ანანასის ყირამალა ტორტი

Approved by Natia Jinjolava



ეს უმარტივესი, უგემრიელესი და უეფექტურესი ნამცხვარი ამერიკული კლასიკაა. განსაკუთრებით უხდება ფინჯან ჩაის და ზამთრის ცივ საღამოს მეგობრებთან სასიამოვნო ბაასს.

ინგრედიენტები გულსართისთვის: 50 გრ დარბილებული კარაქი, 50 გრ ლერწმის შაქარი, 7 რგოლი ანანასის კონსერვიდან (დაწრეტილი) თავისი სიროპით, ამდენივე კრაჭუნა ალუბალი;
ბისკვიტისთვის: 100 გრ დარბილებული კარაქი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 100 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი, 2 კვერცხი
ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. გულსართის მოსამზადებლად კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. 20-21 სმ დიამეტრის მქონე მრგვალ საცხობ ფორმას ფსკერზე და მისი გვერდების სიმაღლის 1/4-ზე წავუსვათ შაქრიანი კარაქი. კარაქწასმულ ფსკერზე დავალაგოთ ანანასის რგოლები და ამოჭრილ შუაგულებში ჩავულაგოთ კრაჭუნა ალუბლები.
ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი 2 ს/კ ანანასის სიროპთან ერთად მოვათავსოთ ჯამში და მიქსერით ავთქვიფოთ. ცომი კოვზით მოვასხათ ანანასებს (თანაბრად გავანაწილოთ) და თავიც მოვუსწოროთ. ცხვება დაახლოებით 35 წუთში. ღუმელიდან რომ გამოვიღებთ კიდევ 5 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე გვერდებში დანა შემოვატაროთ, ფორმას თეფში დავაფაროთ და გადმოვაყირავოთ. მივირთვათ ცხლადვე.
თეფშზე გადმოტანილი თბილი ნაჭერი შეგიძიათ მორთოთ ვანილის ნაყინის ბურთულით - ძალიან უხდება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment