მარჯვენა ფეხით დაბადებული...

Approved by Mary Poppins


ჯადო, თვალის, თარსვის, ბედის, იღბლის და მსგავსი არამიწიერი და არამატერიალური რამე-რუმეების, რომლებსაც ჩვენს დაუმსახურებელ და დამსახურებულ წარმატებებსა თუ წარუმატებლობას ვაბრალებთ, ბავშვობიდან არ მჯეროდა. ყველაფერ მომხდარს უბრალო მოცემულობად ვღებულობდი ხოლმე და მათ გამომწვევ მიზეზებს მაინცდამაინც არ ვუღრმავდებოდი - მოხდა და მოხდა. მერე რა, რომ გამოცდაზე ერთადერთი ბილეთი რომ მცოდნოდა, მაინცდამაინც იმას ვადებდი ხელს... მახსოვს, ერთხელ, მემგონი მეოთხე კურსზე ვიყავით, საზღვარგარეთ ლიტერატურის ისტორიის ლექტორმა გამოცდისთვის წასაკითხად 114 ნაწარმოებიანი სია მოგვცა. მე და ჩემმა მეგობარმა პატიოსნად წავიკითხეთ 103. დარჩენილი თერთმეტი, უბრალოდ, ვეღარ მოვასწარით. გამოსაკითხად ერთად გავედით. ბილეთში ჩამოთვლილი 3 მწერლის ნაწარმოებები რომ განვიხილე, გამომცდელმა დამატებითი შეკითხვები დამისვა და კიდევ 76 მწერალზე მომიწია საუბარმა (რომლებშიც "გახალტურებული" თერთმეტიდან არცერთი არ მოხვდა) და დამსახურებული ხუთიანიც მივიღე. ჩემმა მეგობარმა სამი ბილეთი გამოცვალა. სამ-სამ საკითხად წაუკითხავად დარჩენილი 11 წიგნიდან 9 შეხვდა. გამოცდიდან ორიანით გამოგდებას რომ გადამერჩინა, ლექტორს სიტუაცუა ავუხენი,  საკუთარი ხელით გადახაზული წაკითხული წიგნების სია ვაჩვენე. მანაც უიღბლო სტუდენტი ზეპირად გამოკითხა და საბოლოოდ ისიც ხუთით გამოისტუმრა.
უფრო ადრე, გემზე კრუიზის დროს, 6 წლის ასაკში, სათამაშო აპარატზე ჯეკ-პოტი მოვხენი და მხოლოდ ის მახსოვს, ბრჭყვიალა, ოქროსფერი მონეტები რამდენიმე წუთის განმავლობაში სავსე უჯრიდან იატაკზე როგორ იყრებოდა... ერთი სიტყვით, ზოგადი პარამეტრებით, ალბათ მეც ბედის ნებიერათა რიცხვში გავდივარ, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ასეთ რაღაცეებზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ. უკაცრაცად, „ვიწუხებდი“.
ეტყობა, მაღალ მატერიებს ჩემი ასეთი უდარდელობა არ მოეწონათ და განგებამ ჩემს საკმაოდ მტკიცე რწმენას ერთი ჩემი მეგობრი სახით განსაცდელი გამოუგზავნა: მსგავსი იღბლიანი არავინ და არაფერი მინახავს. იშვიათადაა, რომ ერთი ადამიანი ერთდროულად იყოს ნიჭიერიც და შრომისმოყვარეც, მაგრამ ამ გოგონას იღბლის ფონზე მისი ნიჭიც და მძიმე შრომაც ერთნაირად იკარგება. წვრილმანებზე აღარ მოვყვები - ასპირანტურაში მოულოდნელად როგორ დარჩა და თემის ხელმღვანელმა საცხოვრებლად მამის დაკეტილი ბინა უსასყიდლოდ როგორ შესთავაზა, მერე ერთ-ერთი ეგზოტიკური ენის შესწავლა როგორ დაიწყო და მაწავლებელმა შრი-ლანკაზე როგორ წაიყვანა და იქაური უნივერსიტეტი დაამთავრებინა, ლამის იშვილა და ავსტრალია და ამერიკის შეერთებული შტატები მოატარა, გამზითვებასაც კი უპირებდა,რომ გათხოვებულიყო... სრულიად ზღაპრულად ჟღერს, არა? მხოლოდ მისმა ახლობლებმა ვიცით ამ ყველაფრის მიღმა რამდენი შრომა, ტკივილი და სიმწარეა ჩადებული. ამიტომ, ამ "მოვლენებს" მარტო იღბალს და გამართლებასაც ვერ დავარქმევ. მისი ქუდბედიანობა სულ სხვა რამეში ჩანს:
შორეულ და გაყინული 90-იანი წლების უტელეფონო უკუნსა და ბნელში გოგომ სინჰალა ენის მაწავლებლის პატივისცემა განიზრახა და ეროვნული ბანკის პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი მრჩევლის შრი-ლანკელი ცოლი (ანუ მაშინ მასწავლებელი დღეს კი დედობილი) თავისი ასპირანტურის ხელმძღვანელის (მოწოდებით ჭკუის დამრიგებელ-დამკვალიანებლის და მეორე დედობილის) სახელგანთქმული მამის, მხატვარი მოსე თოიძის სახლმუზეუმში მხატვრის ნამუშევრების დასათვალიერებლად დაპატიჟა. თან იმერულმა სისხლმა უყივლა და მარტო ნახატები რაა, პატარა ალა-ფურშეტიც მოვაწყოთო. გახსოვთ იმ დროს რა ხდებოდა? ვინმეს სარდაფში შემთხვევით აღმოჩენილ ერთ ქილა მურაბაზე და ჩაიზე ნახევარი სადარბაზო რომ იკრიბებოდა და „მარსი“ და „სნიკერსი“ დაბადების დღეზე ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა? განზრახვის განსახორციელებლად გოგოს შორეულ იმერეთში დარჩენილი, სოფლის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული საკუთარი ძროხების მეპატრონე ოჯახის დახმარება დასჭირდა. მაგრამ ისიც ხომ გახსოვთ, რომ მაშინ, ჯერ კიდევ უმობოლურო სამყაროში სოფელში დარეკვა პრაქტიკულად ფანტატიკის სფეროს რომ წარმიადგენდა? ჰოდა, ჩვენმა ბედის ნებიერამ, ასეთ გამოსავალს მიაგნო - დაწერა ორი წერილი. ერთი თერჯოლის გზაზე სიმონეთის გადასახვევთან მდგომი ავტოინსპექტორების სახელზე, რომლებსაც აჯა-მუდარას უთვლიდა, ქუთაისიდან სიმონეთში მიმავალი ავტობუსი გააჩერეთ, ვინმე ჩემი მეზობელი იჯდება და მამაჩემთან მეორე წერილი გაატანეთო. მეორე წერილით კი დედას თხოვდა, ხუთშაბათი დილისთვის ყველი, ხაჭაპურები, დაბრაწული გოჭი, ცივად მოხარშული დედალი და ფხალეული გამოეგზავნა ქუთაისის მატარებლის მეათე ვაგონით. ორივე წერილი ქუთაისის ავტობუსის სრულიად უცნობ მგზავრს გაატანა ტერჯოლელ ავტოინსპეკტორებთან დეტალური ინსტრუქციებით (ავტობუსის მძღოლი სახე წარმოიდგინეთ, მგზავრო რომ ეტყოდა, ორი წუთი "გაისთან" გამიჩერე, საქმე მაქვს პატარაო). ხუთშაბათ დილამდე მთელი კვირა სხვაზე არაფერზე გვიშაყირია. ბევრს აღარ გავაგრძელებ, ორივე წერილი ადრესატებს ჩაბარდა და ჩვენმა ვერნისაჟმაც წარმატებულად ჩაიარა.
ამიტომ, როცა ამ შემოდგომაზე ლონდონი ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ერთწლიანი მიწვევა მიიღო, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ბრიტანეთის საელჩო ვიზას ჩაურტყამდა და უპრობლემოდ წავიდოდა. მაგრამ, მისმა იღბალმა ამჯერადაც სხვა რამეში იჩინა თავი. კავშირი-კომუნიკაციების პრობლემა ლონდონიც დაუდგა: რუსთაველის ფონდითვის, რომელმაც მისი პროექტი დააფინანსა, ანგარიში  ქონდა გამოსაგზავნი, უბრალო ფოსტა ვერ ენდო, DHL-ის მომსახურება კი საკმაოდ ძვირი ღირდა. და რა გგონიათ რა მოხდა?! არა, უნივერსიტეტი ბიბლიოთეკაში შემთხვევით შესულ რუსთაველის ფონდის დირექტორს ან თუნდაც რიგით თანამშრომელს არ გადაყრია. მისი ბედი ასეთი მარტივი გამოსავლისთვის არ წვრილმანდება. თეატრ „გლობუსში“ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლზე წავიდა და უკანა რიგში მჯდომი ვერა ქობალია დაინახა... ზრდილობიანი მინისტრი თანამემამულეს მიესალმა და მერე ალბათ დიდხანს ინანა. გოგომ ანტრაქტამდე ითმინა, ქალბატონ მინისტრს ყავის დალევაც კი აცალა და მერე პირდაპირ საქმეზე გადავიდა: „ქალბატონო ვერა, თქვენი დახმარება მჭირდება, თბილისში რაღაცა საბუთებს გაგატანთ, ჩემი ძმა მოგაკითხავთ და გადაეცით, რა“-ო... სანამ ვერა ზრდილობიან უარს ეტყოდა, საქართველოს დელეგაციას ვიღაც კაცი გამოეყო და მოულოდნელ მთხოვნელს გულმხურვალედ არწმუნებდა, ვერა საქმეებზე ტალინში მიდის, მე უფრო ადრე ჩავალ თბილისში, მენდე, პატიოსანი ბიზნესმენი ვარ, მე გამატანეო. გოგოც მარტივად დაყაბულდა და იქვე გაახარა საგონებელში ჩავარდნილი მინისტრი: „ქალბატონო ვერა, არ ინერვიულოთ, აგერ თქვენს მეგობარს გავატან, ჩემთვის სულერთია ვის მიაქვს“-ო და უდარდელად განაგრძნო სპექტაკლის მეორე აქტის ყურება... ალბათ, ხვდებით, რომ საბუთები რუსთაველის ფონდს უპრობლემოდ ჩაბარდა.
ეს ამბავი რომ მომიყვა, შევთავაზე ბარგის ნაწილი ჩანთაში ჩაალაგოს და ყოველი შემთხვევითვის მზად იყოს. ადრე თუ გვიან ლონდონში ალბათ ჩვენი პრეზიდენტიც ჩავა და წიგნები და მძიმე რამე-რუმეები იმას გამოატანოს. მერე, საქართველოში დაბრუნება რომ მოუწევს, აეროპორტში ზედმეტი წონის საფასური აღარ ექნება გადასახდელი...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment