"Я бы сьел без размышлений двадцать жареных оленей, или столькоже овец..."

Approved by Mary Poppins



ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე - ჩემს ერთ ახლობელს უმი პამიდორისთვის პირი არასდროს დაუკარებია, სამაგიეროდ პამიდორის საწებელს ტონობით სანსლავს. მე თვითონ ვერ ვჭამ თევზს, ხიზილალას, გოჭის ხორცს... ერთი სიტყვით, ნებისმიერ ხორცს რომელსაც ცუდი არა, უბრალოდ დამახასიათებელი გემო აქვს. ადამიანი ვერ ეკარებოდეს დაბრაწულ გოჭს და ღორის მწვადს სიამოვნებით მიირთმევდეს - მართლა უცნაურობაა. თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ ყველაფერს პატიოსნად ვსინჯავ და პირისდაუკარებლად არაფერზე მითქვამს უარი. უბრალოდ, რაღაც-რაღაც პროდუქტების გემო, სტრუქტურა ან სუნი არ მომწონს. ძალიან მიყვარს შიგნეულისაგან მომზადებული კუპატი, მეგრული კუჭმაჭი, მაგრამ ღვიძლს მისი მძაფრი გემოს და სუნის გამო ვერ ვეკარები. ცხვარს და თხას იგივე მიზეზის გამო მეც არ ვჭამ, მაგრამ სერიზულად მიკვირს იმ ხალხის, ვინც ძროხის ხორცს სიამოვნებით მიირთმევს და თხას მხოლოდ იმიტომ იწუნებს, რომ თხაა. რა იყო, ძროახს რაიმე პირადი დანაშაული აქვს თქვენი ოჯახის წინაშე? ჩემი ერთი ნაცნობი კურდღელს არ ჭამს - იმიტომ რომ მღრღნელია და ვირთხის "ბიძაშვილს" ვერ ეკარება. ეს არგუმენტიც გასაგებია და რაღაც ლოგიკა აქვს. აღზრდიდან გამომდინარე, ძნელია გადალახო სტერეოტიპი და გემო გაუსინჯო ქვეწარმავალს, მწერს და მათდაგვარებს, მაგრამ ძროხის და ღირის მჭამელი რატომ ვერ უნდა ჭამდე შვლის ან დათვის ხორცს, გაუგებარია.  
ნებისმიერ საჭმელზე უარი გასაგებია, როცა არ მოგწონს, ტრადიციუალი არაა და მაგალითად გველის ან ტარაკნების შეჭამანდი გეზიზღება, ან რაიმე განსაკუთრებული მსოფლმხედველობა გაქვს და არაფერ ცოცხალს არ ჭამ... მაგრამ ძალათი ვეგეტარიანლების არ მესმის. ანუ ადამიანების, რომლებმაც პასპორტის აღებიდან კარგახსნის მერე მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ქათამი სანამ ტაფაზე მოხვდება თურმე ცოცხალია! ჰოი, საშინელებავ, თურმე პირდაპირ ფილეს სახით არ იბადება. ერთი ძალიან ცუდი და უხეში შედარება უნდა მოვიყვანო. რამდენიმე წლის წინ მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანი“ რომ გამოვიდა, თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა ძალიან გამაოცა და მერე მივხვდი - ჩვენი მორწმუნეების გარკვეულმა ნაწილმა მხოლოდ ამ ფილმის ნახვის მერე აღმოაჩინა რომ ქრისტე უბრალოდ კი არ აწამეს, მართლა აწამეს. მანამდე კი იცოდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არ დაფიქრებულან ამაზე - აწამეს რა... ანუ ფილმის ნახვამდე არ გაუაზრებიათ წამება რას ნიშნავდა და როგორი მტკივნეული უნდა ყოფილიყო. 
სწორედ ამიტომ მიშლიან ნერვებს, ტელევიზორში სასაკლაოზე ფილმის ნახვის მერე, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი რომ მოეძალებათ და საკუთარი განსაკუთრებულობის და სხვებზე ნაზი სულიერი სამყაროს ქონის დასამტკიცებლად თავგანწირულად რომ ითმენენ, შემწვარი ხორცის სუნზე ნერწყვებს ყლაპავენ, მაგრამ ცოცხალი თავით გმირულად აღარ ყლაპავენ ლუკმასაც. თუმცა, პარალელურად ტყავის ფეხსაცმელიც აცვიათ, ტყავისვე ქამრებს და საფულეებსაც ატარებენ, ზამშის ქურთუკებიც მოსწონთ და გერმის (ბატის ბუმბულის) ბალიშზე თავმისვენებულებს ძილს სულ არ უფრთხობთ ცოცხლადაპუტული ბატების ყიყინი. ნუ, ქურქს არ ჩაიცმევენ, ქურქი რომ არ მოგწონს ეგეც ხომ მოდურობაზე და განსაკუთრებულ დახვეწილობაზე მეტყველებს. მაგრამ აბრეშუმს რა ვუყოთ? აბრეშუმის დასამზადებლად ხომ ჭუპრებს კლავენ - უზარმაზარ ღუმელში ცოცხლად ხრაკავენ და თან ამ დროს რა ტკბილი და სასიამოვნო სუნი დგება... მომკლალი და ისიც არა მგონია, მკლავზე დაფრენილ კოღოს დანაყრებას აცდიდნენ ან სამზარეულოში თოხარიკით ჩაქროლებულ ტარაკანს, გაცეცხლებულები ზედ არ ახტებოდნენ. ან შემოსავლის გარეშე დარჩენილ პენისონერ და ნახევრადმშიერ მეზობლებს ურიგენდნენ საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს. მერე რა, რომ აფრიკაში ბავშვები იხოცებიან, მთავარია აბერდინ-ანგუსის ჯიშის ძროხები ან კოხინხინის ქათმები გადავარჩინოთ! მაგრამ, რისთვის თუ არ შევჭამთ? ამ ეკონომიური კრიზისის ფონზე სახელმწიფოებს მოსახლეობა ვერ შეუნახავს და ახლა უფუნქციოდ დარჩენილი შინაური ცხოველები ვარჩინოთ. ცნობისთვის, თუ არ ვცდები მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში მგლების პოპულაციამ რომ იკლო, ირმებს ჩლიქების დაავადება გაუჩნდათ და კინაღამ გადაშენდნენ, იმიტომ რომ ბუნებრივი მტერი აღარ ყავდათ (სუსტებს აღარავინ ჭამდა).
ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კვირის ერთი დღე კანონით ვეგეტარიანულად გამოაცხადა - ამ დღეს მთელ ქალაქში ხორცს ვერსად შეჭამთ. ასე ტურისტების მოსაზიდად და გლობალური დათბობის შესაჩერებლად მოიქცნენ: თურმე ნუ იტყვით და ხორცის ჭამის მერე ადამიანი აკუებს, კულილი კი კლიმატს ცვლის!!! ღმერთო შენ მიშველე, რამდენმა მილიარდმა ადამიანმა უნდა უშვას გაზები, რომ მაგალითად ნისანის ავტოკონცერნზე მეტი გავლენა მოახდინოს ამინდზე!!! ან ლობიოს და კომბოსტოს რა ვუყოთ, ხორცისგან გამომუშავებული ცუილი ჰაერს ათბობს და ლობისო არა?! ეკოლოგიური პრობლემები სულ მექსიკელების (ლობიო უყვართ) და გერმანელების (ყველაფერს მჟავე კომბოსტოს ატანენ) ბრალი ყოფილა. აღარ ვლაპარაკობ, ხორცის მჭამელთა უფლებების უხეშ დარღვევაზე. და კიდევ მკითხავთ, რატომ მაქვს ვეგეტარიანელების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაბადებით ვეგეტარიანლები (მაგალითად ინდოეთის სამხრეთის მცხოვრებლები, რომლებმაც კლიმატისდა გამო, ხორცი რომ ჭამონ, მოიწამლებიან და დაიხოცებიან), იდეურად ვეგეტარიანლები, რომლებიც უბრალოდ ცოცხალს არ ჭამენ, ან ხორცი არ უყვართ და არ ჭამენ არ მაწუხებს და ნორმალურ ხალხად მიმაჩნია. მე ე.წ. „სათუთი სულიერი სამყაროს“ პატრონებს ვერ ვიტან, სიბერეში რომ აღმოაჩინეს, ღორის ნეკნები ცოცხალ ღორს რომ აბია და თუ არ დაკალი, ისე ვერ ააჭრი. აი, ისეთებს საზღვარგარეთ მახინჯი და უვარგისი, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ტოიოტა „პრიუსში“ რომ სხედან  და „ფერარის“ და „ლამბორგინებს“ ამაყი გამომეტყველებით უვლიან გვერდს: „ეი, შე ყანა! როყიო ხარ, ბენზინის გამონაბოლქვით ატმოსფეროს აბინძურებ, მე კი ასეთი შეგნებული  რომ არ ვიყო და ჩემი პლანეტა ასე არ მიყვარდეს, ამ საშინელებაში ხომ არ ვიჯდებოდიო!“
და კიდევ ერთი - ხორცისმჭამელი თევზიც კი ბევრად უფრო ჭკვიანია ვიდრე ბალახისმჭამელი და ბევრს აღარ გავაგრძელებ: ძროხის და ძაღლის გონებრივი შესაძლებლობები შეადარეთ ერთმანეთს.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment