მარინადი, მარინადი და ისევ მარინადი...

Approved by Natia Jinjolava

დღეს ქართული პირისგემოსთვის უჩვეულო სამნაირ მარინადს შემოგთავაზებთ: - შავი ქლიავის, ატმის და მსხლის. მაგრამ მერწმუნეთ, ადამიანი კარგს მალე ეჩვევა და თქვენც კმაყოფილი დარჩებით. დაახლოებით 15 წლის წინ ჩვენმა ხილდურ ბოკმა შავი ქლიავის მარინადის (მწნილის) კეთება რომ დაიწყო, მასთან სუფრაზე მისვლა მიყვარდა - „უცხო ხილს“ არავინ ეკარებოდა და რაც მაგიდაზე იდო, ყველა მე მრჩებოდა. სამწუხაოდ, ნელ-ნელა მიეპარნენ, გაბედეს, გასინჯეს და ახლა ჩემი საყვარელი დამჟავებული ქლიავი სტუმრების დასხდომისთანავე ქრება სუფრიდან. შემოთავაზებულ მარინადებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამე უნდა გაგაფრთხილოთ: ქლიავი განუსაზღვრელი ვადით და ნებისმიერ პირობებში ინახება. მსხალი და ატამი კი სულ 2-3 თვით და ისიც მაცივარში. მგრამ მერწმუნეთ, მათთვის მაცივარში ადგილის მონახვა ნამდვილად ღირს.

შავი ქალიავის მარინადი
3 კგ ქლიავი, 1,5 კგ შაქარი, 375 მლ წყალი, 750 მლ ღვინის ძმარი, რამდენიმე ცალი ვარსკვლავა ანისულა (თუ გაქვთ)
ქლიავი დავრეცხოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და დიდ ემალის ტაშტზე დავყაროთ. შაქარი, წყალი, ანისულა და ძმარი წამოვადუღოთ, გავაციოთ და დავასხათ ქლიავს. სამი დღით დავივიწყოთ. შემდეგ, გადავწუროთ, მარინადი ისევ ავადუღოთ, გავაციოთ და ისევ დავასხათ ქლიავს. გავაჩეროთ 24 საათი. ისევ გადავწუროთ, მარინადი წამოვადუღოთ. ქლიავი მდუღარე წყალგამოვლებულ ქილებში ჩავალაგოთ (1 სამლიტრიანი და 1 ლიტრიანი ქილა გამოდის) და თავზე ცხელი მარინადი დავასხათ და დავახუროთ პლასტმასის თავსახური (თუ არ გეზარებათ, შეგიძლიათ მოხუფოთ). მარინადის ნაწილი მოგრჩებათ, დაუნანებლად გადაასხით. 1 თვეში მზად იქნება.

პიკანტური მსხალი
5 მსხალი, 2 ლიმონი, 250 მლ ღვინის ძმარი, 500 მლ წყალი,  200 გრ შაქარი, 2 ს/კ პილპილის მარცვლები, 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
მსხალი გავჭრათ სიგრძეზე ოთხ ან რვა ნაწილად. მოვაშოროთ კურკები. 1 ლიმონი დავმდუღროთ და დავჭრათ რგოლებად. მეორისგან გამოვწუროთ წვენი და მოვასხათ მსხლის ნაჭრებს. წყალი, ძმარი და შაქარი წამოვადუღოთ. მდუღარეგამოვლებულ ქილაში ჩავალაგოთ მსხლის  და ლიმონის ნაჭრები, ჩავყაროთ პილპილის მარცვლები და დავასხათ ცხელი მარინადი. მოვაყაროთ ლიმონის ცედრა. თავზე პლასტმასის თავსახური დავაფაროთ (ასევე, შეგიძლიათ მოხუფოთ) და დავდგათ გასაცივებლად. რამდენიმე დღე გავაჩეროთ.

ატმის მარინადი
1,2 კგ ატამი, 1 ლ თეთრი მშრალი ღვინო, 500 გრ შაქარი, 4 მიხაკი, 1 დარიჩინის ჩხირი, 1 ს/კ შავი პილპილის მარცვლები
ატმებს მდუღარე წყალი დავასხათ და 1 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ ამოვიღოთ და კანი გავაცალოთ. შაქარი და  ღვინო (პილპილთან, მიხაკთან და დარიჩინთან ერთად) ვადუღოთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე. ჩავყაროთ ატმები და კიდევ 1 წუთი ვხარშოთ. გავაციოთ. გადავწუროთ, ღვინო ისევ ავადუღოთ და ისევ ჩავალაგოთ ატმები. 5 წუთი გავაჩეროთ. ისევ გადავწუროთ და ღვინო ცოტა ხანი ვადუღოთ. ჯერ კიდევ ცხელი ატმები დამდუღრულ ქილაში ჩავალაგოთ და მდუღარე ღვინო დავასხათ. თავზე მჭიდროდ დავახუროთ (შეგიძლიათ მოხუფოთ, რასაკვირველია მოხუფული მეტხანს ინახება და მაცივარიც არ დასჭირდება) და სადმე ბნელ ადგილას დავდგეთ ატამი რომ არ გაშავდეს. რამდენიმე დღე გავაჩეროთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. თუ მენდობით, ყველაზე გემრიელი სწორედ ყველაზე შეუხედავი შავი ქლიავია.  ჩვეულებრივ 3-4 პორციას ვაკეთებ ხოლმე, და ახალი წლისთვის გადამალვა მიწევს. ნამდვილი ტაციაობაა - სანამ ეგულებათ.

0 კომენტარი.:

Post a Comment