თანამედროვე პოეზიის რეტრო საღამო

Approved by Natia Jinjolava


აბა, ყავის კლუბი რა კლუბი იქნებოდა, საახალწლო თავყრილობა რომ არ გაემართა. ჰოდა, ჩვენც შევიყარეთ და რეტრო პოეზიის საღამო და ყავის კლუბის შეკრებაზე ჩაის სმა გავმართეთ. არა, საღამო განსაკუთრებულად თუ გარანტირებულად მხიარული რომ ყოფილიყო, მხატვრულ-კაზმული სიტყვის შედევრები ფეისბუქის უკიდეგანო სივრცეში მოვიძიეთ, რეტრო კი გარემო შევქმენით და სახლი მეოცე საუკუნის 40-იანი წლების სტილში მოვრთეთ. ასე რომ, ჭეშმარიტება რომ დავიცვათ - თანამედროვე პოეზიის რეტრო საღამო გამოგვივიდა სანთლით დაკარტრიჯებული ნავთის ლამფის შუქზე (რომანტიულ გარემოს ნავთის ნაზ არომატს ხომ არ გავაფუჭებინებდით).
ბუბლიკებით, სუშკებით, ძველებური მართკუთხა პეჩენიებით, მანდარინებით და პავიდლოიანი კამფეტებით დამშვენებულ სუფრას ამაღლებული განწყობით მივუსხედით (გამორჩეულად არხეინ ხასიათზე მე გახლდით - პირველად კლუბის ისტორიაში არაფრის გაკეთება არ მიწევდა - ყველაფერი მზა იყო), აქვე, ვაკის პარკში შეგროვებული გირჩებით ნამდვილია, არაელექტრო სამოვარიც გავაჩაღეთ და ამ შეკრებისთვის საგანგებოდ მოძიებული და სათუთად შერჩეული ლექსებით ერთმანეთიც დვატკბეთ.

„დილით ჩაი რომ დავლიე
მივაყოლე სუხარი,
სანტამ რამე რომ მაჩუქოს
უნდა მქონდეს ბუხარი?!“ - ჩვეული გულუბრყვილობით კითხულობდა ვარდისფერი პანტერა.

„შენს ოცნებას მივეჭერი გრძნობად,
თუმცა არ გჯერა.
ნუ იღიმი,
ყავის ნალექს გავექეცი ამჯერად,
წინათგრძნობა ხშირად მხოლოდ
სასწაულებს მპირდება,
სურვილების კონას შევკრავ,
თუმცა არ მსურს დიდება.
გაზაფხულდა, სიურპრიზებს
გიძღვნის ალბათ მაისი,
ჩამიფიქრე...
იქნებ უცებ აგისრულდე,
რა იცი?“ - თავისი მხურვალე ინტერნეტ-თაყვანისმცემლის პოეზიას გვაზიარა მისის დაუფაიერმა და მენდეთ, სრულიად საწინააღმდეგო რამ ჩაიფიქრა.

ლექსი, რომელიც ჩვენი შეკრების მუზა და განსაკუთრებული მხიარულების საგანი იყო, გამოთქმით და შინაასისთვის შესაფერისი პათოსით მის ენდრიუმ წაგვიკითხა:
„ Жизнью, вечностью, клянусь что к тебе я
Очень мчусь, мчусь под ветер на волнах на раскрытых парусах, мчусь под дождь и
Мчусь под снегб мчусь под знойный вихрь в снег, мчуся днем, мчуся вечером
И потом, мчуся только я вперед хоть мешает ветер в лоб, хоть мешает дождь с
Грозой, хоть мешает снег большой, мчуся только я к тебе, хоть не знаю вовсе
Где, мчуся сердсем и душой, телом, чувством, всем собой, мчуся радуясь, любя, и
Душа моя чиста!“ (ავტორის სტილი და პუნქტუაცია დაცულია! ასე რომ, ყველა შეცდომა თუ სიბრძნე მის სინდისზეა). ამ შედევრით გამოწვეულ საერთო აღტაცებას ერთადერთი ის აზრი გვიფუჭებდა, რომ ამ ლექსის ავტორი სამი შვილის მამაა და რა ეშველება უბედურ საქართველოს, შვილებსაც მამის ტალანტი თუ გამოყვა...


მე ჩემი ფეისბუქელი „ფრენდის“ შემოქმედება გამოვიტანე მეგობრების სამსჯავროზე:
„ცივა. ამინდია მოჟამული,
კაწრავს თებერვალი ნერვებს...
ახლა ეს ცხოვრება დეჟა ვუა,
მაგრამ ძველებურად - მტვერი.
წვიმს და სისველეა ფარდობითი
სისხლი ლამისაა გაშრეს...
დრო უსასრულობამ გამოფიტა
კედელზე კიდია კაშნე
ელვამ ცას ვენები დაუსერა
ღრუბლებს ეფლითება ხორცი
მაგიდაზე გდია მაუზერი
მიდი, გადატენე და მორჩი“

მიუხედავად თემატურობისა, საბედნიეროდ გადასატენი მაუზერი არავის აღმოგვაჩნდა და სხდომა ჩეული ხალისით გავაგრძელეთ, ძველი ახალი წლის „შატო რუსთაველში“ გატარებაზე და „სუზეტას სურვილების ჭაში“ მონეტების ჩაყრაზე შევთანხმდით და ჩვენი საბანტუიჩიკი იაპონელი პოეტი მაცუო ბასიოს ლექსით დავამთავრეთ:
„გუგულის გალობა ამაოდ ისმის,
ჩვენში პოეტები აღარ არიან“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. მოდით, აღიარეთ, რომ ყველაზე მაგარი მაინც ჩემი ფრენდი იყო. მარტო „წვიმს და სისველეა ფარდობითი“ რად ღირს. აშკარად ნიჭიერია... მართლა...

0 კომენტარი.:

Post a Comment