ჭკვიანი და კიდევ უფრო ჭკვიანი

Approved by Natia Jinjolava

ალბათ უკვე მიხვდით, რა პერიოდზე მინდა ამჯერად მოგიყვეთ. ეს ის საოცარი დროა, როდესაც ბავშვობას ტოვებ და ხდები "დიდი", ანუ ამთავრებ სკოლას და დგება ბედნიერი  სტუდენტობის ხანა. ამ დროს  მოულოდნელად ხდები თავისუფალი, დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, საოცრად ჭკვიანი და თავდაჯერებული.  ყველა კითხვაზე პასუხი რომ უმალ გაქვს მზად, მეგობრის ყველა პრობლემას შეურყეველი რკინის ლოგიკით გამოსავალს უძებნი და ერთი წამითაც კი არ შეგეპარება ეჭვი, ვაიდა, ჩემი რჩევა არასწორი იყოსო. ანდა როგორ უნდა შეგეპაროს ამაში ეჭვი? შენ ხომ წელს სტუდენტი გახდი, გამოცდები წარმატებულად ჩააბარე და დიდი ხარ უკვე! აწი ვერავინ ვეღარაფერს გასწავლის, რადგან შენ უკვე  ყველაფერი ყველაზე უკეთ იცი.
მშობლების რჩევებს მაინც სერიოზული სახით უსმენ (დაე ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ), გონებით კი ამ დროს უკვე გარდერობს ირჩევ დღევანდელი თავგადასავლისთვის. დიახ, ეს ის პერიოდია, როდესაც ყოველი დღე ახალ თავგადასავალს გპირდება...
მე და ჩემ მეგობარს (თქვენთვის აწ უკვე ნაცნობ დეიდა პოლის) საოცარი ნიჭი გვქონდა თავგადასავლების ძებნიდან უცებ ხიფათიან სიტუაციებში ამოგვეყო თავი.  ჩემი მშობლები პოლის სადომიან, ჭკვიან, კარგად აღზრდილ გოგონად თვლიდნენ. მისი მშობლები კი მე მენდობოდნენ და ამიტომ არც გაუპროტესტებიათ შვილის გადაწყვეტილება, ზაფხულის არდადეგები ჩემთან ერთად გაეტარებინა.  ასე რომ, მე და პოლი, ჭკუითა და ცოდნით დამძიმებულები, დედაჩემმა თბილისის ახლობლად მდებარე სოფელ წოდორეთში წაგვიყვანა. 
აი ზუსტად მაშინ, იმ ზაფხულს შევამჩნიე პირველად, თუ როგორი (ყველა სიტუაციაში თავდაჯერებული) მეგობარი მყავდა. მაგალითად, მშობლების უკითხავად ცხენებზე საჯირითოდ გაპარულებმა, ჯირითის შემდეგ აღმოვაჩინეთ თუ რატომ ყოფილა საჭირო უნაგირი. იცოდით, რომ ცხენი თურმე ძალიან ოფლიანდება სირბილის დროს? მე და პოლიმ, ეგრეთ წოდებულმა ქალაქელმა ცხიკიანებმა, ეს საკუთარ ჯინსის შარვლებზე აღმოვაჩინეთ.  რა უნდა გვექნა, აღარ ვიცოდით, ვიდექით სახლთან სველი შარვლებით და აი, აქ გამოაჩინა პოლიმ თავისი ჭკუა და გონება, „რა თქმა უნდა, სახლში ვერ ავალთ ესე, შარვალსაც შუა სოფელში ვერ გავიხდით. რაღა დაგვრჩენია, დავდგეთ მზეში და უცებ  გავშრებითო“. ისიც დააყოლა, „ზაფხულია, შუადღე. ამ დროს სარეცხი რომ გაფინო, 2 წუთში გამშრალიაო“.  ასე რომ, მისი საღი გონებით მოხიბლული მორჩილად ამოვუდექი გვერდში და მზეს ერთად მივუშვირეთ უკანალები.
მერწმუნეთ, ნამდვილად გავშრებოდით იმ ორ წუთში, რომ არა საოცრად აგრესიული ბუზები, რომლებიც ვინ იცის,  საიდან გაჩნდნენ და მაინცდამაინც ჩვენ რატომ დაგვესივნენ.  ბუზებს კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ბზიკები, რომლებიც  უმალ  შემოუერთდნენ ბუზებს და მე და პოლი კივილ-წივილით სახლისკენ გაგვრეკეს.  საოცარი სანახავები ვიყავით, წინ ჩვენ და უკან დიდი შავი გაავებული და ალბათ მშიერი ბუზ-ბზიკების ღრუბელი. ამ ტრაგიკული  შემთხვევის შემდეგ, როგორც კი მე და  პოლიმ "ჭრილობები" მოვიშუშეთ, გადავწყვიტეთ, რომ თბილისს არაფერი ჯობდა და დამსახურებული დასვენების დარჩენილი კვირები თბილისში, ჩემს ბინაში გავატარეთ.  საოცრად აწყობილად ვმუშაობდით. გამოთვლილი გვქონდა ყოველი წუთი და წამი, რომ ჩვენი თბილისური არდადეგები მშობლებს არ ჩაეშალათ - ანუ არავითარ შემთხვევაში,  მშვიდი სინდისით (რომ ბავშვები ჰაერზე არიან) მომუშავე მშობლებს ქუჩებში არ უნდა გადავყროდით.  ერთადერთი სიძნელე სოფელში უკან ავტობუსით ასვლა გახლდათ. ამიტომ უმალ ახალი მეთოდი გამოვიმუშავეთ, სავსე ტაქსებისთვის ხელის დაქნევის და ცარიელის ვერდანახვის მანამ, სანამ ვინმე ჩვენი ცოდვით არ დაიწვებოდა, არ გაგვიჩერებდა და აგარაკზე არ აგვიყვანდა, მოკლედ და კონკრეტულად, „ჭიჭიკოებით“ სარგებლობა გადავწყვიტეთ.
ჭკვიანები ვიყავით-თქო, ტყუილად არ მითქვამს,  შესანიშნავად  ვიცოდით, რამდენი საფრთხე ელის "ჭიჭიკოთი" მოსარგებლე გოგონებს და ამიტომ პირველი ცდისას აგარაკამდე უცხოს გავყოლოდით, გონებამახვილობა კვლავაც პოლიმ გამოიჩინა და  „შევიარაღდეთ, თავდაცვა რომ შეგვეძლოსო“, მირჩია.  უჯრა გამოაღო, დიდხანს იფათურა და გამარჯვებული სახით პატარა, ბოთლის გასახსნელი (ე.წ. "ატკრივალკა") მომაწოდა, თანაც ამიხსნა, რომ ამაზე საშიში იარაღი ჯერ არ გამოუგონიათო.
მაშ ასე, აწი  დამშვიდებულებმა, თავდაჯერებულებმა და შეიარაღებულებმა ერთ მშვენიერ დილას გადავწყვიტეთ ჩემი დის მონახულება ფასანაურში.  აქვე ვახსენებ, რომ სინდისდამშვიდებული მშობლებისთვის ჩემი და აქვე, თბილისიდან ორ ნაბიჯზე, წყნეთში ისვენებდა მეგობრებთან (რა თქმა უნდა, ამ მეგობრების  მშობლებსაც იგივე ეგონათ თავიანთ შვილებზე).  მაშ ასე, მე და პოლიც წავედით "წყნეთში" ამხანაგის "დაბადების დღეზე".  ფასანაურში ასულები კი ისე  კარგად გავერთეთ და ამ გართობაში ისე უცებ შემოგვაღამდა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ... რაღა უნდა გვექნა უკაპიკოდ წასულებს?  ისევ და ისევ  სანდო უცნობს ჩავჯდომოდით მანქანაში?
სხვა გზა არ გვქონდა, ასე დავიძარით თბილისისკენ და ამაში მოსაყოლიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს სანდომიანი უცნობი ბიჭი, მოულოდნელად გზიდან არ გადასულიყო და ჟინვალისკენ არ გადაეხვია. „მეგობარს გავუარეო“, მშვიდად გვამცნო და გადავიდა მანქანიდან. შუაღამეა, ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არაა, მე და პოლი კი ვფიქრობთ, რა ვქნათ, გადავიდეთ მანქანიდან? მაგრამ სად გინდა რომ წახვიდე?  დარჩე და, რა იცი, რა მოხდება.  უცებ პოლის სახე გაუნათდა და ჩანთიდან "ატკრივალკა" ამოიღო, „აჰა, შენ ამით დაიცავი თავი და მე კი ჩემი იარაღი მაქვსო“, ჩაიბუტბუტა და დაახლოებით  ასანთის ღერისხელა ჯაყვა დამანახა, (პაწაწინა დანა-ჩანგალი და, რაც მთავარია, სამგზავრო შტოპორი რომ მოყვება, ისეთი).  ამასობაში ჩვენი სანდომიანი ყმაწვილიც დაბრუნდა მეგობართან ერთად და გზა განვაგრძეთ.  ორიოდე წუთში პოლიმ გულზე იტაცა ხელი და „ვაიმე, ვკვდებიო“, დაიკნავლა, თან თვალი მიყო, „შევეცოდებით და აღარაფერს დაგვიშავებენო“. მეც მოვყევი, რომ პოლის გულის  თანდაყოლილი დაავადება ჭირს და, ვინ იცის, რამდენი დღეღა დარჩენია...  სასწრაფოდ თბილისში ვბრუნდებით, რადგან წამლები გაუთავდა-თქო.  იქვე,  ყოველი შემთხვევისთვის ისიც დავაყოლე, რომ ჩვენი მამები ე.წ. „ორგანოების“ თანამშრომლები არიან-თქო.  (ხომ  ვამბობ, საოცარი ჭკუის კოლოფები ვიყავით მე და პოლი). 
უნდა ვაღიარო, რომ ერთი ნაკლი მაქვს - როცა ვნერვიულობ, საოცრად ბევრს ვლაპარაკობ.  იმ ღამესაც ჩვენს ჭაბუკს დასაფიქრებლად ერთი წამიც არ დავუტოვე, კითხვებს კითხვებზე ვაყრიდი: რატომ შეანელე? რატომ აუჩქარე?  რატომ გადაუხვიე ტყეში?  (ბოლო კითხვაზე პოლიმ უკვე მეორე ხელიც იტაცა გულზე, ანანიაშვილს შეშურდებოდა, მომაკვდავ გედს  ისეთი გრაციით ანსახიერებდა). მანქანა გაჩერდა, მძღოლი მომიტრიალდა და ნერვიული ტონით მიპასუხა:  "რა გინდა, გოგო, რას გადამეკიდე? მაინდამაინც უნდა მათქმევინო, რომ მეფსია?"  ამის თქმა და თვალებიდან შიშის ბინდი გადამეპენტა და, ჰოი საოცრებავ, მანქანის წინ საკმაოდ მოზრდილი, ქვით ნაშენი საპირფარეშო დავინახე. ამის შემხედვარე პოლიც მაშინვე უკეთ გახდა და დარჩენილი გზაც სულ სიცილ-სიცილით ვიარეთ. აქვე დავამატებ, რომ პოლის მოგონილ გულით ავადმყოფობას მას მერე საკმაოდ ხშირად და ეფექტურად ვიყენებდით იმ „ჭიჭიკოებთან“, ვინც მეტისმეტი დაჟინებით პაემანზე შეხვედრებს გვთხოვდა. ეს ილეთი მშვენივრად ჭრიდა მანამდე, სანამ შემთხვევით  ერთ-ერთი  "ჭიჭიკო" მეორედაც არ გადამეყარა  და ნაღვლიანად,  აწ ალბათ უკვე ჩვენგან  წასული პოლი არ მოიკითხა... 
ის გიჟური ზაფხული, სავსე თავგადასავლებით - ქეიფებით გათენებული ღამეებით,  მეზობლის მთვრალი ქათმებითა და ღამის გამომაფხიზლებელი ვარჯიშებით, - შემოდგომამ შეცვალა, შემოდგომა - ზამთარმა, მერე გაზაფხულიც მოვიდა  და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა თბილისი და თბილისელი „ყურადღებიანი“ ნაცნობები. ყველამ ვიცით -  თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. მოკლედ, ამ ქალაქში არაფერი დაიმალება. არც ჩვენი თბილისური არდადეგები დაიმალა ბოლომდე. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე,  შორეული ნაცნობი  შემთხვევით შეხვდა პოლის მშობლებს, ერთმანეთის ამბები მოიკითხეს და, „პოლი მთელი ზაფხული თბილისში რად დატოვეთო?“, - დატუქსვა არ დააგვიანა  კეთილისმსურველმა ნაცნობმა.  გაოგნებულმა მშობლებმა საოჯახო კრება მოაწყვეს, ყველაფერი გამოგვკითხეს, ჩვენ (ყველაზე ჭკვიანებმა!)  თავი დავიძვრინეთ იმით, რომ ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში რამდენიმე საათით კაფეებში და კინოში სასიარულოდ. ამ ამბით დაზაფრულმა მშობლებმა  დიდხანს იმსჯელეს და გადაწყვიტეს მომავალ ზაფხულს თბილისიდან რაც შეიძლება შორს გავესტუმრებინეთ, მსგავსი სისულელე რომ აღარ გაგვემეორებინა.  მე და პოლიმ  მორჩილად ავიტანეთ ჩვენი "დამაშნი არესტი". რატომღაც რომ გაგვეპროტესტებინა -   ზაფხულის არდადეგები  ახლოვდებოდა და მესტიის საგზურები უკვე ხელში ეჭირათ ჩვენს მშობლებს.  მესტია კი უამრავ ახლა თავგადასავალს გვპირდებოდა... 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა

0 კომენტარი.:

Post a Comment