ტრადიციული მარწყვი სრულიად არატრადიციულად

Approved by Mary Poppins


მიუხედავად იმისა, რომ ბუნება გვწყალობს და ადგილობრივი ხილის თუ ბოტნეულის მრავალფეროვანი არჩევანით საკმაოდ განებივრებული ვართ და ცივილიზაციასთან ერთად ტროპიკული ხილის გარკვეულმა ნაწილმა ჩვენს სუპერმარკეტებამდე კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მოაღწია, რატომღაც მარწყვი დღესაც საკმაოდ დეფიციტურ და მოკლევადიანი მოვლენის სტატუსს ინარჩუნებს. თუ დაკვირვებიხართ, რომ მას მხოლოდ ტორტისთვის თუ ვიმეტებთ და მისი მურაბაც კი დელიკატესად ითვლება. არადა, მიგან სალათებს, ძმარს, უბრალო ნამცხვრებს, ნაყინს და ათას გემრიელობას ამზადებენ. აღარაფერს ვლაპარაკობ პილპილიან მარწყვზე, რომელიც, მერწმუნეთ, საკმაოდ გემრიელი რამეა.

მარწყვის მარინადი
მარწყვი კივით: 750 გრ მარწყვი, 3 კივი, 500 მლ რომი, 250 გრ შაქარი
მარწყვი ფრთხილად გავრეცხოთ და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად. კივი გავთალოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. რომი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ. მარწყვი და კივი ქილაში ფენა-ფენად ჩავალაგოთ, დავასხათ შაქრიანი რომი, ისე რომ ხილი ალკოჰოლით მთლიანად დაიფაროს. საჭიროების შემთხვევაში, ცოტაოდენი რომი დაამატეთ, ქილას თავი დავახუროთ და რამდენიმე დღე გრილ და ბნელ ადგილას დავაყენოთ. ძალიან გემრიელია ხილიც და რომზე ხომ აღარ ვლაპარაკობ.
მარწყვი ბანანით: 500 გრ მარწყვი, 1 ბანანი, 10 ცალი ნიგვზის ლებანი, 250 მლ კონიაკი, 250 გრ შაქარი, 1 მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)
მარწყვი ფრთხილად გავრეცხოთ და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად. ბანანი გავფცქვნათ და დავჭრათ რგოლებად. ნიგოზი ცხელი წყლით გავრეცხოთ და გავაშროთ. ხილი და ნიგოზი ფენებად ჩავალაგოთ ქილაში. კონიაკი, შაქარი და დაფქული ჯანჯაფილი ერთმანეთში გადავურიოთ და დავასხათ ხილს, ისე რომ ხილი ალკოჰოლით მთლიანად დაიფაროს. საჭიროების შემთხვევაში ცოტაოდენი კონიაკი დაამატეთ, ქილას თავი დავახუროთ და რამდენიმე დღე გრილ და ბნელ ადგილას დავაყენოთ.

მარწყვის ძმარი
500 გრ მარწყვი, 500 მლ თეთრი ღვინის ძმარი
მარწყვი გავრეცხოთ, და ზომისდა მიხედვით გავჭრათ 2 ან 4 ნაწილად, ჩავალაგოთ ქილაში და დავასხათ თეთრი ღვინის ძმარი. ქილას დავაფაროთ თავსახური და 2-3 კვირით დავდგათ მზიან ადგილას (მაგალითად, ფანჯრის რაფაზე). გამზადებული ძმარი გადავწუროთ საცერზე ან დოლბანდზე და გამოვიყენოთ სალათებში. თავად ჩამარინადებული ხილი კი გარნირად ძალიან უხდება საქონლი მოხარშულ ხორცს ან ენას.



მარწყვის სალათა ქათმით
3 ნაჭერი ქათმი ფილე, დაფქული პილპილი, 30 გრ ერბო, მარილი 150 გრ მარწყვი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ შაქარი, 100 მლ ნაღები, 1 ს/კ კეტჩუპი, 1 ს/კ არაჟანი, 2 ავოკადო, სალათი ლატუკი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ნუში
ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ პილპილი და ერბოში დავბრაწოთ ყველა მხრიდან. მერე მოვაყაროთ მარილი და ტაფიდან გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან რომ დაიწრიტოს. გავაგრილოთ. მარწყვები გავჭრათ შუაზე ან ოთხად მათი ზომისდამიხედვით. ლიმონი წვენს შევურიოთ შაქარი და მოვსახათ მარწყვს. ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ კეტჩუპი, არაჟანი, მარილი და პილპილი. ავოკადო გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ კუბიკებად. სალათის ფოთლები, მარწყვი და ავოკადო დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ ნაღების სოუსი და ზემოდან მოვაყაროთ ნუში.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment