პროფიტროლები ვანილის ნაყინით და შოკოლადის სოუსით

Approved by Mary Poppins


პროფიტროლები ვანილის ნაყინით და შოკოლადის სოუსით
ლაურა კოლდერის რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 12 ცალი)
პროფიტროლების, ანუ პატარა შუებისთვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, 150 გრ კარაქი, 4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით  6 კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე შუებზე წასასმელად
შოკოლადის სოუსისთვის: 1 ჭ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ შავი შოკოლადი დატეხილი
გულასრთისთვის: 500 მლ ვანილის ნაყინი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომისგან კვერცხი რომ არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი, მძიმე და პრიალა თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომს გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობაში შუ ზომაში საგრძნობლად იმატებს) დავსვათ პატარა ბურთები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. გავაგრილოთ.



შუები რომ გაცივდება, მოვამზადოთ შოკოლადის სოუსი: პატარა ქვაბში ნაღები დუღილამდე მივიყვანოთ და დავუმატოთ შოკოლადი. ერთი წუთი გაზზე გავაჩეროთ, შოკოლადი რომ გადნეს და გადმოვდგათ. სოუსი ძალიან სქელი თუ გამოვიდა, ცოტა ნაღები დავუმატოთ.
შუები შუაზე გავჭრათ და ვანილის ნაღებით დავტენოთ. დავალაგოთ თეფშზე ან მარტინის ჭიქებში და ჯერ კიდევ თბილი შოკოლადის სოუსი მოვსახათ თავზე და რასაკვირველია, სანამ ნაყინი გადნება, მანამდე ვჭამოთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment