გზააბნეული იმპერატორი, მეტყევის ცოლი და სამეფო კერძი “კაიზერშმარნი“

Approved by Mary Poppins


ამ კერძს მართლაც ძალიან საზეიმო სახელი აქვს - კაიზერის სახელს ატარებს და გადმოცემის მიხედვით, ავსტრიის კაიზერის ფრანც იოსების რჩეული საჭმელი გახლდათ. თუმცა, იმავე ლეგენდას თუ დავუჯერებთ, კაიზერის საყვარელ კერძად სრულიად შემთხვევით იქცა: ერთხელ ფრანც იოსები სანადიროდ წავიდა. როგორც ხშირად ხდება (განსაკუთრებით, ზღაპრებში), ტყეში გზა დაებნა, იარა, იარა და მეტყევის ქოხს მიადგა. იქ შეიფარეს, თუმცა მისი უდიდებულესობის დანახვა დიდად არ გახარებიათ - მასპინძლებს თავის მტვრევა მოუწიათ, კაიზერი რით დაეპურებინათ. სახლში მისი საკადრისი საჭმელი არ ჰქონდათ და საერთოდ, ასეთ საპატიო სტუმარს არ ელოდებოდნენ, თანაც ასე მოულოდნელად და გაუფრთხილებლად! მოკლედ, დიასახლისმა გაიხედა, გამოიხედა და თვალი კრუხს დაადგა. დედისერთა კრუხი დაენანა და არჩევანი კვერცხზე შეაჩერა. მოამზადა დიდი ომლეტი, შიგ, სახლში რაც ებადათ, ის პროდუქტები ჩაყარა. მაგრამ დახეთ უბედურებას! დიდებული ომლეტი დაიფშხვნა და უბადრუკ შეჭამანდად გადაიქცა. დამიჯერეთ, აქ გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს, „უბრალო“ ომლეტი საკმაოდ გემრიელი დესერტი აღმოჩნდა. მოკლედ, მეტყევის ცოლმა ომლეტის ნაკუწები თეფშზე ლამაზად დაალაგა, ზედ კენკრა დააყარა და კაიზერს მიართვა, თან უთხრა, რომ კერძი მის პატივსაცემად სახელდახელოდ გამოიგონა. მოშიებულმა კაიზერმაც დააფასა, მერე სასახლეში დაბრუნებულმა, რეცეპტი თავისი გემოვნების მიხედვით შეცვალ-შემოცვალა და ასე გაჩნდა მისი საყვარელი სატაცურის კაიზერშმარნი, ანუ „სამეფო ომლეტი“.
მეორე გადმოცემა უფრო სიტყვაძუნწია, თუმცა ისიც ადამიანების გამჭრიახობაზე გვიყვება: იმავე კაიზერს თურმე ძალიან ყვარებია ბლინები. მის მზარეულ კი ხშირად ეს ოხერი ბლინები ლამაზი და კოხტა არ გამოსდიოდა, ხან მეტისმეტად სქელს აცხობდა, ხან ეხეოდა. ჰოდა, გამოსავალსაც მარტივს პოულობდა: ანაკუწებდა და შაქრის პუდრით აკეთილშობილებდა. ეტყობა, ავსტრიის ეს იმპერატორი მეფური პრეტენზიულობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა...
ასეა თუ ისე, ავსტრიის სამზარეულოს სადა, მაგრამ საკმაოდ გემრიელი დესერტი დაემატა. თანაც ეს კერძი წინა ორი კულინარული შედევრისგან (იხ. წინა სტატიები) მომზადების სიმარტივითაც გამოირჩევა და ინგრედიენტებიც ისეთია, რომლებიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება.
შემადგენლობა: 2 კვერცხი, ვანილი, 1 სკ შაქარი, 4სკ რძე, 1 დიდი ვაშლი, შაქრის პუდრი, კარაქი, 2სკ ფქვილი.
მომზადების წესი: კვერცხის ცილა გულისგან გავაცალკევოთ. ცილა შაქართან ერთად ავთქვიფოთ. კვერცხის გულს ვანილი, ფქვილი და რძე დავუმატოთ, კარგად ავთქვიფოთ და ცილას გადავურიოთ.
ვაშლი გავთალოთ, გული ამოვაცალოთ და წვრილ ნაჭრებად დავჭრათ.
მიღებული მასა კარაქწასმულ ტაფაზე გადავიტანოთ, ვაშლის ნაჭრებით მოვრთოთ და შევბრაწოთ ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე. გადავაბრუნოთ და მერე გვერდიც დავუბრაწოთ. მზა ომლეტი დავანაკუწოთ, შაქრის პუდრი მოვაყაროთ და მივირთვათ.
არსებობს ამ რეცეპტის „გართულებული“ ვარიანტიც, როდესაც კვერცხის მასას რომში დამბალ ქიშმიშს უმატებენ. გამომცხვარ და დანაკუწებულ (ეს ამ კერძის მომზადების მთავარი პირობაა!) ომლეტს ძალიან უხდება ნებისმიერი ჯემიც.
აი, ესაა და ეს. ადვილი და სახელდახელო დესერტი, რომელიც, ავსტრიის იმპერატორს თუ მოეწონა, ჩვენ, უბრალოდ მოკვდავებმა, რატომ უნდა დავიწუნოთ? არ დაიზაროთ, სცადეთ და, დარწმუნებული ვარ, თქვენს ოჯახურ მენიუში თავის ადგილს მყარად დაიკავებს.

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment