ხურტკმელის ნამცხვარი

Approved by Gourmet Guide


ხურტკმელი პირველად ძალიან ღრმა ბავშვობაში უკრაინაში ვნახე და სიმართლე გითხრათ, მის გემოზე მეტად ეგზოტიკურობის ხათრით ვერ გავძეხი ჭამით. და, მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს მოუთმენლად ველოდი, როდის აღმოვჩნდებოდი ჩვენი კარპატისპირელი ახლობლების ეზოში აგვისტოს ბოლოს (ცივი კლიმატის გამო, ყველაფერი გვიან მწიფდებოდა) საკუთარი ხელით დაკრეფილი ველური მარწყვი და ზემოხსენებული ხურტკმელი რომ მეგემა. ასე გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამ ბოლო დროს კი უკვე მერამდენედ დავინახე ხურტკმელი ჩვენს ბაზარშიც და გადავწყვიტე, რომ მისი ნამცხვრების ჯერიც დადგა. მით უმეტეს, რომ თავად ხილი - უმად, ბევრი ვერაფერია, აი, მისი კონფიტიური ან დესერტები კი მართლაც მშვენიერია.

ხურტკმელის ნამცხვარი ბეზეთი
375 გრ ფხვიერი ცომი (ან დაფშვენით 350 გრ უკვე მზა ფხვიერი პეჩენია და გადაზილეთ 50-75 გრ დარბილებულ კარაქთან), 75 გრ შაქარი, 400 გრ გადარჩეული (ფოჩვ და ყუნწდაცლილი) ხურტკმელი, 2 ს/კ ანწლის ნაყენი (შეგიძლიათ შეცვალოთ ლიქიორით ან კონიაკით), 2 ს/კ ფქვილი, 3 კვერცხის გული, 75 გრ ოთახი ტემპერატურის კარაქი
ბეზესათვის: 3 კვერცხის ცილა, 175 გრ შაქარი
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ამოვაფინოთ ცომი და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. თუ ჩემს მეთოდს მიმართავთ, ანუ მზა ცომზე უარს იტყვით და პეჩენიის დაფშვნას გადაწყვიტავთ, მაშინ პეჩენია და კარაქი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ცომივით ამოაფინეთ ფორმაში, გაახვიეთ ცელოფანში და სანამ კრემს და ბეზე გაამზადებთ, მაცივარში შედგით. განსაკუთრებულად გემრიელი „ცომი“ გამოდის, „ნიკორას“ ლიმონის პეჩენიებისგან. კარაქის რაოდენობა კი პეჩენიის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული.
საშუალო ზომის ქვაბში მოვათავსოთ 75 გრ შაქარი (თუ ძალიან ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ შაქარი დაამატოთ), ხურტკმელი და 275 მლ წყალი და ვადუღოთ 5 წუთი (ხურტკმელი სანამ არ დარბილდება). დავუმატოთ ანწლის ნაყენი. მოხარშული ხურტკმელისგან გადმოვწუროთ სითხე და ამ სითხეში გავხსნათ ფქვილი. გახნილი ფქვილი დავაბრუნოთ დაბალ ცეცხლზე და მორევა-მორევით წამოვადუღოთ, სანამ სითხე ფქვილიგან არ შესქელდება. მერე დავუმატოთ ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები და კარაქი და გადავურიოთ გადაწურულ ხურტკმელს. ხურტკმელის კრემი ჩავასხათ „ცომიან“ ტორტის ფორმაში.
დიდი ქვაბით ავადუღოთ წყალი, ზემოდან შემოვადგათ ჯამი, ისე რომ ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ ეხებოდეს. ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ცილები და შაქარი და ვთქვიფოთ წყლის აბაზანაზე დაახლოებით 10 წუთი. ათქვეფილი ბეზე ზემოდან გადავუსვათ ხურტკმელი კრემს და ნამცხვარი 150°C-მდე გახურებულ ღუმელში შევდგათ 40 წუთით, ან სანამ ბეზე ზემოდან არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

"პარნი" ჩვენებურად

Approved by Gourmet Guide


როგორც ვიცი, საშუალო დონის სარბოლო ტრეკი აშენებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სადღაც 8-10 მილიონი ჭირდება. როგორც ამბობენ (ოფიციალური მონაცემები ნამდვილად არ მაქვს), რუსთავი ტრეკის მშენებლობა 20 მილიონი დაჯა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამეხარდა - დროა, რამე მაინც გვქონდეს ქართველებს კარგი და ხარისხიანი.
მოგეხესენებათ, სიტყვაზე არავის არაფერში ვენდობი და ამას წინათ, მორიგ „პარნიზე“ ენთუზიაზმით და დადებითი ემოციებით წინასწარ შეიარაღებული რუსთავს გავეშურე. ასფალტის საფარი და თავად ტრასა, მართლაც შესანიშნავია და მარტო კრტიკული ტვინი, მწარე ენა და დააფსები თვალი არ კმარა, რომ რამე ცუდი თქვა. ამ ყველაფერთან ერთად, უსინდისოც უნდა იყო. აი, დანარჩენი კი სუფთა ქართულია - უხარისხო, დაუმთავრებელი და როგორც რუსები იტყვიან, უკანა ფეხით გაკეთებული. ალბათ მარტო ქართველს შეუძლია რუსთავის ტრეკზე ჩატარებული სამუშაოების ხაეჯთაღრიცხვაში 20 მილიონი უჩვენოს. იგივე, იტალიელს (მოგეხსენებათ, შელამაზება-გამორჩენა ჩვენსავით უყვართ) ალბათ 15 მილიონი დაუჯდებოდა, გერმანელს კი 8-10.
ჩემი სიტყვების გასამყარებლად ამჯერადაც ფოტომასალას მოვიშველიებ.




ტუალეტი რუსთავი ტრეკზე - კონოთეატრის სავარძლებივით მხარდამხარ ერთრიგად ჩაკიწკიწებულ უნიტაზების წკრივს შორის ტიხრების დასამონტაჟებლად (კაბინაზე და კარზე პრეტენზია არ მაქვს) 20 მილიონიდან 500 ლარიც არ მოიძებნა.







ტრინუნების სახურავი - სახურავის მონტაჟზე ლარიც არაა დახარჯული. აშკარაა, რომ შურუპები, (რომლითაც გადასახური მასალა ძელებზეა მივინტული) ახლო-მახლო მენებლობებზეა შეგროვებული. თუ არ გჯერათ, დააკვირდით. ორს ერთი ზომისას ან ფორმისას ვერ ნახავთ. 


ახლა ცოტა ვრცელი განმარტება უნდა გავაკეთო. ამას წინათ, რომელიღაც უცხოურ შემეცნებით-გასართობ არხზე გადაცემა ვნახე, რომელშიც ყვებოდნენ როგორ უვლიან გერმანიაშიავტობანებს ანუ  ჩაქროსნულ მაგისტრალებს. თურმე, ყოველ ღამე, სამიდან ოთხ საათამდე გადიან სპეციალური მანქანები, რომლებიც ტრასას წინა დღეს გავლილი ავტომანქანების საბურავების ცვეთის შედეგად ასფალტზე დარჩენილი რეზინის ნამცეცებისაგან წმინდავს - აქაოდა, რეზინი ასფალტს გადაეკვრება და გზაზე მოჭიდების ძალა შესუსტდება და მეორე დღეს გავლილი მანქანა შეიძლება მოსრიალდესო.



რუსთავის ტრეკს, სადაც მოჭიდების ძალა ბევრად უფრო საჭირო და აქტუალურია, ასე აფთავებენ. ისიც საბურავის ცვეთის ნარჩენებისგან კი არა, ავარიის მერე დარჩენილი პლატმასისგან.





სხვათა შორის, იმავე გადაცემაი ისეც თქვეს, რომ გერმანიაში საგზაო გვირაბებს კვირაში ერთხელ რეცხავენ აუცილებელი წესით და ისიც აღინიშნა, რომ გვირაბები მხოლოდ ცხელი წყლით და ცხელი ორთქლით ირეცხება. რეცხვისას აორთქლებული ქიმიკატები ძნელადგანიავებად გვირაბში რომ არ დაგროვდეს და ადამიანები არ მოიწამლონ... და, გამეხარდა ჩვენს გვირაბებს რომ არ რეცხავენ. ამდენს ვინ იფიქრებს, საქმეს ჩვენებური „გულმოდგინებით“ მიუდგებიან და „რაქშათი“ ან „კეომეტით“ გახეხილ გვირაბში თანამედროვე გაზის კამერას მოგვიწყობენ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

როგორ გამოცადა ჯერემი კლარკსონმა Pagani Zonda R იმოლაზე

Approved by Gourmet Guide



ავტოსპორტში სულ რამდენიმე სისუსტე „მყავს“:  Zonda R, იმოლას სარბოლო ტრასა და ტრევის პასტრანა. ამა წინათ, „TopGear“-ის ახალ სერიებს ვუყურებდი და წამყვანების შეჯიბრმა იმოლაზე გული ისე ამიჩუყა - განვიზრახე ამ ტრასისათვის ცალკე ოდა მიმეძღვნა. შრომა, ტრადიციულად, ინფორმაციის მოძიებით დავიწყე და სრულიად მოულოდნელად, ჯერემი კლარკსონის საგაზეთო სტატიას გადავეყარე: როგორ გამოცადა Zonda R იმოლაზე. სრული ბედნიერებისთვის, ალბათ კარგი იყო საჭეთან კლარკსონის ნაცვლად პასტრანა ყოფილიყო, მაგრამ, მერწმუნეთ, ასე კარგად ვერ დაწერდა და აშკარაა, რომ ვერც მე დავწერ. ამიტომ, მარტივად, სტატიის თარგმნა გადავწყვიტე. მე კი, ჩემს წერის ჟინს იმით მოვიკლავ, რომ ხვალ, ჩვენებურაიმოლაზე - რუსთავის ტრეკზე გაგიზიარებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს.


„სი, სინიორ, თქვენი რაკეტა სრულიად უსაფრთხოა

აჰა, ისევ მოვიდა ჩემი საშობაო DVD-ის ჩაწერის დრო და სათამაშოებიც კარგი მყავს. აი, მაგალითად: Mercedes-Benz SLS SMG, Ferrari 458 Italia, Ferrari 599 GTO, Porsche 911 GT3 RS, Lamborghini Gallardo LP 570-4 Superleggera, Ariel Atom 500 V8… ყბა უკვე ჩამოგვარდათ? აჯობებს, პირი მოკუმოთ და ნერწყვი გადაყლაპოთ, ყველაზე მსუყე ლუკმამდე ჯერ არ მივსულვარ.
ამ მომაჯადოებელი და მოგუგუნე სარაკეტო ხომალდებისათვის სათამაშო მოედნად ენცო და დინო ფერარების ტრასა შევარჩიე იმოლაში, იტალიაში. იმოლა კი, მინდა გითხრათ, რომ სხვა ტრეკებ არ გავს. მისი გავლა ველოსიპედზე შემომჯდარსაც გზარავს - ავტობუსითაც კი გეშინია, „გამწარებული ხელებს იჭამ და გულწასული საკუთარი სხეულის სითხეში იხრჩობის“ პონტში იზაფრები ნებისმიერი მანქანით. აღარ ვლაპარაკობ, Zonda-ს მსგავს რაკეტაზე.
თავდაპირველად, ერთი წრე პროფესიონალ პილოტთან ერთად გავიარე, რომელმაც თავისი ტრაექტორიები კომპიუტერულ სიმულატორზე შეისწავლა. „აქ სენა მოკვდა“ - მითხრა, ტამბურელოს როცა ჩავუქროლეთ. ზუტად ამ ადგილას დაამტვრია ჩემმა მეგობარმა თავისი Porsche და აქვე მოყვა ავარიაში რატცენბერგერიც. სიმართლე გითხრათ, ტრასის დამახსოვრება არც მიცდია. მე ის მაწუხებდა, რომ ჩავი...ვარე.
იმოლას „ხელით“ დახოცილი პილოტების რიცხვი, უბრალოდ, ფანტასტიკურია.
აკრიფეთ მისი სახელი YouTub-ზე და დალეწილი მეტალის, საბურავებიდან ადენილი ბოლის, ნამსხვრევებისა და ცეცხლის ალის უსასრულო ნაკადით დატკბებით. გახსოვთ, გერჰარდ ბერგერმა მისი ფერარი კედელს როგორ შეალეწა და მერე ფიჩხივით აალდა? ეს იმოლაზე იყო. გახსოვთ, უგონოდ მყოფი ბარიკელო როგორ გადააფრინეს საავადმყოფოში? ესეც აქ მოხდა. ვილიენოვას შემზარავი ავარია? იმოლა. ეს მრბოლელების ეგოს ჭეშმარიტი სასაფლაოა. და, რასაკვირველია, 1994 წლის პირველ მაისს, 14 საათსა და 17 წუთზე აირტონ სენამ იმოლაზე დაასრულა სიცოცხლე.
რის მერეც ტრასა ცოტათი „მოარჯულეს“, მაგრამ დღემდე არანორმალურად საშიშია. ბოლო მოსახვევიდან პიტ-სტოპების სწორ მონაკვეთზე გამოდიხარ და გაზის პედალს ბოლომდე აჭერ, იმიტომ რომ სწორზე ყოველთვის ასე შვები. მაგრამ იმოლაზე სწორი, სინამდვილეში სწორი არ არის. ეს ვირაჟების სერიაა. ასე რომ, უხვევ მარჯვნივ, მერე კიდევ, ამის მერე კი სრული სისწრაფით შედიხარ მარცხნივ, სენა რომ დაიღუპა იმ სევდიან წმინდა ადგილას. ამ დროს, რაიმე Mercedes SLS-ის მაგვარზე თუ ზიხარ, დაახლოებით 265 კმ/სთ სიჩაქრით მოძრაობ. მთელი მანქანა მოძრაობაშია, ამორტიზატორის ზამბარებზე დაკიდებული ცახცახებს და მოუსვენარი ბავშვივით წრიალებს. აშკარად გრძნობ, რომ მანქანა მთელი მონდომებით ცდილობს დისკებიდან საბურავების მოგლეჯას, და, ზუსტად იცი, რომ სანამ სწორ გზაზე არ გახვალ, ვერ დაამუხრუჭებ - იმოლაზე კი ასეთი ადგილი არ არსებობს.
ნევიულობას ისიც აორმაგებს, რომ სილვერსტოუნის ან აბუ-დაბის ტრასის ირგვლივ დაყრილი 360 ჰექტარი ხრეშისმაგვარს ვერაფერს ხედავ. სულ რამდენიმე მეტრი და... მერე კედელი. სენა რომ შეეჯახა ის კედელი. ბერგერის ავარიის კედელი. ალბორეტოს და პიკეს და პატრეზეს ავარიის კედელი.
იმოლას კედლები ალყაში გაქცევენ, იმიტომ რომ თავად ტრასას ქალაქი არტყია გარშემო, სახელი რომ მისცა ის ქალაქი. ეს ქუჩის ტრეკი არ გეგონოთ. ირგვლივ ქალაქი და ახალი კედლებია გაშენებული, მერე კი სასტარტო სწორზე ხეებს ხედავ - იმ უზარმაზარ, შეუდრეკელ ხმელთაშუაზღვის ჭადრებს, რომლებსაც გვერდით კიდევ ერთხელ ჩაუქროლებ 265 კმ/სთ სიჩქარის აკრეფისას. დამცავი ჯებირი, რასაკვირველია, აქაც არის, მაგრამ ვინაიდან ჯებირი რეალურად ამ ხეების ვარჯებზეა მილურსმნული, ძნელი წარმოსადგენია, ამან რანაირად უნდა გააუმჯობესოს სიტუაცია. მოკლედ, ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც გათამამება და თავის გაგიჟება ნამდვილად არ გიღირს.
და კლაუსტროფობიას ასე გაუსაძლისს ის ფაქტიც ხდის, რომ იმოლა - სუპერ ჩქაროსნული ტრასაა. თავისი შიკანებითაც კი იმდენ ვირაჟებს გთავაზობს, რომ შენს პერიფერიულ მხედველობას დედა აქვს ნატირები. პირატელა. რივაცა. ვილენეუვე. თითოეულს ტყვიასავით გადიხარ და მანქანის მართვაზე მეტად იმით ხარ დაკავებული, რომ ღმერთს ევედრები არაფერი შეგეშალოს. იმიტომ, რომ რამე თუ შეგეშალა, ტრეკსგარეთ გავარდები.  და თუ გავარდები, ეგრევე კედელში, ხეში ან შენობაში შევარდები. იმოლაზე პატარა შეცდომა ტკივილს ნიშნავს, დიდი - სიკვდილს. მეც ეს მიხაროდა ასე ძალიან.
ჩვენს დროში სარბოლო ტრასების უმეტესობა უსაფრთხოებაზე გათვლით შენდება. იმოლა კი, აშკარაა, რომ სრულიად საწინააღმდეგო მიზნისთვის ააშენეს: საშიში რომ იყოს. მომაჯადოებელი. გამომწვევი. ძალიან მომწონს. და კიდევ არის რაღაც. ტრეკის შორიახლოს მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივ, საბჭოებში რეკავენ და ხმაურს უჩივიან ხოლმე. იმოლაში, ტრეკთან მთელი ქალაქი გროვდება და ღობეზე ცხვირებმიჭეჭყილები დგანან. გაქეზებენ, რომ თითოეული ვირაჟი კიდევ უფრო სწრაფად გაიარო.
სამი დღე გავატარე 320 კმ/სთ-მდე აჩქარებული აბსოლუტურად ნორმალური მანქანების ტარებაში. სანამ, ბოლოსდაბოლოს, იმდენად არ დავრწმუნდი საკუთარ თავში, რომ მრისხანე Zonda R-ის საჭეზე დაჯდომა გამერისკა.
ეს ექსტრაოდინალური მანქანაა. შესახედაობისდა მიუხედავად, რბოლისთვის არ შეუქმნიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო არაა აკმაყოფილებდეს ძრავის გაბარიტების, ფრთების და ა.შ ათასნაირ მოსაწყენ ნორმატივებს. ამავდროულად, ის გზებზე სასიარულოდაც არ შეუქმნიათ, რაც Zonda R-ს მაჭუტების ან თუნდაც რამენაირ პროტექტორებიანი საბურავების დაყენების აუცილებლობისგანაც ათავისუფლებს.
საჭის ქვემოთ მოთავსებულ ჩამრთველს ჩამოწევ - პირველში ვარდება, გაზის პედალს აწვები და Zonda-ც, ყოველგვარი დრამატიზმისა და თეატრალურიბის გარეშე,  აკურატულად იძვრება ადგილიდან. მეორე, მესამე, და პიტ-ლაინი უკან რჩება. ტრეკების უმეტესობაზე ხმაურზე შეზღუდვაა დაწესებული. ამიტომ, Zonda R-ს თუ იყოლიებ, უმალ სახლში გაგამწესებენ. გამოდის, რომ გაქვს სათამაშო, და თამაში არ შეგიძლია.
საბედნიეროდ, იტალიაში ხალხს ხმაური უყვარს, და გერმანული DTM-ის რბოლიდან მოპარულმა 6 ლიტრიანმა AMG V-12-მა გამოიღვიძა და გაცოცხლდა თუ არა, ღობეზე სახემიჭყლეტილი მაყურებელი საგონებელი ჩავარდნილი გაცვივდა უკან - ეს რა მეხი გავარდა ჩვენს პატარა ქალაქშიო.
ჰორაციო პაგანი, კომპანიის დამაარსებელიც იქვე იყო და თავისი გასაოცარი ქმნილების შესახებ მიყვებოდა. „მისი ტარება იოლია, თანაც ძალიან“- მეუბნება. აჰა, როგორ არა!
ჩვეულებრივი Zonda-ები მართლაც იოლი სამართავია - მათი კოსმოსური ერის შესაბამისი ფორმების შემხედვარეს რომ გგონია, იმაზე ბევრად მეტად იოლი - მაგრამ R-ს საგზაო მოდელების კომპონენტების მხოლოდ 10% ერგო წილად. მას 3270 ახალი დეტალი აქვს, კარბონო-ტიტანის ფუძისა და Xtrac მაგნიუმის გადაცემათა კოლოფის ჩათვლით.
გამოდის რომ R სარბოლო ავტომობილს გავს. მაგრამ ჩაჯდები თუ არა, ხვდები, რომ - არა. ძრავის თავსახური ტყავის სალტეებით მაგრდება. კარის სახელურებიც ტყავის აქვს. ამ ყველაფერში გარკვეული სტილი იგრძნობა, მაგრამ ამაზე ფიქრითვის არ გცალია, იმიტომ რომ საქმე Mini-სავით 1079 კგ წონის, მაგრამ 740 ცხენისძალიანი მანქანის სალტეებთან გაქვს. ის მხოლოდ და მხოლოს სისწრაფისთვისაა აწყობილი. იმათთვის, ვისაც სათამშოში 1,3 მილიონის გადახდა უნდათ. მაგრამ, როგორც კი იქოქება, კიდევ ერთი გამოცანა ჩნდება - ციფრები სამეცნიერო ფანტასტიკიდან.
ესეც ასე, ამჯერად აჩქარების პირველი აფეთქებისთვის მეოთხე. გადამეტება ნამდვილად არ გვიჭირდება. ღემერთო, დიდებულო!  ამ ძრავს ელექტრომოტორის თორქი აქვს. არ არის... და აი, სავსეა, ასე რომ, მეოთხეშიც კი, 65 კმ/სთ-დან დაწყებული, უბრალოდ, სენსაციური აქსელერაციაა. ყველაფერ სწორად თუ გააკეთებ, სიჩქარე ასამდე 2,5 წამში ავა. მაქსიმუმი? ზუტად არ იციან, მაგრამ ფიქრობენ, რომ 355 კმ/სთ უნდა იყოს. მე კი გეტყვით, რომ ჩემს პირველ წრეზე, იმოლას მრუდე სწორზე დაახლოებით 320კმ/სთ-თი გავიარე და Zonda-ც სრულიად აუღელვებლად იქცეოდა. თავისი ყველა აეროკომპონენტის წყალობით მიწაზე გაკრული.
მუხრუჭები? ექსტრაოდინალურია. ახლა გადაცემათა კოლოფის პინ, პინ, პინ და პირდაპირ შიკანაში, ნუ, 15, შეიძლება 30 კმ/სთ სიჩქარით უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მანქანებით მოვახერხე და, - მადლობა Pirelli-ს ექსკლუზიურ სლიკებს - გამოსასვლელში გამაფრთხილებელი ზოლიდან სულ რაღაც ორ მეტრში ვიყავი. ვერ ვიტყვი რამდენად სწრაფად გადის Zonda R მოსახვევებს, იმიტომ რომ ჩემი გონება ჯერაც მიმტკიცებს, რომ ეს შეუძლებელია.
ბოლოს, მივხვდი რაზე საუბობდა ბატონი პაგანი. მისი მართვა ადვლია, იმიტომ რომ რაც არ უნდა სწრაფად მოძრაობდე, გრძნობ, რომ Zonda მოწყენილობისგან ამთქნარებს. მოდით, აგიხსნით. მისი ბლიცწრე ნიუნბურგრინგზე - 6 წუთი და 47 წამი - მხოლოდ მეორე წრე იყო. და პილოტსაც მანქანა მანამდე თვალით არ ყავდა ნანახი. ასე რომ, 6:47 მხოლოდ ათვლის წერთილია და არა შედეგი.
ერთადერთი ავტომობილი, რომლიც Zonda R-ს შეედრება Ferrari FXX-ია, რომელზეც მე არ ვმჯდარვარ. მიქაელ შუმახერმა Ferrari FXX-ით TopGear-ის ტრეკი ერთ წუთსა და 9 წამში გაიარა. იქნება თუ არა Zonda R უფრო სწრაფი ჩვენთან რომ ჩამოვა სექტემბერში? ბატონმა პაგანიმ გაოცება ვერ დამალა ასეთ უაზრო შეკითხვაზე. „კი, - მიპასუხა.- გაცილებით“. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ Pagani Zonda R-ით. არა მხოლოდ მისი სრულიად გამოუსადეგარობის და სიგიჟის გამო. კიდევ იმის გამო, რომ როცა ატარებ - განსაკუთრებულად იმოლაზე - ხვდები, როგორ შეიძლება შეიგრძნო მანქანა, როცა დამქანცველი ორმოების, წვიმის, საცოების, წესებისა და ნორმებისგან გათავიუფლებენ. ერთი მშვენიერი დღის განმავლობაში უტოპიას შევეხე.

კლარკსონმეტრი
Pagani Zonda R
კლარკსონის ვერდიქტი: იდეალური უზარობა
ძრავი: 5,987 ლიტრი V12
0-100 კმ/სთ 2,7 წამში
მაქსიმალური სიჩქარე: 350 კმ/სთ-ზე მეტი
სიმძლავრე: 740 ცხენის ძალა 8500 ბრუნზე წამში
თორქი: 710 ნიუტონ-მეტრი 8500 ბრუნზე წამში
ტანსმისია: ექვსსაფეხურიანი სეკვენტალური
საწვავის ხარჯი: უცნობია
C02-ის გამონაბოლქვი: უცნობია
სიამაღლე: 1141 მმ
სიგანე: 2014 მმ
სიგრძე: 4886 მმ

აგვისტო, 2010 წ.“
ჯერემი კლარკსონი


ბლინები "ყავის კლუბში"

Approved by Gourmet Guide


ჩვენი ბლოგის მორიგი შეხვედრა ახლოვდებოდა, ჩვენი მერის მორიგ უგემრიელეს დესერტის  პერსპექტივის მოლოდინში გადავწყვიტეთ, რომ  არ გვაწყენდა და რამე გემრიელობა თავად მოგვემზადებინა. შევთანხმდით ბლინჩიკებზე სხვადასხვა სატენით. არჩევანის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველაფრის წინასწარ მომზადება  შეიძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში გაყინვაც კი. ასეთი მეთოდით მომზადებული კერძი ტრანსპორტირებასაც შესანიშნავად აიტანდა. ორმა ჩვენთაგანმა შეხვედრის წინა არც თუ გრილი დღე კი გაატარა ბლინჩიკების გამოცხობა-დახვევაში, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. უგემრიელესი ქათმიანი ბლინჩიკების  რეცეპტს ამ ბლოგშივე ცალკე სტატიად იხილავთ. მე ჩემს ვარიანტს სოკოთი და ყველით შემოგთავაზებთ.

ბლინჩიკების ცომი:
3 კვერცხი, 3 ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის), 2 ჭიქა ფქვილი, ¾-1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ (თქვეფის ყველაზე სწრაფი მეთოდი), ცომი თხელი არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. გააცხელეთ ტაფა, დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე (ამისთვის, შეგიძლიათ შუაზე გაჭრილი კარტოფილის ნახევარი გამოიყენოთ - ანუ გათლილი კარტოფილის ნახევარს წამოაცმევთ ჩანგალზე ამობურცული მხრიდან, გაჭრილი მხარით კი ზეტში ჩააწობთ და ტაფას მოუმევთ). შეგიძლიათ ცომი დაასხათ და გამოაცხოთ. ბლინჩიკს მეორე მხრიდან ნუ დაბრაწავთ თუ გულსართიანს ამზადებთ.
ყველის გულსართი: გამოდგება ნებისმიერი ჯიშის ყველი, რომელიც გაცხელებისას იწელება. გახეხეთ ან  წვრილად დაჭერით, დადეთ ბლინჩიკზე და ტოლმასავით გადაახვიეთ. (მთავარია, ჩემსავით არ ეცადოთ ზომაზე მეტი გულსართის ჩადებას,  კუპატი ხომ არაა, ცომია, ხოდა შიგადაშიგ სკდება, იხევა, მოკლედ, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ხელგაშლილობას და არც იზარალებთ).
სოკოს გულსართი: შამპინიონი თხლად დაჭერით და შეწვით (ზეთში ან კარაქში) საშუალო ცეცხლზე. თავიდან გამოყოფს თავისივე წვენს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ მზადება, სითხე შეშრობას რომ დაიწყებს, დაამარილეთ, დააპილპილეთ (წითელი ცხარე წიწაკა უფრო მომწონს, ვიდრე შავი),  ცეცხლს დაუწიეთ და სადღაც კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. სოკო მზადაა.
ეს ორი გულსართი შესანიშნავად უხდება ერთმანეთს, შეგიძლიათ ისინი „შეაერთოთ“ და  პრაქტიკულად სოკოს ჟულიენი ბლინჩიკში გამოგივათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

ფრანგული საკონდიტრო ხელოვნების კიდევ ერთი შედევრი - La Religieuse

Approved by Gourmet Guide


ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი შუს ჩვენთვის უჩვეულო ნაირახეობის გასინჯვა პარიზის ერთ-ერთ უძველეს და უპოპულარულეს საკონდიტრო Ladureé-ში შეგიძლიათ. მიუხედავად იმია, რომ La Religiouse-ს სხვადასხვა ფერის სარკალათი ამზადებენ და მისი შოკოლადიანი ვარიანტიც კი არებობს, ამბობენ, რომ სახელი მისი წითელი ვერსიის გამო დაარქვეს. თურმე, ვიღაცამ თეთრი კრემის „საყელოთი“ გაფორმებული წითელ სარკალა მოსხმული შუ კარდინალის სამოსს მიამსგავსა. Ladureé-ს რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დღეს, ცნობილი კონდიტერი ერიკ ლანლარდის ვარდის არომატიანი La Religiouse-ს რეცეპტს შემოგთავაზებთ. თუ ჩემსავით არ გიყვართ კულინარიაში ვარდის არომატი, თამამად შეცვალეთ - ყავით, ნუშით,  ვანილით და თუნდაც, ლავანდით...

La Religiouse
შუს ცომისთვის: 100 გრ კარაქი, 260 მლ რძე, 120 გრ ფქვილი, 4 კვერცხი
ვარდის კრემისთვის: 1 კვერცხი, 50 გრ ვანილიანი შაქარი, 2 ს/კ სიმინდის ფქვილი, 300 მლ რძე, 30 გრ კარაქი, ვარდის ესენცია და ვარდისფერი საღებავი
სარკალასთვის: 200 გრ შაქრის პუდრა, 1 ს/კ ლიმონი წვენი, 2 წვეთი ვარდისფერი საღებავი, 1 წვეთი ვარდის ესენცია, ვარდის ფურცლები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე.პატარა ქვაბში მოვათავსოთ რძე და კარაქი და დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ. კარაქი რომ გადნება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ჩავათქვიფოთ ფქვილი. როგორც კი ფქვილი მთლიანად გაიხსნება, ცომი ერთგვაროვანი გახდება და ქვაბი კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, დავაბრუნოთ ცეცხლზე და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი ზედმეტი სინოტივისაგან გამოვაშროთ (დაახლოებით 5 წუთი). გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ და თითო-თითოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. სანამ ერთი კვერცხი კარგად არ გაიხსნება ცომში, მეორეს ნუ დაუმატებთ! შუს ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ. 
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი და ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ თანაბარი ოდენობის პატარა და დიდი ზომის ბურთები. შევდგათ ღუმელში 25-30 წუთით, სანამ შუები მოყავისფრო ოქროსფრად არ დაიბრაწებიან. გავაგრილოთ.
კრემისათვის კვერცხი, შაქარი და სიმინდის ფქვილი ერთმანეთში გავთქვიფოთ, სანამ კვერცხი არ გათეთრდება. ცალკე ქვაბით წამოვადუღოთ რძე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხს და შაქარს. მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და შემოვდგათ ცეცხლზე. მორევა-მორევით 2 წუთის განმავლობაში ვხარშოთ და რომ შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელშივე დავუმატოთ კარაქი. შევდგათ მაცივარში. რომ გაცივდება, გადავურიოთ ცოტაოდენი ვარდის ესენცია და ვარდისფერი საღებავი. დანის მეშვეობოთ დიდ და პატარა შუებში ქვევიდან გავაკეთოთ ხვრელი და დავტენოთ ვარდის კრემით.
შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი გავქნათ ჩანგლით, დავუმატოთ რამდენიმე წვეთი ვარდის ესენცია და საღებავი (თუკი ასეთს თბილისში სადმე ნახავთ, შეგიძლიათ გამოყენოთ მზა სარკალა) და გადავუსვათ დიდ და პატარა შუებს. მერე პატარა შუები ზემოდან შემოვადგათ დიდ შუებს, მათი გადაბმის ადგილი კი მოვრთოთ კრემით. ზემოდან ვარდის ფურცლით გავაფორმოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Paris-Brest - შუს და ეკლერის უგემრიელესი ალტერნატივა

Approved by Gourmet Guide


1891 წელს „პარზი-ბრესტი-პარიზი“ ველორბოლის საპატივცემულოდ ფრანგმა კონიტერებმა ველოსიპეტის ბორბლის ფორმის ნამცხვარი „პარიზი-ბრესტი“ (პარი-ბრესტი) შექმნეს შუს ცომის, პრალინეიანი კრემი მუსლინისა და ნუშის ფანტელებისგან. მაღალი კალორიულობისა და ნოყიერების წყალობით ნამცხვარმა მალე მოიპოვა პოპულარობა რბილის მონაწილეთა შორის, მოგვიანებით კი პარიზის განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

Paris-Brest
შუს ცომი: 250 მლ წყალი, 200 გრ ფქვილი, 100 გრ კარაქი, მწიკვი მარილი, 4 კვერცხი
პრალინეს კრემისათვის: 8 კვერცხის გული, 250 გრ შაქარი, 250 გრ დარბილებული კარაქი, 120 გრ პრალინეს პასტა
მოსართავად: 100 გრ ნუშის ფანტელი, 50 გრ შაქრის პუდრა, 1 კვერცხის გული
საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი, კარაქი, მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე. წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ ფქვილი. ვურიოთ, სანამ ცომი ერთგვაროვან მასად არ იქცევა და ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ცომი დავაბრუნოთ ცეცხლზე და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი ზედმეტი სინოტივისგან რომ გამოვაშროთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, სულ ოდნავ შევაგრილოთ და სათითაოდ (!) ჩავათქვიფოთ კვერცხები. სანამ ერთი კვერცხი ბოლომდე არ შეითქვიფება ცომში მეორეს ნუ დაუმატებთ. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში და საცხობ ფირფიტაზე დავსვათ რგოლები. ოღონდ, ერთ რგოლს რომ დავსვამთ, ზემოდანვე ცომის ჯერ მეორე და მერე მესამე ფენა გადავატაროთ. თავზე ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ, ნუშის ფანტელი მოვაყაროთ და შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. გავაგრილოთ.
სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ კრემისთვის გამზადებული შაქარი და სულ ცოტა წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და მოვადუღოთ ოქროსფერი კარამელი (ვადუღოთ კარამელი, სანამ მისი ტემპერატურა 121°C-მდე არ მიაღწევს). კვერცხის გულები მიქსერით კარგად ავთქვიფოთ და ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი კარამელი. კვერცხის გულები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ მაცივრიდან კრემის გაკეთებამდე 1 საათით ადრე მაინც გამოიღეთ. ვთქვიფოთ სანამ კარამელისგან გაცხელებული მასა არ გაგრილდება. მერე ჩავათქვიფოთ დარბილებული კარაქი. სულ ბოლოს გადავურიოთ პრალინეს პასტა.
პრალინეს პასტა გამზადებული სახით თბილისში არ იყიდება, მაგრამ მისი დამზადება საკმაოდ ადვილია: 50 გრ მოხალული და გაფცქვნილი თხილი და 50 გრ შაქარი დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ, კარამელი და თხილი რომ არ დაიწვას. კარამელი მუქი ყავისფერი რომ გახდება და თხილი კარგად ამოიგანგლება კარამელში, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გასაგრილებლად დავასხათ ცხიმწამულ ალუმინის ლანგარზე ან ფოლგაზე. რომ გაცივდება და გახმება, დავაბლენდეროთ, ან დავჩეჩქვოთ და რამდენჯერმე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. პრალინეს პასტა მზადაა.
ახლა ისევ პარიზ-ბრესტს მივუბრუნდეთ: გამომცხვარო რგოლები ჰორიზონტალურად შუაზე გავჭრათ. ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემის სქელ ფენად. ზემოდან მეორე ნაწილი დავახუროთ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ. მაცივარში შევდგათ და რამდენიმე საათი გავაჩეროთ, სანამ შევჭამთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კროკემბუში (Croquembouche) ანუ შუს „ნაძვის ხე“

Approved by Gourmet Guide


კროკემბუში ანუ შუს „ნაძვის ხე“

ლაურა კოლდერი რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 16 ცალი)
შუებისთვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, ¾ ჭ კარაქი, 4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით  6 კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე შუებზე წასასმელად
კრემისათვის: 2 ჭ რძე, 1 ვანილის ჩხირი, 6 კვერცხის გული, ½ ჭ შაქარი, მწიკვი მარილი, 1/3 ჭ ფქვილი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი
კარამელისთვის: 3 ჭ შაქარი, ½ ჭ წყალი

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორება რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, სულ ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომიგან კვერცხი რომ არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი მძიმე და პრიალა თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომში გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობაში შუ ზომაში იმატებს) დავსვათ პატარა ბურთები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. გავაგრილოთ.
სანამ პროფიტროლები ცხვება მოვამზადოთ კრემი: რძე ჩავასხათ ქვაბში. ვანილის ჩხირი შუაზე გავჭრათ და თესლი გამოვფხიკოთ დანის წვერით. ვანილი ჩავყაროთ რძეში, შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავსახური დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთით. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის გულები, ჩავათქვიფოთ ფქვილიც. ათქვეფილ კვერცხში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ თბილი რძეც. შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარშება და კრემს ერბოკვერცხის სუნი აუვა. კრემი რომ გაცივდება, ფრთხილად გადავურიოთ ათქვფილი ნაღები. კრემი ჩავასხათ წვეტიანი თავის მქონე საკონდიტრო ტომსიკაში და ქვედა მხრიდან დავტენოთ შუები
სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ შაქარი და წყალი ცეცხლზე და მოვადუღოთ სქელი კარამელი. ჩანგლზე წამოცმული შუები ფრთხილად ამოვავლოთ ცხელ კარამელში და კამარემელისვე მეშვეობით მივაწებოთ კონუსის ფორმის ცხიმწასმულ კროკენბუშის შაბლონზე (რომლის დამზადებაც თავად შეგიძლიათ კარდონისგან, ოღონს ან ცელოფანი ან ალუმინის ფოლგა გადააკარით, კარამელმა ქაღალდი რომ არ აიკრას. ზოგი ამ მიზნისთვის გადაბრუნებულ ყვავილის ქოთანსაც იყენებს,). უკვე აწყობილ „ხეს“ მორჩენილი კარამელი გადავასხათ და ცოტა ხანი გავაჩეროთ, მერე კი, რასაკვირველია, მივირთვათ.



საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ეკლერები ყავის კრემით

Approved by Gourmet Guide


ეკლერები ყავის კრემით

ლაურა კოლდერის რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 16 ცალი)
ეკლერებისათვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, ¾ ჭ კარაქი, 4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით  6 კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე ეკლერებზე წასასმელად
კრემისათვის: 2 ჭ რძე, 1 ვანილის ჩხირი, 6 კვერცხის გული, ½ ჭ შაქარი, მწიკვი მარილი, 1/3 ჭ ფქვილი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი, რამდენიმე წვეთი ყავის ესენცია
ყავის სარკალა: 1 ½ ჭ შაქრის პუდრა, 4 ს/კ წყალი, ½ ჩ/კ ყავის ესენცია

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასა არ მივიღებთ. ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ცომი სულ ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომისგან კვერცხი რომ არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი მძიმე და პრიალა თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომში გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობისას ეკლერი ზომაში იმატებს) დავსვათ დაახლოებით 5 სმ-ის სიგრძის ჩხირები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. გავაგრილოთ.
სანამ ეკლერები ცხვება მოვამზადოთ კრემი: რძე ჩავასხათ ქვაბში. ვანილის ჩხირი შუაზე გავჭრათ და თესლი გამოვფხიკოთ დანის წვერით. ვანილი ჩავყაროთ რძეში, შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავსახური დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთით. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის გულები, ჩავათქვიფოთ ფქვილიც. ათქვეფილ კვერცხში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ თბილი რძეც. შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარშება და კრემს ერბოკვერცხის სუნი აუვა. კრემი რომ გაცივდება, ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღები და ყავის ესენცია. კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში.
სარკალასთვის პატარა ჯამში ჩავყაროთ შაქრის პუდრა, დავუმატოთ წყალი და ყავის ესენცია და გავქნათ კოვზის ზურგით ან ჩანგლით. საჭიროები შემთხვევაში დავუმატოთ წყალი. ეკლერები გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს გადავუსვათ კრემი, ზედა ნაწილი კი ამოვავლოთ სარკალაში და კრემიან ნაწილს დავახუროთ თავზე, მერე კი მივირთვათ.




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

პროფიტროლები ვანილის ნაყინით და შოკოლადის სოუსით

Approved by Gourmet Guide


პროფიტროლები ვანილის ნაყინით და შოკოლადის სოუსით
ლაურა კოლდერის რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 12 ცალი)
პროფიტროლების, ანუ პატარა შუებისთვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, 150 გრ კარაქი, 4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით  6 კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე შუებზე წასასმელად
შოკოლადის სოუსისთვის: 1 ჭ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ შავი შოკოლადი დატეხილი
გულასრთისთვის: 500 მლ ვანილის ნაყინი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომისგან კვერცხი რომ არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი, მძიმე და პრიალა თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომს გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობაში შუ ზომაში საგრძნობლად იმატებს) დავსვათ პატარა ბურთები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. გავაგრილოთ.



შუები რომ გაცივდება, მოვამზადოთ შოკოლადის სოუსი: პატარა ქვაბში ნაღები დუღილამდე მივიყვანოთ და დავუმატოთ შოკოლადი. ერთი წუთი გაზზე გავაჩეროთ, შოკოლადი რომ გადნეს და გადმოვდგათ. სოუსი ძალიან სქელი თუ გამოვიდა, ცოტა ნაღები დავუმატოთ.
შუები შუაზე გავჭრათ და ვანილის ნაღებით დავტენოთ. დავალაგოთ თეფშზე ან მარტინის ჭიქებში და ჯერ კიდევ თბილი შოკოლადის სოუსი მოვსახათ თავზე და რასაკვირველია, სანამ ნაყინი გადნება, მანამდე ვჭამოთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დესერტი მარწყვით - აურზაური სალხინეთში

Approved by Gourmet Guide


ამ ბოლო დროს ბრიტანული სამზარეულოს თაყვანისმცემელი გავხდი, სამზარეულოსი, რომელიც უგემური კერძების ნამდვილ ჩემპიონად ითვლება და ნახევარი მსოფლიო დასცინის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კერძი მართლაც ძალიან გემრიელი აქვთ და განსაკუთრებულად ხილის დესერტები და მობრაწულები. ჩემს ფავორიტებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია „აურზაურს იტონში“, რომლის რეცეპტიც შარშან უკვე გაგაცანით და რომელიც მარწყვით, გამომცხვარი ბეზეთი და ათქვეფილი ნაღებით მზადდება. მე ამ კერძის საკუთარი ვერსია შევქმენი - შვეიცარიული ბეზეთი, ინგლისური მოხარშული კრემით და გორის მარწყვით. ჩვენმა კლუბი წევრებმა ჩემს ნახელავს სახელწოდება გაინჯვისთანავე გადაუქართულეს და აურზაური სალხინეთში უწოდეს. ერთი სიტყვით:

აურზაური სალხინეთში
6 პორცია
კრემისთვის: 500 მლ რძე, 4 კვერცხის გული, 150 გრ შაქარი, 75 გრ ფქვილი, ვანილის შაქარი
ბეზესთვის: 4 კვერცხი ცილა, 300 გრ შაქარი
მარწყვის პიურეთვი: 500 გრ მარწყვი, 250 გრ შაქარი
მოსართავად: 1 ფილა მწარე შოკოლადი, 75 გრ მოხალული ნიგოზი დაჭრილი, 18 ცალი მაწყვი (შეიძლება რამდენიმე ალუბალიც)
ბეზესათვის ცეცხლზე შემოვდგათ 1/3-ზე წყლით სავსე დიდი ქვაბი. ამ ქვაბში კარგად რომ ჯდება, ისეთ ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ჩავაყაროთ შაქარი. წყალი რომ ადუღდება, ცილიანი ჯამი შემოვდგათ წყლის აბაზანაზე (ჯამის ფკერი მდუღარე წყალ არ უნდა ეხებოდეს) და ვთქვიფოთ დაახლოებით 10-15 წუთი (ბეზე გამოსაცხობად თუ გინდათ, 10 წუთიც ყოფნის, ტორტის ან ნამცხვრის მოსართავად მთელი 15 წუთი უნდა. რაც უფრო მეტხანს თქვეფთ, გაციებული ბეზე უფრო მაგრად „ხმება“). თუნუქის ფორფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი დავასხათ მოხარშული ბეზე და მოვასწოროთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ ოდნავ კარგამოღებულ ღუმელში. სადღაც საათნახევრის შემდეგ მოვაკითხოთ, ბეზე ღიაკრემისფერი რომ გახდება და გახმება, მზადაა. გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
საკონდიტრო მოხარშული კრემის დასამზადებლად რძე დავადგათ ასადუღებლად. მანამდე ათქვიფთ შაქარი და კვერცხის გულები. კარგად რომ აითქვიფება, დაუმატთ ვანილი და ფქვილი. რძე, როგორც კი ბუშტებს გაიკეთებს (ნუ აადუღებთ), გადმოდგთ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად, მორევა-მორევით ჩაათქვიფთ გოგლი-მოგლში. კვერცხიანი ქვაბი შემოდგთ ცეცხლზე და ურიოთ, სანამ არ შესქელდება. გადმოდგთ და გავაგრილოთ. შეეცადეთ კრემი არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარება და კრემს ერბოკვერცხის სუნი აუვა.
გარეცხილი მარწყვები გავჭრათ შუაზე, ჩავყაროთ სქელძიარიან ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ საშალოზე დაბალ ცეცხლზე (შეგიძლიათ სულ ცოტა წყალი დაუმატოთ). ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
შოკოლადი გავადნოთ და მოსართავად გადანახული მთელ-მთელი მარწყვები (ალუბლებიც) ამოვავლოთ. დავალაგოთ ცხიმწასმული ალუმინის ფოლგაზე ან ლანგარზე და მაცივარში შევდგათ, შოკოლადი რომ გამაგრდეს.
ჭამის წინ ფართო ჯამში ერთ პორციად ან ლამაზ ჭიქებში ცალ-ცალკე პორცებად ჩავყაროთ დამტვრეული ბეზე, მოვასხათ კრემი, მერე მარწყვის პიურე, მერე ისევ კრემი, ისევ ბეზე, ზემოდან ისევ კრემი და ცოტაოდენი მარწყვი. მოვრთოთ შოკოლადიანი მარწყვებით და მოხალული ნიგვზით და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Attraverso me - ანუ იტალიელების უჩვეულო თავგადასავალი თბილისში

Approved by Gourmet Guide



რამდენიმე დღი წინ ერთმა მეგობარმა შრადენზე კლუბ UNIQUE-ში დაგვპატიჟა, ულამაზესი იტალიელი წყვილია ჩამოული და ყოველ საღამოს მღერიანო. უნდა ვაღიარო, რომ მთვრალი თინეიჯერებით გადავებულ თბილისურ კლუბებში სიარული უკვე რამდენიმე წლის წინ მოვიყირჭე და ამიტომ UNIQUE-ის ადგილმდებაროეის თაობაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. როგორც წინდახედულმა ადამიანმა დავგუგლე და ფეისბუქის ერთადერთ გვერდს მივაგენი, რომელიც კლუბის მესვეურებმა მზრინველად კი გახსნეს, მაგრამ მერე ასევე მზრუნველად და ერთსულოვნად დაივიწყეს - არათუ მისამართი, შენობი ფოტოც კი არ იდო, დანახვისას რომ იცნო.  ვიფიქრე, ეტყობა თანამედროვე ცხოვრებას მე ჩამოვრჩი ძალიან, თორემ „ბავშვმაც კი იცის ვინაა კაკო“ და ჯანდაბას, ჩემი თავი უბანი პატარაა, ვიპოვი-მეთქი. თუმცა, იმან მაინც დამაეჭვა, გუგლში ნახენებიც რომ არ იყო, ერთ-ერთ რეიტინგულ საიტს თუ არ ჩავთვლით, სადაც, გლდანის საშაურმესა და ახინკლე „გიორგის“ შორის მოხვედრილ კლუბს სულ სამი ხმით 5 ვარსკვლავი ქონდა მინიჭებული.
გაორმაგებული ხედი
ხუთსართულიანი შენობის სახურავზე განლაგებული კლუბი ძალიან მომეწონა. კარგი დიზაინი, თბილისის ხვატისთვის შესანიშნავად განიავებადი ღია ტერიტორია, გემოვნებით გაფორმებული გადახურული ვერანდა წვიმისგან დამცავი ფარდებით, მოხერხებული სავარძლები, კარგი მუსიკა, გემრიელი კერძები, მთაწმინდის ორი ანძითა და ორი სიონის გუმბათით სიმატრიულად დამშვებევული ხედი (არ შეგეშინდეთ! ორგმინის მაღალი მოაჯირი ირეკლავდა)...ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მართლაც შესანიშნავი საღამო გაატარო ზაფხულის ცხელი დღის შემდგეგ, თუმცა...
იტალიელები საღამოს 8-დან 12-მდე მღერიან და ჩვენც საქართველოთვის უჩვეულო პუნქტუალობით, ზუსტად 8-ზე მივედით. შევედით თუ არა, წინ აშკარად კლონირებული ან საგანგებო სელექციის შედეგად გამოყვანილი ტყუპებივით 120 სმ სიმაღლის და 90 სმ სიგანის თეთრმაისურიანი და საკმაოდ სიმპატიურსახიანი ოფიციანტების ჯარი გადაგვეღობა (ეტყობა კლუბის მესვეურები მეტწილად მოკლე ფეხებითა და დაბალი უკანალით დაჯილდოებულ კლიენტებზე ზრუნავენ, უკვე შეზარხოშებული ქართველი მამაკაცები მაღალი და გრძელფეხება მომსახურე პერსონალის დანახვაზე რომ არ დაკომპლექსდნენ და ფულის ხარჯვის სურვილი არ დაკარგონ) და მკაცრად გვკითხეს, მაგიდა დაბრონილი გქვონდა თუ არა. არ გვქონდა - რას წარმოვიდგენდი? 
მომღერლის ზურგები
ჰოდა, ჩვენც მოქეიფე სომეხ პარიკმახერებსა და ერთ მეტად უჩვეულო ქართველ წყვილს შორის (რომელზეც მოგვიანებით ცალკე მოგიყვებით) აივანზე გვიკრეს თავი. რისთვისაც, სხვათაშორის, დიდი მადლობა პერსონალს, იმიტომ რომ ღამის პირველის ნახევრამდე სრულიად ცარიელ გადახურულ ცენტრალურ ნაწილში არანორმალურად ცხელოდა. ერთი სიტყვით, კლუბში განლაგება ასეთია: შედიხარ გადახურულ ვერანდაზე სადაც დგას რბილი, ბალიშებიანი ტახტები, ვერანდის მეორე გასასვლელში სხედან მუსიკოსები სახით შემოსასვლელისკენ. აივანზე, ვერანდის ირგვლივ დგას დაწნული მაგიდები და სავარძლები, საიდანაც მომღერლების მხოლოდ ზურგებს ხედავ. შესაბამისად Roberta Langone და Giorgo Mascarese მთელი საღამო ცარიელ დარბაზს (სამზარეულოსა და აივანს შორის მოდეფილირე ოფოციანტებს თუ არ ჩავთვლით) უმღეროდნენ ულამაზეს იტალიურ სიმღერებს. სავსე აივნიდან კი ჩვენ ანუ, მაყურებლები მათი ზურგებით ვტკბებოდით... ქართული ტრადიციისამებრ, პუბლიკა კლუბს ღამის პირველი საათისთვის მოაწყდა, სხვაგან რომ დათვრნენ და UNIQUE-ის მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი პროგრამა რომ დაასრულეს მერე.
ყინულების ვედრო
ახლა რაც შეეხება საზოგადოებას: შეგიმჩნევიათ, რომ ქართველები ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილა საერთოდ არ ვიღიმებით? თუ არ გჯერათ, დააკვირდით ქუჩაში მოსიარულე გოგოებს (სხვათა შორის, პირველად ეს ქობულეთში შევნინე - ყველა რომ დაღრეჯილიდა დადიოდა) ან კაფეში შედით და თავად დარწმუნდებით. ან სერიოზული და შეწუხებული სახით ვსაუბრობთ და ვსხედვართ ან ღრეობაზე გადავდივართ შეზარხოშების შემდეგ. განაკუთრებულად მიყვარს, მთვრალი ბიჭები ფეხზე წამომხტარი რომ იჭაჭებიან და ცდილობენ სხვების ყაყანი საკუთარით გადაფარონ. გამონაკლისი არმჯერადაც არ ყოფილა - სხვებზე მეტად ჩილიმის მოწევაში გართული მსოფლიო სევდისაგან ტანჯული გოგოები და სრულიად კოლორიტული და აღგზნებული ზომიერად ფერ-ხორციანი, მოწიფული ასაკის მამაკაცი მართობდა, რომელიც ჩვენ გვერდით მაგიდასთან „აბამდა“ ჭიაყელასავით გამხდარ, მაგრამ აშკარად მთელი ზამთრის ნაშიმშილები არქტიკული დათვის მადის მქონე გოგოს. ახალგაზრდა კაცმა ჯერ ღვინო შეუკვეთა და გოგოს გააინჯა, იმანაც კარგი სომელიესავით, ხან ტუჩები აწკლაპუნა, ხან ჭიქა აჭანჭყარა, ღვინის შეფასებასთან დაკავშირებული კონოში ნანახი ყველა ოპერაცია პატიოსნად ჩაატარა და დისდულოვნად დააქნია თავი. მაგიდაზეც უმალ გაჩნდა შამპანურის ვედროში ყინულების გარეშე გამოჭიმული თეთრი ღვინის ბოთლი (ამას საქართველოს გარდა, ალბათ ვერსად ნახავთ! შამპანურის ჩასაცივებელი ვედრო მოიტანონ ყინულების გარეშე და თანაც შამპანურის მაგივრად, ღვინის ბოთლით). 
ზომიერად ფერხორციანი
მოწიფული ასაკის მამაკაცი
მაგრამ ეგ არაფერი, კაცმა ოფიციანტები ხომ ცალკე დატანჯა თავისი აუტანელი კაპრიზებით - წამზომს უნიშნავდა შეკვეთას რამდენ წუთში მოუტანდნენ, გოგოს თეფშიდან ყველაფერს სინჯავდა, სუნავდა, ათვალიერებდა. ხან რა გააბრუნა, ხან რა დააბრუნა... ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ კერძს ჯერ გოგოსთვის მოატანინებდა, იმას აჭმევდა, აცდიდა 15 წუთს და მერე აბარებდა იგივეს თავისთვის. ჩვენ კი, შორიახლო მსხდომებს,  მინიმუმ სამი ზომით პატარა მაიკიდან გადმოვარდნილი ხან ფერხორციანი ღიპით და ხანაც თეთრი ბამბის ბიკინში გამოწკვართლული ვარდისფერი უკანალის ხედით და შიგადაშიგ ჩვენკენ მოპყრობილი გამჭოლი და მკაცრი მზერით გვატკბობდა. შარვალი ბოლომდე რომ ჩაძვრა, მერე მიხვდა და სკამი მიიდგა გვერდიდან...
დაბრონილი ვერანდა
გული ერთადერთი იმაზე დამწყდა, რომ უცხოელი მომღერლები, რომლებიც ჩვენს გართობას მთელი საღამოს განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ, ქართველი მსმენელისგან კანტიკუნტ ტაშს, მადლობა ან ყურადღებასაც ვერ ეღირსნენ. ჩვენ რომ ასეთი მონდომებით მივისწრაფით იმ ევროპაში სხვისი შრომის (მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანის) დაფასება, ანუ უბრალოდ, ტაშის დაკვრა, გაღიმება, მადლობის გადახდა, ზრდილობი ნორმებში შედის. არადა, თოთქოს თავი ზრდილობითაც მოგვაქვს და კარგად აღზრდითაც. სასიამოვნო მუსიკით, სიგრილით, ულამაზესი ხედით და გემრიელი გამაგრილებელი სამელებით აღსავსე შესანიშნავი ღამე იქვე, შარდენზე, მოულოდნელად გამართულმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა. ცაში გატყორცნილი პეტარდები პირდაპირ ჩვენს თავზე სკდებოდნენ, რითიც სანახაობა ათმაგად უჩვეულო, ადრენალინიზირებული და ლამაზი გახდა.
დამთავრებას ვაპირებდი, მაგრამ არ შემიძლია, რომ მენიუსაც არ შევეხო. კარგი მენიუა. გემრიელიც და პორციებიც შთამბეჭდავია. თუმცა, ქართული კუდაბზიკობის ნიშნებს აქაც ვერ გაექცნენ - გინდა ჩვენთვის მისტიკურად მომხიბვლელი ფრანგული რატატუი დაარქვი და გინდაც სრულიად უცნობი იტალიური კაპონატა - სომხური აჯაფსანდალი მაინც აჯაფსანდალად რჩება და რატომ უნდა ღირდეს ერთი თეფში 10 ლარი, ვერასდროს მივხვდები და ვინც მომედავება, რომ რატატუიში ბადრიჯანთან ერთად ყაბაყსაც დებენ, იმათ ვუპასუხებ, რომ საქართველოში ყაბაყი არ უყვართ და შესაბამისად, ბადრიჯანზე ბევრად იაფი ღირს. და „პასტა ვონგოლო მოლუსკებით“ - თვითონ კერძს არ ვერჩი, უბრალოდ, ვონგოლო იტალიურად მოლუსკს ნიშნავს და ფეხბურთის გულშემატკივრები რომ იძახიან ხოლმე, „კარგი უდარი დაარტყაო“ დაახლოებით იგივე გამოუვიდათ.
რა გითხრათ? წასვლა ნამდვილად ღირს და დიხანსაც ნუ გადაგებთ, იტალიელები ივლისის დასაწყისში მდიან.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი