ფოტოგრაფიის ღამე თბილისში

Approved by Mary Poppins


2 ივნისს ევროპის კვირეულის ეგიდით, თბილისში, კონკრეტულად კი აბანოთუბანში ფოტოგრაფიის ღამე გაიმართა. ორგანიზატორების მართლაც მშვენიერ იდეას - ძველ თბილისში, ხვადასხვა ადგილას, 10 უზარმაზარი ეკრანი დაედგათ (ზუსტად ისევე, როგორც შარშან) და მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოგრაფების ნამუშევრები  ხუთი საათის განმავლობაში ეტრიალებინათ ვერც ზაფხულის დასაწყისისათვის უჩვეულო ცივი ქარი აფუჭებდა და ვერც დაგვიანებული ჩვენებური მაყურებლის უცნაური ჩვევა, უკვე მისულებს თავზე გადაახტეს, ფეხზე დააბიჯოს, მუჯლუგუნი უთავაზოს და მაინცდამაინც წინა რიგში ჩაეტენოს. თან სულ ორი წუთით - იმიტომ რომ ბუნებით მოუთმენელი და სულსწრაფია და ერთ ადგილას მეტ ხანს ვერ ძლებს.
ახლა ცოტა კრიტიკაც: ფოტოებს ინგლისურენოვანი ანოტაციები ახლდა, რომელთა თარგმანისთვისაც ორგანიზატორებს ან დრო არ ეყოთ, ან თავი არ შეუწუხეს. სიმართლე გითხრათ, სულ რომ არ ეთარგმნათ, ალბათ ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ რაღაც ჩემთვის გაუგებარი პრინციპით, შერჩევით თარგმნეს და ისიც წარწერების მოკლე შინაარსი. არ გეგონოთ, რამე დიდი ტექსტი ყოფილიყო. თითო ავტორს და არა სურათს თითო პაწაწინა აბზაცი ან სულაც ერთი წინადადება ახლდა, მაგრამ ისიც არ გვითარგმნეს ბოლომდე და რაც გვითარგმნეს... ალბათ „ბენგლადეშელი“ ფოტოხელოვნები მეტს არ იმსახურებენ... უკაცრავად, მე კი ვიცი, რომ ბანგლადეშია, ბავშვობაში მსოფლიო რუკის თვალიერება მიყვარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ორგანიზატორებში ის ხალხი ჭარბობდა ჩვენებურ დუქნებში მხოლოდ სალათა „სიისარს“ (ჩვენებურად „ცეზარი“) და ანჩოუსებს (ჩვენებური ხამსა) რომ მიირთმევენ.
უკვე არაერთგზის გამხორციელებული და ნარეპეტიციები იდეა და პრინციპში შესრულებაც, მართლა მომეწონა. მით უმეტეს, რომ არ დაიზარეს და მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო შუკებში, ნიშებსა და ეზოებში საგულდაგულოდ დამალული მონიტორების განსაკუთრებულად ჯიუტ მაძებრებს რუკებიც დაგვირიგეს და მაჩვენებლებიც ყოველ კუთხეში დაგვიდგეს. თუმცა, ძალიან ეჭვი მეპარება, ვინმეს მიეგნო მე-7, მე-8 და მე-9 ეკრანებისთვის და ახლავე აგიხსნით რატომ. არცერთი არ იყო შორს, უბრალოდ, თბილისური წესით, გაჩახახებული და ხალხმრავალი ცენტრალური ქუჩიდან ან მოედნიდან გადაუხვევ თუ არა, ცივილიზაცია 10 მეტში მთავრდება და არც შარდენი და ლესელიძეა გამონაკლისი. 
სცადეთ და დაბნელების მერე შეუხვიეთ ხოდაშენის ქუჩაზე, სადაც მზის ჩასვლის მერე აბორიგენი ძაღლებიც კი აღარ დარბიან უკუნსა და ბნელში უსწორმასწორო ქვაფენილზე მინიმუმ ფეხის მოტეხვის შიშით, იარეთ აბსესაძის ქუჩამდე და მიაგენით რომელიღაც ეზოში ნაზად მოციმციმე ნომერ მეშვიდე მონიტორს... რასაკვირველია, ყველა ჭკუათმყოფელი ისევ ლესელიძეზე დაბრუნებას და ძველი თბილისური უბნის სრულიდაქართული კოლორიტი, რესტორანი „Barbecue”-ს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნახევრადდანგრეული შენობიდან გამოსული შარდის არომატით დატკბობას არჩევს. ისე, ცნობისათვის: ბარბექიუ იმ ენაზე, ამ ბოლო დროს ქართულზე მეტად რომ შეგვიყვარდა ისტერიულად და საიდანაც ეგ სიტყვა შემოვიდა ჩვენთან, სხვანაირად იწერება.
ეგ რაა, გოგირდის აბანოებთან განთავსებულ პირველ ეკრანს სანამ მივაგენით, იმდენი ვიარეთ, გზად ხან „აბანო N5“-ს შესასვლელთან აღმართულ ჰეიდარ ალიევის ბიუსტს (ეტყობა იქ უყვარდა აბაზანის მიღება სიცოცხლეში ცხონებულს) გადავეყარეთ და ხან კვასკვასა წითელი ფერის ჰამერის კართან კეკლუცად ატუზულ შუახნის „ლამაზმანებს“. მაგრამ ღირდა, აბა სხვაგან სად ვნახავდით დელფინ გოზაროსიანის, შამუელ კრიზენბომის, მატიე ზაზოს, ანაჰიტ ჰარაპეტიანის, რიფსიმე გევორგიანის, უან უის, ქსი გაოკიანგის და სხვათა და სხვათა ფოტოებს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



P.S.    უცხოურ სამვარსკვლავიან რესტორნებში აკვარიუმში ჩასმული ცოცხალი ლანგუტების თბილისური ექვივალენტი: საჩახოხბილედ გამზადებული კოლხური ხოხბები.

0 კომენტარი.:

Post a Comment