მათრობელა თაფლი და რომაელები

Approved by Mary Poppins

თაფლი საქვეყნოდ ცნობილი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, რომელსაც დაუღალავი და მშორმელი მწერი - ფუტკარი ქმნის. ისიც ცნობილია, რომ 1 კილო თაფლის დასამზადებლად ფუტკარს 10 მილიონი ყვავილის „მონახულება“ უწევს. ჩვენებური, გრძელხორთუმიანი მთის რუხი ფუტკარი მთელ მსოფლიოში ცნობილია, მას ხომ დღეში 5-7 კილომეტრის შემოფრენა შეუძლია. ჩარჩოიანი სკის, ხელოვნური ფიჭისა და ციბრუტის შემოღებამდე, უძველესი დროის საქართველოში თაფლი გეჯებში, როფებში და კოკოზებში მოჰყავდათ, ფიჭებიდან ხელით წურავდნენ და მერე თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ.
სამხრეთ ამერიკის კორდილიერების ტყეებში დღესაც ცხოვრობს ველური გვაიაკების ტომი, რომელიც ამერიკული უნესტრო ფუტკრის მიერ მაღალ ხეების ფუღუროებში დაგროვებული თავლის მოპოვებით ირჩენს თავს. ესპანეთში, დაბა ბიკონის მახლობლად ე.წ. „ობობის გამოქვაბულის“ ფრესკებზე გამოსახულია პირველყოფილი ადამიანის თაფლზე ნადირობის სცენა სპეციალური ჭურჭლით ხელში. ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანი ხის ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში დაეძებდა გარეული ფუტკრის ფიჭას და გემრიელად მიირთმევდა. ზოგიერთი ტომის წარმომადგენლები თავიანთ ბელადს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სხეულს თაფლით უზელდნენ.
თაფლსა და ფუტკარზე უამრავია ნათქვამი ლეგენდებსა და თქმულებებში, მხატვრულ თუ სამედიცინო ლიტერატურაში და ისტორიულ წყაროებში. ძველი ბერძნები თაფლს ღვთაებრივ საკვებს უწოდებდნენ. ინდურ მითოლოგიაში ღმერთი ვიშნუ ლოტოსის ყვავილზე მჯდომი ფუტკრის სახით არის გამოსახული და იქაური ქურუმები თავიანთ „სასწაულმოქმედ“ შელოცვასაც თაფლის ხსენებით იწყებდნენ: „თაფლი სტიქია...“და ა.შ.
სამი ათას ხუთასი წლის წინანდელ ეგვიპტურ პაპირუსში თაფლს „კუჭის შემამსუბუქებელ“ და სადეზინფექციო საშუალებად მოიხსენიებენ და მუმიების ბალზამირებისასაც სწორედ მას იყენებდნენ - ვინაიდან თაფლი ლპობისა და ხრწნის პროცესებეს აჩერებს და ანელებს. მაგალითად შუა აზიაში გარდაცვლილი ალექსანდრე მაკედონელი საბერძნეთში რომ ჩაესვენებინათ, სწორედ თაფლში შეინახეს.
თაფლს ყველგან დიდი პატივე მიაგებდნენ. რუსეთს კი „თაფლის ქვეყანას“ უწოდებდნენ და ალკოჰოლური სასმელიც კი ჰქონდათ „Меды“. ძველ საბერძნეთში სპორტსმენებს ასპარეზობის წინ ენერგეტიკის გასაძლიერებლად თაფლს აჭმევდნენ. იუდეველებსა და ფინიკიელებს საპატიო სტუმრისათვის თაფლის მირთმევა ჰქონდათ წესად. პალესტინასაც „თაფლისა და რძის“ ქვეყნის სახელით იცნობდნენ. ფილოსოფოსისა და ექიმის, იბნ-სინას წიგნებში: „მედიცინის კანონი“, „უჯუ“ და „იშარატ“ თაფლის მოხმარების უამრავი რეცეპტია მოცემული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ასე გვასწავლის: „თუ გინდათ დარჩეთ ახალგაზრდა, ჭამეთ თაფლი ნიგვზით“. ალბათ საქართველოში ასე ძალიან სწორედ ამიტომ გვიყვარს გოზინაყი. არაბეთში თვლიდნენ, რომ „თაფლი წამალია ყოველთა სნეულთათვის“. მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმები ჭრილობების შესახორცებლად (და სხვა დაავადებების დროსაც) აქტიურად იყენებდნენ თაფლს. კარელო-ფინურ ეპოსში „კალევალა“ შვილმკვდარი დედა ფუტკარს ევედრება გაფრინდეს ზღვებსა და ოკეანეებს მიღმა და არომატული თაფლი მოუტანოს შვილის გასაცოცხლებლად. საქართველოში კი, კერძოდ კოდორის ხეობაში, მეფუტკრეობის მფარველად წარმართული ულამაზესი ოქროსფერთმიანი ქალღმერთი ანანაგუნდა ითვლებოდა.
პოლიბიუსის ცნობით (ჩვ.წ.აღ. მდე II-Iსს.) თაფლი და ცვილი ფუფუნების საგანი იყო და პირველ საუკუნეში ფაზისი და დიოსკურია სწორედ მათი ექსპორტის ცენტრები იყო. რომაელი მწერალი გაიუს პლინიუსი თავის 27 ტომიან ექციკლოპედიაში ქართული თაფლის შესახებაც იძლევა ცნობებს. დავით გარეჯის ძველ სიგელში კი კახთ მეფისათვის მისართმევ ექვს ქვევრ თაფლზეა საუბარი. საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული ქვათაფლი ანუ კრაპუჭი გახლდა.
თაფლი სხვადასხვა ფერისა და არომატისაა, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მცენარის ყვავილისგანაა მიღებული. ფრანგი მოგზაური შარდენის გვიამბობს, რომ სამეგრელოში თეთრი და ყვითლი თაფლი მოდიოდა. მოგზაური დიუბუა დე მონპერე მას სურნელოვან საკვებად მიიჩნევდა. სტრაბონი კი კოლხურ თაფლს მწარეს უწოდებდა და მისივე ცნობებიდან ირკვევა, რომ ქართველებს პომპეუსი ლაშქრობის დროს ჯარისკაცების გასავლელ გზაზე მათრობელა თაფლით სავსე ჯამები დაუდგამთ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ თაფლისაგან გაბრუებულ მეომრებს. იტალიელი მისონერი ლამბერტი საუკეთესოდ კოლხურ თაფლს მიიჩნევდა და მის შხამიანობასთან დაკავშირებით წერდა, რომ კოლხები თაფლს მწარე კვახში ინახავენ და მის გემოსაც სწორედ ხაპი აფუჭებსო.
იელი
რამდენიმენაირი შხამიანი თაფლი არსებობს, რომლის ერთ-ერთი სახეობაცაა მათრობელა თაფლი. რომლით თრობასაც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არავის გისურვებთ! ქსენოფონტე თავისი „ანაბაზისის“ მეოთხე წიგნში მოგვითხრობს, რომ ათი ათასი ბერძენი მეომარი კოლხეთის ერთ-ერთ სოფელში მათრობელა თაფლით მოწამლულან. ელინი ჯარისკაცები დახოცილებივით მიწაზე ეყარნენ, მხოლოდ მესამე-მეოთხე დღეს წამოდგნენ ფეხზე გაბრუებულები. ვინც ცოტა ჭამა, მხოლოდ ღებინება ჰქონდა, ვინც ბევრი - შეშლილს ჰგავდაო. მათრობელა თაფლი სიკვდილს ძალიან იშვიათად იწვევს.
შქერი
საქართველოში მათრობელა თაფლის წყაროდ იელის (Azalea Pontica) და შქერის (Rhododendron Ponticum) ნექტარი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში ფუტკარი სახლში ყოველთვის გვყავდა, უნდა ავღნიშნო, რომ არც მე და არც მამაჩემს იელის ყვავილზე შემომჯდარი ფუტკარი არასდროს გვინახავს. თავად სულხან-საბა ორბელიანიც კი იელის ასეთ განმარტებას გვაძლევს: „ხე თაფლის გამრყვნელი“-ო. რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს, თურმე მათრობელა თაფლსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი შესანიშნავი სასაქმებელი საშუალებაა და კურნავს მალარიასა და ეპილეფსიას.
ადრე თურმე საქართველში ოთხი სახლის თაფლის ალკოჰოლურ სასმელი არსებობდა. თაფლის არაყი მე თვითონაც არაერთხელ გამომიხდია. გარდა სასმელისა თაფლით გოზინაყს, წანდილს, ალვახაზს, თაფლხავიწს და ქულემს ამზადებენ. თაფლხავიწს მშობიარეს აჭმევდნენ. კაკლისოდენა ქუმელი კი - თაფლში შეზელილი მოხალული ქერი - ომში წასულ ჯარისკაცებს შიმშილის გრძნობას უკლავდა და ბრძოლისუნარიანობას ჰმატებდა. საუკუნეების მანძილზე მრავალ ომგადატანილ ქართველ ხალხს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა ხალხურ მედიცინაში თაფლისა და მისი პროდუქტების - ფუტკრის რძის, დინდგელის, ფიჭის, ცვილისა და ყვავილის მტვრის გამოყენებისა, რაც შესანიშნავადაა ასახული „იადიგარ დაუდსა“ და „წიგნი სააქიმოდ“-ში.
იმასაც ამბობენ, რომ თაფლის გაცხელება არ შეიძლება. თერმოდამუშავებისას იგი კარგავს  სამკურნალო თვისებებს და ამიტომ ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ  ე.წ. „ცეცხლუნახავის“ ან „თაფლი უბოლავიის“ სახელით ცნობილ ფიჭიდან ხელით გამოწურულ თაფლს, რომელსაც მეფუტკრეები ცივ და მშრალ ადგილას ინახავდნენ.
თაფლს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, უმაცივრობის ეპოქაში პროდუქტების ხანგრძლივი დროით შესანახადაც იყენებდნენ - მაგალითად თაფლში ჩადებული სულგუნი თვეების მანძილზე ახალდამზადებულივითაა. ცეილონზე თაფლში ამოვლებულ ხორცის ნაჭრებს ტოტებით ამოფენილ ხის ფუღუროში აწყობდნენ და ისე ინახავდნენ ერთი წლის განმავლობაში და ხორცი ბევრად უფრო გემრიელი ხდებოდა. თაფლიან ქილაში ასევე უნაკლოდ ინახება, კარგად გარეცხილი და გამშრალებული მწიფე, უნაკლო პამიდორიც.
თაფლის ნატურალურობის შესამოწმებლად კი ქიმიური ფანქრის გამოყენებას არ გირჩევთ. უფრო მარტივი მეთოდებიც არსებობს: სუფთა ქაღალდს თაფლი ზოლად წაუსვით და ცეცხლი წაუკიდეთ. თაფლი თუ ნატურალურია, ქაღალდი დაიწვება და თაფლი არა.  ამაზე კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა:  თურმე თაფლის ფალსიფიცირება ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ხდებოდა.  პლინიუსის ცნობით, პალესტინაში ყალბ თაფლს წყლისა და ფქვილისგან ამზადებდნენ. ფალსიფიკაციის ბუმი კი რუსეთში, გერმანიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში მეცხრამეტე საუკუნეში იყო. დღეს რაც ხდება, ყველამ ისედაც კარგად უწყით!
თაფლი მენდელეევის მთლიან ტაბულას შეიცავს, ამაღლებს იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას და გაგიკვირდებათ, მაგრამ წონაში დაკლებაშიც გვეხმარება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment