მოგზაურობა მეექვსე: წრე და კვადრატი

Approved by Mary Poppins

გერმანიის ეს ორი ქალაქი არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს: არც წარმოშობით, ასაკით, ისტორიით, მნიშვნელობით, აწმყოთი და არც იმ შეგრძნებებით, რომელიც უჩნდება მოგზაურს ამ ქალაქების ქუჩებში ხეტიალის დროს. მაგრამ მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, არის ერთი, რამაც ჩემს აღქმაში ისინი გააერთიანა: ეს ამ ქალაქების გეომეტრიაა.
პირველი ქალაქი (ჩემი მათი გაცნობის რიგითობას თუ დავიცავთ), შედარებით პატარა და წყნარი მეჩვენა. რასაკვირველია, დამაარსებლის სახელს ატარებს - ამჯერად კარლის და არა ფრიდრიხის, როგორც ბევრი რამ ბადენის მხარეში, - ქალაქს კარლსრუე ჰქვია.
სადგურიდან გამოსვლისას საოცარი სიჩუმე და სიმშვიდე დაგვხვდა. არადა, კარლსრუე დიდია და ძალიან მშრომელი მოსახლეობაც ჰყავს (ეს თვისება გერმანიაში ვის უკვირს, მაგრამ აქ ის განსაკუთრებით იგრძნობა). სამუშაო საათებში აქაურებიც და ახლომახლო პატარ-პატარა ქალაქებიდან ჩამოსულებიც სამსახურებში არიან, რაზეც სადგურის წინ ველოსიპედების თითქმის მთლიანად დაცარიელებული სადგომი მიგვანიშნებს. სამაგიეროდ, შაბათ-კვირას რკინიგზის სადგურის წინ მდებარე მოედანი მთლიანად დაფარულია საკუთარ სახლებში დაბრუნებული ადამიანების მიერ კარლსრუეში სამოძრაოდ დაქირავებული ველოსიპედებით. საერთოდ, ასეთი სურათი გერმანიის ნებისმიერი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, და მაინც, კარლსრუეში ველოსიპედების სადგომი განსაკუთრებულად უზარმაზარი მეჩვენა. მაოცებდა, თუ როგორ აგნებდნენ ერთნაირი (დაქირავებული და იმიტომ) ველოსიპედების ამ თვალუწვდენელ ”ჯარში” პატრონები თავიანთ ”ეგზემპლიარს”.
ქალაქი მკაცრი გეომეტრიული ფორმისაა - ქუჩები ამჯერად ვარსკვლავისებურად იშლება ცენტრში აღმართული ციხესიმაგრიდან, და ეს ქუჩები თითქმის ზუსტ წრეწირებს მოხაზავს. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქალაქი დიდი ხანია, გაცდა ამ წრის საზღვარს, მაგრამ ასეთი თავდაპირველი ფორმა ლეგენდის თანახმად, მის დამაარსებელს კარლს დაესიზმრა და სიზმარში ნანახის მიხედვით ააშენა კიდეც. სხვა მხრივ, პრაქტიკულად ტიპიური შუასაუკუნეების წყობის ევროპული ქალაქია: შემაღლებულზე, ცენტრში (ვარსკვლავის ცენტრში) - სასახლე-ციხესიმაგრე, ულამაზესი გეომეტრიული (აბა როგორ!)  პარკით, სადაც სხვადასხვა მუზეუმებია თავმოყრილი. ციხესიმაგრის გარშემო კონცენტრირებული რგოლებივითაა გაშლილი ქალაქის რაიონები მიმართულების მიხედვით შერჩეული სახელებით: ”აღმოსავლეთი”, ”დასავლეთი”... ლამაზია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი: მოვლილი, კოხტა, გერმანიის კვალობაზე საშუალო ზომის, მოგზაურისთვიის რამდენიმე საათში შემოსარბენი, ძალიან მწვანე ქალაქი. მე ზოოპარკი მომეწონა, სხვათა შორის, ძალიან დიდი და ცნობილი, ფაუნის იშვიათი წარმომადგენლებით დასახლებული (სხვისი არ ვიცი და, მე ვარდისფერ ფლამინგოებს გამოვარჩევდი). უცნაურია, მაგრამ ამ ქალაქში სამუდამოდ დასახლებაზე ბევრი გერმანელი ოცნებობს.
მეორე ქალაქი ბევრად უფრო ”ფუნდამენტური” მეჩვენა. თავმომწონე ბიურგერივით აუღელვებელი და დარბაისელი. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ქალაქი ჯერ კიდევ რომაელების მიერ არის დაარსებული და მკაცრ გეომეტრიულ წყობას სწორედ რომაელებს უნდა უმადლოდეს: ლარივით სწორი, გეგონება, სახაზავით გავლებული პარალელური ქუჩები, რუკაზე თითქმის ერთაირი ზომის თითქოს პატარა კუბიკებისგან შემდგარი კვარტალები. ქუჩებს ლათინური ასოებისა და არაბული რიცხვებისგან შემდგარი სახელები ჰქვია, მაგ:  B4, M7, N5 ან L14  და ასე, უსასრულოდ, უფრო სწორად, ანბანის შესაბამისად. სხვათაშორის, აქ მუნჯი ტურისტიც არ დაიკარგება: ვთქვათ, იმყოფები P3-სა და D3-ს გასაყარზე, დახედავ რუკას და გასაგები ხდება, რომ აღმოსავლეთით თუ გაქვს აღებული  გეზი P4O4-სკენ, დასავლეთისკენ -  P2O2, ჩრდილოეთისკენ O3-სკენ, სამხრეთით კი N3-სკენ უნდა წახვიდე. ასე მთელ ანბანს ისწავლი უნებლიედ. თუკი მკითხველი ნამყოფია ამ ქალაქში, მაშინვე მიხვდება, რომ მანჰაიმზე ვსაუბრობ. ნეტავ, ამ კვარტლების მსგავსი სახელები შერჩენილია კიდევ სადმე?!
რაც შეეხება ქალაქის სახელს, ჩემი წარმოდგენით, მანჰაიმი ძალიან გერმანული ჟღერადობის სახელია, წესრიგის მოყვარული ადგილობრივების ხასიათის შესაბამისი. ისევე შესაბამისი, როგორც რომაელების დროიდან შემორჩენილი კვადრატები (კვარტლები) თავისი ნუმერაციით - საოცარი წესრიგისა და კონტროლის განსახიერება.
როგორც ყველა თავმოყვარე ქალაქს, მანჰაიმსაც აქვს სასახლე, რომელიც 1720 წლიდან ბადენის სამთავროს მმართველის რეზიდენცია გახდა, როცა მმართველები  საცხოვრებლად ჰაიდელბერგიდან მანჰაიმში გადმოვიდნენ. სასახლეს 40 წელი აგებდნენ და ის იმ პერიოდში ევროპაში გაბატონებული აბსოლუტიზმის ექოპის ტიპიური ნიმუშია, რომელიც ნაპოლეონ I-ს დროს გადაკეთდა და კლასიკური ამპირის თვისებები შეიძინა, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს პრაქტიკულად ნანგრევებად იქცა, მერე ზედმიწევნით ზუსტად აღადგინეს და ამჟამად აქ მუზეუმის გარდა (რომელსაც საკმაოდ შეზღუდული ფართობი უკავია), უნივერსიტეტიცაა განლაგებული. გასაოცარი გულუხვობის ნიმუში - სკურპულოზურად აღდგენილი ნანგრევებიდან სასახლისთვის ძველებური დიდებულების დაბრუნების შემდეგ, ის ახალგაზრდებს სწავლა-განათლებისთვის გადაეცა.
შენობის ფასადი თავისი გრანდიოზულობითა და სიმეტრიულობით XVII-XVIII საუკუნეების ტიპიური ევროპული სასახლეების მსგავსია, ოღონდ ფერია განსხვავებული - მოწითალო-შინდისფერ-აგურისფერი. საერთოდ, ეს აგურისფერი მანჰაიმის ყველა ძველი შენობისთვისაა დამახასიათებელი: ძველი წყალსაქაჩი კოშკი იქნება ეს თუ კონგრესის ცენტრი როზენგარტენი, კათოლიკური თუ იეზუიტური ეკლესია, ობსერვატორია თუ სინაგოგა.
პომპეზური ქალაქია. სიძველის მიუხედავად, ქვაფენილიანი  ფართო ქუჩებითა და ლამაზი შენობებით, სათუთად შემონახული და ადგენილი, ძველი და არც ისე ძველი ისტორიით (მაგალითად, ერთ-ერთი ეკლესიის კედელზე იმის აღმნიშვნელ წარწერას წავაწყდი, რომ ამ ეკლესიაში პატარა მოცარტმა ერთ-ერთი პირველი კონცერტი გამართა), მოვლილი... და ისევ გეომეტრია - სწორი ფორმების შესაბამისად გაკრეჭილი ბუჩქებითა და ყვავილების ნარგავებით. აქ უფუნქციო და მიტოვებული არაფერია, ყველა შენობა გამოიყენება და ზოგჯერ ისევ იგივე დანიშნულებით, რისთვისაც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა. გამახსენდა ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის შენობა, რომელსაც ორი ერთნაირი, აბსოლუტურად სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელი აქვს: ერთს აწერია ”გოგონებისთვის”, მეორეს - ”ბიჭებისთვის”. წარმოგიდგენიათ, შენობა საერთოა, შესასვლელები კი სხვადასხვა (ერთნაირი)! ამ შენობაში ახლაც სკოლაა, შესასვლელები საერთოა, წარწერები კი დატოვებული - ეს ხომ ისტორიაა!
კიდევ ერთი: მანჰაიმში მარტო ისტორიისთვის არ ჩადიან, ამ ქალაქში ბადენ-ვიურტენბერგის მოსახლეობა შოპინგისთვისაც ჩამოდის. ამბობენ, აქ ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია და, რა თქმა უნდა, ყველაფერს იშოვი. მოკლედ, ჩვენებური ”ლილო”, ოღონდ წარმოუდგენელად ცივილიზებული მრავალსართულიანი და მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრებით, ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნების მყიდველს რომ დააკმაყოფილებს, ისეთი.
ფასების რა გითხრათ, მაგრამ არჩევანი მართლაც შეუზღუდავია. ოღონდ დამიჯერეთ, თუ მანჰაიმში საყიდლებზე გაეშურებით, მაღაზიების გარდა ვერაფერს დაათვალიერებთ, ვერც ქალაქის სულსა და ფერს შეიგრძნობთ. ამიტომ, თუ აქაურობის დასათვალიერებლად მხოლოდ  ერთი დღე გაქვთ, ეს დღე ქალაქის ქუჩებში ხეტიალში გაატარეთ. მართალია, საყიდლები გვერდზე დაგრჩებათ, სამაგიეროდ აქ გადაღებული ფოტოსურათები სახლში დაბრუნებულებს დიდხანს გაგახსენებთ დაუვიწყარ მოგზაურობას თიხისა და ქვიშისფერ  დიდებულ ქალაქში, ქალაქში ძველი არქიტექტურითა და ახალი სიცოცხლით. არა მგონია, ასეთ გეომეტრიას ვინმე დაიწუნებდეს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

0 კომენტარი.:

Post a Comment