სალათა „უოლდორფი“

Approved by Natia Jinjolava

მსოფლიოში სახელგანთქმულ „უოლდორფის“ სალათას საქართველოში ნაკლებად ვიცნობთ. როგორც ნებისმიერი კერძის (განსაკუთრებულად კი სალათების), მისიც უამრავი ვარიანტი არსებობს, თქვენ წარმოიდგინეთ, ტკბილიც კი. მაგრამ ორიგინალი, 1893 წელს ნიუ-იურკში სასტუმრო „უოლდორფ ასტორიას“ (Waldorf-Astoria) მეტროდოტელმა სრულიად შემთხვევით შექმნა. დიახ, დიახ მეტროდოტელმა ოსკარ ჩერკიმ (Oscar Tschirky), რომელიც მანამდე რესტორან „Delmonico’s“-ში მთავარ მიმტანად მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ „უოლდორფელ ოსკარს“ (მოგვიანებით ასე შეარქვეს ჩერკის) სამზარეულოში არასოდეს უმუშავია და რაიმე კერძი თავად არასოდეს დაუმზადებია,  სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი სახელგანთქმული საჭმლების ავტორობა, როგორიცაა უოლდორფის სალათი, კვერცხი ბენედიქტი და ხბოს ხორცი „ოსკარი“ სამეფო კრევეტებით, სატაცურითა და სოუსი „ბერნეზით“. სასტუმრო „უსოდორფის“ მენიუში ტორტი „წითელი ხავერდისა“ და სოუსი „ათასი კუნძული“-ს შეტანაც და ამ გზით მათი გაპოპულარულებაც  სწორედ ამ კაცის დამსახურებაა.
კიდევ ერთი ვერსიით, ეს სალათი 1900-იანი წლების დასაწყისში „Waldorf Lunch System“-ის რესტორნების ქსელში გამოჩნდა. ამ კომპანიას კი ლოგოდ სალათის ძირითადი კომპონენტი ვაშლი ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, „უოლდორფის“ სალათის რეცეპტი პირველად „უოლდორფელი ოსკარის  რეცეპტების წიგნში“ 1896 წელს დაიბეჭდა და მასში ნიგოზი არ შედიოდა. ეს კომპონენტი სალათს მხოლოდ 1928 წელს დაემატა ახალ კულინარიულ წიგნში „Rector Cook Book“. დროთა განმავლობაში ნიჭიერი მეტროდოტელის ქმნილება იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას კოულ პორტერმა სიმღერაც კი მიუძღვნა: „You are the Top“.
სალათის თავდაპირველ ვარიანტში ჩხირებად დაჭრილი ვაშლი, ბოლქვიანი ნიახური, ნიგოზი და ლიმონის წვენგარეული მაიონეზი შედიოდა და მას როგორც წესი, თეფშზე დაფენილი სალათის ფოთლებით რთავდნენ. უოლდორფის სალათას პოპულარობასთან ერთად ინგრედიენტებიც ემატებოდა. მაგალითად, ქათმის ან ინდაურის ხორცი, ყურძენი და ქიშმიში. ხშირად კი მაიონეზსს იოგურტით ან არაჟნითც ცვლიან.
სალათა უოლდორფი (ოსკრა ჩერკის ორიგინალი რეცეპტი)
გათალეთ ორი ვაშლი და დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაახლოებით 1 სმ-იან კვადრატებად. იგივენაირად დაჭერით ბოლქვიანი ნიახურიც და გადაურიეთ ვაშლში. ყურადღება მიქაციეთ, რომ ვაშლის თესლი არსად ჩაგყვეთ. სალათს ბლომად მაიონეზი მოსახით
(„Peel two whole apples and cut them into small pieces, say about a half inches square, also cut some celery the same way and mix it with the apple. Be very careful not to let any seeds of the apples be mixed with it. The salad must be dressed with a good mayonnaise”).
სალათა უოლდორფი
200 გრ ბოლქვიანი ნიახური, 100 გრ ნიგოზი, 100 გრ სალათის ფოთოლო, 2 ც ვაშლი, 150 გრ მაიონეზი
ნიახურის ღეროები და ვაშლი დავჭრათ ჩხირებად, მოვაყაროთ არც თუ ისე წვრილად დაჭრილი ნიგოზი, მოვასხთ ლიმონიანი მაიონეზი. თეფშზე დავაფინოთ სალათის ფოთლები და ზემოდან მოვათავსოთ სალათა.
სალათა უოლდორფი ქათმით
2 ც ვაშლი, 300 გრ ნიახურის ბოლქვი, 3-4 ს/კ ნიგოზი, 1 ც დიდი ზომის ქათმის ფილე, პილპილი და მარილი გემოვნებით, 1 ც ლიმონი, 60 გრ ყველი ცისფერი ობით, 200 მლ მაწონი, 150 მლ არაჟანი, შაქარი გემოვნებით
სოუსისთვის ჩანგლისთ გავქნათ ყველი, დავუმატოთ მაწონი, არაჟანი, ლიმონის წვენი და ცოტა შაქარი. კარგად ავურიოთ ერთმანთში. ვაშლი და ნიახურის ბოლქვი დავჭრათ წვრილ ჩხირებად. ვაშლს, რომ არ დაიჟანგოს, მოვასხათ ცოტა ლიმონის წვენი. ქათმის ფილე დავბრაწოთ (ან მოვხარშოთ), დავჭრათ კუბიკებად და გავაციოთ. ნიგოზი დავჭრათ. ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ და დავუმატოთ სოუსი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.
სალათა უოლდორფი ყურძნით
ნიახური და ვაშლი დავჭრათ პატარა კუბიკებად და მაშინათვე მოვასხათ ლიმონის წვენი. ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ. ვარდისფერი ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე და გამოვაცალოთ კურკები. შემწვარი ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად. ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ, შევამარილოთ და შევაპილპილოთ და მოვასხათ ლიმონის წვენგარეული მაიონეზი. სალათა დავდოთ სალათი ლატუკის ფოთლებდაფენილ თეფშზე (ამ ვარიანტში ნიგოზი შეგიძლიათ შეცვალოთ კანგაცლილი ნუშით, ძალიან გემრიელია).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

4 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    ფრიად გემირიელად გამოიყურება :)
    ამ დღეებში თბილისში ჩამოვდივარ და მთელი 2 კვირა დავრჩები. თქვენს წვეულაბაზე მოპატიჟება ისევ ძალაშია თუ როგორც მაშინვე ვივარაუდე - გადაიფიქრეთ?

  1. Natia Jinjolava

    მოპატიჟება ძალაშია, ოღონდ ამჯერად მე არ ვარ თბილისში :) თუ დანარჩენი ბლოგერები ითავებენ, რატომაც არა?! რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად შემოგვეხმიანეთ და რამე მოვიფიქროთ :)

  1. Masento Gulacho

    გოროც ძველი პოსტებიდან მივხვდი წვეულებები თქვენთან იმართებოდა, მაგრამ დანარჩენები თუ გაართმევენ თავს, მე უკვე თბილისში ვარ

  1. Natia Jinjolava

    ძალიან მწყდება გული, მაგრამ მე კვლავაც გასული ვარ თბილისიდან. რაც შეეხება წვეულებებს, არა მარტო ჩემთან, სხვაგან და უჩემოდაც კარგად იმართება, ასე რომ - არაფერია გამორიცხული :)))

Post a Comment