დათვთან მეომარი

Approved by Natia Jinjolava

მიყვარს გურია და მისი ლამაზი მთა-ბარი, სადაც ჩემი მოუსვენარი ბავშვობა გავატარე და რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. აი, ახლაც,  თუ მოისურვებთ, თქვენი თანხლებით, მცირეოდენი ხნით ბავშვობაში ვაპირებ დაბრუნებას. მაშ ასე, ვიწყებ: მამაჩემს სახლიდან შორს, მთების გადაღმა მდინარის ხეობის კალთის ულამაზეს ადგილას საფუტკრე ჰქონდა, სადაც გაშენებლი იყო ვაზი და ხილი. ფუტკრის ასიოდე ოჯახისათვის თესავდა იონჯას, სამყურას, ბოსტნეულს და ა.შ. ბებერ ხეებზე ციყვებიც კი დანავარდობდნენ, რაც არასოდეს გამოჰპარვია ჩემს მახვილ მზერას. იქვე, საგულდაგულოდ მოსწორებულ ადგილზე მაღალ ბოძებზე შემყენებული ნალია იდგა, რომელშიც ფიცრებისგან შეჭედილი ორი ნარი ღამის გასათევად იყო გათვალისწინებული. ნალიაში ასაძრომი კიბის მოვალეობას კი, რა თქმა უნდა, ცულით საფეხურებამოჭრილი ხის დიდი მორი ასრულებდა.
ჩვენს საფუტკრეს გვერდით კალმახებივით დაწინწკლული ტრიტონებით სავსე ღელე ჩამოუდიოდა. წყალზე მამას ბაჯბაჯა დათვისა და სხვა ნადირის დასაფრთხობად ე.წ. საცეხველი ჰქონდა გამართული, რომლის ტექნოლოგიაც იმაში მდგომარეობდა, რომ  ორი მსხვილი მორი ჭიგოთი და ჭანგებით ღელეზე მოძრავ მდგომარეობაში იყო დამაგრებული. მორს ერთ ბოლოზე მძიმე რკინა ეკიდა, მეორე ბოლო ეჩოთი დიდი, ღრმა ჩამჩასავით იყო ამოჭრილი და ღელედან წყალი ვიწრო ღარით ამ „ჩამჩას“ ავსებდა. იგი აიწონა-დაიწონას პრინციპით დაბლა იხრებოდა და შხუილით იცლებოდა, მორს გამობმული რკინა ამ დროს ზევით იწეოდა, „ჩამჩადაცლილი“ მხარე საწყის მდგომარეობას გრუხუნით უნრუნდებოდა, რკინა მის ქვეშ სპეციალურად დადებულ დიდ ქვას ეხეთქებოდა, საშინელ ხმას გამოსცემდა და ეს პროცესი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა ზამთრის დადგომამდე, ვიდრე იქაურობას სამ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლის საბურავი არ დაფარავდა. გეკითხებით, რომელი ცხოველი გაუძლებდა ამ მოულოდნელ ხმაურიან „ზაფრვას“ და იქაურობას სპრინტერივით უკანმოუხედავად არ გაეცლებოდა?
ბუერას ფოთლებით დაფარული ღელე კი დაუღალავად აგრძელებდა სრბოლას ხეობის ძირში კალმახებით სავსე, სუფთა, გამჭვირვალე მდინარესთან შესაერთებლად, რათა გაძლიერებული ენერგიით მთის ამბავი ბარში ჩაეტანა და სიცოცხლე სამარადჟამოდ განეგრძო მოუსვენარი და სტუმართმოყვარე შავი ზღვის ტალღებში. იქაური სილამაზის აღწერა შეუძლებელია, იგი თავად უნდა ნახო, აღიქვა და გააცნობიერო!
მიუხედავად სიშორისა, მიხაროდა საფუტკრეში მისვლა, განსაკუთრებით ზაფხულში და შემოდგომაზე. გზაზე უამრავი მოცვი, მარწყვი, მაყვალი, კაკალი და რა აღარ მხვდებოდა. მიყვარდა მამაჩემის გვერდით ფუსფუსი, მისი „შეგირდობა“, განსაკუთრებით თაფლის მოსავლის აღების დროს.
ერთ ზაფხულსაც მამას მთაში წავყევი თაფლის პირველი მოსავლის ასაღებად. საღამოსთვის სამუშაოდ გავიმზადეთ საბერველი, ციბრუტი, დანები. მამამ ყუთები გაავსო დამწიფებული თაფლით გადაბეჭდილი ჩარჩოებით, რომლებიც კარგად შევფუთეთ და დაველოდეთ დაბნელებას, რათა გამოწურვაში ფუტკარს ჩვენთვის ხელი არ შეეშალა. დაღამდა თუ არა, ნალიის ქვეშ ცეცხლი გავაჩაღეთ, სამფეხაზე ქვაბით წყალი შემოვდგით და საქმეს შევუდექით. საოცარი სურნელი დატრიალდა, ახლაც კი ვგრძნობ ამ ყველაფერს. გათენებამდე ვიმუშავეთ, როგორც იქნა მოვრჩით თაფლის გამოწურვას, დავავსეთ ჭურჭელი. მამამ მე დასაძინებლად ნალიაში გამამწესა თავად კი ცარიელი ჩარჩოების უკან, სკაში ჩალაგებას შეუდგა.
ნარზე წამოწოლილს მაშინვე ჩამეძინა და სიზმარში ვხედავ, რომ ულამაზეს მინდორში ვარ, ირგვლივ უამრავი ფერად-ფერადი ყვავილია და ვტკბები მათი მშვენიერებით. ხან ერთ ყვავილს ვეფერები და ხან მეორეს, ამ დროს ჩემსკენ რომელიღაც ყვავილიდან აფრენილი ფუტკარი წამოვიდა. მე დავიხარე, ხელი ავუქნიე, ის კი ჯიუტად ცდილობს ჩემს ცხვირზე დაჯდომას... ძილში ხელი მართლაც მოვიქნიე, მწარე ნაკბენისგან გაღვიძებული და გამწარებული გიჟივით წამოვხტი და თვალის დახამხამებაში ნალიიდან მიწაზე ნაკბენი ცხვირით „ნარნარად“ დავეშვი. ასე აღმოვჩნდი ყვავილებიან მდელოზე და ასე მექცა სიზმარი ცხადად, რამაც შემდგომში არაერთხელ დამარწმუნა ჩემი ფერადი „წინასწარმეტყველური“ სიზმრების სისწორეში. მაგრამ მთელი ჩემი მაშინდელი უბედურება ის იყო, რომ ერთ საათში სახე ისე დამისივდა, ორი კვირის განმავლობაში შინაურს თუ გარეულს ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქიდან მცირე კრაკატაუს ამოფრქვევით გამოწვეული დარტყმითი ტალღის მიერ ბადროსავით გამოტყორცნილი სტუმარიც კი ვეგონე... ვერავინ მცნობდა!
მორიგი მოსავლის აღებისას მამას მე და ჩემი და უფროსი და ვახლდით. იმ წელს ოთხჯერ გამოვწურეთ თაფლი, ბარაქიანი ზაფხული იდგა და თაფლისთვის ჭურჭელი რომ არ გვეყო, მამამ ქვევრებშიც კი ჩაასხა შესანახად. ასე რომ, შვილებმაც მივიღეთ შრომაში მონაწილეობა და დილით ფიჭის ნათალით სავსე ორი ვედრო ჩვენ გვერგო სახლში წასაღებად. მძიმე ვედრო ხან ხელში გვეჭირა, ხანაც მხარზე შემოვიდგამდით და ვითომ მოკლე გზით, სიმინდის ყანებისა და მდინარის გავლით დასახული მარშრუტით მოვდიოდით. მამამ ორლულიანი სანადირო თოფი მხარზე გაიდო და მეორე გზით წავიდა მეზობლისგან ცხენის სათხოვნელად (თაფლი რომ გადაეზიდა). ჩემი და მშიშარა იყო. მე კი, როგორც იტყვიან, მამალი მგლისა არ მეშინია, ამიტომ, რა თქმა უნდა, წინ მივდიოდი. როგორც იქნა მივაღწიეთ ყანას, შევედით კიდეც თითქმის შუამდე და ჩვეს წინ კავკასიური მურა დათვი არ „გაიჩითა“?!
ერთი კი დავიყვირე დათვი-მეთქი და აქამდე თუ თავდაღმართში ოხვრა-კვნესით მოიზლაზნებოდა, ახლა ჩემი და მხარზე მძიმე ვედრო შემოდგმული თავქუდმოგლეჯილი აღმათში არბოდა, მე კი უკან მივდევდი და ძლივს ვეწეოდი... ხანმოკლე მარათონული რბოლის შემდეგ დავეწიეთ მამას, აქოშინებულებმა მოვუყევით ჩვენი „საქმენი საგმირონი“, რაც მამას სასაცილოდაც არ ეყო: „თქვე გლახებო, თქვენი დანახვით შეშინებული დათვი ახლა თქვენზე შორს იქნება გაქცეულიო!“

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ფერადი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment