ნადირობის მოყვარულთათვის: გარეული ტახის ზურგი ალუბლის სოუსით

Approved by Natia Jinjolava



1,5 კგ-იანი ახალგაზრდა გარეული ტახის ზურგი, ½ ჩ/კ ხმელი ქონდარა, ½ ჩ/კ ხმელი სალბის ფოთოლი (იყიდება აფთიაქში), 1 ჩ/კ პილპილის მარცვლები, 1 სტაფილო, 1/8 ბოლქვი ნიახური, 3 თავი ხახვი, 50 გრ ბეკონი, ½ ლ წითელი ღვინო, მარილი გემოვნებით, 4 ს/კ კარაქი, 5 ს/კ დაფქული ორცხობილა, 1 ჩ/კ შაქარი, 3 კვერცხის გული, 1 ჭ კამპოტის ალუბალი, 1 ჭ (200 მლ) ალუბლის წვენი

ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხმელი სანელებლები და პილპილი დავნაყოთ და მათი ნარევი შევაზილოთ ტახის ზურგს და 2 საათი გავაჩეროთ. სტაფილო დავჭრათ რგოლებად, ნიახურის ბოლქვი კუბიკებად. ხახვი გავფცქვნათ და 2 თავი ხახვი დავჭრათ რგოლებად, 1 კი წვრილ კუბიკებად. ასევე დავჭრათ ბეკონიც. ღვინოსა და ალუბლის წვენში 2 ჭ წყალი გავურიოთ და ჩავყაროთ სტაფილო, ნიახური, ალუბლები, ხახვის რგოლები და წამოვადუღოთ. ცხელი ღვინო ხორცს დავასხათ და 2 საათი გავაჩეროთ. ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ხორცი მარინადიდან ამოვიღოთ, შევამშრალოთ და მარილი მოვაყაროთ. მაღალბორტიან ტაფაზე დავყაროთ ბეკონი და ცხმი რომ გამოდნება, დავუმატოთ ხახვის კუბიკები და ხორციც დავბრაწოთ. შემდეგ დავასხათ მარინადი, ტაფას თავსახური დავახუროთ და ღუმელში შევდგათ 1 საათით. ცალეკ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ კვერცხის გულები, შაქარი და ორცხობილა. მიღებული მასა უკვე შემწვარ ხორცს ზემოდან თხელ ფენად წავუსვათ და ღუმელში შევაბრუნოთ (თავახდილი ტაფით), სანამ თავზე ოქროსფერს ქერქს არ გაიკეთებს. გამზადებული ხორცი თბილ ადგილას დავდგათ და ცოტა ხანი „დავასვენოთ“. ხორცის შენაწვავი სოუსი გადავწუროთ, დავუმატოთ დარჩენილი სანელებლები და შესქელებამდე ვადუღოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment