მოსკოვური „ოდისეა“

Approved by Natia Jinjolava

გურიაში ყოფნისას ზაფხულის ერთ მშვნიერ საღამოს, ჩემმა სიძემ (დის ქმარმა) თავისი მოსკოვში მცხოვრები ბიძაშვილი გაიხსენა. რუსი ცოლის ხელში ჩვენებურ პურ-მარილს დანატრებული იქნებაო და მთხოვა მის ვაჟს „სამშობლოდან გადახვეწილი“ ნათესავის მოსანახულებლად გავყოლოდი. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი დის შვილი მეორე დღეს კოპიტნარის აეროპორტში მოსკოვისაკენ სამდღიანი ვიზიტით გასამგზავრებლად. ერთი სიტყვით, ჩემმა დამ უზარმაზარ სამგზავრო ჩანთაში მშობლიურ საჭმელს მონატრებული ახლობლისთვის მთელი ხორაგი ჩაგვილაგა - დაფნის ფოთლიდან დაწყებული, უამრავი რამე. რა თქმა უნდა, არც მოხარშული დედალი და ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დავიწყებია. დაახლოებით საღამოს რვა საათზე უკვე მოსკოვში ვიყავით.
ნათესავს აეროპორტიდანვე დავურეკეთ. ტელეფონზე მისი ცოლი შეგხვდა და მოყვარულმა რძალმა პირველივე შეკითხვა შეფიქრიანებული ხმით დაგვისვა, საიდან რეკავთო. როცა შეიტყო ჩვები ადგილსამყოფელის შესახებ, სასწრაფოდ „კარგი სასტუმროსკენ“ გადაგვამისამართა. „ჩემი მეუღლე შევარდნაძესთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს აცილებს, ამაღამ ალბათ სახლში არ დაბრუნდება, აგარაკზე დარჩებაო“ -  სხაპასხუპით მოგვაყარა ქალმა, ჩვენი ამბავი არც კი უკითხავს, ცალყბად დაგვემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.
რა უნდა გვექნა? აეროპორტიდან გამოვედით თუ არა, ჩვენს წინ სამთავრობო ესკორტმა ჩაიქროლა და ესოდენ მაღალი რანგის ფრანგი სტუმრის უნებლიე გამცილებლები ჩვენც აღმოვჩნდით. მოსკოში მეც მყავდა მეგობრები, ჰოდა, დრო რომ არ დაგვეკარგა, მე და ჩემი დის შვილი პირდაპირ მშვიდობის გამზირისკენ გავემგზავრეთ. ამჯერად ჩვენი სტუმრობა ძალიან გაუხარდათ, მშვენივრად მიგვიღეს. ჩაიც მოგვართვეს ხუთნაირი მურაბით და გვთხოვეს წასვლა არსად გვეჩქარა.  დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ბიძაშვილთან დაკავშირება ჯიუტად კიდევ ერთხელ ვცადეთ (მოგეხსენებათ, ძღვენი გვქონდა გადასაცემი). ამჯერად რძალმა პირდაპირ მომახალა, რომ ჩვენთვის მისი ქმარი ვერ მოიცლიდა და თავიდან საბოლოოდ მოგვიშორა.
აბა, მოსკოვში ჩვენს დარჩენას რაღა აზრი ჰქონდა? ვუხმე მასპინძელს და ქათმისა და ორი ჯერ კიდევ თბილი ხაჭაპურის გარდა (წინდახედულად ჩვენთვის გადავინახე) ყველაფერი გადავეცი.  აღფრთოვანებული მეგობარი გადამეხვია: „რა იცოდით რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა? არნახული პურ-მარილი მექნებაო“. თაფლისა და ჭაჭის არაყის პატარა ბოცების დანახვაზე, საერთოდ ყიჟინა აღმოხდა. თბილისში რამდენჯერმე იყო ნამყოფი და კარგად იცნობდა ქართულ სამზარეულოს.
იქვე, „გასტრონომში“ ხუთი კილო კიევის სულგუნი და განუსაზღვრელი ოდენობის მოსკოვური შოკოლადი შევიძინე და დავბრუნდით დომოდედოვოს აეროპორტში. თბილისზე ყველა ბილეთი გაყიდული დაგხვდა. ფარ-ხმალი რომ ასე იოლად დამეყარა, მე ხომ არ ვიქნებოდი - პასპორტებს ქვემოდან ორი თუმნიანი ამოვუდე და მოლარეს ისე მივაწოდე. ქალმა ფულის დანახვაზე კისერი „ნუ პაგადის“ მგელივით წაიგრძელა და „ამას რას მიბედავთო“ ისე დაგვიღრიალა, მე და ჩემი დის შვილი ერთმანეთს ვასწრებდით.
მაინც არ დავნებდით, ყველა სალარო შემოვირბინეთ და ორი ადგილი ბათუმის რეისზე აღმოვაჩინეთ. სხვა რა გზა გვქონდა, შევიძინეთ ბილეთები, იქვე ჩამოვსხედით, ამოვალაგეთ, ჩვენი ხაჭაპურები, ქათამი, აჯიკა და გავმართეთ სახელდახელო ალა ფურშეტი... უზარმაზარ, მგზავრებით გადაჭედილ მოსაცდელ დარბაზში ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა, უნებლიეთ ყველამ ჩვენსკენ მოიჩოჩა. ბევრს ვუწილადეთ, მაგრამ ყველას აბა რას გავწვდებოდით?
როგორც იქნა ჩასხდომა გამოაცხადეს და დილის 8 საათზე უკვე მტირალას აეროპორტში ვიყავით, საიდანაც გურიისაკენ ტაქსით გავეშურეთ. ჩვენს დანახვაზე ჩემს დას კინაღამ გული გაუსკდა, მეჩვენებიანო. საღამოს სახლში დაბრუნებულმა სიძემ, ჩვენი მოსკობური ვოიაჟის შესახებ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა: „ალბათ უამინდობის გამო ფრენა არ იყო და თბილისმა უკან დაგაბრუნათ. სულგუნი სამტრედიაში, შოკოლადი კი მოსკოვის მატარებელზე იყიდეთო“. როგორც ხვდებით, განსაკუთრებულად „საეჭვოდ“ მოსკოვიდან სათუთად ჩამოზიდული სულგუნი გამოიყურებოდა.
გურიაში ძველად ვინმეს რამეს რომ დაავალებდნენ, თან ასე არიგებდნენ: „მისული არ მეგონო, მოსული იყავიო“. ჰოდა, ჩვენც ასეთი ელვისებური სისწრაფით ვიმოგზაურეთ...

მარად თქვენი, ფერადი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment