ბრაზილიელი სტუმრები: Pitú და Caipirinha

Approved by Natia Jinjolava

გაგიკვირდებათ, ამ შუა ზაფხულში და ორმოცგრადუსიან სიცხეში არაყი რამ გაგახსენაო... მაგრამ იმ არყისგან, რომელზეც მინდა გიამბოთ, უგემრიელესი გამაგრილებელი კოქტეილი კეთდება, რომლის გასინჯვა ნამდვილად ღირს. მაშ ასე, გაიცანით ბრაზილიური არაყი Pitú, რომელიც მზადდება შაქრის ლერწმისგან (ერთი ბოთლი არყის დასამზადებლად საჭიროა 5 კგ-მდე შაქრის ლერწამი). საკუთრივ სახელწოდება ”Pitú” მომდინარეობს ბრაზილიის მდინარეებში მობინადრე მსხვილი კრევეტების სახელიდან. არსებობს ე.წ. ”ოქროს” Pitú, რომელსაც გამოხდის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხის კასრებში ინახავენ, რის შემდეგ სასმელი სასიამოვნო ოქროსფერს იღებს.
არსებობს კოქტეილების მთელი რიგი, რომელიც ამ არყისგან მზადდება Pitúrinha, PitúCola, PitúBatidas, Pitúlito, PitúOrange. ყველაზე პოპულარული კოქტეილია Caipirinha, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება და ”უწყინარი” გარეგნობის მიუხედავად, საკმაოდ მაღალგრადუსიანია. მისი რეცეპტი შაქრის პლანტაციებში მომუშავებმა გამოიგონეს, სახელი კი პორტუგალიურად ”სოფლის მაცხოვრებელს” ნიშნავს. მისი მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტებია: არაყი Pitú, ლერწმის შაქრის კუბიკები (ევროპაში ამჯობინებენ ლერწმის ყავისფერ შაქარს, ხოლო ბრაზილიაში უპირატესობას ლერწმის თეთრ შაქარს ანიჭებენ), ლაიმი (ლაიმის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ ლიმონით. ოღონდ სასურველია, მწვანე ლიმონით, რომელიც მწიფეა, მაგრამ უფრო გამოკვეთილი გემო აქვს) და დაქუცმაცებული ყინული. მაშ ასე: აიღეთ მინის ფართოპირიანი ჭიქა, მოათავსეთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ლაიმი ან ლიმონი და ჩანაყეთ ჭიქაში ისე, რომ წვენი გამოუშვას (როგორც წესი, Pitú-ს ბოთლს მოყვება ხის პატარა სანაყი, რომელიც სწორედ ამ პროცედურისთვისაა ზედგამოჭრილი). ჩაყარეთ ჭიქაში რამდენიმე შაქრის კუბიკი, ან 2 კოვზი შაქარი. ჭიქა შეავსეთ დაქუცმაცებული ყინულით, დაასხით არაყი, აცალეთ ორიოდე წუთი და... ისიამოვნეთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment