ევროპელების უსაყვარლესი ტორტი - Schwarzwälder Kirschtorte (შარშანდელი არქივიდან)

Approved by Natia Jinjolava



შვარცვალდის ალუბლის ტორტი

125 გრ ფქვილი, 1 კვერცხი, 60 გრ შაქარი, 70 გრ კარაქი, 7 კვერცხის გული, 5 ს/კ ცივი წყალი, 180 გრ შაქარი, 7 კვერცხის ცილა, 125 გრ ფქვილი, 50 გრ კაკაო, 100 გრ დაფქული ნუში, 3 ს/კ ალუბლის ჯეიმი, 1 ქილა დაკონსერვებული ალუბალი (500 გრ), 1 პაკეტი წითელი სარკალა ტორტისთვის, 0,06 ლ ალუბლის შნაპსი, 3/4 ლ ცხიმიანი ნაღები, 2 პაკეტი ვანილის შაქარი, მსხვილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი.

ფქვილის, კვერცხისა, შაქრისა და კარაქისაგან მოვზილოთ ფხვიერი ცომი. ცომი 20 წუთით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ საცხობი ფორმის დიამეტრზე. დავჩხვლიტოთ ჩანგლით. 200 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ.
კვერცხის გულები, წყალი და შაქრის 2/3 ავთვიფოთ. კრემს თავზე მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი და კაკაო. ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, დავუმატოთ ნუში და ყველაფერი ერთმანეთში ფრთხილად გადავურიოთ.
ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50-60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი მთელი ღამით მაცივარში გავაჩეროთ. 
ბისკვიტი სამ ნაწილად გავჭრათ. პირველი ფენა ალუბლის ჯემწასმულ ფხვიერი ცომის კორჟს დავადოთ.
ალუბალი გადავწუროთ (12 ყველაზე ლამაზი მოსართავად შევინახოთ) ალუბლის წვენის 1/8 წამოვადუღოთ და გავხსნათ ტორტის სარკალა (წვენი უნდა შესქელდეს). ჯამი ცეცხლიდან გადმოვდგათ და შევურიოთ ალუბლებს. დავუმატოთ ალუბლის შნაპსი ან ლიქიორი. ალუბლის და სარკალას მასა ალუბლის წვენით დანამულ ბისკვიტის ფენაზე მოვათავსოთ და ვაცადოთ შესქელება. ნაღები და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ კარგად (1/3 მოსართავად გადავდოთ). ნაღების თხელი ფენა ალუბალს გადავუსვათ და ზევიდან ბისკვიტის მეორე ფენა დავაფაროთ. დავნამოთ და ნაღები წავუსვათ. დავაფაროთ ბისკვიტის მესამე ფენა. დავნამოთ და ნაღები წავუსვათ. ტორტი გავყოთ 12 სექტორად, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, გადანახული ნაღებით დავასვათ 12 რგოლი ტორტის კიდეზე და ამ რგოლებში სათითაოდ ჩავალაგოთ მოსართავად გადანახული ალუბლები.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment