„მიწურის მიწურში რომ უნდა ცხოვრობდნენ და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენ...“

Approved by Mary Poppins


ამას წინათ, ფეისბუქზე ჩემმა მეგობარმა ბარათი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩამოთვლილი იყო რა განსხვავებაა უბრალოდ უფროოსსა (ბოსს) და ნამდვილ ლიდერს შორის...
უფროსი თურმე თანამშრომლებს მართავს, აშინებს, ყველა მიღწევას თვითონ მიიწერს, წარუმატებლობას სხვას აბრალებს და მხოლოდ საკუთრ თავზე ზრუნავს. ლიდერი კი ხელქვეითებს აქეზებს, წარმატებას უზიარებს, პროლემების მოგვარების გზას უჩვენებს, მათ ნდობას იმსახურებს... იდეალში რა თქმა უნდა ასეა და ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც საქმე კეთდება - ტირანი უფროსის შემთხვევაში ბუზღუნ-ბუზღუნით, მაგრამ მაინც და ნამდვილ ლიდერთან ასე ვთქვათ, ხალისით და „გეგმის გადაჭარბებით“. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ორიგინალთა რიცხვში მოვხვდით და საქართველოში ხელმძღვანელი პირის ისეთი უნიკალური "ჯიშიც" გვყავს, რომლიც მიახლოებითაც კი ვერ აკმაყოფილებს ვერც უბრალოდ უფროსის და ვერც ლიდერის "ნორმატივებს". 
ჩემს დას ერთი მეზობელი ყავდა, ეზოში ფანჯრებიდან გადმოყრილ ნაგავს რომ დაინახავდა, იმ დამნაგვიანებლების გინებას იწყებდა ბოლო ხმაზე, რომლებიც მისი ღრმა რწმენით, წესით „მიწურის მიწურში უნდა ცხოვრობდნენ და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენ“. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ ბევრს ვიცნობ, არცერთ მეტ-ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმეს რომ არ უნდა გააკარო და შემთხვევის თუ ნათესაობა-ნაცნობობის წყალობით მაღალ თანამდებობებზე მოხვდნენ და იმიტომ კი არა, რომ განათლება ან ცოდნა არ აქვთ შესაბამისი (თუმცა, ასეთებიც არიან), უბრალოდ, არის ადამიანების გარკვეული ტიპი, რომლებიც არ არიან დაბადებული სხვები სამართავად ან თუნდაც ორგანიზატორებად.
რამდენიმე წლის წინ მამაჩემს საკმაოდ მაღალ და ძალიან სასურველ თანამდებობას თავაზობდნენ და საკუთარი ნებით თქვა უარი. პრობლემა არც მის პროფესიონალიზმში ყოფილა და არც გამოცდილებაში. საქმე იმაშია, რომ მამა ძალიან კარგად აღზრდილი და ზედმეტად რბილი ბუნებიის ადამიანია. ძალიან უჭირს ვინმეს რამე უბრძანოს და დაავალოს. უფროსი კი ქირურგის არ იყოს, ცოტა უხეში თუ არ არის და საქმის გამო ვინმეს შეწუხებას და სხვითვის ტკივილის მიყენებას ერიდება - არ ვარგა. უფროსობა მარტო ძალა-უფლება არაა, მას ვალდებულებების და მოვალეობების მთელი არზა ახლავს, რაც სამწუხაროდ, ჩვენში ბევრს ავიწყდება.
ერთი უფროსი მყავდა, არასდროს არ ახსოვდა ვის რა დაავალა და საერთოდ დაავალა თუ არა. ხანდახან დამიბარებდა და ისეთ რამეს მთხოვდა, გაგონილიც რომ არ მქონდა. თავიდან ვედავებოდი ხოლმე და მერე მისმა მდივანმა მითხრა, ხვალ არ გაახსენდება, შეეშვიო და მეც თავს ვუქნევდი, მერე მივდიოდი და ჩემს საქმეს ვაგრძელებდი. ყველაფერს ის შველოდა, რომ გულმავიწყობისდა მიუხედავად, პროფესიონალი იყო და სხვი გასაკეთებელსაც თვითონ აკეთებდა. თან მოადგილე ყავდა ჭკვიანი და საქმის მცოდნე და რეალურად დაწესებულებას ის მართავდა. 
სხვათა შორის, თემამ მოიტანა და ბარემ ხაზს გავუსვამ, რომ უფროსის მოვალეობაში ისიც შედის, რიგითი თანამშრომელი რასაც ვერ აკეთებს, თვითონ გააკეთოს, იმიტომ რომ მოვალეობების და დავალებების წორად განაწილება სწორედ მისი ფუნქციაა და რამე თუ ვერ გაკეთდა, ე.ი. თვითონ ვერ დაავალა სწორ პირს, ან უავტორიტეტობის ვერ აიძულა გაეკეთებინა და ამიტომ გაფუჭებულზე პასუხის გებაც სწორედ მისი საქმეა.
მაგრამ, როგორც ამას წინათ შევიტყვე, გულმავიწყობა არ ყოფილა, უფროსის ყველაზე დიდი ნაკლი. ამჯერად ინფანტილურ და არასერიოზულ ხელმძღვანელთან მომიწია „ჭიდილმა“. მისი ინფანტილურობა კი იმაში გამოიხატება, რომ უზარმაზარი და ძალიან სერიოზული დაწესებულების მართვა აშკარად თამაში გონია, თავად დაწესებულება კი საკუთარი სათამაშო, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს. საბუთებს ხელს აწერს წაუკითხავად და შედეგად სხვა ინსტანციებში ათასი სისულელე იგზავნება, ხვალ დილისთვის დასასრულებელი პროექტების ორგანიზებას დღეს შუადღეზე იწყებს და შედეგად, ყველაფერი ნაჩქარევად და საკმაოდ დაბალ დონეზე კეთდება, 1 წლით ადრე დაგეგმილი ღონისძიებისთვის მზადებას მისი ჩატარების დილას იწყებს და ათას პატარ-პატარა გაუგებრობას (ხანდახან მსხვილსაც) აქვს ადგილი, სამომავლო გეგმებად სახავს მხოლოდ იმას, რაც სხვაგან ნახა უკვე (ესეც ინფანტილურობის კიდევ ერთი ნიშანი - ბავშვს ყოველთვის სხვისი სათამაშო მოწონს) და... ხომ არ გგონიათ იმათზე უკეთესად აკეთებს? რატომ? ზემოთ ჩამოთვლილი წაიკითხეთ. მერე ატარებს თათბირს და იწყება წუწუნი, ფეხების ბაკუნი და იბუტება(!) ტექსტით, რაღაც რატომღაც ვერ გაკეთდა და "მე რა უნდა მექნა? მე რა შუაში ვარ? მე რა შემეძლო? ყველაფერს ბოლო დღეს რატომ აკეთებთ? სულ თქვენი ბრალია! ასე აღარ მინდა, ყველას სახლში გაგიშვებთ..." და თათბირიდან გამოხვალ თუ არა, ერთ საათში გირეკავს და გეუბნება, რომ უი, სულ დავიწყებია, შარან რომ თხოვეს ის მოხსენება ერთ საათშია დასაწერი და გასაგზავნი... და კვლავაც არ აკონტროლებს თავის დავალებას, კვლავაც არ ამოწმებს არაფერს, კვლავაც არ იცის ვინ და რატომ არის დამნაშავე, რაღაც ზოგად მიზეზებს დასდევს. ლამის ბოროტ ფორტუნას დადოს ბრალი ცუდად ჩატარებული კონფერენციისთვი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რა სერიოზულობას უნდა ელოდე ადამიანისგან, რომელსაც თანამშრომლებით სავსე დარბაზში შუა თათბირზე საკუთარი მდივანი ენას უყოფს ხოლმე და ეჭყანება (ხელქვეითებთან მეგობრული უჭირავს).
განსაკუთრებულად ტელევიზიით გამოსვლა უყვარს - თან ნებისმიერი მიზეზით. მთავარია, საზოგადოებას შეახსენოს რომ არსებობს და თანაც თანამდებობა უკავია. სკამზე შემოყენებული 3-4 წლის ბავშვი გახსოვთ, მშობლები დაბადების დღეზე მთვრალი სტუმრების წინაშე ენამოჩლექილი ლექებს რომ კითხულობს და სათამაშოდ აღარ მიდის, სანამ სავალდებულო აპლოდისმენტების დოზას არ მიიღებს? ხანდახან "რუსთავი2"-ზე და "იმედზე" ნაცნობობის ხათრით გასულ სიუჟეტში საკუთარი სიდიადისგან მორცხვად მომღიმარ, თავმომწონე "ხელმძღვანელ პირს" გაოცებული ვუყურებ და ტვინს ვიჭყლეტ, ამჯერად რაღა უნდოდა, თვითონ მაინც თუ ხვდება ნეტა, რაზე ილაპარაკა-მეთქი?
თავიდან გაოცებული ვაკვირდებოდი მის საქციელს, მაგრამ მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე - უფროსობანას თამაშობს. ხომ გითხარით უკვე, რომ დაწესებულება თავისი სათამაშო გონია. დავალებების გაცემა მოწონს (უფროსია!), საქმის კეთება კი ეზარება (ტვინით ბავშვია). ამიტომ მთავარია ჩაითვალოს, რომ გაკეთდა და ხარისხი სულ არ ადარდებს და ძალიანაც ბედნიერი და კმაყოფილია, სანამ ვინე არ შეხვდება და არ ეტყვის, ეს რა გაგიკეთებიათო. მისდა სამწუხაროდ, ასეთები ხშირად ხვდებიან (აბა, სხვებმა რა იციან, რს რომ ბავშობაშია ჩარჩენილი და უფროსობანას მხოლოდ თამაშობს) და კეთილი გულით ხარვეზებზე მიუთითებენ. აქ კი, უბრალოდ ბავში კი არა, ჭიჭყინა ბავშვი იღვიძებს (ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ პატარაობისას „ჟილკა“ არ იყო) და იბუტება.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ უფროსმა თუ შეუფერებელი დავალება მოგცა, შეგიძლია უარი უთხრა და არ შეასრულო. მეორეჯერ თუ დაგავალა, უნდა მოთხოვო, დავალება წერილობით მოგცეს და მხოლოდ ამის შემდეგ დამორჩილდე. შესანიშნავი გამოსავალია, მაგრამ კანონი არაფერს გვეუბნება მაშინ რა ვქნათ, როცა უფროსი გაგებაში არაა რა უნდა დაგავალოს ან რა არის გასაკეთებელი. დამიჯერეთ, ასეთ უფროსს, უაზრობებს რომ გაკეთებინებს, ისეთი უფროსი ჯობია - იმან ის მაინც  იცის რა უნდა.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment