Royal Charlotte - სამეფო შარლოტა

Approved by Mary Poppins



დღეს ჩემი „რეპერტუარის“ ერთ-ერთ საკმაოდ გემრიელ და ძალიან ეფექტურ ტორტს შემოგთავაზებთ. დაახლოებით 20 წლის წინ მადამ მეგრეს რეცეპტების წიგნში პირველად რომ ვნახე მისი სურათი, იმდენად მოვიხიბლე, რომ ერთი პერიოდი საკმაოდ ხშირად  ვაკეთებდი. „იდეალების“, „ნაპოლეონებისა“ და ოჯახიდან-ოჯახში ერთი და იგივე ნამცხვრების ფონზე, ჩემი შარლოტა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება დიდი კულინარიულ ნიჭს არ მოითხოვს, საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა და დროთა განმავლობაში მისი არსებობაც მიმავიწყდა. წელს, კი საახალწლო რეცეპტების ძიებაში შემთვევით გადავაწყდი და მივხვდი, რომ ამ „მშვენეიერების“ გამოტოვება არაფრით არ გამოდიოდა. მით უმეტეს, რომ დღევანდელ პირობებში, როცა მშვენიერი მზა რულეტები იყიდება,  „შარლოტა“ მომზადების სიმარტივით მხოლოდ ტირამისუს თუ ჩამოუვარდება.
მე რულეტის ბისკვიტის რეცეპტსაც დავდებ, „შარლოტას“ კლასიკური რეცეპტიდან, მაგრამ მაინც მზას ყიდვას გირჩევთ და ახლავე აგიხსნით რატომ. შარლოტას  დაახლოებით 20-მდე რეცეპტი მაქვს და რულეტისთვის, რომლის ნაჭრებისგანაც შარლოტა ეწყობა, ყველა 4-5 კვერცხიანი ერთი რულეტის გამოცხობას გვთავაზობს (ენე ბურდა საერთოდ 2 კვერცხიან ბისკვიტი აქვს) რეალურად კი შარლოტას 3 მთლიანი რულეტი ან ეყოფა ან არა. პირადად მე ოთხს ვაცხობდი ხოლმე (ჯობია მომრჩეს, ვიდრე დამაკლდეს) და სიმწრით მყოფნიდა. 
არ ვიცი, ეგებ ელექტრო დანით ან სუშის დასამზადებელი დანით ვინმე ახერხებდეს ერთი რულეტის თითო სანტიმეტრიან მინიმუმ 30 ნაჭრად დაჭრას - მე არ გამომდის. მოკლედ, „7 DAYS“-ს ალუბლიან ან მარწყვიან რულეტს გირჩევთ, 1 შარლოტას 4 ცალი თავისუფლად ეყოფა (თუ რამე, დაამატებთ) და ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც. და კიდევ ერთი, საჭირო რულეტების და კრემის რაოდენობა თქვენი ჯამის ზომა-წონაზეა დამოკიდებული, რომელსაც გამოიყენებთ შარლოტას ასაწყობად. კრემიც შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ - მხოლოდ ერთი რამ გაითვალისიწინეთ: შარლოტას კრემი აუცილებლად ჟელატინიანი უნდა იყოს.

სამეფო შარლოტა
ბისკვიტისთვის: 5 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 150გრ შაქარი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 150 გრ ფქვილი, შაქარი მოსაყრელად, 450 გრ მოცხრის ჯემი; კრემისთვის: 8 ფირფიტა ჟელატინი ( ან 2 ს/კ ჟელატინის ფხვნილი), ¼ ლ თეთრი სადესერტო ღვინო, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 3 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 2-3 ს/კ კონიაკი, 3 კვერცხის ცილა, 1 მწიკვი მარილი, 3/8 ლ ცხიმიანი ნაღები, 1-2 პაკეტი ვანილის შაქარი, 6 კრაჭუნა ალუბალი, კარაქი საცხობ ფორმაზე წასასმელად და პერგამენტის ქაღალდი
კვერცხები ვთქვიფოთ გათეთრებამდე, თან თანდათანობით ჩავაყაროთ შაქარი და ლიმონის ცედრა. კვერცხები რომ აქაფდება და გათეთრდება თითო-თითო კოვზად ჩავურიოთ გაცრილი ფქვილი და მარილი. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი და დავასხათ ცომი. გამოვაცხოთ წინასწარ 240°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. მაგიდაზე დავაფინოთ ჩაის ტილო, მოვაყაროთ შაქარი და ტილოზე გადმოვაპირქვავოთ გამომცხვარი ბისკვიტი. ავაცალოთ ქაღალდი, წინასწარ შემთბარი ჯემი (შეთბობისას ჯემი თხელდება და უფრო ადვილი წასასმელია) წავუსვათ და ტილოს მეშვეობით ბისკვიტის უფრო გრძელი მხარიდან რულეტად დავახვიოთ. გავაგრილოთ.
ჟელატინი დავალბოთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად. ღვინოს დავუმატოთ ლიმონის ცედრა. კვერცხის გულები შაქრის 2/3 -თან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე, მერე დავუმატოთ ლიმონიანი ღვინო. შაქარი როგორც კი გადნება, ჩავურიოთ ჟელატინი. ჟელატინი რომ გაიხსნება, დავუმატოტ კონიაკი და შევდგათ მაცივარში შესადედებლად. სანამ კრემი ცივდება, ავთქვიფოთ კვერცხის ცილები ერთ მწიკვ მარილთან ერთად. ბეზე ფორმის შენარჩუნება რომ დაიწყებს თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ დარჩენილი შაქარი. ავთქვიფოთ ნაღების ნახევარი და ბეზესთან ერთად ძალიან ფრთხილად გადავურიოთ ღვინიან კრემში. ცოტა ხანი მაცივარში შევაბრუნოთ.
ბისკვიტი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ამოვაფინოთ ცხიმწასმულ ჯამში (სასურველია ჯამს ღომის ჩახანისნაირი გუმბათოვანი ფორმა ქონდეს).  მერე რულეტიან ჯამში ჩავასხათ კმერი, ისე რომ თითქმის პირთამდე აავსოს და თავზეც რულეტის ნაჭრები დავაფაროთ, ისე რომ კრემი მთლიანად დაიფაროს. ჯამი მჭიდროდ გავახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 5-6 საათით.
ჭამის წინ დარჩენილი ნაღები ავთქვიფოთ ვანილის შაქართან ერთად. შარლოტა გადმოვაპირქვავოთ ლანგარზე. ირგვლივ ნაღების ყვავილებით და შუაზე გაჭრილი კრაჭუნა ალუბლებით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment