ფუფუნება და ძვირადღირებული სიამოვნებანი

Approved by Mary Poppins

The Martinez Hotel - ეს სასტუმრო ქ. კანში, ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ სასტუმროს პენთჰაუსი, უზარმაზარი ტერასით გარშემორტყმული, სადაც აუზებია განლაგებული. ეს ტერასა ცისფერ სანაპიროს და ლენის კუნძულებს გადაჰყურებს. სასტუმროს ოთახები განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა. ისინი გაწყობილია ხელნაკეთი ავეჯით, ნამდვილი აბრეშუმის ფარდებითა და ხის პარკეტით. ყველა ოთახს აქვს თავისი თურქული აბანო, კეთილმოწყობილი სამზარეულო და, თქვენ წარმოიდგინეთ, საუნაც კი. ყველაზე ძვირადღირებული ოთახის ფასი 18000 აშშ დოლარს შეადგენს. ერთმა არაბმა შეიხმა, რომელსაც თურმე ძალიან მოსწონდა ეს სასტუმრო, განსაკუთრებით კი ეს ძვირადღირებული ოთახი, გადაწყვიტა იგი, სულ მცირე, ხუთი წლით დაეჯავშნა. საბრალომ სასტუმროს ადმინისტრაციისგან ცივი უარი მიიღო.

 

The Atlantis – ამ სასტუმრო ყველაზე ძვირადღირებული ოთახი, არც მეტი არც ნაკლები, 25 000  აშშ დოლარი ღირს. იგი ბაჰამის კუნძულებზე მდებარეობს. ეს პენტჰაუსი სწორედ იმ ხიდზეა განლაგებული, რომელიც ორ სამეფო კოშკს აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომ მისი  ფანჯრებიდან შეგიძლიათ მთელი კურორტი და  ზღვა დაინახოთ. ეს უბრალო პენტჰაუსი არ გეგონოთ - იგი, სულ მცირე, 10 ოთახისგან შედგება. ასე რომ, შეგიძლიათ მთელი სამეგობრო წაიყვანოთ და ცხოვრებით დატკბეთ. არ მკითხოთ, როგორ არის ეს ოთახები მოწყობილი  - აქ ყველაფერი ხელით შესრულებული, თეთრეულიც კი ხელითაა მოქარგული. შეხედეთ სურათებს და თავად დარწმუნდებით ამაში.

 

President Wilson Hotel – მდებარეობს ჟენევაში. ამ სასტუმროს Imperial Suite  საუკეთესოა მსოფლიოში, ამიტომ მას ხშირად სტუმრობენ პრეზიდენტები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც დღე–ღამეში 23 600 აშშ დოლარს იხდიან. ამ  ოთახს ლიფტიც კი საკუთარი აქვს.  მისი ფანჯრები გადაჰყურებს ჟენევის ტბას და მონბლანს. ოთახები თანამედროვე დიზაინით არის შესრულებული, ხოლო სააბაზანოები სულ მოზაიკაში და მარმარილოშია ჩასმული. მისაღებ ოთახში ბილიარდის მაგიდაც კი დაგხვდებათ.

 

არ შემიძლია არ შევეხო რომის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროს Westin Excelsior. ამ სასტუმროს აქვს ერთი ოთახი, რომელსაც "Villa La Cupola" ჰქვია. ამ ოთახში მართლაც წააწყდებით რომის წმ. პეტრეს ტაძრის სტილში შესრულებულ გუმბათს, სწორედ აქედან მომდინარებს მისი სახელიც (Cupola - იტ. ”გუმბათი”). ამ პენტჰაუსის დიზაინი შეიცვალა 1998 წელს, მის გადაკეთება, არც მეტი არც ნაკლები, 7 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. აქ გაჩერება მხოლოდ ერთი ღამით მინიმუმ 16 500 ევრო დაგიჯდებათ.

 

Hotel Cla di Volpe – ესეც  VIP სტუმრების საყვარელი სასტუმროა, რომელიც სარდინიაზე, კერძოდ, სახელგანთქმულ კოსტა სმერალდაზე (ზურმუხტოვან სანაპიროზე) მდებარეობს. საპრეზიდენტო აპარტამენტი სასტუმროს ბოლო სართულზეა განთავსებული და სამი საძინებლის, სამი სააბაზანოსა და ორი მისაღები ოთახისგან შედგება. ამ ოთახებში ყველაფერი ხელნაკეთია. ერთი ოთახის ფასი სულ რაღაც 13 879 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.

 

ეხლა კი  შედარებით მოკრძალებულ სასტუმროებსაც გადავხედოთ. The Peninsula Hong Kong – სახელიდან მიხვდებით, რომ ეს სასტუმრო ჰონგ–კონგში მდებარეობს. თუკი აქ ყველაზე ძვირადღირებულ ოთახს იქირავებთ, თქვენს განკარგულებაში იქნება პერსონალური როლსროისი, საკუთარი ფითნესდარბაზი და  სხვა მსგავსი ფუფუნება. ეს ბედნიერება, სხვა ზემოთ ჩამოთვლილ სასტუმროებისგან განსხვავებით, მხოლოდ 5000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.

 

კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, „იაფი“ სასტუმროს „იაფი“ ოთახი. ეს არის ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო The Bellagio. იგი იმით გამოირჩევა, რომ მას ოთახებთან ერთად პატარ-პატარა ვილებიც აქვს. ერთი ვილის დაქირავება სულ მცირე 6000 დოლარი დაგიჯდებათ. რა სჯობია, როდესაც საკუთარ ვილას იქირავებ?! საკუთარი არაჩვეულებრივი აუზი და  სხვა მრავალი მსგავსი სიამოვნება  გარანტირებულია.

მოკლედ, მსგავსი სასტუმროების თვალიერებას აღარ გავაგრძელებ, ვეღარც ძვირადღირებულ კურორტებზე მოგიყვებით რამეს, თორემ თქვენს იფიგენია დაუტფაიერს გულის შეტევით საავადმყოფოში გააქანებენ.

გიტოვებთ ამ ლინკს, ეს არის კუნძული ბორა–ბორა. უყურეთ და ისიამოვნეთ (შორიდან მაინც!): http://www.youtube.com/watch?v=sukJc2yILFo

 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment