ბერძნული ნამცხვარი ფსტის კაკლით და თაფლით

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: 5 კვერცხი, 220 მლ მაწონი, 225 გრ შაქარი, 75 გრ დაფქული ნუში, 1 ლიმონი, 1 ფორთოხალი,150 გრ ფქვილი, 200 გრ მანანის ბურღული, 1 ჩ/კ სოდა, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 100 მლ თაფლი, 150 გრ ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, ჩავტეხოთ კვერცხები, ჩავასხათ მაწონი, ჩავაყაროთ შაქარი, დაფქული ნუში, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ფქვილი, მანანის ბურღული, სოდა, ზეითუნის ზეთი და მოვზილოთ ცომი. ზეითუნის ზეთი წავუსვათ გამოსაცხობ ფორმას და მოვაყაროთ ფქვილიც. ფორმაში ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ ფორმაშივე.
ტაფაზე დავყაროთ ბუსტუღი მოსახალად (ნაწილი დაჭრილი, ნაწილი მთელ-მთელი), დავუმატოთ თაფლი. თაფლი რომ ადუღდება გამოვრთოთ გაზი (თუ გადაგვეხარშა კარამელი გამოვა, რაც არ გვაწყობს). თაფლისა და ბუსტუღის მასაში ჩავურიოთ ლიმონის და ფორთოხლის წვენი. ბისკვიტი რამდენიმე ადგილზე დავჩხვლიტოთ დანით ნაჩხვლეტებში სიროპი რომ ჩავიდეს (რაც მეტად დავჩხვლეტთ, უფრო გემრიელი გამოვა). ნამცხვარს თავზე მოვასხათ თაფლიანი მასა.  ერთი რამ გაითვალისწინეთ: განსაკუთრებით გემრიელი რომ გამოვიდეს, ნამცხვარიც და თაფლიც - ორივე ცხელი ან ორივე ცივი არ უნდა იყოს. ან ცხელ ბისკვიტს მოასხით ცივი თაფლიანი მასა, ან ცივ ბისკვიტს ცხელი თაფლი. გააჩერეთ ნახევარი საათი და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment