ჩვენს შესახებ

Approved by Natia Jinjolava



ბლოგზე ფუსფუსის წესები

ბლოგზე მოღვაწეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ეთანხმება ბლოგერთა ბანდის (იგივე ჯგუფის, ხროვის, თანამეგობრობის) წესებს, მოთხოვნებსა და პრინციპებს და თანახმაა სულიერი და მორალური ძმობა, თანადგომა  და, საჭიროების შემთხვევაში, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ბლოგერავტორებს.
შემოთავაზებული სტატია აუცილებლად უნდა იყოს ინფორმატიული, ინტელექტუალური, ენამახვილი, ბლოგის ერთი წევრისთვის მაინც საინტერესო და ბლოგის თემატიკასთან რაიმე კავშირში მყოფი. მარად და ყველგან გვახსოვდეს, რომ ეს ბლოგი ემსახურება განწყობის გაუმჯობესებას, ტონუსის ამაღლებას, გახალისებასა და გართობას. შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა, კაცთ-მამრ-მოყვასთმოყვარეობა და ადამიანობა.
აკრძალულია:
- ისეთი სამომხმარებლო სახელის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს, რეკლამას, ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვას ან ფრაზას (ასეთი ავატარი ავტომატურად დაიბლოკება).
- არაეთიკური, შეურაცხყოფელი და უცენზურო  ფოტოების გამოყენება, აგრეთვე ამ ბლოგის რომელიმე (თუნდაც მეასეხარისხოვანი, უგვანო და დანიშნულების არმოქნე) პერსონაჟის ნამდვილი ფოტოსურათის, პორტრეტის და მეგობრული შარჟის გამოყენება.
-  ბლოგერებისა და ბლოგის სტუმრების ნამდვილი სახელების გამოყენება და გამოქვეყნება მათი კეთილი ნების გარეშე. დამნაშავე დაისჯება ბლოგიდან დაუყოვნებელი მოკვეთით და სამუდამოდ, უკანმოუხედავად, შინმოუსვლელად, შეუბრალებლად და დაუნანებლად გაძევებით. ბლოგის ნებისმიერი პერსონაჟის, მონაწილის, მეგობრის, სტუმრის თუ შემთხვევით შემოხეტებული გამვლელის ანონიმურობა დაცულია. ნებისმიერი პერსონაჟის ვინაობის მიზანდასახულად, წინასწარგანზრახულად თუ უნებლიეთ გამოაშკარავება მკაცრად დაისჯება.
- ქართული და უცხოური კულტურის, რელიგიის, ტრადიციებისა და მენტალიტეტის, აგრეთვე საკუთარი თუ საწინააღმდეგო სქესის შეურაცხმყოფელი თემები და პოსტები.
- ბლოგზე საკონფლიქტო სიტუაციის შექმნა და მისი ხელშეწყობა, რასისტული აზრების გამოხატვა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება და პოლიტიკური შინაარსის სტატიების გამოქვეყნება.
- ბლოგის გვერდებზე მუშტი-კრივი, ბოროტი ქილიკი, აშკარა შეურაცხყოფა,  დამცირება, საკუთარი და სხვისი თმის, კულულების და ქოჩრის პუტვა-გლეჯა, წიხლის კვრა, ტლინკის ყრა (მსუბუქი წაკბენა, წკლიპურტი, სილაქი და მუჯლუგუნი ზომიერების ფარგლებში დაიშვება). ადმინისტრაციის კატეგორიული, დაბეჯითებული და უმკაცრესი თხოვნაა (და მოთხოვნა), არ დავკარგოთ ადამიანური სახე და შევინარჩუნოთ ღირსება. ნუ გავღორდებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თუ ბლოგის მომხმარებელი თვლის, რომ რომელიმე პოსტში მას მიაყენეს შეურაცხყოფა,  დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ბლოგერავტორს. ბლოგერავტორთა ჯგუფი თვითონ მიიღებს საჭირო ზომებს.
ბლოგერავტორების ნებისმიერი გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან. გასაჩივრება ხდება წერილით და არა ბლოგზე საპროტესტო კომენტარებით, განცხადებებით და ლოზუნგებით.
ადმინისტრაცია, ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე, იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალოს ნებისმიერი პოსტი, კომენტარი, ფოტო და .შ. ასევე გაუფთხილებლად და ახსნის გარეშე გააუქმოს ნებისმიერი ექაუნთი და დაითხოვოს  ბლოგერავტორი.


ბლოგერავტორები




მერი პოპინსი - ბლოგის იდეის ავტორი და განმახორციელებელი. განსაკუთრებულად ავი და ენამწარე სტატიების შემოქმედი. ბლოგკოლექტივის შეკრებების ორგანიზატორი და მათ გამოკვებაზე მზრუნველი პირი. გამორჩეულად უყვარს თანამოძმეები (ძაღლები) და შოკოლადი. კუდზე დაბიჯების შემთხვევაში იკბინება, მაგრამ თუ არ შეეხებით, არაფერს გავნებთ.






დეიდა პოლი - მერი პოპინსის წამქეზებელი და შემფითილებელი, მისივე მარჯვენა ხელი და „მეორე მე“. ენამოსწრებული და გონებამახვილი სტატიების ავტორი. უყვარს ლუის კეროლი, შავ-თეთრი კინო და კიანტი, ბევრს მოგზაურობს, კარგად ეხერხება ნოტაციების კითხვა და ოცნებობს საკუთარ მოტოციკლეტზე.
 
მის ენდრიუ - შინაური კატების და აივანზე გაშენებული დედამიწის მწვანე საფარის გულმხურვალედ მოყვარული. მუზიცირების ნიჭით დაჯილდოებული, გამოცდილი დიასახლისი და ხელსაქმის დიდოსტატი. მუსიკალური სმენის არქმონე ადამიანთა რისხვა. ფლობს განუსაზღვრელი ოდენობის (ხშირად უსარგებლო) ინფორმაციას და ზუსტად იცის, რა განსხვავებაა ქალაქის და სოფლის მერცხალს შორის.




იფიგენია დაუტფაიერი - ჩაცმა-დახურვისა და შოფინგის მოყვარული უწყინარი მულტილინგვისტური არსება. გატაცებულია სამკაულებით და აქსესუარებით და კარგად ერკვევა მოდის ტენდენციებში. სტაჟიანი მძღოლი და ავტომოყვარული. შემთხვევით გაჩნდა საქართველოში, თორემ მისი ნამდვილი ადგილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა.





გურუმები




Черепаха Тортилла - „ბლოგის თალმუდი“.  ბრძენთაბრძენი დამრიგებელი. ბლოგერავტორთა სინდისის მცველი. მრავლისმნახველი დარბაისელი გურუმი, წარსულის მცოდნე და მომავლის განმჭვრეტი.






ლურჯი მუხლუხო (blue caterpillar) -  „სიტყვაძუნწი ხმა უცხოეთიდან“.  ბრძენი და გაწონასწორებული მრჩეველი, აუღელვებლობის და სიმშვიდის განსახიერება, ბლოგის მუდმივი მკითხველი, სამართლიანი კრიტიკოსი.


ბრანვენი -  „კელტური თილისმა“. კეთილშობილი წარმოშობის ყვავი ლონდონის ტაუერიდან, არა მხოლოდ ბრიტანეთის მონარქიის სიმბოლო, არამედ ბლოგის მფარველი, ბლოგერავტორთა იდეების ობიექტურად შემფასებელი.




ვარდისფერი პანტერა გურიიდან - "გასტროლიორი". ენერგიული, ცოცხალი, მოუსვენარი არსება. ბლოგის რომელ გვერდზე ამოჰყოფს თავს და კუდს სად მოიქნევს, არავინ იცის. ბლოგერავტორების და გურუმების სიმშვიდის დამრღვევი და ჰარმონიიის ამრევი.


  
ბლოგთან დაახლოებული პირები



ფრეკენ ბოკი - შესანიშნავი კულინარი, საუკეთესო დიასახლისი და ხილდურ ბოკის სახელგანთქმული სოუსის ავტორი.  ძალიან დაკავებულია, რომ წეროს. ამიტომ ძირითადად კითხვით, ზეპირსიტყვიერი შენიშვნებით და იდეების შემოგდებით იფარგლება.







დედიკო რუ - მრავალშვილიანი აქტიური დედა, რომელიც ოჯახის, საკუთარ და ნაცნობ-მეგობრების საქმეებზე მთელი დღე აქეთ-იქით დაქრის. დაუღალავი ადამიანი, ერთგული მეგობარი და უანგარო სიკეთის გენერატორი.


მისის პოტსი - ახალგაზრდა დედა. უყვარს კითხვა, ინტერნეტში ქექვა და ბულდოგები. ზესკნელის და ქვესკნელის ყველა შოკოლადს ბანალური „მარსის“ ბატონი ურჩევნია. ზრდის შვილს, გმირულად ებრძვის და უმკლავდება ოჯახის აბეზარ წევრებს და აკეთებს შესანიშნავ ჩინურ ტორტს.

 


 ბაგირა - საზრიანი, ენერგიული, გურულად ენამოსწრებული და მხიარული "უცხოელი". მიუხედავად იმისა, რომ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, განაკუთრებულად უყვარს ძაღლები, ძეხვეული და თავგადასავლები.






ბლოგის მავნეები


არგაბედო - ბლოგერავტორთა სამწუხაროდ, მამრობითი სქესის საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი წარმომადგენელი, ინტრიგანი, პროვოკატორი და წყლისამღვრევი. საქმის კეთებაზე მეტ დროს ბლოგერავტორთა აღზრდა-მოჭკვიანების უშედეგო მცდელობებზე კარგავს. როგორც კლასიკური მრჩეველი, სხვების საქმეში ბრძენია, თავისი კი განგებისთვის აქვს მინდობილი.


ნუიზამ - არგაბედოზე არანაკლებ ჭკვიანი და ჭირვეული მამაკაცი. პრინციპული, მკაცრი და უკომპრომისო ჭკუისდამრიგებელი. სასმელების, იარაღისა და ადამიანების ექსპერტი.  პრაქტიკულად იდეალურია, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს: სტატიებს გვპირდება და არ გვაღირსა. ცხოვრობს პრინციპით „დანაპირებს შვიდი წელი ელოდებიანო“.




გრცხვენოდეს - ვაკანსია ჯერ-ჯერობით თავისუფალია.

ბლოგის შთაგონების წყაროები

ჰერპიკო - კლასიკური ზარმაცა, ჭეშმარიტი რაჭველი მამაკაცი, რომელიც ჰერპესივით ერთხელ თუ დაგემართა, არ მოგკლავს, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული თანამგზავრი იქნება. ნიჭიერი, ხელმარჯვე, მრავალმხრივ განვითარებული, მაგრამ ნელი, დინჯი, ზანტი და მოუქნელი. ერთი სიტყვით, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი.




ედისონა - შავი მარტორქა, მსოფლიოში შემორჩენილი 3000 ეგზემპლიარიდან, გაგვიმართლა და 1 საქართველოში გვყავს. მეგრულ-კახური გენის იშვიათი ჰიბრიდი. ბუნებით ლიდერი, ამაყ თავს არავის წინაშე არ ხრის (დედის გარდა). უცხოური იდეების ჩამომტან-გამავრცელებელი. ველად გაჭრილი და ევროპა-აზიის არემარეს მოდებული ლაღი ინდივიდი.



ლამა-ალპაკა - მდედრობითი სქესის გრაციოზული და ელეგანტური არსება. ცოტა შურიანი, ცოტა ეჭვიანი, ცოტაც ცანცარა და აცეტებული (ისევე, როგორც ბევრი ქალი), მაგრამ მაინც უზომოდ სიმპათიური, დადებითი და კეთილგანწყობილი (გააჩნია ვისთვის). მოკლედ, რამეში ხელი თუ არ შეუშალე, ან თუ არ ჩათვალა, რომ გზაზე გადაეღობე, ერთი უწყინარი და მიამიტი არსება.
გოდო - ზღვის ძუძუმწოვართა ამაყი წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციისდა მიხედვით ხან ზღვის სპილოა, ხანაც ლომი და ხანაც უბრალოდ სელაპი. ძალიან მოსწონს და უყვარს პირველ რიგში  საკუთარი თავი, მერე პატარა კატები, დიდი მანქანები და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა დანარჩენი. და ცნობილი გოდოსავით სულ მის მოლოდინში ვართ.
გრიზლი - ქართული მურა დათვი, რომელსაც ძალიან უნდა, ოკეანის გადაღმელი იყოს, მაგრამ მაინც ამ ბედკრული მიწის შვილია. უზომოდ ნაკითხი, უზომოდ განთლებული, უზომოდ კარგი მოსაუბრე (ამავე დროს, კარგი მსმენელიც), უზომოდ სიმპათიური, უზომოდ მომხიბლავი, ერთი სიტყვით „უ ... “



ლეოპოლდი - ძალიან უნდა ლეოპარდი იყოს, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა და კამელოპარდია, ანუ ჟირაფი ნატურალური. ყველა ქალის საოცნებო მამაკაცი, მაღალი, ეშხიანი, უგზო-უკვლოდ განათლებული, ენამოსწრებული, კარგი იუმორის მქონე, სპორტსმენი, ავტომრბოლელი, კულინარიაშიც ერკვევა და ქალის პრობლემებშიც. აიღეთ მისი ფოტო, შეადარეთ ნებისმიერი მამაკაცი და 10 განსხვავებაზე მეტს თუ იპოვით, თავიდან მოიშორეთ!

აქილევსი - აქლემი ქვემო იმერეთიდან. ოჯახიდან სხვა, მეტად პროზაული სახელი მოაყოლეს, მაგრამ ეთაკილება და, რაც საზღვარგარეთს ეზიარა, ახლიდან მოინათლა. ახლადგაევროპელებული ქართველების უზადო წარმომადგენელი, რომელსაც ვაკეში ან ვერაზე ბინის ყიდვა წარმომავლობის ავტომატურად შეცვლა ჰგონია და სწორედ ესაა მისი „აქილევსის ქუსლი“.