სილამაზე ქართულად - ქალები

Approved by Natia Jinjolava

ჯინსის შარვალზე სათუთად გადმოფენილი, ნალოლიავები ღიპუჩელა, მოკლე მაისურსა და  თეძოზე გვარიანად ჩაჩაჩულ საქამრეს შორის ზურგის ვიწრო ზოლზე აბიბინებული ბალანი, კეკლუცად და საგანგებოდ გამოჩენილი და ხშირად საკმაოდ გაცვეთილ-გაწელილი საცვლის რეზინი... ალბათ თვალწინ დაგიდგათ ნაჯაფი ქართველი მძღოლის პორტრეტი, არა? არაფერიც! ეს ქალაქის ქუჩებში თავმომწონედ მორონინე და საკუთარ სექსუალურობაში ღრმად დარწმუნებული თბილისელი „ლამაზმანია“. ამას დაუმატეთ მხრიდან, ვითომ შემთხვევით გადაცურებული სახელოს ქვეშიდან გამოჩენილი, მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილი, კონტრასტული ფერის (ეს აუცილებელი პირობაა - კარგად რომ გამოჩნდეს!) ლიფის ბრეტელი, არცთუ შორეულ წარსულში გულმოდგინედ დაბანილ-დავარცხნილი და აწ  ყველანაირ ფორმადაკარგული თმა და უნიჭო ხელით შესრულებული უხარისხო მაკიაჟი...
სულ რაღაც ათი-თხუთმეტიოდე წლის წინ (მატერიალურად ყველაზე მძიმე წლებშიც კი!), ქალაქში სიარულისას, თვალს უხაროდა კოხტა და ლამაზი გოგო-ბიჭების დანახვა. საოცრად სიმპათიური ახალგაზრდობა იყო. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე კი სიტუაცია იმდენად მკვეთრად შეიცვალა, გეგონება, გენეტიკურ მუტაციას ჰქონდეს ადგილი!
ათი წუთით ქუჩაში სკამზე რომ ჩამოჯდე და გამვლელ-გამომვლელს დააკვირდე, თავი ოთხმოცი წლის ბებია გეგონება, რომელიც ყველას აკრიტიკებს და ყველაფრით უკმაყოფილოა. მოდი და ნუ იქნები, როცა ცხვირწინ მუხლის სიმაღლეზე განლაგებული საჯდომების მთელი ჯარი ჩაგივლის! რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ამის აღიარება, ქართველ ქალს ბუნებამ „სლავური“ გრძელი ფეხები და „ბრაზილიური“ ჯიშიანი, მაღლა აზიდული უკანალები არ არგუნა. წარმოიდგინეთ ზემოხსენებულ ღირსებებს მოკლებული ქალის ფიგურაზე „მორგებული“ დაბალწელიანი შარვალი (რომელიც ფეხის სიგრძეს საგრძნობლად ამოკლებს) ან  მუხლსქვემოთ ჩავიწროებული შარვალი (რომელიც ყველაზე მოხდენილ გავას, სულ მცირე, ორი ზომით დიდს აჩენს). და ახლა ამ ყველაფერს ჩაჩაჩულ მოდელსაც თუ დავუმატებთ... რაღა გავაგრძელო, დადექით ქუჩაში და თავად დაინახავთ ამ დაუვიწყარ „სილამაზეს“.
ქართველი ქალის ცოდვიდან ალბათ დიდხანს ვერ ამოვა ამ ჩაცმულობაზე უქუსლო ფეხსაცმლის (კედების და ე.წ. „ბალეტკების“) შეხამების მომგონი. არადა, ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ტანსაცმლის ფუნქცია არა მხოლოდ სხეულის შემოსვა-გათბობაა, არამედ თანდაყოლილი თუ შეძენილი ნაკლის დაფარვაცაა. ოსტატურად და გონივრულად შერჩეული სამოსით რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის, ზომაზე მეტად მოკლე თუ მრუდე ქვედა კიდურის, ჩამრგვალებული ბარკლების, მეტისმეტი სიგამხდრისგან ამოჩრილი გულ-მკერდის ყაფაზის ან დამოუკიდებლად მორაჩხუნე მუხლისთავების შენიღბვაც კი მარტივადაა შესაძლებელი. ერთმა ჩემმა რეალისტურად მოაზროვნე ნაცნობმა, სკოლის დამთავრებისა და საძულველი ფორმის კაბის გახდისთანავე, კლასიკური შარვალი რომ ჩაიცვა, მას მერე აგერ ოცი წელია, ეჭვიც არავის აუღია, რომ ამ მოხდენილ და სიმპათიურ გოგონას სინამდვილეში ქართველი ფეხბურთელისთვისაც კი საარაკოდ გაღუნული ფეხები აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მისმა ოჯახის წევრებმა და ცურვის ინსტრუქტორმა იციან.
ქართველმა ქალებმა სოფი ლორენის ცნობილი გამონათქვამი „ქალს ტანსაცმელი ერთი ზომით პატარა, ხოლო ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი უნდა ეცვასო“, ეტყობა, უკუღმართად გაიგეს. ფეხსაცმელზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ტანსაცმელი ერთი კი არა, სამი ზომითაც პატარა მშვენივრად „მოირგეს“ და შედეგად, აი, რა მივიღეთ: საქამრეზე საბურავებივით ერთმანეთზე შემოლაგებული ცხიმის რგოლები და ყურებივით პარტყუნა თეძოები (ყოველ ნაბიჯზე ნაზად რომ ქანაობს). ზოგი უფრო შორს წავიდა - „ტანსაცმელი თუ ამდენს მაკლებსო, თეთრეული საერთოდ ტანწერწეტად მაქცევსო“, ამდენი დიზაინერის და მოდელიორის შრომა სულ წყალში ჩაყარეს, სხეულის კორექციისთვის სპეციალურად გამოგონებული ე.წ. „ბანდაჟების“ ნაცვლად, ყველაზე მინიატურული ზომის თეთრეული მოიმარჯვეს და აი, თბილისის ქუჩებში დაირხევიან ვიწრო ბიკინშემოჭერილ-შემოტმასნული, „ბულკებივით“ დუნდულები. გეცნოთ, ჰო?
ახლა ორიოდე სიტყვა ჩვენებურ დეკოლტეზეც უნდა ვთქვა. ბოლო დროს ასეთი მცდარი აზრი თუ ტენდენცია გავრცელდა: გამჭვირვალე ტანსაცმლის ქვეშ მკვეთრი ფერის და აუცილებლად  დიდი ზომის ლიფი თუ გაცვია, ყველას ეგონება, რომ მინიმუმ პამელა ანდერსონის ბიუსტის პატრონი ხარ. არადა, გულ-მკერდის ძვალზე პირდაპირ „მიდებული“ აზღუდი მის ქვეშ არაფრის არსებობის მეტყველი ნიშანია (სხვათა შორის, არცერთი მამაკაცი მსგავსი ოინით არ ტყუვდება, საკმაოდ გაწაფული თვალი აქვთ და ბევრ ქალზე უკეთესად იციან „ინტერესის ობიექტის“ რეალური ზომები).
ახლა მოდით, ასე გამოწყობილი ქალი ქალური სილამაზის საყოველთაოდ მიღებულ ატრიბუტზე - მაღალ ქუსლებზე შევაყენოთ. წეღან უქუსლო „ბალეტკებს“ გადავწვდი, რომლის საწინააღმდეგოც პრინციპში არაფერი მაქვს. აი, მაღალი ქუსლები კი ჩვენებური მაქსიმალიზმით გავიგეთ, სამ-ხუთ-შვიდ სმ-ზე არ დავხურდავდით და პირდაპირ ცხრა და თორმეტსანტიმეტრიანს დავწვდით, რომელსაც ნორმალური ქალი, როგორც წესი, მხოლოდ გარკვეულ შეთხვევებში იცვამს (შეზღუდული დროით და საზეიმო ვითარებაში და არა სამსახურსა თუ საყიდლებზე მიმავალი). აბა, ჩვენებს გადახედეთ! ქუჩები სავსეა ოჩოფეხებზე ამხედრებული, მუხლებგამოვარდნილი და გავაგაბზეკილი, ტერმინატორივით მოძრავი გოგოებით, რომლებსაც თავი ძალიან მომხიბლავი და მიმზიდველი ჰგონიათ. არა, ყურადღებას ნამდვილად იქცევენ, ოღონდ აღფრთოვანებული მზერის ტყორცნის ნაცვლად, სასწრაფოდ მირბენა და ხელის შეშველება გინდება, ემანდ არ წაიქცესო და ცხვირი არ წაიმტვრიოსო.
რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა (გესლნთხევა) ყველას არ ეხება. ბევრი ნამდვილად მოხდენილი და გემოვნებიანი ქალიც დაიარება, მაგრამ რა ვქნა - რეალურად არსებული „სიმახინჯის ესთეტიკით“ ტკბობა ჩემს ძალებს აშკარად აღემატება...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

2 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    გემოვნებაც ერთერთი ნიჭია, რომელიც საუბედუროდ ძალიან ბევრს არ აქვს.

  1. Aunt Polly

    გემოვნებას (ისევე, როგორც მუსიკალურ სმენას და ხატვის ნიჭს, ა.შ.) კულტივირება უნდა...

Post a Comment