ზღვის სეზონი დადგა, ხალხო!

Approved by Natia Jinjolava

რაც თავი მახსოვს, ყოველ ზაფხულს ზღვაზე ვატარებ, ხშირად ორ თვესაც კი. დღეს ერთი განსაკუთრებული აგვისტო მინდა გავიხსენო, როცა ჩემმა ოჯახმა დიდი ბჭობისა და თათბირის შემდეგ „გმირული“ გადაწყვეტილება მიიღო და მე და მის ენდრიუს უფროსების ზედამხედველობის გარეშე დაგვრთეს ქობულეთში გამგზარების ნება. თან არ გეგონოთ, რომ მაინცდამაინც პატარები გახლდით - ის ის იყო, სკოლა არა, უნივერსიტეტი დავამთავრეთ და მსოფლიო კანონმდებლობაში არსებული სრულწლოვნების  ყველა ზღვარი რამდენიმე წლის გადალახული გვქონდა. მოკლედ, აჭარის „ვიზა“ გამოგვიწერეს, მაგრამ ასე მარტივადაც არ შეგვეშვნენ და ჯერ სამეგრელოში მამიდაჩემთან გაგვამწესეს, რომელსაც „უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები“ უნდა დავეკვალიანებინეთ და ჩვენი წარმატებული მგაზრობისთვის მიედევნებინა თვალი. ანუ, ზუგდიდიდან ახლობელი წაგვიყვანდა თავისი მანქანით და დანიშნულების ადგილას ჩვენს თავს ხელიდან ხელში ნოტარიუსის დამოწმებულ მიღება-ჩაბარების აქტით გადააბარებდა მამაჩემის მეგობარს, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ, შემოწმებულ და საიმედო ბინაში დაგვასახლებდა.
ერთი პატარა განმარტება უნდა გავაკეთო: მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი და მამიდაჩემი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ერთი ძალიან განსხვავებული ჩვევა აქვთ - დასასვენებლად სიარულის სრულიად განსხვავებული ნიშანი. მამას (რისთვისაც კიდევ ერთხელ უზარმაზარ მადლობას ვუხდი!) სულ სასტუმროებში ან სანატორიუმებში დავყავდით და საბნებ და ქვაბებაკიდებული დასვენების ქართული მანერა ჩვენთვის უცხო იყო. აი, მამიდაჩემი კი, მოსკოვში და პეტერბურგშიც კი (კიევშიც, რიგაშიც, მინსკშიც...) ბინას ქირაობდა, საჭმელსაც თვითონ აკეთებდა, რეცხავდა, აუთოებდა და ასე „ისვენებდა“.  ჰოდა, თბილისიდან საზაფხულო-ეკონომიური (მოკლე კაბები, სარაფნები, საცურაო კოსტუმები, პორეოები, სანდლები და აშ.) ტანსაცმლის ამარა გამოშვებული გამოუცდელი და ახალბედა „დაჩნიკები“ დაქირავებული სახლების აბაზანებისა და სამზარეულოების ხეხვაში გამობრძმედილ გურუს ჩავუვარდით ხელში.
მამიდაჩემი საქმეს ჩვეული ენერგიულობით შეუდგა და ქობულეთში გამგზავრების წინა საღამოს მისი აზრით დამსვენებლისათვის აუცილებელი ამუნიცია გადმოგვცა: საშუალო ზომის პლასტმაისი ტაშტი (ორ გოგოს სარეცხისთვის ესეც გეყოფათო), სარეცხი ფხვნილი, „შპილკები“ გასაფენად, ყავის მადუღარა, 1 თვის მარაგი ყავით და შაქრით, ასანთის კოლოფი, 2 კოვზი, 2 ჩანგალი, 1 ყუთი მარილი. პირველი დღეები შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით - 3 კგ კარტოფილი, 1 კგ ხახვი, 1 თავი ნედლი და ერთიც შებოლილი სულგუნი (კიტრი და პამიდორი ჩახვალთ თუ არა, ბაზარში შეიარეთ და იქ იყიდეთ, მანქანა ისე არ გამოუშვათო, გაგვაფრთხილა მკაცრად). სულ ბოლოს, მისი მულის გამომცხვარი სამი პორცია სომხური ქადა (ტკბილეული თუ მოგვენატრებოდა იმ შემთხვევისთვის) და ნახევარლიტრიანი(!) ღომის ჩახანაც გადმოგვცა - „ასეთ ქვაბში აჯაფსანდალიც და ჩაშუშული ხორციც არაჩვეულებრივი გამოდისო“.
მანქანას 3 საათი ვტვირთავდით და როგორც იქნა ქობულეთამდეც ჩავაღწიეთ. მამაჩემის ბავშვობის მეგობარმა მამაჩემის სტუდენტობის მეგობარს „ძვირფასი ტვირთი“ ჩვენი სახით ინციდენტების გარეშე გადაულოცა. ქობულეთელი მასპინძელი სანიმუშოდ კარგი მეგობარი აღმოჩნდა და დავალება პირნათლად შეასრულა: ასევე მამაჩემის მეგობრის და თავისი  ბიძაშვილის კარის მეზობელთან, მუდმივი და ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ შეგვასახლა...
კურიოზული სამზადისისა და მგზავრობის მიუხედავად, დასვენებამ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე ჩაიარა. მასპინძლები გასაოცრად კარგი ხალხი აღმოჩნდა და დღეს უკვე ჩემს საკუთარ ოჯახად ვთვლი. ისინი კი ახლაც ქირქილით იხსენებენ როგორ გამოვეცხადეთ მე - ღომის ქვაბით ხელში და მის ენდრიუ კარტოფილით სავსე ტაშტ ამოიღლიავებული. აქვე გეტყვით, რომ არც საჭმელი გვიკეთებია (რატომღაც!) და ყავასაც ზღვიდან დაბრუნებულზე მასპინძელი გვიდუღებდა ხოლმე. აი, სომხური ქადის მადისაღმძვრელმა სურნელმა კი მთელი უბნის ჭიანჭველები ჩვენს საძინებელში მოიზიდა.
ეს იყო და ეს - ქვაბით და ტაფით დასასვენებლად აღარსად წავსულვარ. მე სულ სხვა „წიკი“ მაქვს: ზამთარ-ზაფხულ, სადაც არ უნდა მივდიოდე ერთი საცურაო კოსტუმი, ერთი გამოსავლელი კაბა და ფეხსაცმელი ჩანთაში სულ მიდევს (თან დიდ ადგილს არ იკავებს). მოგეხსენებათ, გუდაურშიც და ბაკურიანშიც მომრავლდა აუზიანი სატუმროები და მოულოდნელად ქორწილშიც მომიწია რამდენჯერმე წასვლამ.

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    ჰეეეე :) ქვაბებით და ტაშტებით გამოუცდელი დამსვენებლის სიარული რა არის, რამოდენიმე დღის წინ ზღვაზე სიარულში საკმაოდ გამოცდილი ქალი ვნახე დიდი მვერსასრუტით ჩამოსული

  1. Aunt Polly

    ჰოო... ტაშტებით და ქვაბებით აღჭურვილს არ მიმგზავრია, სამაგიეროდ კარგად მახსოვს, არცთუ შორეულ წარსულში ზღვაზე ჩასულებს, ნაქირავები ბინის პატრონები პირველივე დღეს გაზის ბალონის საყიდლად თუ არა, დასატენად მაინც რომ გაძევებდნენ...

  1. Natia Jinjolava

    მტვერსასრუტის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ ყავის მადუღარას ყოველ დილას ვნატრულობ! ქართული სერვისის თავისებურებები რომ ვიცოდი, ტაშტი არა, მაგრამ ყავა საკუთარი ჩამოვიტანე (რაიმე განსაკუთრებული არ გეგონოთ - ფრენჩ-პრესი მიყვარს), მაგრამ ვერაფრით მივაღწიე, რომ მდუღარე წყალი მომიტანონ. ყოველ დილას ჭიქას ნელ-თბილი წყლით ვავსებ და მერე წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნალექი ოდნავ შეფერილ წყალთან ერთად ყელზე მადგება. სად ვთქვა რომ მეორე კვირაა აჭარაში ყავა მენატრება?! :)))))

Post a Comment