ინდაურის სატენი ღორის ხორცით, ბუსტუღითა და კურაგით

Approved by Mary Poppins



ამ კერძს ევროპაში უბრალოდ „სატენს“ უწოდებენ და მას საშობაო ინდაურთან ერთად მიირთმევენ. საქმე იმაშია, ადრე ამ სატენით ინდაურს ტენიდნენ, ახლა კი მისი ნაწილით ინდაურს ტენიან, ნაწილს კი ცალკე მიირთმევენ.  ან სატენი ჩვენი დღევანდელი რეცეპტივით, სრულიად დამოუკიდებელი, ინდაურის თანმხლები კერძის მოვალეობას ასრულებს. მისი ძირითადი ინგრედიენტი ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ ღორის ხორცის ფარშია.  რამდენიმე ძალინ გემრიელი სატენის რეცეპტი მაქვს, მაგრამ გორდონ რამზი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეფის სახელს ტყუილად არ ატარებს და მისი „სატენი“ მართლაც გამორჩეულია. ის ხორცის რულეტი უფროა და უჩვეულო ინგრედიენტებისდა მიუხედავად ძალიან გემრიელია.

ღორის, ბუსტუღისა და კურაგის სატენი
(6-8 ულუფა) 500 გრ ღორის ხორცის ფარში, ზღვის მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი, 1 დიდი მჟავე ვაშლი, 6 ცალი კურაგა წვრილად დაჭრილი, 30 გრ ბუსტუღი (ფსტის კაკალი) უხეშად დაჭრილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, პატარა კონა ოხრახუშის ფოთლები წვრილად დაჭრილი, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად, სალბის ფოთლების დიდი კონა, 2 ცალი ძეხვი „ჩორიზო“ (შეგიძლიათ ნებისმიერი შებოლილი და პაპრიკიანი ძეხვი გამოიყენოთ)
ფარში დიდ ჯამში მოვათავსოთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჩავახეხოთ ვაშლი, დავუმატოთ ფსტის კაკალი, კურაგა, ოხრახუში, ლიმონის ცედრა დე ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. ალუმინის ფოლგის ნაჭერზე მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და გვერდიგვერდ  ორ რიგად დავალაგოთ სალბის ფოთლები, ისე რომ გრძელი მართკუთხედი მივიღოთ (2 ძეხვის სიგრძე). ცოტაოდენი მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ფარშის ნახევარი სალბის ფოთლებზე გავანაწილოთ. შუაგულში ძეხვებისთვის ჩაღრმავება გავაკეთოთ, ამ ჩაღრმავებაში ძეხვები „ჩავაწვინოთ“ და ზევიდან ფარშის დარჩენილი ნაწილი გადავაფაროთ. ფოლგის გვერდები წამოვწიოთ და ისე დავახვიოთ რომ ცილინდრის ფორმის გრძელი შეკრულა მივიღოთ - ფარში შუაშუ ძეხვებით. თავბოლო კარგად შევუკრათ. სასურველია 1 დღე მაცივარში შევინახოთ. მეორე დღეს ჩვენი შეკრულა დაახლოებით 40 წუთი ვაცხოთ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში. სანამ დავჭრით 15 წუთი „დავასვენოთ“.


გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment