„ფლამენკო“ - შემწვარი კვერცხი ესპანურად

Approved by Natia Jinjolava


კვერცხი „ფლამენკო“
ინგრედიენტები: 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 პამიდორი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 100 გრ ლორი, 200 გრ ძეხვი ჩორიზო (ან ნებისმიერი პაპრიკიანი ძეხვი) 5 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ჭ (200 გრ) ცოცხალი ან გაყინული მწვანე ბარდა, 1 ჭ (200 გრ) ცოცხალი ან გაყინული პარკი ლობიო, 1 ჩ/კ მარილი, თითო მწიკვი თეთრი პილპილი და დაფქული ცხარე წიწაკა, 8 კვერცხი
ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ნიორი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ. პამიდორებს გავაცალოთ კანი და თესლი და დავჭრათ კუბიკებად. ბულგარულ წიწაკას გავაცალოთ თესლი და დავჭრათ წვრილ ჩხირებად. დავჭრათ ლორი და ძეხვიც. ცეცხლგამძლე ფორმაში გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ ხახვი და ნიორი. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დავუმატოთ პამიდორი, ლობიო, ბულგარული წიწაკა და ბარდა. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და თავდახურულად ვთუშოთ დაახლოებით 15 წუთი. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. 8 ნაჭერი ძეხვი გვერდზე გადავდოთ, დანარჩენი კი ლორთან ერთად გადავურიოთ დაბრაწულ ბოსტნეულში. დავუმატოთ მარილიც. კოვზის ზურგით მოთუშულ ბოსტნეულში 8 ჩაღრმავება გავაკეთოთ და შიგნით თითო-თითო კვერცხი ჩავახალოთ, ზევიდან კი გადანახული ძეხვის ნაჭრები დავაფაროთ. შევდგათ ღუმელში და კვერცხის ცილა როგორც კი შეიკვრება, ჩვენი „ფლამენკო“ მზადაა.
გემრიელად მიირთვით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment