მარციპანი - საკონდიტრო პლასტელინი

Approved by Natia Jinjolava



მარციპანი დახვეწილი და არისტოკრატული ტკბილეულია, რომელიც ნუშისა და შაქრისგან მზადდება და აქტიურად გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, როგორც დამოუკიდებელ ტკბილეულად, ისე გულსართად ან სულაც ტორტების მოსართავად. მის „ავტორობას“ ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი) იბრალებს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მარციპანის გამოგონების მიზეზი მარტივი და ბანალურია - შიმშილი! გადმოცემით, მე-10 საუკუნეში, ერთ წელს, რომელიც განსაკუთრებული მოუსავლიანობით გამოირჩეოდა, იტალიაში ერთადერთი საკვები, რომელიც ყინვასა და მავნებლებს გადაურჩა, ნუში აღმოჩნდა. იტალიელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია და შიმშილით ამოწყვეტის პერსპეტივა სულაც არ ეამათ, გაიხედ-გამოიხედეს, ეულად დარჩენილ პროდუქტს თვალი დაადგეს და გამოყენებაც მაშინვე გამოუძებნეს - გამოიგონეს ნუშის პური  (მისი სახელი „Marzapane“ სწორედ იტალიური წარმოშობისაა და „მარტის პურს“ ნიშნავს), ნუშის პიცა, პასტა ნუშის სოუსით და ა.შ.
სიცილიელების ვერსიით, მარციპანი კუნძულზე (და მერე მატერიკზეც) „დიდი არაბობის“ დროს ტკბილეულის მოყვარულმა სარაცინებმა შემოიტანეს და უკვე 1143 წელს ერთ-ერთი მონასტრის მონაზვნები ყველაწმინდას დღესასწაულზე მონასტერს სწორედ მარციპანისგან გამოძერწილი და ბუსტუღის, ვარდისა და ზაფრანისგან დამზადებული საღებავებით შეღებილი ფიგურებით რთავდნენ. სხვათა შორის, მარციპანთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გერმანელებსაც აქვთ, რომელიც იტალიურ ვერსიას ძალიან წააგავს: 1407 წელი ქ. ლიუბეკისთვის შიმშილით გამოირჩეოდა, ქალაქში პურის მთელი მარაგი ამოილია და პურის მცხობელებმა სასრაფოდ „მარკუსპანი“ („წმინდა მარკოზის პური“) შექმნეს.
ფრანგები და ესპანელები ამ ვერსიებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისტორიული ცნობებით, ესპანეთში მარციპანს მე-7 საუკუნიდან ამზადებენ, თუმცა ოდნავ განსხვავებული რეცეპტით (ნუშის მასაში ხან კედრის კაკალს, ხან ლიმონის ცედრას და ხან ცუკატებს უმატებენ). აი, ჰოლანდიაში, სადაც ნუშის ტკბილეული იქაური ნიკოლოზობის (სან ნიკოლას   დღესასწაულის) აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს, ნუშს შაქართან ერთად, ლიმონის წვენს და კვერცხის ცილას უმატებენ, სამსანტიმეტრიან ფენებად აბრტყელებენ, ერთი კვირით მაცივარში ინახავენ და მხოლოდ ამის მერე მიირთმევენ.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, მარციპანი თავიდან საკვებ პროდუქტს კი არა, ნერვული დაავადებების სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა. ევროპის ერთ-ერთ უძველეს აფთიაქში, რომელიც ქ. ტალინის ცენტრში მე-15 საუკუნეში გაიხსნა და დღემდე არსებობს, მარციპანს წამლად თავის ტკივილის და ნერვული აშლილობის დროს უნიშნავდნენ. სხვათა შორის, ის მართლაც ყველაზე ჯანსაღ ტკბილეულად ითვლება - სტრესსთან ძალიან ეფექტურად მებრძოლი E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო.
ვერსიები ვერსიებად დარჩეს, ოფიციალურად კი ითვლება, რომ მარციპანს 1500 წლის წინ სპარსეთსა და ბიზანტიაში აკეთებდნენ, სადაც ის რჩეულთა ტკბილეულად ითვლებოდა, ანუ მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის იყო ხელმისწავდომი. მე-18 საუკუნეში ის უკვე ძალიან პოპულარული იყო გერმანიასა და ავსტრიაში, სადაც მარციპანისგან გამოძერწილი ფიგურები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდა. 21-საუკუნის ევროპაში მარციპანი შობა-ახალწელსა და ვალენტინობაზე ყველაზე ტრადიციულ საჩუქრად ითვლება.
მსოფლიოში მარციპანის ყველაზე დიდი მუზეუმები უნგრეთში, გერმანიაში, ესტონეთსა და ისრაელშია. აი, ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კი ჭეშმარიტი გერმანელია - 1806 წელს  ქ. ლიუბეკში დაარსებული საკონდიტრო ფირმა „Niederegger“, რომელიც მე-19 საუკუნეში ევროპისა და რუსეთის საიმპერატორო ოჯახების მთავარი მომმარაგებელი გახლდათ და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება. არსებობს ლიუბეკური მარციპანის ორასამდე რეცეპტი და ორასივე წმიდათაწმინდა და ხელუხლებელ საიდუმლოს წარმოადგენს. ნუშისა და შაქრის პროპორციების თუნდაც უმნიშვნელო დარღვევაც კი კონდიტერულ დანაშაულად, ხოლო ასეთი მარციპანი - „უკანონოდ“ ითვლება.
მარციპანი საკონდიტრო ნაწარმის ყველაზე ეფექტურ დეკორს წარმოადგენს - მისგან ნებისმიერი ფორმის ფიგურის გამოძერწვა შეიძლება,  ადვილად იღებება და დიდხანს ინახება. და კიდევ ერთი რამ: მისი მომზადება შინაურ პირობებში რთული არ არის.
ინგრედიენტები: 250გ ნუში, 250გ შაქრის პუდრი, 2 კვერცხის ცილა, 2-3 წვეთი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: ნუში ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და დავამატოთ შაქრის პუდრი. არ დავიზაროთ და გატარების პროცესი გავიმეოროთ. მიღებულ მასას დავუმატოთ ლიმონის წვენი და გადავურიოთ. ამის მერე ძალიან ფრთხილად დავამატოთ კვერცხის ცილა და კარგად ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომელსაც მაცივარში შევინახავთ (გნებავთ ფირფიტის, გნებავთ გუნდის სახით).


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი


P.S. სხვათა შორის, არსებობს მარციპანის ანალოგი - „პარციპანი“, რომელიც შაქრისა და ატმის ან გარგარის კურკების გულისგან მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წინამორბედისგან გემოთი საგრძნობლად განსხვავდება, პარციპანიც ადვილი და სასიამოვნო საძერწი მასალაა.  

ბეკონში გახვეული ქათმის ბარკალი ბუსტუღითა (ფსტის კაკლით) და სოსისის ფარშით

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: (6 პორციისთვის) 6 ცალი ძვალგამოცლილი ქათმის ბარკალი თავისი გადანახსენით, ზღვის მარილი და პილპილი, დაახლოებით 24 ფირფიტა მაღალი ხარისხის ბეკონი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, 2 ს/კ ღვინო „მარსალა“, 1 ჩამჩა ქათმის ბულიონი; დასატენად - 300 გრ უმაღლესი ხარისხის ღოის ხორცის ფარში, 1 მუჭა მსხვილად დაჭრილი ბუსტუღი, 1 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ცოტაოდენი ქონდარა და ერთი კონა ოხრახუში.
როგორც კახეთის ერთ-ერთი სოფლის მაღაზიაში ეწერა, ქათმის მენჯ-ბარკალი შიგნითა მხრიდან დავსეროთ და ამოვაძვროთ ძვალი. დარჩეული ფსტის კაკალი ჩავყაროთ და გადავურიოთ სასოსისე ღორის ხორცის ფარშში, დავუმატოთ კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ქონდარა (Thyme) და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ფარშის გუნდას ქაბაბის ფორმა მივცეთ და მოვათავსოთ გაფატრულ და გაშლილ ქათმის ბარკალზე. დავახვიოთ რულეტივით. ავიღოთ ალუმინის ფოლგის ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. შემდეგ ერთმანეთის გვერდიგვერდ (მჭიდროდ), ისე რომ ერთიანი  მართკუთხედი მივიღოთ, დავალაგოთ ბეკონის ზოლები. ბეკონის ფენებზე ცენტრში მოვათავსოთ ქათმის რულეტი და ფოლგის დახმარებით დავახვიოთ აკურატულად. 25 წუთი ვხარშოთ ფოლგაშივე, წყლიდან ამოვიღოთ და მაცივარში შევდოთ ნახევარი საათით გასაციებლად. გამოვიღოთ და გავხსნათ. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, ქათმის რულეტს კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და დავბრაწოთ ყველა მხრიდან. ტაფიდან გადმოვიღოთ და 2-3 წუთით გავაჩეროთ. ტაფაზე, რომელზეც რულეტი იბრაწებოდა დავასხათ წითელი ღვინის (შერის) ძმარი, ღვინო „მარსალა“ და ქათმის ბულიონი, ამოვაორთქლოთ შესქელებამდე. ქათმის რულეტი ძეხვივით - ოდნავ დიაგონალურად დავჭრათ ბასრი დანით, მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ ღვინის სოუსი.
(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!

 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ბერძნული ნამცხვარი ფსტის კაკლით და თაფლით

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: 5 კვერცხი, 220 მლ მაწონი, 225 გრ შაქარი, 75 გრ დაფქული ნუში, 1 ლიმონი, 1 ფორთოხალი,150 გრ ფქვილი, 200 გრ მანანის ბურღული, 1 ჩ/კ სოდა, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 100 მლ თაფლი, 150 გრ ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, ჩავტეხოთ კვერცხები, ჩავასხათ მაწონი, ჩავაყაროთ შაქარი, დაფქული ნუში, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ფქვილი, მანანის ბურღული, სოდა, ზეითუნის ზეთი და მოვზილოთ ცომი. ზეითუნის ზეთი წავუსვათ გამოსაცხობ ფორმას და მოვაყაროთ ფქვილიც. ფორმაში ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ ფორმაშივე.
ტაფაზე დავყაროთ ბუსტუღი მოსახალად (ნაწილი დაჭრილი, ნაწილი მთელ-მთელი), დავუმატოთ თაფლი. თაფლი რომ ადუღდება გამოვრთოთ გაზი (თუ გადაგვეხარშა კარამელი გამოვა, რაც არ გვაწყობს). თაფლისა და ბუსტუღის მასაში ჩავურიოთ ლიმონის და ფორთოხლის წვენი. ბისკვიტი რამდენიმე ადგილზე დავჩხვლიტოთ დანით ნაჩხვლეტებში სიროპი რომ ჩავიდეს (რაც მეტად დავჩხვლეტთ, უფრო გემრიელი გამოვა). ნამცხვარს თავზე მოვასხათ თაფლიანი მასა.  ერთი რამ გაითვალისწინეთ: განსაკუთრებით გემრიელი რომ გამოვიდეს, ნამცხვარიც და თაფლიც - ორივე ცხელი ან ორივე ცივი არ უნდა იყოს. ან ცხელ ბისკვიტს მოასხით ცივი თაფლიანი მასა, ან ცივ ბისკვიტს ცხელი თაფლი. გააჩერეთ ნახევარი საათი და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კაკლის სპეციალისტი -ჰესტონ ბლუმენტალი

Approved by Natia Jinjolava

კაკლის სპეციალისტი

დღესაც კარგად მახსოვს როგორ გავსინჯე ბუსტუღი (ფისტის კაკალი) პირველად. ცხრა წლის ასაკში მსგავსი ეგზოტიკური არაფერი მეჭამა. ბებიაჩემს ისრაელიდან მეგობარი ეწვია და საჩუქრად ბუსტუღი ჩამოუტანა. Pistacia Vera იმ დროიდან მოყოლებული ჩემთვის განსაკუთრებულ სტატუსს ინარჩუნებს, ალბათ, კიდევ იმიტომაც რომ პირის ჩატკბარუნება თხილის ნაჭუიდან გათავისუფლების საკმაოდ რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული. ბუსტუღი რომ მწიფდება, მისი ნაჭუჭი მხოლოდ ნახევრამდე იხსნება, რის გამოც ირანში მას „khandan“-ს ანუ „მოცინარ კაკალს“ უწოდებენ.
უკვე დარჩეული ბუსტუღის ყიდვაც შეიძლება, მაგრამ ეჭვი მეპარება, მასთან ნაცნობობას ასევე აღვეფრთოვანებინე თავიდანვე დარჩეული რომ გამესინჯა. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ტკბობასა და სიამოვნებას მხოლოდ მაშინ განვიცდით, როცა ვთვლით, რომ ეს ყველაფერი საკუთარი შრომით „დავიმსახურეთ“.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასე ვიტყოდი, რომ საჭმლისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ვღებულობთ, როდესაც მის მომზადებაზე ძალისხმევას ვხარჯავთ. მაგალითად ბალი ან ალუბალი ავიღოთ - მათ სხვა ხილში გამორჩეული ადგილი უკავიათ, მათ დაკურკვას ხომ ამდენი შრომა სჭირდება!
რა თქმა უნდა, ბუსტუღის საყოველთაო პოპულარობის ერთადერთი მიზეზი ეს არაა. ბუსტუღი  საკმაოდ ძვირადღირებული კაკალია.  მის მწვანე ფერს ქლოროფორმი განაპირობებს, იგივე ნივთიერება რომელიც ბოსტნეულის სიმწვანეს იწვევს. რაც უფრო მწვანეა ბუსტუღი, მით უფრო მაღალია მისი ხარისხი.
ბუსტუღის პირველი ხსენება საუკუნეების წინ გვხვდება - ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 7000 წელს იყო ცნობილი თანამედროვე თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში ბუსტუღი ჩვ.წ.აღ-მდე პირველ საუკუნეში რომაელებმა შემოიტანეს. თავად დასახელებაც არაბული კალკლის „pistah“-ის იტალიურ ვარიანტს „pistachio“-ს წარმოადგენს. ევრაზიაში ბუსტუღი ძირითადად ირანში, სირიაში, თურქეთში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოჰყავთ. ბუსტუღმა განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკაშ 1930-იან წლებში მოიპოვა, რის შედეგადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კალიფორნიაში ფსტის ხეები (ბუსტუღის ხეს ქართულად ასე ქვია) კალიფორნიაში ჩაიტანეს.
რეცეპტები 4 ულუფაზეა გათვლილი

ბუსტუღის ნაყინი
Pistachio Icecream
ეს ნაყინი - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაყინია და მისი გემოს გადმოცემა და აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩემს რესტორანში ნაყინზე განუწყვეტლივ ექსპერიმენტებს ვატარებ, მასში შაქრისა და ცხიმის ოდენობის შემცირებას ვცდილობ, მაგრამ ისე, რომ მისი სინაზე და კრემისებური კონსისტენცია არ დაიკარგოს. კრემის კონსისტენციის მიღწევა ადვილია დიდი ოდენობით ნაღებისა და შაქრის მეშვეობით, მაგრამ მაშინ ნაყინი მეტისმეტად ტკბილი და ცხიმიანი გამოდის. რაც უფრო ცოტა შაქარი და ცხიმია, მით უფრო მეტია ნაყინში ყინულის კრისტალების ჩმოყალიბების რისკი, რაც უარყოფითად მოქმედებს ნაყინის ხარისხსა და გემოზე. სხვათა შორის, ბუსტუღის ნაყინს ძლიან უცნაური რამ დაემართა - შაქრის დოზის შემცირებასთან ერთად ბუსტუღის გემოც მთლიანად გაქრა.
მაშინ საერთოდ უშაქრო ნაყინის დამზადება გადავწყვიტე. მაგრამ უკვე გამზადებულს შაქრის პუდრა ზემოდან მოვაყარე და ბუსტუღის გემოც გაორმაგებულად დაბრუნდა. დარწმუნებული არ ვარ, შაქარი ბუსტუღის გემოს მართლა აძლიერებს თუ რაიმე ქიმიური რექაცია ხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
მსგავსი ცდა ერთხელ ნოტინჰემის უნივერსიტეტში ჩავატარე - შაქრიანი ბანანი გავსინჯე და შევნიშნე, რომ შაქრის შემცირებასთან ერთად ბანანის გემოც მცირდება. შაქრის რაოდენობის მომატებასთან ერთად კი ბანანის გემოც იმატებს. ამ მოვლენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არაა, მაგრამ ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ჩვენი „გემოთმეხსიერება“ ბანანზე მეტად შაქართანაა დაკავშირებული, ამიტომ შაქრის გემოს გაძლიერებით ბანანის გემოც ძლიერდება და პირიქით.

5 კვერცხის გული, 40 გრ გლუკოზა, 50 გრ ბუსტუღის პასტა, 400 მლ რძე, 100 მლ ცხიმიანი ნაღები, 20 გრ რძის ფხვნილი
ჯამში ჩაასხით კვერცხის გულები, გლუკოზა და ბუსტუღის პასტა და ელექტრომიქსერით 10 წუთი თქვიფეთ.  1,5 ლიტრის მოცულობის ქვაბში  ჩაასხით რძე და ნაღები და ჩაუმატეთ რძის ფხვნილი. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი დადგით, შეუჩერებლად თქვიფეთ რძის ფხვნილის ბოლომდე გახსნამდე.  გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 წუთის განმავლობაში.
შეგრილებული რძე წვრილ ნაკადად ჩაათქვიფეთ კვერცხებიან მასას. კვერცხიან და რძიან მასას ერთმანეთს რომ შეურევთ, გადაასხით რძის ქვაბში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ხის კოვზით შეუწყვეტლად ურიეთ და ყურადღებით იყავით, რომ კრემი არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი შეიკვრება. მოხარშული კრემის მზაობას მარტივად ამოწმებენ ხის კოვზით - კოვზი კრემში ამოავლეთ და ამოიღეთ. კოვზი ჰორიზონტალურად დაიჭირეთ და შერჩენილ კრემს შუაში თითი გაუსვით, კრემის კიდეები თუ არ შეიკვრება, კრემი მზადაა.
უფრო მომცრო ჯამი ყინულიანი წყლით სავსე შედარებით დიდ ჯამში ჩდგით. კრემი მომცრო ჯამში გადაასხით რა დამდენიმე წუთი ურიეთ გასაცივებლად. კრემი გადაწურეთ საცერში და ჰერმეტულ თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში გადაასხით. თუ ნაყინის დაუყოვნებლივ დამზადებას არ აპირებთ, კრემის მაცივარში 2 დღის განმავლობაში ინახება. ნაყინის დამზადების წინ  მორევა არ დაგავიწყდეთ.
კრემი სანაყინეში ჩაასხით და გაყინეთ. თავზე ცელოფანი გადააფარეთ და შეინახეთ საყინულეში.

ერბოკვერცხი ბუსტუღით
Pistachio Scrambled Egg
ეს ძალიან გემრიელი დესერტია. განსაკუთრებით ამ სტატიის დანარჩენ ორ რეცეპტთან ერთად კომბინაციაში. სათაური შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს „შეკრული“ მოხარშული კრემისმაგვარი რაღაცაა. ამ კერძის მომზადების იდეა სატელევიზიო არხი „დისქოვერისათვის“ გადაცემების სერიის მომზადების დროს გამიჩნდა, როცა ვაჩვენებდი რა ემართება მოხარშულ კრემს (ნაყინი რისგანაც მზადდება), ზედმეტად მოხარშვის - გადახარშვის შედეგად. ისე მოხდა, რომ კრემი ბუსტუღიანი იყო. მოკლედ, კრემი წარმატებულად რომ „გადავხარშე“, უსიამოვნო გემოს მოლოდინით ყოველი შემთხვევისთვის გავსინჯე. ჩემი გაოცება წარმოიდგინეთ, გემო შესანიშნავი რომ აღმოჩნდა.
ეს რეცეპტი ნაყინის რეცეპტზე ბევრად იოლია, მაგრამ მის მომზადებას თუ აპირებთ, ინგრედიენტების ოდენობა გაზარდეთ. ნახევარი კრემით ნაყინი მოამზადეთ, ნახევარი კი გაზზე დატოვეთ, ხარშვა გააგრძელეთ და ცეცხლს მოუმატეთ.
250 მლ ცხიმიანი ნაღები, 250 მლ რძე, 50 გრ ბუსტუღის პასტა, 5 კვერცხის გული, 1 კვერცხი, 50 გრ შაქარი
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ ტაფაზე. კვერცხისა და რძის მასა საშუალო ცეცხლზე სისტემატიურად თქვიფეთ მეტალის სათქვეფით, სანამ კრემი შეკვრას არ დაიწყებს. როცაშეიკვრება მზადაა.

დაშაქრული ბუსტუღი
Sugared Pistachios
ძალიან მარტივი კერძია - და შაქარი რომ ბუსტუღის გემოს აძლიერებს, ამის შესანიშნავ ილუსტრაციად გვევლინება. მოცემული რაოდენობა  საკმარისია 6 ულუფა ბუსტუღის ერბოკვერცხისთვის გარნირად. მაგრამ დამიჯერეთ, ბევრად მეტის მომზადების სურვილი გაგიჩნდებათ.
25 გ დარჩეული ბუსტუღი, 5 გრ არარაფინირებული შაქარი
მაღალ ცეცხლზე დადგმულ ტეფლონიან ტაფაზე გააცხელეთ ბუსტუღი. კაკლები რომ გაცხელდება, მოაყარეთ შაქარი. რამდენიმე წუთი ბრაწეთ, ოღონდ ტაფა სისტემატიურად ანჯღრიეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ ნაყინს, ერბოკვერცხს ან სულაც ცალკე მიირთვათ.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მეცნიერება კულინარიის შესახებ ანუ მოლეკულური გასტრონომია“)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

სპორტული ტანსაცმელი

Approved by Natia Jinjolava

დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანის გარდერობში მოიპოვება სპორტული ტანსაცმელი. ხვადასხვა ბრენდები მრავალფეროვან მოდელებს გვთავაზობენ.  სპორტულ ტანსაცმელზეც ისეთივე გავლენას ახდენს მოდის ტენდენციები როგორც სხვა  ჩასაცმელზე. წარსულს ჩაბარდა პლაშის ნაჭრისგან შეკერილი ფართე სპორტული შარვლები, ასევე  ფართხუნა ზედა ჩასაცმელი. ასევე შეიცვალა ფერთა გამა. თუკი ადრე სპორტულ  ტანსაცმელში  შავი, ლურჯი  და თეთრი ფერი დომინირებდა, ეხლა სხვადასხვა ფერებია მოდაში.  საქართველოში დღეს განსაკუთრებით  პოპულარულია  ადიდასი, ნაიკი, პუმა. რაც შეეხება პუმას და ადიდასს, როგორც ვიცი ამ ბრენდებს საქართველოშიც ამზადებენ.
რამოდენიმე დღის წინ პუმას მაისური შევიძინე და აღმოვაჩინე რომ იარლიყზე Made in Georgia აწერია. თუკი მაისურის ხარისხმა გაამართლა ნამდვილად ვიამაყებ იმით რომ საქართველოში დამზადებული პუმა მაცვია.
დროთა განმავლობაში სპორტული ფეხსაცმლის სტილიც შეიცვალა. სქელძირიანი ბოტასები ჩაანაცვლა შედარებით თხელძირიანმა  სპორტულმა ფეხსაცმელმა.  სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებლებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი Reebok,  Lotto – ს და New Balance –ს.
როდესაც საქმე სპორტულ ფეხსაცმელს ეხება არ უნდა დაგვავიწყდეს მამაპაპური კედები, რომლებიც  კვლავ დაგვიბრუნდა და დღევანდელი მოდის სამყაროში ღრმად გაიდგა ფესვები. დღეს ყოველ პირველს თუ არა, ყოველ მეორეს მაინც აცვია ისინი. ყველაზე გავრცელებული ბრენდებია Converse და All Stars. ამ ორ დასახელებას Bensimonis ცნობილი სპორტული ფეხსაცმელიც დაემატა.  დამერწმუნეთ ეს კედები ძალიან კომფორტულია და მინდა გითხრათ ლამაზიც არის.
სპორტული ზედებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი Adidas. ადიდასის ტანზე  მომდგარ  მაისურს  არა მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში, არამედ საღამოს, მეგობრებთან შესახვედრადაც რომ მივდივარ მაშინაც დიდი სიამოვნებით ვიცმევ.
ხოლო რაც შეეხება შარვლებს და სპორტულ აქსესუარებს, ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა Nike.  როგორც მაისურები,  შარვლებიც ასევე  ტანზე მომდგარია მოდაში. ამ მხრივ ნაიკს განსაკუთრებით საინტერესო მოდელები აქვს.  იმისათვის რომ სპორტული ტანსაცმელი კომფორტული იყოს, ამისათვის საჭიროა იგი კარგი ფაქტურისგან იყოს დამზადებული. ამ საკითხში კი ნაიკს ბადალი არა ჰყავს. ხოლო რაც შეეხება ნაიკის ჩანთებს,  სიტყვები არ მყოფნის მათ დასახასიათებლად.  ამიტომ მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: შეიძინეთ ნაიკის ჩანთა. ნამდვილად არ წააგებთ და კმაყოფილი დარჩებით.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

მათრობელა თაფლი და რომაელები

Approved by Natia Jinjolava

თაფლი საქვეყნოდ ცნობილი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, რომელსაც დაუღალავი და მშორმელი მწერი - ფუტკარი ქმნის. ისიც ცნობილია, რომ 1 კილო თაფლის დასამზადებლად ფუტკარს 10 მილიონი ყვავილის „მონახულება“ უწევს. ჩვენებური, გრძელხორთუმიანი მთის რუხი ფუტკარი მთელ მსოფლიოში ცნობილია, მას ხომ დღეში 5-7 კილომეტრის შემოფრენა შეუძლია. ჩარჩოიანი სკის, ხელოვნური ფიჭისა და ციბრუტის შემოღებამდე, უძველესი დროის საქართველოში თაფლი გეჯებში, როფებში და კოკოზებში მოჰყავდათ, ფიჭებიდან ხელით წურავდნენ და მერე თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ.
სამხრეთ ამერიკის კორდილიერების ტყეებში დღესაც ცხოვრობს ველური გვაიაკების ტომი, რომელიც ამერიკული უნესტრო ფუტკრის მიერ მაღალ ხეების ფუღუროებში დაგროვებული თავლის მოპოვებით ირჩენს თავს. ესპანეთში, დაბა ბიკონის მახლობლად ე.წ. „ობობის გამოქვაბულის“ ფრესკებზე გამოსახულია პირველყოფილი ადამიანის თაფლზე ნადირობის სცენა სპეციალური ჭურჭლით ხელში. ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანი ხის ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში დაეძებდა გარეული ფუტკრის ფიჭას და გემრიელად მიირთმევდა. ზოგიერთი ტომის წარმომადგენლები თავიანთ ბელადს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სხეულს თაფლით უზელდნენ.
თაფლსა და ფუტკარზე უამრავია ნათქვამი ლეგენდებსა და თქმულებებში, მხატვრულ თუ სამედიცინო ლიტერატურაში და ისტორიულ წყაროებში. ძველი ბერძნები თაფლს ღვთაებრივ საკვებს უწოდებდნენ. ინდურ მითოლოგიაში ღმერთი ვიშნუ ლოტოსის ყვავილზე მჯდომი ფუტკრის სახით არის გამოსახული და იქაური ქურუმები თავიანთ „სასწაულმოქმედ“ შელოცვასაც თაფლის ხსენებით იწყებდნენ: „თაფლი სტიქია...“და ა.შ.
სამი ათას ხუთასი წლის წინანდელ ეგვიპტურ პაპირუსში თაფლს „კუჭის შემამსუბუქებელ“ და სადეზინფექციო საშუალებად მოიხსენიებენ და მუმიების ბალზამირებისასაც სწორედ მას იყენებდნენ - ვინაიდან თაფლი ლპობისა და ხრწნის პროცესებეს აჩერებს და ანელებს. მაგალითად შუა აზიაში გარდაცვლილი ალექსანდრე მაკედონელი საბერძნეთში რომ ჩაესვენებინათ, სწორედ თაფლში შეინახეს.
თაფლს ყველგან დიდი პატივე მიაგებდნენ. რუსეთს კი „თაფლის ქვეყანას“ უწოდებდნენ და ალკოჰოლური სასმელიც კი ჰქონდათ „Меды“. ძველ საბერძნეთში სპორტსმენებს ასპარეზობის წინ ენერგეტიკის გასაძლიერებლად თაფლს აჭმევდნენ. იუდეველებსა და ფინიკიელებს საპატიო სტუმრისათვის თაფლის მირთმევა ჰქონდათ წესად. პალესტინასაც „თაფლისა და რძის“ ქვეყნის სახელით იცნობდნენ. ფილოსოფოსისა და ექიმის, იბნ-სინას წიგნებში: „მედიცინის კანონი“, „უჯუ“ და „იშარატ“ თაფლის მოხმარების უამრავი რეცეპტია მოცემული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ასე გვასწავლის: „თუ გინდათ დარჩეთ ახალგაზრდა, ჭამეთ თაფლი ნიგვზით“. ალბათ საქართველოში ასე ძალიან სწორედ ამიტომ გვიყვარს გოზინაყი. არაბეთში თვლიდნენ, რომ „თაფლი წამალია ყოველთა სნეულთათვის“. მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმები ჭრილობების შესახორცებლად (და სხვა დაავადებების დროსაც) აქტიურად იყენებდნენ თაფლს. კარელო-ფინურ ეპოსში „კალევალა“ შვილმკვდარი დედა ფუტკარს ევედრება გაფრინდეს ზღვებსა და ოკეანეებს მიღმა და არომატული თაფლი მოუტანოს შვილის გასაცოცხლებლად. საქართველოში კი, კერძოდ კოდორის ხეობაში, მეფუტკრეობის მფარველად წარმართული ულამაზესი ოქროსფერთმიანი ქალღმერთი ანანაგუნდა ითვლებოდა.
პოლიბიუსის ცნობით (ჩვ.წ.აღ. მდე II-Iსს.) თაფლი და ცვილი ფუფუნების საგანი იყო და პირველ საუკუნეში ფაზისი და დიოსკურია სწორედ მათი ექსპორტის ცენტრები იყო. რომაელი მწერალი გაიუს პლინიუსი თავის 27 ტომიან ექციკლოპედიაში ქართული თაფლის შესახებაც იძლევა ცნობებს. დავით გარეჯის ძველ სიგელში კი კახთ მეფისათვის მისართმევ ექვს ქვევრ თაფლზეა საუბარი. საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული ქვათაფლი ანუ კრაპუჭი გახლდა.
თაფლი სხვადასხვა ფერისა და არომატისაა, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მცენარის ყვავილისგანაა მიღებული. ფრანგი მოგზაური შარდენის გვიამბობს, რომ სამეგრელოში თეთრი და ყვითლი თაფლი მოდიოდა. მოგზაური დიუბუა დე მონპერე მას სურნელოვან საკვებად მიიჩნევდა. სტრაბონი კი კოლხურ თაფლს მწარეს უწოდებდა და მისივე ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართველებს პომპეუსი ლაშქრობის დროს ჯარისკაცების გასავლელ გზაზე მათრობელა თაფლით სავსე ჯამები დაუდგამთ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ თაფლისაგან გაბრუებულ მეომრებს. იტალიელი მისონერი ლამბერტი საუკეთესოდ კოლხურ თაფლს მიიჩნევდა და მის შხამიანობასთან დაკავშირებით წერდა, რომ კოლხები თაფლს მწარე კვახში ინახავენ და მის გემოსაც სწორედ ხაპი აფუჭებსო.
იელი
რამდენიმენაირი შხამიანი თაფლი არსებობს, რომლის ერთ-ერთი სახეობაცაა მათრობელა თაფლი. რომლით თრობასაც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არავის გისურვებთ! ქსენოფონტე თავისი „ანაბაზისის“ მეოთხე წიგნში მოგვითხრობს, რომ ათი ათასი ბერძენი მეომარი კოლხეთის ერთ-ერთ სოფელში მათრობელა თაფლით მოწამლულან. ელინი ჯარისკაცები დახოცილებივით მიწაზე ეყარნენ, მხოლოდ მესამე-მეოთხე დღეს წამოდგნენ ფეხზე გაბრუებულები. ვინც ცოტა ჭამა, მხოლოდ ღებინება ჰქონდა, ვინც ბევრი - შეშლილს ჰგავდაო. მათრობელა თაფლი სიკვდილს ძალიან იშვიათად იწვევს.
შქერი
საქართველოში მათრობელა თაფლის წყაროდ იელის (Azalea Pontica) და შქერის (Rhododendron Ponticum) ნექტარი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში ფუტკარი სახლში ყოველთვის გვყავდა, უნდა ავღნიშნო, რომ არც მე და არც მამაჩემს იელის ყვავილზე შემომჯდარი ფუტკარი არასდროს გვინახავს. თავად სულხან-საბა ორბელიანიც კი იელის ასეთ განმარტებას გვაძლევს: „ხე თაფლის გამრყვნელი“-ო. რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს, თურმე მათრობელა თაფლსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი შესანიშნავი სასაქმებელი საშუალებაა და კურნავს მალარიასა და ეპილეფსიას.
ადრე თურმე საქართველში ოთხი სახლის თაფლის ალკოჰოლურ სასმელი არსებობდა. თაფლის არაყი მე თვითონაც არაერთხელ გამომიხდია. გარდა სასმელისა თაფლით გოზინაყს, წანდილს, ალვახაზს, თაფლხავიწს და ქულემს ამზადებენ. თაფლხავიწს მშობიარეს აჭმევდნენ. კაკლისოდენა ქუმელი კი - თაფლში შეზელილი მოხალული ქერი - ომში წასულ ჯარისკაცებს შიმშილის გრძნობას უკლავდა და ბრძოლისუნარიანობას ჰმატებდა. საუკუნეების მანძილზე მრავალ ომგადატანილ ქართველ ხალხს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა ხალხურ მედიცინაში თაფლისა და მისი პროდუქტების - ფუტკრის რძის, დინდგელის, ფიჭის, ცვილისა და ყვავილის მტვრის გამოყენებისა, რაც შესანიშნავადაა ასახული „იადიგარ დაუდსა“ და „წიგნი სააქიმოდ“-ში.
იმასაც ამბობენ, რომ თაფლის გაცხელება არ შეიძლება. თერმოდამუშავებისას იგი კარგავს  სამკურნალო თვისებებს და ამიტომ ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ  ე.წ. „ცეცხლუნახავის“ ან „თაფლი უბოლავიის“ სახელით ცნობილ ფიჭიდან ხელით გამოწურულ თაფლს, რომელსაც მეფუტკრეები ცივ და მშრალ ადგილას ინახავდნენ.
თაფლს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, უმაცივრობის ეპოქაში პროდუქტების ხანგრძლივი დროით შესანახადაც იყენებდნენ - მაგალითად თაფლში ჩადებული სულგუნი თვეების მანძილზე ახალდამზადებულივითაა. ცეილონზე თაფლში ამოვლებულ ხორცის ნაჭრებს ტოტებით ამოფენილ ხის ფუღუროში აწყობდნენ და ისე ინახავდნენ ერთი წლის განმავლობაში და ხორცი ბევრად უფრო გემრიელი ხდებოდა. თაფლიან ქილაში ასევე უნაკლოდ ინახება, კარგად გარეცხილი და გამშრალებული მწიფე, უნაკლო პამიდორიც.
თაფლის ნატურალურობის შესამოწმებლად კი ქიმიური ფანქრის გამოყენებას არ გირჩევთ. უფრო მარტივი მეთოდებიც არსებობს: სუფთა ქაღალდს თაფლი ზოლად წაუსვით და ცეცხლი წაუკიდეთ. თაფლი თუ ნატურალურია, ქაღალდი დაიწვება და თაფლი არა.  ამაზე კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა:  თურმე თაფლის ფალსიფიცირება ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ხდებოდა.  პლინიუსის ცნობით, პალესტინაში ყალბ თაფლს წყლისა და ფქვილისგან ამზადებდნენ. ფალსიფიკაციის ბუმი კი რუსეთში, გერმანიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში მეცხრამეტე საუკუნეში იყო. დღეს რაც ხდება, ყველამ ისედაც კარგად უწყით!
თაფლი მენდელეევის მთლიან ტაბულას შეიცავს, ამაღლებს იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას და გაგიკვირდებათ, მაგრამ წონაში დაკლებაშიც გვეხმარება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

რემონტომანია

Approved by Natia Jinjolava

გაგანია ზაფხულია და, ზოგი თუ ზღვაზე, მთაში, აგარაკზე წასასვლელად ჩემოდნებს ალაგებს, მავანიც მთელი წლის განმავლობაში ნალოლიავები და ათასჯერ გადაკეთებულ-გადაწყობილი გეგმის განხორციელებას აპირებს და რემონტისთვის ემზადება. ამბობენ, თუ გინდა ვინმე გულიანად დაწყევლო, რემონტი უსურვე. თითქოსდა სახლის შერემონტებას და განახლებას რა სჯობია, მაგრამ ხანდახან კედლების ზედაპირულ შეღებვას კაპიტალური გადაკეთება მოსდევს: კედლებს სანამ მიადგები, შელახულ-შემურული ჭერი უნდა შეათეთრო, დეფექტები უნდა მიშპაკლ-მოშპაკლო, მერე იატაკს დახედავ და დაჩხაპნილ-გაქუცული ლაქი თვალებს მოგჭრის და ასე გაუთავებლად... სავარაუდოდ ერთ თვეზე გაწერილი სიამოვნება უსასრულო ტანჯვად იქცევა. მსგავსმა რემონტომანიამ ბევრი ისე ჩაითრია, რომ რემონტს ვითომ ნელ-ნელა, თითო-თითო ოთახობით აკეთებენ და შედეგად, სანამ ბოლო ოთახამდე გავლენ, პირველი ისევ უკვე სარემონტოა. ეს ყველაფერი მდინარე გუძონზე გადებული ცნობილი ხიდის ისტორიას მახსენებს: ტრადიციის მიხედვით, ამ ხიდს ერთი კაცი ხელით ღებავს და შედეგად, სანამ კილომეტრნახევრიანი ხიდის ბოლოში გავა, ხიდი თავიდანაა შესაღები და ასე უსასრულოდ.
ერთ წელს ჩემი მეგობრის მამამ ოჯახი დასასვენებლად გაისტუმრა და ბინის განახლებას შეუდგა. ქალები, თავისი ჭკუით, მძიმე შრომას კი მოარიდა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუდამო საწვალებელი გაუჩინა: ოჯახის მზრუნველ მამას ბინის ახლებურად დაპროექტებისას სამზარეულო გამორჩა და აგარაკიდან ჩამოსულ დიასახლისს გაზქურის, ონკანის და მაცივრის დასადგმელი ადგილიც კი არ დახვდა. ასე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.
კაცების გონივრულობის კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით: ჩემი ნაცნობის მამამ, ბიძებმა და სამეგობრომ სახლის ერთობლივად აშენება გადაწყვიტეს (თანაც საკუთარი ხელით). დიდხანს აშენებდნენ თუ ცოტა ხანს, თბილისის შემოგარენში კოხტა, მყუდრო, კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი წამოჭიმეს. აი, ერთი რამ კი გამორჩათ: მშენებლობისას მეორე სართულზე ასასვლელად ხარაჩოთი სარგებლობდნენ. შედეგს არ იკითხავთ? დამთავრებულ სახლს კიბე საერთოდ არ ჰქონდა! მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა, ის ხარაჩო დიდი ხანია დალპა და დაიშალა, და რა გგონიათ? კიბე - არა, ახალი ხარაჩო მიუდგეს. „მშენებლები“ დღესაც ამ სახელდახელო კიბით სარგებლობენ, ოღონდ სულ უფრო და უფრო იშვიათად. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად სახარაჩოე ალპინიზმი სულ უფრო და უფრო ჭირს...
კიდევ ერთი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება: მუსიკალური ათწლედისთვის სამსართულიანი კორპუსი საგანგებოდ ააგეს. მაგრამ იმ შენობაში ათწლედის მოსწავლეებს შესახლება არ ეწერათ: შენობის ყველა კარი იმდენად ვიწრო აღმოჩნდა, რომ საკლასო ოთახებში როიალების შეტანა ვერ მოხერხდა... სხვათა შორის, ჩემი მეგობრის მამამ მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად ჯერ ავეჯი დადგა და ოთახების გამყოფი შიდა კედლები მერე ამოაშენა (მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებამ ოჯახს ბინის გაყიდვისას საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა, მყიდველს ოთახებს ვერ უცლინენ). კიდევ ერთ ჩემს მეგობარს მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე (ახალშენში) მშენებლებმა საჩუქარი დაუტოვეს- ლოჯში დღესაც უდგას კარბიტის და ცემენტის ნარჩენებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი, მრავალტონიანი ცისტერნა (2 მეტრი სიგრძის), რომელიც არც კარში ეტევა და არც ფანჯარაში. პროფესიით მხატვარმა სახლის პატრონმა ერთადერთი გამოსავალი მოფიქრა და მშენებლების „მემკვიდრეობა“ ფრიად ორიგინალურად მოხატა და სრულიად უსარგებლო საგანი ოთახის დეკორაციად აქცია.
სხვათა შორის, ძალიან მეცინება, როცა მიყვებიან, ახლადაშენებულ ან თუნდაც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ კორპუსებში ჯაკუზის როგორ აყენებენ. ახლავე აგიხსნით რატომ: საქმე იმაშია, რომ ნამდვილი ჯაკუზი (და არა მასაჟორიანი აბაზანა) თავისი მოწყობილობიდან გამომდინარე, ნახევარი მეტრის სიღრმეზე ყენდება, ამიტომ ბინაში სართულებს შორის დაშორების გათვალისწინებით მისი დამონტაჟება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ზოგიერთი შანსიანი მობინადრესავით ქვედა მეზობლის ნებართვას არ იყიდით, რომ თქვენი ჯაკუზის ფსკერი მისი უნიტაზის თავზე კონწიალობდეს. არ ვხუმრობ, ასეთი რამეც ხდება.
ეს კერძო სექტორს რაც ეხება და, მათი რა უნდა გამიკვირდეს, როცა ზუგდიდში დადიანების სასახლის დირექტორი, ძალიან სიმპათიური ქალბატონი, მუზეუმის მორიგი რეკონსტრუქციის დროს ფრანგული შპალერის კატალოგით ხელში იჯდა, ნიკო დადიანის კაბინეტსა და სხვა ოთახებში გასაკრავ ნიმუშებს საკუთარი ნება-სურვილით არჩევდა და ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, რომ იქ მოსულ მნახველებს ისტორიული ექსპონატები აინტერესებთ და არა მუზეუმის ხელმძღვანელის გემოვნება, რომელ ოთახს რა ფერის შპალერგაკრული კედლები  მოუხდება.
ზუგდიდს გადავწვდი და აგერ, ყურისძირში, თავისუფლების მოედანზე 90-იან წლებში, როცა ევრორემონტი ახალი ხილი იყო და რატომღაც ის ყველას მხოლოდ თეთრად შეღებილი კედლები ეგონა, ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელობამ ისტორიულ შენობაში, სადაც კედლები ბუკოლიკური ფრესკებით იყო მოხატული, ხოლო შენობის სახურავს ვიტრაჟები ამშვენებდა, „ჭკვიანური“ გადაწყვეტილება მიიღო და მე-19 საუკუნის მოხატულობა თეთრად შეაბათქაშა, ვიტრაჟებს კი გუმბათი დაადგა.
ბევრი რაღა გავაგრძელო, აი, კიდევ ერთი მაგალითი, ამჯერად საკუთარი გამოცდილებიდან: ჩემმა ნიჭიერმა ხელოსნებმა კარი აჯამებზე უკუღმა ჩამოკიდეს - ახლა კარი ოთახისკენ გაღების ნაცვლად აივანისკენ იღება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ბოლომდე გაღებისთვის აივანს სიგანე არ ჰყოფნის...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

დათვთან მეომარი

Approved by Natia Jinjolava

მიყვარს გურია და მისი ლამაზი მთა-ბარი, სადაც ჩემი მოუსვენარი ბავშვობა გავატარე და რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. აი, ახლაც,  თუ მოისურვებთ, თქვენი თანხლებით, მცირეოდენი ხნით ბავშვობაში ვაპირებ დაბრუნებას. მაშ ასე, ვიწყებ: მამაჩემს სახლიდან შორს, მთების გადაღმა მდინარის ხეობის კალთის ულამაზეს ადგილას საფუტკრე ჰქონდა, სადაც გაშენებლი იყო ვაზი და ხილი. ფუტკრის ასიოდე ოჯახისათვის თესავდა იონჯას, სამყურას, ბოსტნეულს და ა.შ. ბებერ ხეებზე ციყვებიც კი დანავარდობდნენ, რაც არასოდეს გამოჰპარვია ჩემს მახვილ მზერას. იქვე, საგულდაგულოდ მოსწორებულ ადგილზე მაღალ ბოძებზე შემყენებული ნალია იდგა, რომელშიც ფიცრებისგან შეჭედილი ორი ნარი ღამის გასათევად იყო გათვალისწინებული. ნალიაში ასაძრომი კიბის მოვალეობას კი, რა თქმა უნდა, ცულით საფეხურებამოჭრილი ხის დიდი მორი ასრულებდა.
ჩვენს საფუტკრეს გვერდით კალმახებივით დაწინწკლული ტრიტონებით სავსე ღელე ჩამოუდიოდა. წყალზე მამას ბაჯბაჯა დათვისა და სხვა ნადირის დასაფრთხობად ე.წ. საცეხველი ჰქონდა გამართული, რომლის ტექნოლოგიაც იმაში მდგომარეობდა, რომ  ორი მსხვილი მორი ჭიგოთი და ჭანგებით ღელეზე მოძრავ მდგომარეობაში იყო დამაგრებული. მორს ერთ ბოლოზე მძიმე რკინა ეკიდა, მეორე ბოლო ეჩოთი დიდი, ღრმა ჩამჩასავით იყო ამოჭრილი და ღელედან წყალი ვიწრო ღარით ამ „ჩამჩას“ ავსებდა. იგი აიწონა-დაიწონას პრინციპით დაბლა იხრებოდა და შხუილით იცლებოდა, მორს გამობმული რკინა ამ დროს ზევით იწეოდა, „ჩამჩადაცლილი“ მხარე საწყის მდგომარეობას გრუხუნით უნრუნდებოდა, რკინა მის ქვეშ სპეციალურად დადებულ დიდ ქვას ეხეთქებოდა, საშინელ ხმას გამოსცემდა და ეს პროცესი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა ზამთრის დადგომამდე, ვიდრე იქაურობას სამ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლის საბურავი არ დაფარავდა. გეკითხებით, რომელი ცხოველი გაუძლებდა ამ მოულოდნელ ხმაურიან „ზაფრვას“ და იქაურობას სპრინტერივით უკანმოუხედავად არ გაეცლებოდა?
ბუერას ფოთლებით დაფარული ღელე კი დაუღალავად აგრძელებდა სრბოლას ხეობის ძირში კალმახებით სავსე, სუფთა, გამჭვირვალე მდინარესთან შესაერთებლად, რათა გაძლიერებული ენერგიით მთის ამბავი ბარში ჩაეტანა და სიცოცხლე სამარადჟამოდ განეგრძო მოუსვენარი და სტუმართმოყვარე შავი ზღვის ტალღებში. იქაური სილამაზის აღწერა შეუძლებელია, იგი თავად უნდა ნახო, აღიქვა და გააცნობიერო!
მიუხედავად სიშორისა, მიხაროდა საფუტკრეში მისვლა, განსაკუთრებით ზაფხულში და შემოდგომაზე. გზაზე უამრავი მოცვი, მარწყვი, მაყვალი, კაკალი და რა აღარ მხვდებოდა. მიყვარდა მამაჩემის გვერდით ფუსფუსი, მისი „შეგირდობა“, განსაკუთრებით თაფლის მოსავლის აღების დროს.
ერთ ზაფხულსაც მამას მთაში წავყევი თაფლის პირველი მოსავლის ასაღებად. საღამოსთვის სამუშაოდ გავიმზადეთ საბერველი, ციბრუტი, დანები. მამამ ყუთები გაავსო დამწიფებული თაფლით გადაბეჭდილი ჩარჩოებით, რომლებიც კარგად შევფუთეთ და დაველოდეთ დაბნელებას, რათა გამოწურვაში ფუტკარს ჩვენთვის ხელი არ შეეშალა. დაღამდა თუ არა, ნალიის ქვეშ ცეცხლი გავაჩაღეთ, სამფეხაზე ქვაბით წყალი შემოვდგით და საქმეს შევუდექით. საოცარი სურნელი დატრიალდა, ახლაც კი ვგრძნობ ამ ყველაფერს. გათენებამდე ვიმუშავეთ, როგორც იქნა მოვრჩით თაფლის გამოწურვას, დავავსეთ ჭურჭელი. მამამ მე დასაძინებლად ნალიაში გამამწესა თავად კი ცარიელი ჩარჩოების უკან, სკაში ჩალაგებას შეუდგა.
ნარზე წამოწოლილს მაშინვე ჩამეძინა და სიზმარში ვხედავ, რომ ულამაზეს მინდორში ვარ, ირგვლივ უამრავი ფერად-ფერადი ყვავილია და ვტკბები მათი მშვენიერებით. ხან ერთ ყვავილს ვეფერები და ხან მეორეს, ამ დროს ჩემსკენ რომელიღაც ყვავილიდან აფრენილი ფუტკარი წამოვიდა. მე დავიხარე, ხელი ავუქნიე, ის კი ჯიუტად ცდილობს ჩემს ცხვირზე დაჯდომას... ძილში ხელი მართლაც მოვიქნიე, მწარე ნაკბენისგან გაღვიძებული და გამწარებული გიჟივით წამოვხტი და თვალის დახამხამებაში ნალიიდან მიწაზე ნაკბენი ცხვირით „ნარნარად“ დავეშვი. ასე აღმოვჩნდი ყვავილებიან მდელოზე და ასე მექცა სიზმარი ცხადად, რამაც შემდგომში არაერთხელ დამარწმუნა ჩემი ფერადი „წინასწარმეტყველური“ სიზმრების სისწორეში. მაგრამ მთელი ჩემი მაშინდელი უბედურება ის იყო, რომ ერთ საათში სახე ისე დამისივდა, ორი კვირის განმავლობაში შინაურს თუ გარეულს ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქიდან მცირე კრაკატაუს ამოფრქვევით გამოწვეული დარტყმითი ტალღის მიერ ბადროსავით გამოტყორცნილი სტუმარიც კი ვეგონე... ვერავინ მცნობდა!
მორიგი მოსავლის აღებისას მამას მე და ჩემი და უფროსი და ვახლდით. იმ წელს ოთხჯერ გამოვწურეთ თაფლი, ბარაქიანი ზაფხული იდგა და თაფლისთვის ჭურჭელი რომ არ გვეყო, მამამ ქვევრებშიც კი ჩაასხა შესანახად. ასე რომ, შვილებმაც მივიღეთ შრომაში მონაწილეობა და დილით ფიჭის ნათალით სავსე ორი ვედრო ჩვენ გვერგო სახლში წასაღებად. მძიმე ვედრო ხან ხელში გვეჭირა, ხანაც მხარზე შემოვიდგამდით და ვითომ მოკლე გზით, სიმინდის ყანებისა და მდინარის გავლით დასახული მარშრუტით მოვდიოდით. მამამ ორლულიანი სანადირო თოფი მხარზე გაიდო და მეორე გზით წავიდა მეზობლისგან ცხენის სათხოვნელად (თაფლი რომ გადაეზიდა). ჩემი და მშიშარა იყო. მე კი, როგორც იტყვიან, მამალი მგლისა არ მეშინია, ამიტომ, რა თქმა უნდა, წინ მივდიოდი. როგორც იქნა მივაღწიეთ ყანას, შევედით კიდეც თითქმის შუამდე და ჩვეს წინ კავკასიური მურა დათვი არ „გაიჩითა“?!
ერთი კი დავიყვირე დათვი-მეთქი და აქამდე თუ თავდაღმართში ოხვრა-კვნესით მოიზლაზნებოდა, ახლა ჩემი და მხარზე მძიმე ვედრო შემოდგმული თავქუდმოგლეჯილი აღმათში არბოდა, მე კი უკან მივდევდი და ძლივს ვეწეოდი... ხანმოკლე მარათონული რბოლის შემდეგ დავეწიეთ მამას, აქოშინებულებმა მოვუყევით ჩვენი „საქმენი საგმირონი“, რაც მამას სასაცილოდაც არ ეყო: „თქვე გლახებო, თქვენი დანახვით შეშინებული დათვი ახლა თქვენზე შორს იქნება გაქცეულიო!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ფერადი პანტერა

მოგზაურობა მეექვსე: წრე და კვადრატი

Approved by Natia Jinjolava

გერმანიის ეს ორი ქალაქი არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს: არც წარმოშობით, ასაკით, ისტორიით, მნიშვნელობით, აწმყოთი და არც იმ შეგრძნებებით, რომელიც უჩნდება მოგზაურს ამ ქალაქების ქუჩებში ხეტიალის დროს. მაგრამ მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, არის ერთი, რამაც ჩემს აღქმაში ისინი გააერთიანა: ეს ამ ქალაქების გეომეტრიაა.
პირველი ქალაქი (ჩემი მათი გაცნობის რიგითობას თუ დავიცავთ), შედარებით პატარა და წყნარი მეჩვენა. რასაკვირველია, დამაარსებლის სახელს ატარებს - ამჯერად კარლის და არა ფრიდრიხის, როგორც ბევრი რამ ბადენის მხარეში, - ქალაქს კარლსრუე ჰქვია.
სადგურიდან გამოსვლისას საოცარი სიჩუმე და სიმშვიდე დაგვხვდა. არადა, კარლსრუე დიდია და ძალიან მშრომელი მოსახლეობაც ჰყავს (ეს თვისება გერმანიაში ვის უკვირს, მაგრამ აქ ის განსაკუთრებით იგრძნობა). სამუშაო საათებში აქაურებიც და ახლომახლო პატარ-პატარა ქალაქებიდან ჩამოსულებიც სამსახურებში არიან, რაზეც სადგურის წინ ველოსიპედების თითქმის მთლიანად დაცარიელებული სადგომი მიგვანიშნებს. სამაგიეროდ, შაბათ-კვირას რკინიგზის სადგურის წინ მდებარე მოედანი მთლიანად დაფარულია საკუთარ სახლებში დაბრუნებული ადამიანების მიერ კარლსრუეში სამოძრაოდ დაქირავებული ველოსიპედებით. საერთოდ, ასეთი სურათი გერმანიის ნებისმიერი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, და მაინც, კარლსრუეში ველოსიპედების სადგომი განსაკუთრებულად უზარმაზარი მეჩვენა. მაოცებდა, თუ როგორ აგნებდნენ ერთნაირი (დაქირავებული და იმიტომ) ველოსიპედების ამ თვალუწვდენელ ”ჯარში” პატრონები თავიანთ ”ეგზემპლიარს”.
ქალაქი მკაცრი გეომეტრიული ფორმისაა - ქუჩები ამჯერად ვარსკვლავისებურად იშლება ცენტრში აღმართული ციხესიმაგრიდან, და ეს ქუჩები თითქმის ზუსტ წრეწირებს მოხაზავს. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქალაქი დიდი ხანია, გაცდა ამ წრის საზღვარს, მაგრამ ასეთი თავდაპირველი ფორმა ლეგენდის თანახმად, მის დამაარსებელს კარლს დაესიზმრა და სიზმარში ნანახის მიხედვით ააშენა კიდეც. სხვა მხრივ, პრაქტიკულად ტიპიური შუასაუკუნეების წყობის ევროპული ქალაქია: შემაღლებულზე, ცენტრში (ვარსკვლავის ცენტრში) - სასახლე-ციხესიმაგრე, ულამაზესი გეომეტრიული (აბა როგორ!)  პარკით, სადაც სხვადასხვა მუზეუმებია თავმოყრილი. ციხესიმაგრის გარშემო კონცენტრირებული რგოლებივითაა გაშლილი ქალაქის რაიონები მიმართულების მიხედვით შერჩეული სახელებით: ”აღმოსავლეთი”, ”დასავლეთი”... ლამაზია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი: მოვლილი, კოხტა, გერმანიის კვალობაზე საშუალო ზომის, მოგზაურისთვიის რამდენიმე საათში შემოსარბენი, ძალიან მწვანე ქალაქი. მე ზოოპარკი მომეწონა, სხვათა შორის, ძალიან დიდი და ცნობილი, ფაუნის იშვიათი წარმომადგენლებით დასახლებული (სხვისი არ ვიცი და, მე ვარდისფერ ფლამინგოებს გამოვარჩევდი). უცნაურია, მაგრამ ამ ქალაქში სამუდამოდ დასახლებაზე ბევრი გერმანელი ოცნებობს.
მეორე ქალაქი ბევრად უფრო ”ფუნდამენტური” მეჩვენა. თავმომწონე ბიურგერივით აუღელვებელი და დარბაისელი. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ქალაქი ჯერ კიდევ რომაელების მიერ არის დაარსებული და მკაცრ გეომეტრიულ წყობას სწორედ რომაელებს უნდა უმადლოდეს: ლარივით სწორი, გეგონება, სახაზავით გავლებული პარალელური ქუჩები, რუკაზე თითქმის ერთაირი ზომის თითქოს პატარა კუბიკებისგან შემდგარი კვარტალები. ქუჩებს ლათინური ასოებისა და არაბული რიცხვებისგან შემდგარი სახელები ჰქვია, მაგ:  B4, M7, N5 ან L14  და ასე, უსასრულოდ, უფრო სწორად, ანბანის შესაბამისად. სხვათაშორის, აქ მუნჯი ტურისტიც არ დაიკარგება: ვთქვათ, იმყოფები P3-სა და D3-ს გასაყარზე, დახედავ რუკას და გასაგები ხდება, რომ აღმოსავლეთით თუ გაქვს აღებული  გეზი P4O4-სკენ, დასავლეთისკენ -  P2O2, ჩრდილოეთისკენ O3-სკენ, სამხრეთით კი N3-სკენ უნდა წახვიდე. ასე მთელ ანბანს ისწავლი უნებლიედ. თუკი მკითხველი ნამყოფია ამ ქალაქში, მაშინვე მიხვდება, რომ მანჰაიმზე ვსაუბრობ. ნეტავ, ამ კვარტლების მსგავსი სახელები შერჩენილია კიდევ სადმე?!
რაც შეეხება ქალაქის სახელს, ჩემი წარმოდგენით, მანჰაიმი ძალიან გერმანული ჟღერადობის სახელია, წესრიგის მოყვარული ადგილობრივების ხასიათის შესაბამისი. ისევე შესაბამისი, როგორც რომაელების დროიდან შემორჩენილი კვადრატები (კვარტლები) თავისი ნუმერაციით - საოცარი წესრიგისა და კონტროლის განსახიერება.
როგორც ყველა თავმოყვარე ქალაქს, მანჰაიმსაც აქვს სასახლე, რომელიც 1720 წლიდან ბადენის სამთავროს მმართველის რეზიდენცია გახდა, როცა მმართველები  საცხოვრებლად ჰაიდელბერგიდან მანჰაიმში გადმოვიდნენ. სასახლეს 40 წელი აგებდნენ და ის იმ პერიოდში ევროპაში გაბატონებული აბსოლუტიზმის ექოპის ტიპიური ნიმუშია, რომელიც ნაპოლეონ I-ს დროს გადაკეთდა და კლასიკური ამპირის თვისებები შეიძინა, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს პრაქტიკულად ნანგრევებად იქცა, მერე ზედმიწევნით ზუსტად აღადგინეს და ამჟამად აქ მუზეუმის გარდა (რომელსაც საკმაოდ შეზღუდული ფართობი უკავია), უნივერსიტეტიცაა განლაგებული. გასაოცარი გულუხვობის ნიმუში - სკურპულოზურად აღდგენილი ნანგრევებიდან სასახლისთვის ძველებური დიდებულების დაბრუნების შემდეგ, ის ახალგაზრდებს სწავლა-განათლებისთვის გადაეცა.
შენობის ფასადი თავისი გრანდიოზულობითა და სიმეტრიულობით XVII-XVIII საუკუნეების ტიპიური ევროპული სასახლეების მსგავსია, ოღონდ ფერია განსხვავებული - მოწითალო-შინდისფერ-აგურისფერი. საერთოდ, ეს აგურისფერი მანჰაიმის ყველა ძველი შენობისთვისაა დამახასიათებელი: ძველი წყალსაქაჩი კოშკი იქნება ეს თუ კონგრესის ცენტრი როზენგარტენი, კათოლიკური თუ იეზუიტური ეკლესია, ობსერვატორია თუ სინაგოგა.
პომპეზური ქალაქია. სიძველის მიუხედავად, ქვაფენილიანი  ფართო ქუჩებითა და ლამაზი შენობებით, სათუთად შემონახული და ადგენილი, ძველი და არც ისე ძველი ისტორიით (მაგალითად, ერთ-ერთი ეკლესიის კედელზე იმის აღმნიშვნელ წარწერას წავაწყდი, რომ ამ ეკლესიაში პატარა მოცარტმა ერთ-ერთი პირველი კონცერტი გამართა), მოვლილი... და ისევ გეომეტრია - სწორი ფორმების შესაბამისად გაკრეჭილი ბუჩქებითა და ყვავილების ნარგავებით. აქ უფუნქციო და მიტოვებული არაფერია, ყველა შენობა გამოიყენება და ზოგჯერ ისევ იგივე დანიშნულებით, რისთვისაც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა. გამახსენდა ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის შენობა, რომელსაც ორი ერთნაირი, აბსოლუტურად სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელი აქვს: ერთს აწერია ”გოგონებისთვის”, მეორეს - ”ბიჭებისთვის”. წარმოგიდგენიათ, შენობა საერთოა, შესასვლელები კი სხვადასხვა (ერთნაირი)! ამ შენობაში ახლაც სკოლაა, შესასვლელები საერთოა, წარწერები კი დატოვებული - ეს ხომ ისტორიაა!
კიდევ ერთი: მანჰაიმში მარტო ისტორიისთვის არ ჩადიან, ამ ქალაქში ბადენ-ვიურტენბერგის მოსახლეობა შოპინგისთვისაც ჩამოდის. ამბობენ, აქ ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია და, რა თქმა უნდა, ყველაფერს იშოვი. მოკლედ, ჩვენებური ”ლილო”, ოღონდ წარმოუდგენელად ცივილიზებული მრავალსართულიანი და მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრებით, ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნების მყიდველს რომ დააკმაყოფილებს, ისეთი.
ფასების რა გითხრათ, მაგრამ არჩევანი მართლაც შეუზღუდავია. ოღონდ დამიჯერეთ, თუ მანჰაიმში საყიდლებზე გაეშურებით, მაღაზიების გარდა ვერაფერს დაათვალიერებთ, ვერც ქალაქის სულსა და ფერს შეიგრძნობთ. ამიტომ, თუ აქაურობის დასათვალიერებლად მხოლოდ  ერთი დღე გაქვთ, ეს დღე ქალაქის ქუჩებში ხეტიალში გაატარეთ. მართალია, საყიდლები გვერდზე დაგრჩებათ, სამაგიეროდ აქ გადაღებული ფოტოსურათები სახლში დაბრუნებულებს დიდხანს გაგახსენებთ დაუვიწყარ მოგზაურობას თიხისა და ქვიშისფერ  დიდებულ ქალაქში, ქალაქში ძველი არქიტექტურითა და ახალი სიცოცხლით. არა მგონია, ასეთ გეომეტრიას ვინმე დაიწუნებდეს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

მოგზაურობა მეხუთე: Meersburg-Mainau

Approved by Natia Jinjolava


მაინაუ - ულამაზესი კუნძული-ბაღნარი - კონსტანციდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და იქ მოხვედრა სხვადასხვა გზით შეიძლება: გემით, ქალაქის ავტობუსით, ან სულაც ველოსიპედით. ვის როგორც უნდა. ჩვენ საზღვაო (უფრო სწორად, „სატბაო“) მარშრუტი ვარჩიეთ, მით უმეტეს, რომ გემი ბოდენის ტბის სხვადასხვა ნაპირას განლაგებულ ნავსადგურებში ჩერდება და ამით ამ ადგილების დათვალიერების შესაძლებლობასაც გაძლევს.
პირველი გაჩერება ზუსტად კონსტანცის მოპირდაპირე ნაპირზე მდებარე მეერსბურგია, რომელიც ბოდენის ტბის ქალაქებიდან ყველაზე ლამაზად ითვლება და რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც ხუთი ათასს შეადგენს, რაც თანამედროვე ქალაქის რიგითი უბნისთვისაც კი ძალიან ცოტაა.
მეერსბურგი, ტბის დასახლებული პუნქტების უმრავლესობის მსგავსად, თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი ყოფილა და მისი შემდგომი ტრანსფორმაცია და ქალაქად ჩამოყალიბება, ჩემს მიერ ნახსენებ ეკლესიის რეფორმაციას უკავშირდება - მეერსბურგი მთელი სამი საუკუნის მანძილზე კოსტანციდან გაძევებული ეპისკოპოსების რეზიდენცია გახლდათ (ეპოსკოპოსთა ამგვარ „სილაღეს“ ბოლო ნაპოლეონმა მოუღო).
პორტის შესასვლელში კონსტანცის „იმპერიის“ ქანდაკების ავტორის, პეტერ ლინკის სკულპტურა „მაგიური სვეტი“ დგას: ერთ ბოძზე მიმაგრებული სხვადასხვა ფიგურები - განსხვავებული იდეოლოგიის მიმდევარი ცნობილი გერმანელი ექიმები, ქალაქის ეპისკოპოსი თავისი ხის ცხენით, მეერსბურგში მცხოვრები გერმანელი პოეტი ქალი თოლიას თავით, ამური ისრებით... მოკლედ, ჩემი წარმოდგენით, სრული დომხალი!  მიუხედავად ამისა, ეს ერთობ უჩვეულო ქანდაკება ძალიან ცოცხალი და არც ისე უადგილოდ დადგმული მეჩვენა, თუმცა ამ „თანამედროვეობას“ ფონად ტიპიური შუასაუკუნოვანი ქალაქის ხედი აქვს.
მეერსბურგი კლდეზეა შეფენილი, ნავსადგურიდან მაღლა მიემართება გზა ძველი და ახალი ციხესიმაგრეებისკენ. ამ ბასტიონებში ახლა სხვადასხვა მუზეუმებია განთავსებული (მათ შორის, „წამების მუზეუმიც“), ოდესღაც კი ისინი სამღვდელო პირების საზაფხულო აგარაკებს და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ერთ-ერთ ასეთ მუზეუმში პირველი ნაბეჭდი წიგნის ავტორის, გუტენბერგის ნამდვილ საბეჭდ პრესს დაგათვალიერებინებენ, თან ბეჭდვის პროცესსაც გიჩვენებენ.
გზა ციხესიმაგრეებისკენ ტერასებად განლაგებული ვენახების გავლით მიემართება. საეპისკოპოსო რეზიდენციის ერთ-ერთ შენობას კი რატომღაც „ღვინო“ აწერია... მეერსბურგში სახლები განსაკუთრებულია, საბავშვო სათამაშოებს ჰგავს, სახელებიც თავისებური აქვს: „დათვთან“, „ლომთან“, „გემთან“; „წითელი სახლი“, „თავადის სახლი“ და ასე შემდეგ. მოკლედ, აქაურობა ტიპიური გერმანული ქალაქის ტიპიურ ილუსტრაციად გამოდგება.
ჩვენი მოგზაურობის შემდეგი პუნქტი კუნძული მაინაუა, ამჟამად ბერნადოტების საგვარეულო საკუთრება, 45 ჰექტარი კლდოვანი მასა, რომელზეც შეფენილ პარკს სათავე ჯერ კიდევ მისმა წინა მფლობელმა, ბადენის ჰერცოგმა ფრიდრიხ I-მა ჩაუყარა თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურბებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ტროპიკული ხეების გაშენებით.
კუნძულის ახლანდელი მეპატრონეების საგვარეულოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა: 1932 წლიდან მაინაუ გრაფ ლენარტ ბერნადოტის საკუთრებაში აღმოჩნდა, როგორც ერთგვარი კომპენსაცია შვედეთის სამეფო ტახტზე უარის თქმის სანაცვლოდ არაგვირგვინოსანი გვარის ქალის ცოლად შერთვის გამო. დიდი ვერაფერი კომპენსაციააო, იტყვით, სად შვედეთის მეფის გვირგვინი და სად ერთი პატარა კუნძული?! გულწრფელად გეტყვით, თავიდან მეც ასე ვიფიქრე და გრაფს ვუთანაგრძნე კიდეც, თუმცა კუნძულის ნახვის შემდეგ აზრი შემეცვალა. ასე იყო თუ ისე, გრაფმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება განვლო (სულ ახლახან, 2004 წელს გარდაიცვალა) და ახლა კუნძულის „გენერალური დირექტორი“ მისი ქალიშვილია.
მოკლედ, გრაფმა ბერნადოტმა კუნძული  ბაღნარად გაააქცია, რომელსაც ყოველწლიურად ორ მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს. ასე რომ, მაინაუ საკუთარი შემოსავლით ცხოვრობს და ქველმოქმედებასაც ეწევა: მონაწილეობს გარემოსა და ძეგლთა დაცვაში, აფინანსებს ბაღების გაშენებას და სხვადასხვა ისტორიული შენობის შენახვა-კონსერვაციას, ეხმარება მეცნიერებს. სხვათა შორის, აქ ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიის ლაურეატების შეხვედრა.
ეს ყველაფერი უდავოდ ყურადღების ღირსია, თუმცა კუნძულზე რომ აღმოჩნდებით და იქაურობას რომ ნახავთ, ბუნებით ტკბობისა და სეირნობის გარდა არაფერი გენდომებათ.
დასათვალიერებელი კი ბევრია (მიუხედავად იმისა, რომ მაინაუზე ერთადერთი სასახლე და ეკლესიაა, დანარჩენი ფართობი კი ყვავილნარებსა და ხეივნებს უჭირავთ). ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერ დროს ჩამოსულმა ტურისტმა მაინაუს განსაკუთრებული იერი იხილოს: მაგალითად, ჩვენ რომ ჩავედით, ზუსტად ამ დროს ვარდების 30.000-მდე ბუჩქი ყვავილობას იწყებდა, ხოლო სხვადასხვა ფერის აზალიები და როდოდენდრონები ყვავილობას ასრულებდნენ. საოცარი ბაღებია! ჩვენც ვხეტიალობდით მრავალრიცხოვანი ცოცხალი ყვავილებისგან შექმნილ გეორაფიულ რუკებსა და გიგანტური ზომის ფრინველების ფორმის კარკასებზე გაშენებულ კლუმბებს, იტალიურ შადრევნებს, ჩინური წითელი ხეების ხეივნებს, მოყვავილე პალმებს, ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის ხეებს შორის.
კიდევ, მაინაუზე 6000-მდე ჯიშის ორქიდეების სათბური და გერმანიაში ყველაზე დიდი პეპლების ბაღია, სადაც ხელოვნურად შექმნილ ტროპიკულ ჯუნგლებში თავისუფლად დაფარფატებენ უამრავი სახეობის პეპლები. პეპლებივით ურიცხვია კუნძულზე ტურისტების ჯარიც - საბავშვო ეტლებში მსხდარი პატარებიდან დაწყებული, ინვალიდის გორგოლაჭებიანი სავარძლით მოსიარულე ღრმად მოხუცებულებით დამთავრებული. აი, მცენარეები კი შემოღობილი არსად არის, არც გამაფრთხილებელი განცხადებები („ყვავილებს ნუ მოწყვეტთ“, „გაზონებზე სიარული აკრძალულია“, ა.შ.) გვინახავს და მაინც, ასეთი თავისუფლების მიუხედავად, მოწყვეტილ, გათელილ, დაზიანებულ თუ ძირს დაგდებულს მაინაუზე ვერაფერს ნახავთ...
და ბოლოს, ორი სიტყვით: ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ და თქვენც იგივეს გისურვებთ, ოდესმე მაინც...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო