კალენდარი და კაცები

Approved by Mary Poppins



ალბათ ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, სკოლა ახალდამთავრებული მქონდა და ისე მოხდა რომ ერთი ზაფხულის სამი თვე სოფელში, ბებია-ბაბუასთან გავატარე. არდადეგებზე ერთი ძალიან სიმპატიური და საინტერესო ბიჭი გავიცანი და გული ძალიან მწყდებოდა, რომ მიუხედავად უამრავი საერთო ნაცნობისა, მთელი 90 დღის მანძილზე მოლოდ 2-ჯერ შევხვდი - პირველად რომ გამაცნეს და მეორეჯერ - სადღაც ვიყავი სტუმრად, იქ შემთხვევით შემოეხეტა და სახლამდე მიმაცილა. გვიანი შემოდგომა იყო, როცა ჩემი ზაფხულის ინტერესის საგანს თბილისში შემთხვევით უნივერსიტეტის წინ გადავეყარე და მანაც გულმოკლულმა შემომჩივლა: „ზაფხულში რა კარგი იყო, ყოველდღე ერთად ვიყავითო“. ჯერ მეგონა, რომ ხუმრობდა მაგრამ მის „სევდიან და ჭკვიან“ თვალებს რომ შევხედე, განცხადების სერიოზულობაში ეჭვი აღარ შემპარვია. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ქალები და კაცები დროის სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ და ჩვენთვის, მეცნიერების და კალენდრისთვის დეკემბერი რომ დგას, კაცები საუკეთესო შემთხვევაში, ჯერაც სადღაც აპრილ-მაისის მიდამოებში იმყოფებიან.
აბა, თავად დაფიქრდით, თუ იცნობთ რომელიმე 20 წლის გოგონას, რომელიც მომავალს არ გეგმავს და ოჯახის შექმნაზე და ცხოვრების აწყობაზე არ ფიქრობს? ახლა ისიც გაიხსენეთ რამდენ სამოცს მიკაკუნებულ „ახალგაზრდა“ საცოლე მამაკაცს იცნობთ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი წინ აქვს და ყველაფერს მოასწრებს? ხანდახან მგონია, რომ კაცების 80% ბუდისტია. ახლავე აგიხსნით რატომ: ისეთი ნელი ტემპით ცხოვრობენ, დინებას ისე მიუყვებიან და დროს ისეთ უაზრობებზე კარგავენ, რომ ალბათ სავსე ცხოვრებით ცხოვრებას და სამომავლოდ დაგეგმილის განცორხიელებას მეორე, მესამე და მეოთხე ცხოვრებაში აპირებენ, თორემ ცოტას მიდგებ-მოდგებოდნენ და რამეს იზამდნენ. 17 წლის ბიჭი, რომ ოცნებებით ცხოვრობს და ფანტაზიებში დაცურავს რომანტიულიც კი არის, მაგრამ ორმოცს გადაცილებული მამაკაცი სასურველ ქალს შორიდან რომ უვლის და ახლოს მისვლას ვერ ბედავს ცოტა არ იყოს, დამღლელია. რასაკვირველია, ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ...  
არა, ასე არ იქცევიან ოცდაათს და ორმოცს გადაცილებული ცოლიანები, იმიტომ რომ ცოლიან კაცს ქალთან არშიყში ერთგვარი კარტბლანში აქვს: „ჩემო კარგო, ხომ იცი რომ ცოლიანი ვარ, მოდი, უბრალოდ გავერთოთ და ნურაფრის პრეტენზია ნუ გექნება“. ამიტომ არიან თამამები, თავხედები და მიზანდასახულებიც. თუმცა, აქაც ისევ ჩემს „ბუდიზმის თეორიას“ ვუბრუნდები: თუ ცოლი არ გიყვარს და სხვა ქალებში დარბიხარ, რა ძალა გაიძულებს ერთადერთი სიცოცხლე არასაყვარელი ადამიანის გვერდით გაატარო, სახლში მისვლა არ გუხაროდეს და "ბედნიერებას" გარე-გარე ეძებდე. არა, განქორწინებისკენ არავის მოვუწოდებ. მე მინდა რომ ცოლი უფრო დაფიქრებულად მოიყვანონ, მერე უქმრონ და ქუჩა-ქუჩა არ იწანწალონ და ცოლის სტატუსის მქონე ქალს შეურაცყოფა არ მიაყენონ. თორემ, სიტყვა „ცოლი“ ჩვენში „პარლამენტარის“ არ იყოს მაინცდამაინც სასახელო ტიტული ვეღარ არის. ვიცი, ძალიან ბევრი მართლა ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ცოლი გამიბრაზდება ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ რა, რომ ასეთები ცოტაა და ცოლების უმრავლესობა სახლში თანამცხოვრები ან ბავშვებთან მჯდომი ქალია, რომლის ძირითად მოვალეობას დამლაგებლის საქმიანობა შედგენს და რომელის არსებობაც ქმარს მხოლოდ ცივი სადილისა და გაურეცხავი წინდების აღმოჩენისას ახსენდება.
ახლა ისევ ორმოცს გადაშორებულ უცოლოებს მივუბრუნდეთ, რომლებსაც „и хочется, и колется, и мама не велит“ ჭირთ. მერე რა, რომ დედა დიდი ხანია პენსიაზეა, ალცგეიმერი ჭირს ან თვალს და ყურს დააკლდა და სავარაუდო სარძლოებს ძველებური შემართებით ვეღარ არჩევს/იწუნებს და „хочется“-ზეც ასაკობრივი და ფიზიოლოგიური პრობლემები ეწყებათ, თავი მაინც 20 წლის პერსპექტიული ჭაბუკები გონიათ და ხშირად უკვე დაბეცებული თვალიც სულ პატარა გოგოებისკენ გაურბით. 
ჩემი დღევანდელი სტატია სამ ნაცნობ მამაკაცს ეძღვნება: პირველი - ცოლიანია, მაგრამ უკანასკნელი 20 წელია ცოლს სრული სერიოზულობით შორდება და ღრმად ჯერა, რომ ბავშვები სკოლას როგორც კი დაამთავრებენ, თავს მერე მიხედავს (ცოლთან გაყრა რომ გადაწყვიტა, ბავშვები სულ არ ყავდა) ... დამიჯერეთ, ბავშვები თავს მართლა მიხედავენ, სახლიდან წავლენ და ჩვენი პერსონაჟი, მოხუცი და სრულიად უსარგებლო თავის ეგზომ „საძულველ“ ცოლს შერჩება ხახვივით (სახლში ფულს რომ ვეღარ მიიტანს, იმან თუ არ გამოაგდო). მეორე - განქორწინებულია (ცოლი საკუთარი ფეხით გაექცა) და ახლა სხვა ქალი მოწონს, თანაც ძალიან, მაგრამ ზის და ელის... ეს ქალი როდის დაურეკავს, როდის მოიკითხავს, როდის შეეხმიანება. საკმარისია ერთი ზარი ან ესემესი მიიღოს და თავქუდმოგლეჯილი და აჭყლოპინებული მირბის შესახვედრად. მაგრამ ინიციატივა და აქტიურობა ნოლი აქვს, ქალი კი კარგია და მამაკაცების ყურადღებასაც არ უჩივის, დადგება ერთი დღეც და  აზარტი და ინტერესი გაუვლის (ესეც ქალის ბუნებაა, თუ შევატყვეთ რომ კაცს მოვწონვართ, საშინლად 
გვაინტერესებს, ბოლოსდაბოლოს ხმას როდის ამოიღებს) და სხვას მიაქცევს ყურადღებას და აღარ დარეკავს და აღარ მოიკითხავს. მესამეს - პროფესიიდან გამომდინარე ახალგაზრდა გოგონების ჟრიამული არ აკლია და ნახევარსაუკუნეს მიახლოებულს თავი ისევ ოცდახუთის გონია (მთელი 20 წელი ამოვარდნილი აქვს მეხსიერებიდან). თავის რჩეულს მეორე წელია ყავაზე ყოვედღე ეპატიჟება და თავი დღემდე ვერ მოაბა: რა ქნას, სერიოზული ქალი სერიოზული შესაბმელია და შრომა უნდა, მას კი ცერცეტა და თავქარიანი გოგოები ჯერ-ჯერობით ყოველ საღამოს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც გარანტირებული ყავს... წლები კი გადის და თავის სულ რომ გადაიპარსოს და ჭაღარა ისე დამალოს, ერთ დღეს ასაკი მაინც დაეტყობა და გოგოებიც თანდათანობით მისი თვალისჩინივით დაილევიან. 
განგებამ ასე ინება, რომ სამივე ჩემი და ჩემიანების უახლოესი ადამიანები არიან (ხვალ თუ გაიგებთ, რომ მომკლეს, გეცოდინებათ რისთვისაც) და მათი ბედი მაწუხებს: სიბერეში (რაც არც თუ ისე შორსაა) სამივეს მარტოობა და უპატრონობა ემუქრება. 
ამიტომ სულ უფრო და უფრო ხშირად მაწუხებს ერთი აზრი: უსაქციელობის გამო ოჯახიდან გამოგდებულ ჭარმაგ მამაკაცთა თავშესაფარი ხომ არ გავხსნა? სადღაც 15-20 წელიწადში, მეგობრის სტატუსით, მათი წუწუნისა და ბუზღუნის მოსმენა მაინც მომიწევს, ასე კი ზედამხედველი ვიქნები: ზედმეტად თუ შემაწუხებენ რვა საათის შემდეგ ტელევიზორს გამოვურთავ, დასაძინებლად გავრეკავ, ფეხბურთს არ ვაყურებუნებ ხოლმე და ასე ვიძიებ შურს ყველა კარგი ქალის ყველა აუხდენელი ოცნებისთვის და ყველა იმ არდარეკილი ზარისთვის და არდანიშნული პაემნისთვის - ტელეფონთან რომ მიდიოდნენ და მერე თავიანთი სიმხდალის და ეგოიზმის გამო შეყვარებულის ნაცვლად ძმაკაცს რომ ურეკავდნენ: გამოგივლი, ლუდი დავლიოთ და ბილიარდი ვითამაშოთო.  

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment