ირმის ჩალაღაჯი მომჟავო-მოტკბო წიწაკებთან ერთად

Approved by Natia Jinjolava


4 ულუფა
ინგრედიენტები: 6 ს/კ ზეითუნის ზეთი და კიდევ ცოტა შესაწვავად, 2 ს/კ ღვიის მარცვლები, რამდენიმე ტოტი ქონდარა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი, 3 სმ სისქის, დაახლოებით 170 გრამიანი 4 ცალი ირმის ჩალაღაჯის ნაჭერი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი; წიწაკებისთვის: ზეითუნის ზეთი, 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 3 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, ქონდარას ტოტები, 3ს/კ თეთრი ღვინის ძმარი, 2 ს/კ წყალი
პირველ რიგში, ირმის ჩალაღაჯი ჩავამარინადოთ: ამისათვის ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ქონდარას ფოთლები, მსუბუქად დაჭყლეტილი ღვიის ნაყოფი და მსუბუქად დაჩეჩქვილი ნიორი. ამ მარინადაში ჩავალაგოთ ირმის ნაჭრები და კარგად ამოვგანგლოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავრწმუნდეთ რომ ხორცი მთლიანადაა მარინადში ამოგანგლული და გადავდგათ გვერდზე. რაც უფრო მეტხანს გავაჩერებთ, უკეთესია. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეთი. კარგად რომ გახურება ტაფაზე მოვათავსოთ ირმის ხორცი მარინადის ერთ მესამედთან ერთად. ვბრაწოთ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში, თან ხშირად გადავატრიალ- გადმოვატრიალოთ, ყველა მხრიდან თანაბრად რომ დაიბრაწოს. ხორცი რომ გაყავისფრდება, შეგიძლიათ დარჩენილი მარინადიც დაუმატოთ. თუ გინდათ რომ ხორცი განსაკუთრებულად წვნიანი და არომატული გამოვიდეს ცალკე ტაფაზე გავადნოთ ცოტა კარაქი, მერე ირმის ხორცს გადავასხათ, ხორციანი ტაფა დავაყირავოთ და ხორცს 1-2 წუთი კარაქი და ტაფაზე დაგროვებული ხორცის შენაწვავი სითხე კოვზით თავზე ვასხათ და ისე ვბრაწოთ. ხორცს თითი დააჭირეთ და ჩაზნექილი ადგილი ზამბარასავით უკან თუ ამოიბურცა, ხორცი ნახევრადსისხლიანი ანუ იდეალურადაა მომზადებული, თუ ბოლომდე შემწვარი ხორცი გიყვართ, კიდევ გააჩერეთ, მაგრამ მერე ირმის ხორცი (როგორც სხვა გარეული ცხოველის) ძალიან უხეში ხდება. გამზადებული ხორცი 5 წუთი დავასვენოთ.
მანამდე კი, ბულგარული წიწაკებს ამოვაჭრათ გული და დავჭრათ ჩხირებად. სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და რომ გაცხელდება დავყაროთ წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, დავაყაროთ ქონდარას ფოთლები და 4-5 წუთი ვთუშოთ, სანამ ოდნავ არ დარბილდება. ცეცხლს მოვუმატოთ და მოვაწუწოთ ძმარი და ვურიოთ სანამ ძმარი თითქმის ბოლომდე არ ამოორთქლდება. მოვასხათ წყალი და 2-3 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.
წინდაწინ გამთბარ თეფშებზე შუაში დავდოთ რამდენიმე კოვზი მოთუშული წიწაკა, მოვასხათ ტაფაზე დარჩენილი წვენი და ზემოდან ირმის ჩალაღაჯის ნაჭრები მოვათავსოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და მოვაწუწოთ სულ ცოტა ზეითუნის ზეთი.


(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment