Irish Coffee - ირლანდიური ყავა

Approved by Mary Poppins



დღეს ირლანდიური ყავის საერთაშორიოს დღეა... ისე, ჩვენ რატომ არ გვაქვს საცივის ან მწვადის, თუნდაც ხინკლის დღე? უსამართლობაა ნამდვილად. მოკლედ,  ირლანდიელები ჩვენზე მარიფათიანები გამოდგნენ და  მოახერხეს მთელ მსოფლიოში გაეთქვათ სახელი არა მარტო ირლანდიური ვისკით, არამედ ირლანდიური ყავითაც, რომელის შემქნის ისტორიაც (სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს დაობენ) ასეთია: არცთუ შორეულ 1940 წელს, ამერიკული ავიაკომპანია „პან-ამის“ თვითფრინავი იძულებით დაეშვა ერთ-ერთი ირლანდიული პორტის  აეროპორტში (დღეს სახელგანთქმული შენონის აეროპორტი), სადაც პორტის მზარეულმა ჯოზეფ შერიდანმა, ზამთრის სუსხიან საღამოს მგზავრები გაყინვისგან რომ ეხსნა ყავაში ვისკი და ნაღები ჩაამატა, მგზავრების შეკითხვაზე კი, ბრზაილიური იყო თუ არა ყავა, პასუხობდა, რომ  ეს ირლანდიური ყავა იყო.
1952 წლის 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში „Buena Vista Cafe“-ის მფლობელმა ჯეკ კოუპლერმა და „სან ფრანცისკო ქრონიკლის“ ჟურნალისტმა და მოგზაურმა სტენტონ დელაპლეინმა შეჯიბრება გამართეს,  ვინ უკეთეს ირლანდიურ ყავას მოამზადებდა. ხან ნაღები არ იყო საკმარისად ცხიმიანი, ხანაც ვისკი არ გამოდგა შესაბამისი მარკის, მოკლედ, ვერასგზის იდეალური გემო ვერ მიიღეს. ჟურნალისტი შორეულ შენონის აეროპორტშიც კი გაემგზავრა ორიგინალის გასასინჯად. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ვისკიც შეარჩიეს და ისიც დაადგინეს, რომ იდეალური ნაღები 48 საათის დამზადებული უნდა ყოფილიყო... ერთი სიტყვით, იდეალური ირლანდიული ყავის რეცეპტი შეთხზეს და მისთვის 150 გრამიანი ცეცხლგამძლე ფეხიან თასიც განაწესეს. დიახ, დიახ, ირლანდიურ ყავას, ფეხიან ჭიქაში მიირთმევენ. როგორც ამბობენ, საუკეთესო ირლანდიული ყავის დალევა დღესაც მხოლოდ კალიფორნიაში, „Buena Vista Cafe“-ში შეიძლება, სადაც დღეში 2000 ჭიქა ყავას ყიდიან.
ირლანდიური ყავის ესპანური ვარიანტი (Café Irlandés) დანარჩენისგან იმითი გამოირჩევა, რომ მასში ყავა, ვისკი და ნაღები ერთმანეთში არ ირევა და ცალ-ცალკე შრეებადაა დასხმული, რისთვისაც საგანგებო მოწყობილობას იყენებენ. ტრადიციული კი, როგორც უკვე მიხვდით: ყავით, ვისკით, ლერწმის შაქრითა და ნაღებით (ათქვეფილით ან აუთქვეფავით) მზადდება.

ირლანდიური ყავა
75-100 გრ ცხელი ყავა ესპრესო (ჭიქა უნდა აავსოს 2/3-ზე)
25-30 გრ ირლანდიური ვისკი
ჩ/კ ან 1 კუბიკი ლერწმის შაქარი
მსუბუქად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები (ნაღების ოდენობა თქვენი ჭიქის ზომაზეა დამოკიდებული)

წიქის ფსკერზე ჩაყარეთ შაქარი, დაასხით ყავა იმდენი, რომ ჭიქა 2/3-ზე შეივსოს და დაამეტეთ ვისკი. თავზე კოზით ფრთხილად ჩაასხით ოდნავ ათქვეფილი ნაღები, ჩაარჭვეთ დარიჩინის ჩხირი და მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი და მიირთვით.



ირლანდიური ყავა ესპანურად
1 ჭ ესპრესო, 30 მლ ვისკი, 1 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 2ს/კ ნაღები, მწიკვი დარიჩინი
ჭიქაში ჩავყაროთ, შაქარი, დავასხათ ვისკი და ზემოდან ძალიან ფრთხილად დავასხათ ყავა. ასევე ძალიან ფრთხილად, პატარა კოვზით მოვასხათ ნაღები, ისე რომ ვისკის, ყავის და ნაღების ფენები ერთმანეთში არ აირიოს. თავზე მოვაყაროთ დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment