი გაახმოვანა და ვერც იმან, სარეკლამო ბლოკებს რომ უშვებს, ვერ მოიფიქრეს რომ ეს ქართული არაა, ქართულად ამას „მე დამცინით“ ქვია. ვერ დავიჯერებ, რომ არცერთმა არ იცოდა, უბრალოდ არ უყურებენ, არ უსმენენ, არ ამოწმებენ და არ აინტერესებთ. და ვინ იცის მერამდენე კვირაა ტრიალებს: „თქვენ ჩემზე იცინოდით“...
თავიდანვე აღვნიშნე, რომ ქართულ არხებს არ ვუყურებ, ეს ყველაფერი ახალი წლის დღეებში სტუმრად სიარულის დროს შევაგროვე: ერთ-ერთ ოჯახში „თქვენს შოუს“ განმეორებით ჩვენებას უყურებდნენ, აი, იმას სპაიდერმენის ქორწილი რომ ქონდათ. გულახდილად მითხარით, ვისაც ნანახი გაქვთ, საერთოდ რამეზე გაგეცინათ? გეფიცებით, მივხვდი პენსიონერები საჩივრებით სავსე წერილებს რატომ წერენ. გადაცემის რეჟისორის ნომერი რომ მქონოდა დავურეკავდი და მკვდარს და ცოცხალს არ დავუყენებდი, ორსაათნახევარი ტანჯვისთვის. უნიჭობასაც საზღვარი აქვს. არა, ხანდახან შედევრალური ხუმრობები აქვთ, მაგრამ რეგულარული შოუსთვის ეს ხანდახან აღარ კმარა. თითო გადაცემაზე თითო ნომერი მაინც ხომ უნდა ვარგოდეს. იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენ იუმორისტულ გადაცემებზეც: უყურებ და ელოდები, უყურებ და ელოდები რომ აი, ახლა იხუმრებენ, აი, ახლა გამოუვათ უწინდებურად ... აღარ, ვეღარ - გადაიწვნენ და არ ხვდებიან რომ თბილი ადგილიდან საკუთარი ნებით წავიდნენ, აღარ აწუხებთ რომ თავს მასხრად იგდებენ, შეეჩვივნენ.
ცალკე თემაა ე.წ. „ПИК ანუ პირველი კავკასიური. გასაგებია, რომ „პიკიც“, „რეგინო ტვ“-ც და „აფხაზეთის ხმაც“ ერთადერთი მიზნით შეიქმნა - თავი მოვაწონოთ ჩვენს საზღვრებს გარეთ დარჩენილ ქართულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, რასაც ორივე ხელით ვუჭერ მხარს და სამი კი არა ათი ტელევიზიაც არ დამენანება ამ მიზნისთვის მართლა HD ხარისხითა და დოლბი ხმით. ასეთი რამ აუცილებელია: უნდა ვანახოთ, რომ კარგად ვართ, ჩვენთან ყოფნა კარგია და საერთოდ წინ როგორ მივდივართ. მაგრამ ეს ტელევიზიები მხოლოდ საწინააღმდეგოში თუ დაგარწმუნებთ. მათი ყურებისას არცთუ შორეული და ავბედითი 80-იანი წლების ბოლო მახსენდება, პირველი დამოუკიდებელი ტელევიზიები რომ შემიქმნა და მუშაობას ჯერ კიდევ სწავლობდნენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ არაფერი წმინდა არ უნდა არსებობდეს შენთვის და როგორ არ უნდა გაგაჩნდეს პატრიოტიზმის ან ჯანდაბას, პასუხისმგებლობის ელემენტარული გრძნობა, რომ აქ რაც ხდებოდა ახალი წლის დღეებში (და საერთოდაც) ის აკეთო. „პიკზე“ სამ იანვარს პირველი და ორი იანვრის გადაცემების ანონსი რომ ვნახე (მითხრეს, რუსთავზეც იგივე იყოო), არ მესიამოვნა, მაგრამ დიდ ტრაგედიად არ მივიჩნიე, მაგრამ იგივე ანონსი ორი კვირის თავზე 12 იანვარსაც დამხვდა. ზედიზედ ექვჯერ გამიმეორეს, რომ 2 იანვარს თამარ გვერწითელისა და მიშელ ლეგრანის კონცერტს მიჩვენებდნენ - პაუზების გარეშე მეექვსეჯერ დატრიალებული ერთიადაიგივე რგოლის შემხედვარე ვერც ლეგრანს ვიტანდი, ვერც გვერწითელს და ვეღარც კატერინა კოტრიკაძეს („პიკის“ შეფი). მერე რეკლამები დაიწყო და იქაც სულ ერთი რეკლამა ტრიალებდა... უფრო მეტიც, ზოგ სარეკლამო რგოლს შუა წინადადებაზე წყვეტენ და ახლიდან ან სხვას იწყებენ. არხზე თუ რეკლამის დეფიციტი გვაქვს, ძალიან ცუდის ნიშანია და თავს ვერავის მოვაწონებთ. აღარ ვლაპარაკობ, შუა სიტყვაზე გაწყვეტილ ფილმებზე და შუაში გამოჩრილ გადაცემებზე, დაუგეგმავ გრაფიკზე და ნაჯახით ნამუშევარ მონტაჟზე და ზოგადად ხარისხზე. 
ძველით ახალი წლის შემდეგ როგორც ჩანს გამოფხიზლდნენ, სამსახურამდე მიღწიეს და ანონსებიც შეცვალეს და თვით ორდღიანი პროფილაქტიკური სამუშაოებიც კი გამოაცხადეს (ეტყობა ჩემს გარდა, ვიღაც გავლენიანიც გადარია გაუთავებელი ხავსმოდებული ანონსების და "ჩახვეული" რეკლამის ყურებამ), რის შემდეგაც ჩემდა გასახარად, არხის ჩვენების ხარისხიც გამოსწორდა და ხმისაც (თუმცა, როგორც გაირკვა დროებით). განსაკუთრებით ჩემი საყვარელი დეტექტიური სერიალის ანონსი გამეხარდა: ამჯედარ „პიკი“ ინგლისური სერიალის „Midsomer Murders”-ის ახალ მე-11 სეზონს გვპირდება... მე-11 სეზონი 2008 წელს დამთავრდა, უფრო მეტიც, ამასობაში მთავარი გმირი პენსიაზე გავიდა და მიდსომერის მთავარი კონსტებლი ახლა მისი ბიძაშვილი ჯონ ბარნაბია. დღეისათვის სერიალის მე-14 სეზონიც გადაღებულია, თორმეტიდან 8 სეზრია უკვე ეთერშიც კი გავიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში 2008 წლის ფილმი ვერაფრით იქნება ახალი - ძველია, ძველი! ხალხო, ინტერნეტის ეპოქაში ვარ, რამემ თუ დამაინტერესა, არც „რუსთავი-2“-ის და არც „იმედის“ იმედად არ ვარ, თვითონ ვნახულობ და აღარ ვტყუვდები რა. შაბათ დღეს აღარ ველოდები რომ „ილუზიონში“ უცხოური ფილმი მანახონ. აღარ არის ის დრო, როცა ვკითხულობდით ახალმა კინომ, წიგნმა ან მუსიკოსის ახალმა ალბომმა საქართველომდე თუ ჩამოაღწია, ჩვენი ინტერნეტმომხმარებლები მსოფლიო პრემიერებს უკვე ინტერნეტის პირდაპირ ეთერში ესწრებიან და აღარავის დავსდევთ ხვეწნით, რომ საიდანღაც ჩამოტანილი „პინკ ფლოიდების“ ახალი კასეტა გადავაწერინოს. ბევრ რამეს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე ადრე ვგებულობთ. 
ანუ რა გამოდის? ჩვენი სახელგანთქმული არხები თანამედროვე ტექნოლოგიებს მოწყვეტილი პენსიონერებისთვის მუშაობენ, მათთვის ვისთანაც ადამიანის მთვარეზე გაფრენისა და „ბიტლსების“ დაშლის ამბავს ჯერაც არ მიუღწევია... და არა მხოლოდ. რა საინტერესოა, სუბტიტრებიან ფილმებსაც მათთვის უშვებენ? ამას წინათ, რომელიღაც ქართულ არხზე, ჰოი საოცრებავ, ჟან გაბენი და ალენ დელონიც კი ინგლისურ ენაზე მეტყველებდნენ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სხვაზე რაზე ვილაპარაკო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი ნახეთ, ზემოთ ნაჩვენებია უნივერსიტეტის სრული დასახელება: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და იქვე მისი თანამშორმელი უინვერსიტეტის ოფიციალურ სტატიაშივე შეცდომით წერს დასახელებას „ივანე ჯავახიშვილის თბილისის უნივერსიტეტი“, ანუ უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის კი არა, მისი საკუთრება ყოფილა. მაგრამ ეს რა მოსატანია "ილიას უნივერსიტეტთან" - ჩემი აზრით, მსგავსი დასახელების დამტკიცება კი არა, მისი იდეის დონეზე შეთავაზებაც კი ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფაა. აბა, ილია ჭავჭავაძის გვარი რა სახსენებელია?! სახელიც ეყოფა... 


ნადირობის მოყვარულთათვის: მწყერი ვაშლით

Approved by Gourmet Guide



8 ცალი მწყერი, 1 ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ზეთი, 3 ს/კ კარაქი, ½ ჭ ღვინო „მადერა“, 1,5 ჭ ქათმის ბულიონი, 4 ცალი მომჟავო ვაშლი, ½ ლიმონის წვენი, 4 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ შაქარი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 8 სქელი ნაჭერი თეთრი აგური პური, 1 ს/კ კარაქი

მწყერები გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და შევამშრალოთ. შიგნიდან და გარედან მოვაყაროთ მარილი. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და ზეთი. მწყერები დაახლოებით 3 წუთი დავბრაწოთ ყველა მხრიდან, შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ და კიდევ 5 წუთი ვბრაწოთ. მწყერები ტაფიდან გადმოვიღოთ და თბილ ადგილას შევინახოთ. ტაფაზე დარჩენილი შენაწვავი ზეთი მადერით გავაზავოთ, ქვაბში გადავასხათ და ავადუღოთ. ადუღებულ სოუსში მწყერები ჩავალაგოთ და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. ასაკიან მწყერს ხარშვა უფრო დიდხანს უნდა - დაახლოებით 16-20 წუთი. ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ ოთხად, გული ამოვაჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და მოვთუშოთ ვაშლის ნაჭრები შაქართან და პილპილთან ერთად დარბილებამდე, ოღონდ პიურედ ნუ ვაქცევთ. პური მწყრის ზომაზე დავჭრათ და ცალი მხრიდან, შიგნით მწყერი რომ მოთავსდეს გული ისე ამოვაჭრათ. პურის კოლოფები ორივე მხრიდან კარაქში დავბრაწოთ. პურებში მწყერები ჩავალაგოთ და გარნირად ვაშლები მივუწყოთ გვერდით. ზემოდან მწყერის შენაწვავი წვენისა და მადერის სოუსი მოვასხათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: ხოხობი ნიგვზის საგოზავით

Approved by Gourmet Guide



1,2 კგ-იანი ხოხობი, 50 გრ ყვითელი ქიშმიში, 40 გრ ( 2 სირჩა) კონიაკი, 50 გრ წინა დღის თეთრი პური, ½ ჭ რძე, 250 გრ ნიგოზი, 1 ჩ/კ მარილი, 2 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 1 კვერცხი, 100 გრ ბეკონის ლენტები, 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 ხახვი, 1 ტოტი ქონდარა, 2 ტოტი ცოცხალი ოხრახუში, 1 დაფნის ფოთოლი, 50 გრ კარაქი

ხოხობი გავრეცხოთ და შევაშროთ, მისი გულ-ღვიძლი კი ძალიან წვრილად დავჭრათ. ქიშმიში ჩავალბოთ კონიაკში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და დაჭრილი გულ-ღვიძლი, რძეში დასველებული და გაწურული პური და ½ ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი პილპილი და კვერცხი გადავურიოთ. ამ ფარშით დავტენოთ ხოხობი და მუცელი ამოვუკეროთ, არაფერი რომ არ გადმოცვივდეს. გარედან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზევიდან ბეკონის ლენტები გადავაფაროთ. სტაფილო და ხახვი წვრილად დავჭრათ, მწვანილი და დაფნის ფოთოლი ერთად შევკრათ თეთრი ფერის ძაფით. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. მაღალბორტიან ტაფაზე გავადნოთ კარაქი, მოვათავსოთ ხოხობი, დავყაროთ სტაფილო, ხახვი და მწვანილების შეკრულა და შევდგათ ღუმელში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ტაფას თავსახური დავაფაროთ. და კიდევ 1 საათით დავტოვოთ ღუმელში. ხოხობს ბეკონი ავაცალოთ და თბილ ადილას შევინახოთ. ტაფაზე დარჩენილ შენაწვავ ცხიმს დავუმატოტ  კონიაკი, რომელშიც ქიშმიში გვქონდა ჩამბალი, გადავწუროთ და მოვასხათ ხოხობს და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული იხვი

Approved by Gourmet Guide



1,5 კგ-იანი გარეული იხვი, 2 მჟავე ვაშლი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 3 ს/კ ზეთი, 100 გრ ბეკონის ლენტები, 4 მარცვალი ღვია, ¼  ჭ ცხელი ხორცის ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ჩ/კ სახამებელი, 2 ს/კ ნაღები

ვაშლები 8-8 ნაწილად გავჭრათ და ამოვაჭრათ გული და თითოეული ნაჭერი კიდევ ერთხელ გავჭრათ შუაზე. ხახვებიც 8-8 ნაწილად გავჭრათ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. გარეცხილი გასუფთავებული და შემშრალი იხვი შიგნიდან  და გარედან შევამარილოთ, მოვაყაროთ პილპილიც. იხვის შესაწვავ ტაფაზე დავასხათ ზეთი და გახურებულ ზეთში დავბრაწოთ იხვი ორივე მხრიდან.  იხვს გულმკერდზე ბეკონის ლენტები გადავაფაროთ, ირგვლივ კი ხახვი,  ვაშლი და ღვიის მარცვლები შემოვულაგოთ. დავასხათ ½ ჭ ბულიონი და შევდგათ ღუმელში რაც შეიძლება დაბლა დაახლოებით 1 საათით. იხვს პერიოდულად ტაფაზე დაგვროვებული ნადნობი ცხიმი და გადანახული ცხელი ბულიონი ვასხათ. შემწვარი იხვი გამორთულ ღუმელში დავტოვოთ და სოუსი მოვამზადოთ. ტაფაზე დაგროვებული ცხიმი პატარა ქვაბში გადმოვწუროთ და წყლით გავაზავოთ. დავუმატოთ სახამებელი, ღვინო, მარილი და ნაღები და სასურველი სისქის მიღებამდე ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ლუის კეროლი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში

Approved by Gourmet Guide

დღეს ლუის კეროლის დაბადების დღეა. ნამდვილად არ მოვყვები, როგორ მიყვარდა მთელი ბავშობა მისი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", მით უმეტეს რომ ყოველთვის მისივე "ლოგიკური გამოცანები" მერჩივნა. თუმცა კარგად მახსოვს, ჩემი სტუდენტობა, როცა "ალისაც" საცალდებულოდ საყვარელ წიგნთა სიაში შედიოდა ბულგაკოვის "ოსტატ და მარგარიტასთან" და ეგზიუპერის "პატარა პრონცთან" ერთად. ისე "დონე" ვერ იქნებოდი, და ალისაც ყველას უყვარდა, წაკითხული კი არა წიგნის ყდაც რომ არ ქონდათ გარედან ნანახი იმათაც კი. 
დღეს "ალისას" ძალიან უჩვეილო და საინტერესო ინტერპრეტაციას გთავაზობთ - საინტერესოს იმათთვის, ვისაც გასტრონომია და კულინარიული ექსპერიმენტები ჩემსავით უყვარს. დღეს ჩვენს მენიუში ჰესტონ ბლუმენტალის ვიქტორიანული ნადიმია, რომლელიც ჩვენი საუკუნის ალქომიკოსმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაშის" მოტივებზე შექმნა.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ირმის ჩალაღაჯი მომჟავო-მოტკბო წიწაკებთან ერთად

Approved by Gourmet Guide


4 ულუფა
ინგრედიენტები: 6 ს/კ ზეითუნის ზეთი და კიდევ ცოტა შესაწვავად, 2 ს/კ ღვიის მარცვლები, რამდენიმე ტოტი ქონდარა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი, 3 სმ სისქის, დაახლოებით 170 გრამიანი 4 ცალი ირმის ჩალაღაჯის ნაჭერი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი; წიწაკებისთვის: ზეითუნის ზეთი, 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 3 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, ქონდარას ტოტები, 3ს/კ თეთრი ღვინის ძმარი, 2 ს/კ წყალი
პირველ რიგში, ირმის ჩალაღაჯი ჩავამარინადოთ: ამისათვის ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ქონდარას ფოთლები, მსუბუქად დაჭყლეტილი ღვიის ნაყოფი და მსუბუქად დაჩეჩქვილი ნიორი. ამ მარინადაში ჩავალაგოთ ირმის ნაჭრები და კარგად ამოვგანგლოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავრწმუნდეთ რომ ხორცი მთლიანადაა მარინადში ამოგანგლული და გადავდგათ გვერდზე. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ, უკეთესია. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეთი. კარგად რომ გახურება ტაფაზე მოვათავსოთ ირმის ხორცი მარინადის ერთ მესამედთან ერთად. ვბრაწოთ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში, თან ხშირად გადავატრიალ- გადმოვატრიალოთ, ყველა მხრიდან თანაბრად რომ დაიბრაწოს. ხორცი რომ გაყავისფრდება, შეგიძლიათ დარჩენილი მარინადიც დაუმატოთ. თუ გინდათ რომ ხორცი განსაკუთრებულად წვნიანი და არომატული გამოვიდეს ცალკე ტაფაზე გავადნოთ ცოტა კარაქი, მერე ირმის ხორცს გადავასხათ, ხორციანი ტაფა დავაყირავოთ და ხორცს 1-2 წუთი კარაქი და ტაფაზე დაგროვებული ხორცის შენაწვავი სითხე კოვზით თავზე ვასხათ და ისე ვბრაწოთ. ხორცს თითი დააჭირეთ და ჩაზნექილი ადგილი ზამბარასავით უკან თუ ამოიბურცა, ხორცი ნახევრადსისხლიანი ანუ იდეალურადაა მომზადებული, თუ ბოლომდე შემწვარი ხორცი გიყვართ, კიდევ გააჩერეთ, მაგრამ მერე ირმის ხორცი (როგორც სხვა გარეული ცხოველის) ძალიან უხეში ხდება. გამზადებული ხორცი 5 წუთი დავასვენოთ.
მანამდე კი, ბულგარული წიწაკებს ამოვაჭრათ გული და დავჭრათ ჩხირებად. სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და რომ გაცხელდება დავყაროთ წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, დავაყაროთ ქონდარას ფოთლები და 4-5 წუთი ვთუშოთ, სანამ ოდნავ არ დარბილდება. ცეცხლს მოვუმატოთ და მოვაწუწოთ ძმარი და ვურიოთ სანამ ძმარი თითქმის ბოლომდე არ ამოორთქლდება. მოვასხათ წყალი და 2-3 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.
წინდაწინ გამთბარ თეფშებზე შუაში დავდოთ რამდენიმე კოვზი მოთუშული წიწაკა, მოვასხათ ტაფაზე დარჩენილი წვენი და ზემოდან ირმის ჩალაღაჯის ნაჭრები მოვათავსოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და მოვაწუწოთ სულ ცოტა ზეითუნის ზეთი.


(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Irish Coffee - ირლანდიური ყავა

Approved by Gourmet Guide



დღეს ირლანდიური ყავის საერთაშორიოს დღეა... ისე, ჩვენ რატომ არ გვაქვს საცივის ან მწვადის, თუნდაც ხინკლის დღე? უსამართლობაა ნამდვილად. მოკლედ,  ირლანდიელები ჩვენზე მარიფათიანები გამოდგნენ და  მოახერხეს მთელ მსოფლიოში გაეთქვათ სახელი არა მარტო ირლანდიური ვისკით, არამედ ირლანდიური ყავითაც, რომელის შემქნის ისტორიაც (სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს დაობენ) ასეთია: არცთუ შორეულ 1940 წელს, ამერიკული ავიაკომპანია „პან-ამის“ თვითფრინავი იძულებით დაეშვა ერთ-ერთი ირლანდიული პორტის  აეროპორტში (დღეს სახელგანთქმული შენონის აეროპორტი), სადაც პორტის მზარეულმა ჯოზეფ შერიდანმა, ზამთრის სუსხიან საღამოს მგზავრები გაყინვისგან რომ ეხსნა ყავაში ვისკი და ნაღები ჩაამატა, მგზავრების შეკითხვაზე კი, ბრზაილიური იყო თუ არა ყავა, პასუხობდა, რომ  ეს ირლანდიური ყავა იყო.
1952 წლის 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში „Buena Vista Cafe“-ის მფლობელმა ჯეკ კოუპლერმა და „სან ფრანცისკო ქრონიკლის“ ჟურნალისტმა და მოგზაურმა სტენტონ დელაპლეინმა შეჯიბრება გამართეს,  ვინ უკეთეს ირლანდიურ ყავას მოამზადებდა. ხან ნაღები არ იყო საკმარისად ცხიმიანი, ხანაც ვისკი არ გამოდგა შესაბამისი მარკის, მოკლედ, ვერასგზის იდეალური გემო ვერ მიიღეს. ჟურნალისტი შორეულ შენონის აეროპორტშიც კი გაემგზავრა ორიგინალის გასასინჯად. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ვისკიც შეარჩიეს და ისიც დაადგინეს, რომ იდეალური ნაღები 48 საათის დამზადებული უნდა ყოფილიყო... ერთი სიტყვით, იდეალური ირლანდიული ყავის რეცეპტი შეთხზეს და მისთვის 150 გრამიანი ცეცხლგამძლე ფეხიან თასიც განაწესეს. დიახ, დიახ, ირლანდიურ ყავას, ფეხიან ჭიქაში მიირთმევენ. როგორც ამბობენ, საუკეთესო ირლანდიული ყავის დალევა დღესაც მხოლოდ კალიფორნიაში, „Buena Vista Cafe“-ში შეიძლება, სადაც დღეში 2000 ჭიქა ყავას ყიდიან.
ირლანდიური ყავის ესპანური ვარიანტი (Café Irlandés) დანარჩენისგან იმითი გამოირჩევა, რომ მასში ყავა, ვისკი და ნაღები ერთმანეთში არ ირევა და ცალ-ცალკე შრეებადაა დასხმული, რისთვისაც საგანგებო მოწყობილობას იყენებენ. ტრადიციული კი, როგორც უკვე მიხვდით: ყავით, ვისკით, ლერწმის შაქრითა და ნაღებით (ათქვეფილით ან აუთქვეფავით) მზადდება.

ირლანდიური ყავა
75-100 გრ ცხელი ყავა ესპრესო (ჭიქა უნდა აავსოს 2/3-ზე)
25-30 გრ ირლანდიური ვისკი
ჩ/კ ან 1 კუბიკი ლერწმის შაქარი
მსუბუქად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები (ნაღების ოდენობა თქვენი ჭიქის ზომაზეა დამოკიდებული)

წიქის ფსკერზე ჩაყარეთ შაქარი, დაასხით ყავა იმდენი, რომ ჭიქა 2/3-ზე შეივსოს და დაამეტეთ ვისკი. თავზე კოზით ფრთხილად ჩაასხით ოდნავ ათქვეფილი ნაღები, ჩაარჭვეთ დარიჩინის ჩხირი და მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი და მიირთვით.



ირლანდიური ყავა ესპანურად
1 ჭ ესპრესო, 30 მლ ვისკი, 1 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 2ს/კ ნაღები, მწიკვი დარიჩინი
ჭიქაში ჩავყაროთ, შაქარი, დავასხათ ვისკი და ზემოდან ძალიან ფრთხილად დავასხათ ყავა. ასევე ძალიან ფრთხილად, პატარა კოვზით მოვასხათ ნაღები, ისე რომ ვისკის, ყავის და ნაღების ფენები ერთმანეთში არ აირიოს. თავზე მოვაყაროთ დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი


კალენდარი და კაცები

Approved by Gourmet Guide



ალბათ ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, სკოლა ახალდამთავრებული მქონდა და ისე მოხდა რომ ერთი ზაფხულის სამი თვე სოფელში, ბებია-ბაბუასთან გავატარე. არდადეგებზე ერთი ძალიან სიმპატიური და საინტერესო ბიჭი გავიცანი და გული ძალიან მწყდებოდა, რომ მიუხედავად უამრავი საერთო ნაცნობისა, მთელი 90 დღის მანძილზე მოლოდ 2-ჯერ შევხვდი - პირველად რომ გამაცნეს და მეორეჯერ - სადღაც ვიყავი სტუმრად, იქ შემთხვევით შემოეხეტა და სახლამდე მიმაცილა. გვიანი შემოდგომა იყო, როცა ჩემი ზაფხულის ინტერესის საგანს თბილისში შემთხვევით უნივერსიტეტის წინ გადავეყარე და მანაც გულმოკლულმა შემომჩივლა: „ზაფხულში რა კარგი იყო, ყოველდღე ერთად ვიყავითო“. ჯერ მეგონა, რომ ხუმრობდა მაგრამ მის „სევდიან და ჭკვიან“ თვალებს რომ შევხედე, განცხადების სერიოზულობაში ეჭვი აღარ შემპარვია. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ქალები და კაცები დროის სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ და ჩვენთვის, მეცნიერების და კალენდრისთვის დეკემბერი რომ დგას, კაცები საუკეთესო შემთხვევაში, ჯერაც სადღაც აპრილ-მაისის მიდამოებში იმყოფებიან.
აბა, თავად დაფიქრდით, თუ იცნობთ რომელიმე 20 წლის გოგონას, რომელიც მომავალს არ გეგმავს და ოჯახის შექმნაზე და ცხოვრების აწყობაზე არ ფიქრობს? ახლა ისიც გაიხსენეთ რამდენ სამოცს მიკაკუნებულ „ახალგაზრდა“ საცოლე მამაკაცს იცნობთ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი წინ აქვს და ყველაფერს მოასწრებს? ხანდახან მგონია, რომ კაცების 80% ბუდისტია. ახლავე აგიხსნით რატომ: ისეთი ნელი ტემპით ცხოვრობენ, დინებას ისე მიუყვებიან და დროს ისეთ უაზრობებზე კარგავენ, რომ ალბათ სავსე ცხოვრებით ცხოვრებას და სამომავლოდ დაგეგმილის განცორხიელებას მეორე, მესამე და მეოთხე ცხოვრებაში აპირებენ, თორემ ცოტას მიდგებ-მოდგებოდნენ და რამეს იზამდნენ. 17 წლის ბიჭი, რომ ოცნებებით ცხოვრობს და ფანტაზიებში დაცურავს რომანტიულიც კი არის, მაგრამ ორმოცს გადაცილებული მამაკაცი სასურველ ქალს შორიდან რომ უვლის და ახლოს მისვლას ვერ ბედავს ცოტა არ იყოს, დამღლელია. რასაკვირველია, ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ...  
არა, ასე არ იქცევიან ოცდაათს და ორმოცს გადაცილებული ცოლიანები, იმიტომ რომ ცოლიან კაცს ქალთან არშიყში ერთგვარი კარტბლანში აქვს: „ჩემო კარგო, ხომ იცი რომ ცოლიანი ვარ, მოდი, უბრალოდ გავერთოთ და ნურაფრის პრეტენზია ნუ გექნება“. ამიტომ არიან თამამები, თავხედები და მიზანდასახულებიც. თუმცა, აქაც ისევ ჩემს „ბუდიზმის თეორიას“ ვუბრუნდები: თუ ცოლი არ გიყვარს და სხვა ქალებში დარბიხარ, რა ძალა გაიძულებს ერთადერთი სიცოცხლე არასაყვარელი ადამიანის გვერდით გაატარო, სახლში მისვლა არ გუხაროდეს და "ბედნიერებას" გარე-გარე ეძებდე. არა, განქორწინებისკენ არავის მოვუწოდებ. მე მინდა რომ ცოლი უფრო დაფიქრებულად მოიყვანონ, მერე უქმრონ და ქუჩა-ქუჩა არ იწანწალონ და ცოლის სტატუსის მქონე ქალს შეურაცყოფა არ მიაყენონ. თორემ, სიტყვა „ცოლი“ ჩვენში „პარლამენტარის“ არ იყოს მაინცდამაინც სასახელო ტიტული ვეღარ არის. ვიცი, ძალიან ბევრი მართლა ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ცოლი გამიბრაზდება ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ რა, რომ ასეთები ცოტაა და ცოლების უმრავლესობა სახლში თანამცხოვრები ან ბავშვებთან მჯდომი ქალია, რომლის ძირითად მოვალეობას დამლაგებლის საქმიანობა შედგენს და რომელის არსებობაც ქმარს მხოლოდ ცივი სადილისა და გაურეცხავი წინდების აღმოჩენისას ახსენდება.
ახლა ისევ ორმოცს გადაშორებულ უცოლოებს მივუბრუნდეთ, რომლებსაც „и хочется, и колется, и мама не велит“ ჭირთ. მერე რა, რომ დედა დიდი ხანია პენსიაზეა, ალცგეიმერი ჭირს ან თვალს და ყურს დააკლდა და სავარაუდო სარძლოებს ძველებური შემართებით ვეღარ არჩევს/იწუნებს და „хочется“-ზეც ასაკობრივი და ფიზიოლოგიური პრობლემები ეწყებათ, თავი მაინც 20 წლის პერსპექტიული ჭაბუკები გონიათ და ხშირად უკვე დაბეცებული თვალიც სულ პატარა გოგოებისკენ გაურბით. 
ჩემი დღევანდელი სტატია სამ ნაცნობ მამაკაცს ეძღვნება: პირველი - ცოლიანია, მაგრამ უკანასკნელი 20 წელია ცოლს სრული სერიოზულობით შორდება და ღრმად ჯერა, რომ ბავშვები სკოლას როგორც კი დაამთავრებენ, თავს მერე მიხედავს (ცოლთან გაყრა რომ გადაწყვიტა, ბავშვები სულ არ ყავდა) ... დამიჯერეთ, ბავშვები თავს მართლა მიხედავენ, სახლიდან წავლენ და ჩვენი პერსონაჟი, მოხუცი და სრულიად უსარგებლო თავის ეგზომ „საძულველ“ ცოლს შერჩება ხახვივით (სახლში ფულს რომ ვეღარ მიიტანს, იმან თუ არ გამოაგდო). მეორე - განქორწინებულია (ცოლი საკუთარი ფეხით გაექცა) და ახლა სხვა ქალი მოწონს, თანაც ძალიან, მაგრამ ზის და ელის... ეს ქალი როდის დაურეკავს, როდის მოიკითხავს, როდის შეეხმიანება. საკმარისია ერთი ზარი ან ესემესი მიიღოს და თავქუდმოგლეჯილი და აჭყლოპინებული მირბის შესახვედრად. მაგრამ ინიციატივა და აქტიურობა ნოლი აქვს, ქალი კი კარგია და მამაკაცების ყურადღებასაც არ უჩივის, დადგება ერთი დღეც და  აზარტი და ინტერესი გაუვლის (ესეც ქალის ბუნებაა, თუ შევატყვეთ რომ კაცს მოვწონვართ, საშინლად 
გვაინტერესებს, ბოლოსდაბოლოს ხმას როდის ამოიღებს) და სხვას მიაქცევს ყურადღებას და აღარ დარეკავს და აღარ მოიკითხავს. მესამეს - პროფესიიდან გამომდინარე ახალგაზრდა გოგონების ჟრიამული არ აკლია და ნახევარსაუკუნეს მიახლოებულს თავი ისევ ოცდახუთის გონია (მთელი 20 წელი ამოვარდნილი აქვს მეხსიერებიდან). თავის რჩეულს მეორე წელია ყავაზე ყოვედღე ეპატიჟება და თავი დღემდე ვერ მოაბა: რა ქნას, სერიოზული ქალი სერიოზული შესაბმელია და შრომა უნდა, მას კი ცერცეტა და თავქარიანი გოგოები ჯერ-ჯერობით ყოველ საღამოს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც გარანტირებული ყავს... წლები კი გადის და თავის სულ რომ გადაიპარსოს და ჭაღარა ისე დამალოს, ერთ დღეს ასაკი მაინც დაეტყობა და გოგოებიც თანდათანობით მისი თვალისჩინივით დაილევიან. 
განგებამ ასე ინება, რომ სამივე ჩემი და ჩემიანების უახლოესი ადამიანები არიან (ხვალ თუ გაიგებთ, რომ მომკლეს, გეცოდინებათ რისთვისაც) და მათი ბედი მაწუხებს: სიბერეში (რაც არც თუ ისე შორსაა) სამივეს მარტოობა და უპატრონობა ემუქრება. 
ამიტომ სულ უფრო და უფრო ხშირად მაწუხებს ერთი აზრი: უსაქციელობის გამო ოჯახიდან გამოგდებულ ჭარმაგ მამაკაცთა თავშესაფარი ხომ არ გავხსნა? სადღაც 15-20 წელიწადში, მეგობრის სტატუსით, მათი წუწუნისა და ბუზღუნის მოსმენა მაინც მომიწევს, ასე კი ზედამხედველი ვიქნები: ზედმეტად თუ შემაწუხებენ რვა საათის შემდეგ ტელევიზორს გამოვურთავ, დასაძინებლად გავრეკავ, ფეხბურთს არ ვაყურებუნებ ხოლმე და ასე ვიძიებ შურს ყველა კარგი ქალის ყველა აუხდენელი ოცნებისთვის და ყველა იმ არდარეკილი ზარისთვის და არდანიშნული პაემნისთვის - ტელეფონთან რომ მიდიოდნენ და მერე თავიანთი სიმხდალის და ეგოიზმის გამო შეყვარებულის ნაცვლად ძმაკაცს რომ ურეკავდნენ: გამოგივლი, ლუდი დავლიოთ და ბილიარდი ვითამაშოთო.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

აჰა, დრაკონის წელიც დადგა!

Approved by Gourmet Guide



ძალიან ვხალისობ ხოლმე ჩვენში ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციაზე - მორიგი ჩინური ახალი წლის „პატრონ“ ცხოველს ჩვენს - გინდა ახა, გინდა ძველით ახალ წელს რომ ვეგებებით და მაგიდას, ინტერიერს, ჩვენი ჩაცმულობაც კი მის „მოთხოვნებს“ ვარგებთ. წელასაც დრაკონს, ჯერ კიდევ კურდღლის მბრძანებლობის პერიოდში დავხვდით. არადა, ჩინური ახალი წელი დღეს დგება და ვისაც მათი ტრადიციების სჯერა - მთელი იანვარი კურდღლის ნერვებზე ვმოქმედებდით, იმიტომ რომ, რეალურად, დრაკონი მხოლოდ დღეს მობრძანდება. ამიტომ რა გედოთ სუფრაზე 1 ან 14 იანვარს ან რა გემოსათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - მთავარია დღეს რას იზამთ. კიდევ ერთხე ვიმეორებ - ეს იმათ ვისაც სჯერა ან ჩემსავით ნებისმიერ მიზეზს იყენებს საზეიმოდ და სინგაპრულ ახალ წელსაც აღნიშნავს, თორემ სრულიად გაუგებარია, ჩემს ქრისტიანულ ბედისწერასთან რა ხელი უნდა ქონდეს ჩინურ ღორს, გველს, კატას და ისეთ მითოლოგიურ ცხოველს, როგორიც დრაკონია.  
მოკლედ, დრაკონის წელი ანუ 2012 ძალიან ხმაურიანი, მჩქეფარე, ახლის აღმოჩენისა და წინ სვლის წელია. დრაკონს ყველაფერი ჭყეტელა, ხმაურიანი, ძლიერი, ცვალებადი და მოძრავი უყვარს. ასე რომ მისი შემოსვლა ძალიან აქტიურად უნდა აღნიშნოთ და სუფრაზეც დიდი მხიარულება უნდა იყოს.
დრაკონის ელემენტი ხეა, მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთი, ძვირფასი ქვა - ამეთვისტო, წელიწადის დრო გაზაფხული, დრო - დღის 1-დან 9-საათამდე, 2012 წლიე სტიქია კი წყალი, ამიტომ (არ მკითხოთ საიდან დავასკვენი, ამ საქმის სპეციალისტი ჩინელები ამბობენ ასე), სუფრაზე უნდა იყოს ქათამი და ხორბალი.
დაიბენით, არა? მერე ვინ გითხრათ, რომ ჩინური ახალი წლის აღნიშვნა და აღმოსავლური კალენდარის ყველა ტრადიციის დაცვა ადვილია. მაგრამ არა უშავს, ამ საქმეში გამოცდილი ხალხის რჩევებს მზა-მზარეულად თუ დაემორჩილებით და ჩემსავით ათას ინტრიგნულ კითხავს არ დასვამთ: რატომ ასე და რატომ ისე არა, ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგივათ. თანაც მომზადების პროცესში კარგად გაერთობით. ასიამოვნეთ დრაკონს და აუცილებლად მოიძიეთ სადმე ამეთვისტო, ქვა რომელსაც, ასევე სპეციალისტების აზრით, სიმშვიდე, კეთილდღეობა, იღბალი და ბარაქა მოაქვს. ხესაც ნუ დაივიწყებთ და მაგიდა ხის ჭურჭლით ან სულაც ტოტების კომპოზიციით გააფორმეთ. რაც შეეხება: პურს, მჭადს, ლავაშს და ხაჭაპურებს (ანუ ხორბლეულს), ეს დავალების ყველაზე მარტივი და იოლად მოსაგვარებელი ნაწილია. ქათმისგან კი სამასანაირი კერძის დამზადება სულ არაა საჭირო - ერთიც საკმარისი იქნება. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფრინველის და პურის გარეშე მთელი შრომა და მონდომება წყალში ჩაგეყრებათ!
ახლა რა არ შეიძლება კატერგორიულად: 1. კურდღლის ხორცის ჭამა, მოგეხსენებათ კურდღლის წელი ჯერ კიდევ ძალაშია და 2. ტელევიზორის ყურება მოწყენილი სახით! დრაკონს მხიარული, ხმაურიანი და ენერგიული ადამიანები უყვარს. ამიტომ საყვარელ სავარძელში ჩასვენება და ჩაფიქრებული სახით ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ. ჩინური ჰოროსკოპის მამები იმასაც გვირჩევენ, რომ დრაკონის წელს ოთახის შუაგულში დიდ მაგიდის გაშლას, ალაფურშეტის მოწყობა ჯობია, ასე საცეკვავო ადგილი დაგრჩებათ მეტი - დრაკონის წელს ცეკვის გარეშე არაფერი გამოვა. საკუთარი სახლი იმდენის საშუალებას თუ იძლევა, რომ ტრადიციული სუფრაც გაშალოთ და საცეკვაო მოედანიც დარჩეს, მაგას რა ჯობია - ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
დრაკონის წელს დაბადებულთა შორის არიან: ჟან-ჟაკ რუსო, ფრიდრიხ ენგელსი, ბერნარდ შოუ, ჟანა დ’არკი, ჩარლზ დარვინი, ჯონ ლენონი, ალ პაჩინო, პელე და... ვლადიმერ პუტინი (მაგან არ გაიხარა). როგორც თავად დარწმუნდით, ამ წელს განსაკუთრებული ხალხი იბადება, ამიტომ დრაკონის წლის დახვედრა, როგორც უკვე გითხარით, აქტიური, მხიარული, მჩეფარე მოვლენ აუნდა იყოს. დრაკონის წლის აღსანიშნავი კერძებიც, ასევე, აქტიური უნდა იყოს. აქტიური კერძი კი მაგიდაზე წინ და უკან მორბენალ შემწვარ გოჭს ან ლანგარზე მომღერალ ნიგვზიან ბადრიჯანს კი არ ნიშნავს, ასეთი საჭმელი კუჭში რომ მოხდება მერე უნდა გაატიურდეს: კარგად დაგვანაყროს, ენერგიით აგვავსოს, სიმხნევე შეგვმატოს და ამასთან ერთად გარეგნულადაც ლამაზად და გემრიელად უნდა გამოიყურებოდეს.
დრაკონს საჭმლის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ახალმომზადებული უნდა იყოს ანუ ქურიდან პოირდაპირ მაგიდაზე მოხვედრილი - რამე ძალიან  მარტივი, ძალიან იოლი, მაგრამ ცინცხალი ინგრედიენტებისაგან გაკეთებული. მთლად გადასარევი იქნება, მზადების პროცესში თავად დრაკონს თუ ჩართავთ და წვეულების მთავარ კერძს მაგიდაზევე სტუმრების თანდასწრებით დაამზადებთ. ამისთვის ჩინური ეროვნული ქვაბი „ჰოგო“ ( [huǒguō]) დაგჭირდებათ. „ჰოგო“ ჩინურად ცეცხლოვან ქვაბს ნიშნავს და ჩახანაც თავის დასახელებას ბოლომდე ამართლებს, მას ხომ ცეცხლი ქვევიდან უფითილდება და შიგნით ჩასხმული კერძი მაგიდაზე თუხთუხებს (დაახლოებით ევროპული „ფონდიუს“ ქვაბისმაგვარია). უფრო ხშირად ჰოგოში მდუღარე ბულიონს ასხამენ, მაგიდასთან კი თხლად დაჭრილი ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის ნაჭრები მიაქვთ და სტუმარიც თავად ხარშავს მისთვის სასურველს ნაჭერს. რაც მთავარია, ყველა ნაჭერი თითო ლუკმა უნდა იყოს, სტუმრები თავისუფალი ჰოგოს რიგში დგომით ან ქაფქაფა ბულიონში ჩაყოფილი ჩხირზე წამოცმული ხორცის მოხარშვის ლოდინით რომ არ დაიტანჯონ.
სადრაკონო კერძების მომზადება რთული არაა, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: დრაკონს ხმაურიანი გართობა, ღრეობა უყვარს და ამიტომ მეტი დროს ცეკვას და სტუმრებისთვის ტონუსის ასამაღლებელი სასმელების მომზადებას უნდა დაუთმოთ. ამიტომ კარგი, რიტმული მუსიკის შერჩევა და პეტარდებისა და შუშხუნების მომარაგებაც არ დაგავიწყდეთ. თავადაც ისიამოვნეთ და სტუმრებიც გაართეთ. რაც შეეხება ზოგადად წელს - იმათ გაუმართლებთ ვისაც უსაქმურად ჯდომა არ შეუძლია და ვინც სულ საქმესა და ახლის ძიებაშია, ანუ ბეჯით და ენერგიულ ადამიანებს - დრკონი ტყუილად არავის და არაფერს ჩუქნის. მე კი, ჩემდათავად, გისურვებთ, რომ 2012 წელს პირიდან ცეცხლი ჩვენს ნაცვლად მხოლოდ დრაკონს გაეყაროს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღლის ზურგი მონადირულად

Approved by Gourmet Guide



კურდღლის 2 ზურგი (თითო დაახლოებით 600 გრ), 2 ლიმონის წვენი, ¼ ლ მშრალი წითელი ღვინო, 2 სირჩა კონიაკი, 3 კბილი ნიორი, დანის წვერზე დაფქული პილპილი, 150 გრ ბეკონის ლენტები (სასურველია ესპანური ბეკონი „ჰამონი“), 4 საშუალო თავი ხახვი, 1 სტაფილო, 200 გრ მომჟავო ყურძნის მარცვალი, 1 დაფნის ფოთოლი, 2 ცალი მიხაკი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, 1/8 ლ არაჟანი, 1 მწიკვი შაქარი და მარილი გემოვნებით

კურდღლის ზურგები გავასუფთავოთ, მოვასხათ ლიმონის წვენი, გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ 2 საათი. ღვინო და კონიაკი ერთმანეთში ავურიოთ. ნიორი დავჭყლიტოთ. კურდღლის ზურგებს ნიორი და პილპილი შევაზილოთ, მოვასხათ კონიაკიანი ღვინო, ისევ გადავაფაროთ ცელოფანი და 4-5 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. ზურგები მარინადიდან ამოვიღოთ, ქაღალდის ხელსახოცით შევაშროთ და ბეკონის ლენტებით მთლიანად დავფაროთ. მარინადი შევინახოთ. კურდღელი 35-40 წუთით ღუმელში შევდგათ და პერიოდულად ტაფაზე დაგროვებული ცხიმი მოვაწუწოთ ხოლმე. ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილ კუბიკებად, ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ კურკები. შემწვარი ზურგები ღუმელიდან გამოვიღოთ და თეფშზე გადავდოთ. ტაფაზე დარჩენილ წვენს ზედმეტი ცხიმი მოვხადოთ და მრინადით გავაზავოთ. მოხდილ ცხიმში ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ, მერე დავუმატოთ მარილი, პილპილი, მიხაკი, ქონდარა, მარინადი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და კარგად მოვხარშოთ. მერე დავუმატოთ არაჟანი და მოვასხათ კურდღელს. სულ ბოლოს ცხელ  სოუსში ყურძნის მარცვლები გადავურიოთ და დაბრაწულ კუდღელთან ერთად გემრიელად მივირთვათ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: კურდღელი წიწაკით

Approved by Gourmet Guide



1,5 კგ კურდღლის ხორცი 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული პილპილი, 1 ჩ/კ დაფქული მწარე წითელი წიწაკა, 2 თავი ხახვი, 3 ს/კ ზეთი, 6 მარცვალი თეთრი პილპილი,  ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი

ძვლებს ხორცი ავაჭრათ, დავჩეხოთ  და 2 საათი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ხორცი 4 სმ-იან ნაჭრებად დავჭრათ. ხახვდი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და დავბრაწოთ ხორცი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, შავი პილპილი, თეთრი პილპილის მარცვლები, ½ ჭ ძვლების ნახარში ბულიონი. ხორცი დაახლოებით 40 წუთი ვთუშოთ, ბულიონის ამოშრობის პარალელურად, თანდათანობით ვუმატოთ ღვინო. სანამ გამზადდება რამდენიმე წუთით ადრე სოუსის შესასქელებლად წვენში წყალში გახსნილი ფქვილი ჩავუმატოთ, მარილიც მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.
კურდღელს განსაკუთრებით უხდება დაგრილული ( ანუ ღია ცეცხლზე დაბრაწული) პამიდვრები და კარტოფილის პიურე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: ირმის ხორცის რულეტი

Approved by Gourmet Guide



4 ნაჭერი ირმის ფილე (თოთო 150 გრ), 1 თავი ხახვი, 4 ს/კ ზეთი, 2 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, ½ მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მჟავე კიტრი, 1 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა, 1 ჩ/კ მწვანე პილპილის მარცვლები, 70 გრ თხლად დაჭრილი ბეკონის ლენტები, ¼ ლ ხორცის ბულიონი, 1 ს/კ ზეთი, 100 მლ ნაღები ან არაჟანი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
ხახვი გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ და შევურიოთ ზეთს და ძმარს, მოვასხათ ირმის ხორცს და მაცივარში შევდოთ 24 საათით. კიტრი დ ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილ ჩხირებად. ირმის ხორცი გამოვიღოთ მაცივრიდან, დაფაზე დავდოთ და ცალი მხრიდან მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მწვანე პილპილის მარცვლები. ზევიდან დავალაგოთ ჩხირად დაჭრილი კიტრი და ბულგარული წიწაკა. ცოტაოდენი ბეკონი დავჭრათ კუბიკებად და ისიც მოვაყაროთ. ფილეს ნაჭრები დავახვიოთ რულეტივით და გარედან დარჩენილ ბეკონის ლენტები შემოვახვიოთ რომ არ გაიშალოს. გარანტიისთვის, შეგიძიათ ხის ჩხირებიც ჩაარჭოთ. ავადუღოთ ბულიონი. რულეტი ყველა მხრიდან დავბრაწოთ ზეთში, მერე ბულიონი მოვასხათ და თავდასხურუილ ტაფაზე ვთუშოთ დაახლოებით 40 წუთი. ბოლოს სოუსში არაჟანი და ოხრახუშიც გადავურიოთ და გემრილად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული ტახის ზურგი ალუბლის სოუსით

Approved by Gourmet Guide



1,5 კგ-იანი ახალგაზრდა გარეული ტახის ზურგი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, ½ ჩ/კ ხმელი სალბის ფოთოლი (იყიდება აფთიაქში), 1 ჩ/კ პილპილის მარცვლები, 1 სტაფილო, 1/8 ბოლქვი ნიახური, 3 თავი ხახვი, 50 გრ ბეკონი, ½ ლ წითელი ღვინო, მარილი გემოვნებით, 4 ს/კ კარაქი, 5 ს/კ დაფქული ორცხობილა, 1 ჩ/კ შაქარი, 3 კვერცხის გული, 1 ჭ კამპოტის ალუბალი, 1 ჭ (200 მლ) ალუბლის წვენი

ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხმელი სანელებლები და პილპილი დავნაყოთ და მათი ნარევი შევაზილოთ ტახის ზურგს და 2 საათი გავაჩეროთ. სტაფილო დავჭრათ რგოლებად, ნიახურის ბოლქვი კუბიკებად. ხახვი გავფცქვნათ და 2 თავი ხახვი დავჭრათ რგოლებად, 1 კი წვრილ კუბიკებად. ასევე დავჭრათ ბეკონიც. ღვინოსა და ალუბლის წვენში 2 ჭ წყალი გავურიოთ და ჩავყაროთ სტაფილო, ნიახური, ალუბლები, ხახვის რგოლები და წამოვადუღოთ. ცხელი ღვინო ხორცს დავასხათ და 2 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ხორცი მარინადიდან ამოვიღოთ, შევამშრალოთ და მარილი მოვაყაროთ. მაღალბორტიან ტაფაზე დავყაროთ ბეკონი და ცხმი რომ გამოდნება, დავუმატოთ ხახვის კუბიკები და ხორციც დავბრაწოთ. შემდეგ დავასხათ მარინადი, ტაფას თავსახური დავახუროთ და ღუმელში შევდგათ 1 საათით. ცალეკ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ კვერცხის გულები, შაქარი და ორცხობილა. მიღებული მასა უკვე შემწვარ ხორცს ზემოდან თხელ ფენად წავუსვათ და ღუმელში შევაბრუნოთ (თავახდილი ტაფით), სანამ თავზე ოქროსფერს ქერქს არ გაიკეთებს. გამზადებული ხორცი თბილ ადგილას დავდგათ და ცოტა ხანი „დავასვენოთ“. ხორცის შენაწვავი სოუსი გადავწუროთ, დავუმატოთ დარჩენილი სანელებლები და შესქელებამდე ვადუღოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

სამეფო პაშტეტი (Pâté Royal)

Approved by Gourmet Guide


ზამთრის სანადირო სეზონი განსაკუთრებულად მდიდარია გარეული ცხოველის თუ ფრინველის ხორცით, რომლისგანაც, მოგეხსენებათ, გამორჩეულად დახვეწილი და საზეიმო კერძების მომზადება შეიძება. გარეული ტახის (ღორის) ხორცისგან კი გასაოცრად ნაზი და არომატული პაშტეტი გამოდის. პაშტეტის დამზადებისას, სასურველია რამდენიმე მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესი დავიმახსოვროთ:
1. მარინადში ჩადების შედეგად ნანადირევი არაჩვეულებრივ არომატს იძენს. ხორცს მარინადი მთლიანად უნდა ფარავდეს და აუცილებლად ჰერმეტულად დახურულ ჭირჭელში ან პროდუქტების გასაყინ ცელოფანში უნდა მოვათავსოთ, რომლიდანაც ჰაერი მთლიანად უნდა გამოვტუმბოთ.
2. ფარში მაქსიმალურად ერთგვაროვანი რომ გამოვიდეს, მისი ყველა ინგრედიენტი რაც შეიძლება ცივი უნდა იყოს. პროფესიონალი მზარეულები, ფარშში ცოტაოდენ ყინულასაც კი უერევენ. მსგრსმ, როგორც წესი, ხორცის ცოტა ხნით საყინულეში შედებაც კმარა და მერე, რომ არ გათბეს, მაცივრიდან პორცია-პორციად გამოიღეთ და ხორცსაკეპ მანქანაში ისე გაატარეთ და ისევ მაცივარში შედეთ. ფარშის ასარევი ჯამიც ცივი უნდა იყოს და ამიტომ ისიც მაცივარში ჩააცივეთ და რასაკვირველია, ფარშში დასამატებელი ნაღებიც უნდა გააცივოთ. სანელებლები კი სულ ბოლოს დაუმატეთ.
3. უკვე გამაგრებულ და ჩაცივებულ პაშტეტს, ფორმიდან აყირავებენ და ჭრიან. რისთვისაც ძალიან ბასრი დანა დაგჭირდებათ, თორემ პაშტეტი დაგეჭყლიტებათ, დაიფშვნება და ფორმას დაკარგავს.
4. პაშტეტს განსაკუთრებით უხდება ხილის სოუსები და ჟოლოს ან მარწყვის ძმრით (იყიდება სუპერმარკეტებში) შეკმაზული სალათები.

გარეული ტახის პაშტეტი და მწვანე წიწაკით
8-10 პორცია
100 მლ „მადერა“, 100 მლ პორტვეინი, 200 მლ წითელი ღვინო, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, 2 ს/კ ხმელი მაიორანი, 20 მარცვალი პილპილი, 3 ცალი მიხაკი, 10 მარცვალი ღვია, 1 დაფნის ფოთოლი, ½ ნივრის კბილი, 10 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 650 გრ გარეული ტახის ბეჭი, 150 გრ ცხიმიანი ღორის ხორცი, 100 გრ ხბოს ხორცი, 80 გრ ხბოს ღვიძლი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 3 ყინულის კუბიკი, 200 მლ ნაღები, მარილი, პილპილი, სურნელოვანი პილპილი, ილი, 1 მწვანე წიწაკა, 250 გრ გარეული ტახის ფილე, 150 გრ ტყის სოკო, 80 გრ ნიგოზი, 10 ნაჭერი ძალიან თხლად დაჭრილი გამოყვანილი ღორის ქონი (სალა)
მადერა, პორტვეინი, ღვინო და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ და დავუმატოთ მაიორანი, პილპილი, მიხაკი, ღვია, დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი ნიორი და სურნელოვანი პილპილი. ტახის ბეჭი, ღორის ხორცი და ხბოს ხორცი დავჭრათ კუბიკებად, ჩავალაგოთ ღვინოების მარინადში და მაცივარში შევდგათ მინიმუმ 6 საათით. ჩამარინადებული ხორცი თუშფალანგზე გადავწუროთ და ამ ხორცისაგან, ხბოს ღვიძლისა და ყინულის კუბიკებისგან გავაკეთოთ ფარში. ფარშში გადავურიოთ ჩაცივებული ნაღები, დაჭრილი მწვანე წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ილი. თავზე გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში.
ტახის ფილე დავჭრათ 1 სმ-იან კუბიკებად და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავბრაწოთ ზეთში, გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავაცივოთ. ტაფაზე დარჩენილ ხორცის შენაწვავ ცხიმს ხორცის ნადები მარინადი დავუმატოთ და შესქელებამდე ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. 1 ს/კ ზეთში მოვთუშოთ სოკო და მერე ისიც გავაგრილოთ. ნიგოზი დავჭრათ წვრილად და სოკოსთან, დაბრაწულ კუბიკებთან და შესქელებულ მარინადთან ერთად დავუმატოთ ფარშს და კარგად ავრიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მართკუთხედ ფორმაში ამოვაფინოთ თხლად დაჭრილი ქონი. შიგნით ჩავტენოთ ფარში, თავი მოვუსწოროთ და ზემოდანაც ქონის ფენები გადავაფაროთ. ნებისმიერი ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავასხათ წყალი და შიგნით ჩავდგათ პაშტეტიანი ფორმა და 100 წუთი 140°C-მდე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ. გავაგრილოთ და ჩასაცივებლად შევდგათ მაცივარში მინიმუმ 6 საათით. რომ გამზადდება, ფორმიდან გადმოვაყირავოთ და დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"Я бы сьел без размышлений двадцать жареных оленей, или столькоже овец..."

Approved by Gourmet Guide



ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე - ჩემს ერთ ახლობელს უმი პამიდორისთვის პირი არასდროს დაუკარებია, სამაგიეროდ პამიდორის საწებელს ტონობით სანსლავს. მე თვითონ ვერ ვჭამ თევზს, ხიზილალას, გოჭის ხორცს... ერთი სიტყვით, ნებისმიერ ხორცს რომელსაც ცუდი არა, უბრალოდ დამახასიათებელი გემო აქვს. ადამიანი ვერ ეკარებოდეს დაბრაწულ გოჭს და ღორის მწვადს სიამოვნებით მიირთმევდეს - მართლა უცნაურობაა. თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ ყველაფერს პატიოსნად ვსინჯავ და პირისდაუკარებლად არაფერზე მითქვამს უარი. უბრალოდ, რაღაც-რაღაც პროდუქტების გემო, სტრუქტურა ან სუნი არ მომწონს. ძალიან მიყვარს შიგნეულისაგან მომზადებული კუპატი, მეგრული კუჭმაჭი, მაგრამ ღვიძლს მისი მძაფრი გემოს და სუნის გამო ვერ ვეკარები. ცხვარს და თხას იგივე მიზეზის გამო მეც არ ვჭამ, მაგრამ სერიზულად მიკვირს იმ ხალხის, ვინც ძროხის ხორცს სიამოვნებით მიირთმევს და თხას მხოლოდ იმიტომ იწუნებს, რომ თხაა. რა იყო, ძროახს რაიმე პირადი დანაშაული აქვს თქვენი ოჯახის წინაშე? ჩემი ერთი ნაცნობი კურდღელს არ ჭამს - იმიტომ რომ მღრღნელია და ვირთხის "ბიძაშვილს" ვერ ეკარება. ეს არგუმენტიც გასაგებია და რაღაც ლოგიკა აქვს. აღზრდიდან გამომდინარე, ძნელია გადალახო სტერეოტიპი და გემო გაუსინჯო ქვეწარმავალს, მწერს და მათდაგვარებს, მაგრამ ძროხის და ღირის მჭამელი რატომ ვერ უნდა ჭამდე შვლის ან დათვის ხორცს, გაუგებარია.  
ნებისმიერ საჭმელზე უარი გასაგებია, როცა არ მოგწონს, ტრადიციუალი არაა და მაგალითად გველის ან ტარაკნების შეჭამანდი გეზიზღება, ან რაიმე განსაკუთრებული მსოფლმხედველობა გაქვს და არაფერ ცოცხალს არ ჭამ... მაგრამ ძალათი ვეგეტარიანლების არ მესმის. ანუ ადამიანების, რომლებმაც პასპორტის აღებიდან კარგახსნის მერე მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ქათამი სანამ ტაფაზე მოხვდება თურმე ცოცხალია! ჰოი, საშინელებავ, თურმე პირდაპირ ფილეს სახით არ იბადება. ერთი ძალიან ცუდი და უხეში შედარება უნდა მოვიყვანო. რამდენიმე წლის წინ მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანი“ რომ გამოვიდა, თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა ძალიან გამაოცა და მერე მივხვდი - ჩვენი მორწმუნეების გარკვეულმა ნაწილმა მხოლოდ ამ ფილმის ნახვის მერე აღმოაჩინა რომ ქრისტე უბრალოდ კი არ აწამეს, მართლა აწამეს. მანამდე კი იცოდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არ დაფიქრებულან ამაზე - აწამეს რა... ანუ ფილმის ნახვამდე არ გაუაზრებიათ წამება რას ნიშნავდა და როგორი მტკივნეული უნდა ყოფილიყო. 
სწორედ ამიტომ მიშლიან ნერვებს, ტელევიზორში სასაკლაოზე ფილმის ნახვის მერე, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი რომ მოეძალებათ და საკუთარი განსაკუთრებულობის და სხვებზე ნაზი სულიერი სამყაროს ქონის დასამტკიცებლად თავგანწირულად რომ ითმენენ, შემწვარი ხორცის სუნზე ნერწყვებს ყლაპავენ, მაგრამ ცოცხალი თავით გმირულად აღარ ყლაპავენ ლუკმასაც. თუმცა, პარალელურად ტყავის ფეხსაცმელიც აცვიათ, ტყავისვე ქამრებს და საფულეებსაც ატარებენ, ზამშის ქურთუკებიც მოსწონთ და გერმის (ბატის ბუმბულის) ბალიშზე თავმისვენებულებს ძილს სულ არ უფრთხობთ ცოცხლადაპუტული ბატების ყიყინი. ნუ, ქურქს არ ჩაიცმევენ, ქურქი რომ არ მოგწონს ეგეც ხომ მოდურობაზე და განსაკუთრებულ დახვეწილობაზე მეტყველებს. მაგრამ აბრეშუმს რა ვუყოთ? აბრეშუმის დასამზადებლად ხომ ჭუპრებს კლავენ - უზარმაზარ ღუმელში ცოცხლად ხრაკავენ და თან ამ დროს რა ტკბილი და სასიამოვნო სუნი დგება... მომკლალი და ისიც არა მგონია, მკლავზე დაფრენილ კოღოს დანაყრებას აცდიდნენ ან სამზარეულოში თოხარიკით ჩაქროლებულ ტარაკანს, გაცეცხლებულები ზედ არ ახტებოდნენ. ან შემოსავლის გარეშე დარჩენილ პენისონერ და ნახევრადმშიერ მეზობლებს ურიგენდნენ საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს. მერე რა, რომ აფრიკაში ბავშვები იხოცებიან, მთავარია აბერდინ-ანგუსის ჯიშის ძროხები ან კოხინხინის ქათმები გადავარჩინოთ! მაგრამ, რისთვის თუ არ შევჭამთ? ამ ეკონომიური კრიზისის ფონზე სახელმწიფოებს მოსახლეობა ვერ შეუნახავს და ახლა უფუნქციოდ დარჩენილი შინაური ცხოველები ვარჩინოთ. ცნობისთვის, თუ არ ვცდები მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში მგლების პოპულაციამ რომ იკლო, ირმებს ჩლიქების დაავადება გაუჩნდათ და კინაღამ გადაშენდნენ, იმიტომ რომ ბუნებრივი მტერი აღარ ყავდათ (სუსტებს აღარავინ ჭამდა).
ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კვირის ერთი დღე კანონით ვეგეტარიანულად გამოაცხადა - ამ დღეს მთელ ქალაქში ხორცს ვერსად შეჭამთ. ასე ტურისტების მოსაზიდად და გლობალური დათბობის შესაჩერებლად მოიქცნენ: თურმე ნუ იტყვით და ხორცის ჭამის მერე ადამიანი აკუებს, კულილი კი კლიმატს ცვლის!!! ღმერთო შენ მიშველე, რამდენმა მილიარდმა ადამიანმა უნდა უშვას გაზები, რომ მაგალითად ნისანის ავტოკონცერნზე მეტი გავლენა მოახდინოს ამინდზე!!! ან ლობიოს და კომბოსტოს რა ვუყოთ, ხორცისგან გამომუშავებული ცუილი ჰაერს ათბობს და ლობისო არა?! ეკოლოგიური პრობლემები სულ მექსიკელების (ლობიო უყვართ) და გერმანელების (ყველაფერს მჟავე კომბოსტოს ატანენ) ბრალი ყოფილა. აღარ ვლაპარაკობ, ხორცის მჭამელთა უფლებების უხეშ დარღვევაზე. და კიდევ მკითხავთ, რატომ მაქვს ვეგეტარიანელების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაბადებით ვეგეტარიანლები (მაგალითად ინდოეთის სამხრეთის მცხოვრებლები, რომლებმაც კლიმატისდა გამო, ხორცი რომ ჭამონ, მოიწამლებიან და დაიხოცებიან), იდეურად ვეგეტარიანლები, რომლებიც უბრალოდ ცოცხალს არ ჭამენ, ან ხორცი არ უყვართ და არ ჭამენ არ მაწუხებს და ნორმალურ ხალხად მიმაჩნია. მე ე.წ. „სათუთი სულიერი სამყაროს“ პატრონებს ვერ ვიტან, სიბერეში რომ აღმოაჩინეს, ღორის ნეკნები ცოცხალ ღორს რომ აბია და თუ არ დაკალი, ისე ვერ ააჭრი. აი, ისეთებს საზღვარგარეთ მახინჯი და უვარგისი, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ტოიოტა „პრიუსში“ რომ სხედან  და „ფერარის“ და „ლამბორგინებს“ ამაყი გამომეტყველებით უვლიან გვერდს: „ეი, შე ყანა! როყიო ხარ, ბენზინის გამონაბოლქვით ატმოსფეროს აბინძურებ, მე კი ასეთი შეგნებული  რომ არ ვიყო და ჩემი პლანეტა ასე არ მიყვარდეს, ამ საშინელებაში ხომ არ ვიჯდებოდიო!“
და კიდევ ერთი - ხორცისმჭამელი თევზიც კი ბევრად უფრო ჭკვიანია ვიდრე ბალახისმჭამელი და ბევრს აღარ გავაგრძელებ: ძროხის და ძაღლის გონებრივი შესაძლებლობები შეადარეთ ერთმანეთს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"და მივეგდები ედგარ პოსთან ყორანის გვერდით..."

Approved by Gourmet Guide


დიდი ხნის წინათ, კონკრეტულად კი 1809 წლის  დღევანდელ დღეს ანუ 19 იანვარს დიდი ამერიკელი მწერალი და მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი მისტიკოსი ედგარ ალან პო დაიბადა. მისი ნაწარმოებების კითხვისას უნებურად გიჩნდება კითხვა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“ და „ადამიანი, რომელიც ნაკუწებად აქნეს“ ავტორი თავის ყოველდღიურ ტრაპეზაზე სულაც ადამიანის ხორცს ხომ არ მიირთმევდა და თან თავის საყვარელ ღვინოს „ამონტილიადოს“ აყოლებდა? აბა, საიდან მსგავსი აზრები თუ იდეები? პოს თანამედროვეთა საბედნიეროდ, როგორც ფაქტები გვიჩვენებს, „საშინელებათა ჟანრის მეფე“ მტერს მხოლოდ საკუთარ ფანტაზიებში ათრობდა და მერე ცოცხლად მარხავდა ღვინის სარდაფში, სინამდვილეში კი ერთი უწყინარი ადამიანი გახლდათ, რომელსაც  ადგილობრივ რესტორნებში ამერიკაში საკმაოდ პოპულარულ კერძის - ვირჯინიული წიწილის  შეკვეთა უყვარდა ხოლმე. სხვათა შორის, თავად პოც ვირჯინიიდან გახლდათ და მის გარდაცვლილ ცოლსაც ვირჯინია ერქვა...

წიწილა ვირჯინიულად
Virginia’s Chicken
6 ცალი ქათმის ფილე, 50 გრ კარაქი და მოზრდილი ზომის ალუმინის ფოლგის ნაჭერი
მარინადისათვის: 1/3 ჭ არაქისის ზეთი, 2/3 ჭ რძე
საფანელისთვის: ½ ჭ პურის ფქვილი, ½ ჭ სიმინდის ფქვილი, 1 ს/კ დაფქული პაპრიკა, მარილი

თავდაპირველად შესაწვავი ფორმა უნდა მოვამზადოთ: ამისათვის ტაფაზე ან შესაწვავ ფორმაზე ფოლგის ნაჭერი ამოვაფინოთ, ისე, რომ იმპროვიზირებული ფოლგის ჯამი გამოგვივიდეს და ამ ჯამში გავადნოთ კარაქი. კარაქიანი ფორმამიცემული ფოლგა ფრთხილად ამოვიღოთ ტაფიდან (არ გაგეხეთ!). ამ ფორმაში მერე ქათამი უნდა შევწვათ. 
ახლა ქათამს მივხედოთ: არაქისის კარაქი და რძე ერთამენთში ავურიოთ, ჩავალაგოთ ქათმის ფილე და დავტოვოთ. ამასობაში მოვამზადოთ საფანელი: სიმინდის და პურის ფქვილი, პაპრიკა და მარილი ერთმანეთში ავურიოთ. ამ ნაზავში ამოვავლოთ ქათმის ფილეები, ჩავალაგოთ გამდნარკარაქიან ფოლგაში, შევდგათ დაახლოებით 230°C-მდე გახურებულ ღუმელში და დავბრაწოთ. 20 წუთის შემდეგ მეორე მხარეზე გადავატრიალოთ და კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ. სულ ესაა! გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი.
ჰო, კიდევ, ხერესიც არ დაგავიწყდეთ, ოღონდ ღვინო ჭამამდე უნდა დალიოთ და არა ჭამის დროს ან მერე, ვირჯინიაში ხომ აპერეტივები უყვართ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ქათმის შენაწვავ ცხიმში ცოტაოდენი ღვინო, 1 ს/კ ფქვილი ჩაურიეთ, წამოადუღეთ, ოდნავ შეასქელეთ და შესანიშნავი სოუსი გამოვა.