მოგზაურობა მეოთხე: Konstanz, ანუ გასეირნება შუასაუკუნეებში

Approved by Natia Jinjolava


პატარა და საყვარელი - ეს ორი სიტყვა ყველაზე მეტად მიესადაგება ბოდენის ტბის ნაპირას გაშენებულ ულამაზეს ქალაქ კონსტანცს.
კონსტანცი ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს საინტერესო ჩამოსულისთვის: 1. ერთდროულად ორ ქვეყანაში „მდებარეობს“ - გერმანიასა და შვეიცარიას შორის საზღვარი სადღაც ქალაქის კვარტალებში გადის, თუმცა ზუსტად სად - ამას ვერავინ გეტყვით: ადგილობრივებმა არ იციან და არც საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი არსებობს (თუმცა იმაზე, რომ ქალაქი ნამდვილად ორ ქვეყანას განეკუთვნება, ორი სარკინიგზო სადგური, გერმანული და შვეიცარული, მიგითითებთ);
2. კონსტანცი საპორტო ქალაქია - ერთდროულად გერმანიის ყველაზე დიდი ტბისა და მდინარე რაინის ნაპირებზეა გაშენებული, რაც მას თავისებურ ელფერს სძენს;
3. ქალაქი უძველესია - ისტორიული ცნობების მიხედვით, პირველი დასახლება ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულით თარიღდება. აქაურობას მრავალი ჯურის ხალხი და ხელისუფლება ახსოვს: ჯერ კელტები ბატონობდნენ, მერე რომაელებმა დაიპყრეს (ქალაქის სახელწოდებაც რომაელი იმპერატორის, კონსტანტიუს კლორუსის სახელიდან მომდინარეობს), ჩვ.წ.აღ-ით მე-6 საუკუნეში საეპისკოპოსო რეზიდენცია გახდა. ქალაქის შემდგომ ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ამ ფაქტმა მოახდინა - მოგვიანებით, 1414 წელს, აქ იმდროინდელ ევროპაში  ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი და გერმანიაში გამართული ერთადერთი საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელიც ძალიან სევდიანად - პრაღის უნივერსიტეტის რექტორისა და ცნობილი ერეტიკოსის, იან ჰუსის დაპატიმრებითა და ცოცხლად დაწვით დამთავრდა. ამას რომის და ავინიონის პაპაების „ჩამოგდება-გადაყენება“ მოჰყვა და სამი წლის შემდეგ, ისევ კონსტანცში, ახალი პაპი აირჩიეს (ესეც გერმანიისთვის უნიკალური მოვლენაა). სხვათა შორის, შენობა - ამ ისტორიული მოვლენის ადგილი - დღესაც არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი... ბეღელია! ამასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს - რომის პაპის არჩევნებისას, ქალაქს უამრავი ხალხი მოაწყდა. ჰოდა, ამდენი ჩამოსული სადღაც რომ დაებინავებინათ, ქალაქის ყველაზე დიდი შენობა შეარჩიეს. ის მართლაც ძალიან დიდია, მაღალსახურავიანი და მისი კედლები პატარ-პატარა ფანჯრებითაა „დაჩვრეტილი“.
4. მეორე მსოფლიო ომის დროს (ალბათ შვეიცარიასთან სიახლოვის გამო) ქალაქი პრაქტიკულად არ დაბომბილა და მისი ისტორიული შენობა-ნაგებობანი დღემდე პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ბევრ მათგანზე აშენების თარიღია მითითებული. სეირნობ კონსტანცის ძველ ქუჩებში, ვინ იცის, რამდენი წლის წინ აშენებულ კოხტა სახლს აწყდები და თავი შუა შუასაუკუნეებში გგონია.
5. ასაკისა და სიძველის მიუხედავად, აქაურობა ახალგაზრდებითაა სავსე - კოსტანცი საუნივერსიტეტო ქალაქის (თუმცა მისი უნივერსიტეტი საკმაოდ გვიანდელია - სულ რაღაც 1966 წელს გაიხსნა).
ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილის დასათვალიერებლად ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა მისი ვიწრო მოკირწყლული ქუჩები, ორ-სამსართულიანი ფერადი სახლები დარაბებიანი ფანჯრებით, შადრევნებიანი პატარა მოედნები, უზარმაზარი საკათედრო ტაძარი და ძველი რატუშა რკინის ჭიშკრითა და კოშკურებით, სანაპირო პარკი, ნავსადგურის შესასვლელში ბალზაკის პერსონაჟის მბრუნავი ქანდაკება, რომელსაც „იმპერია“ ჰქვია, - ეს ყველაფერი აქაურობას განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებს. გინდა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ნახო, უსასრულოდ დახეტიალობ ქუჩებში, სანამ არ დაგაღამდება და, როგორც სამუშაო დღეებში საღამოობით გამოცარიელებულ პატარა ევროპულ ქალაქებს სჩვევიათ, ქუჩაში ერთადერთი გამვლელი არ დარჩები...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

0 კომენტარი.:

Post a Comment