ბლინები "ყავის კლუბში"

Approved by Mary Poppins


ჩვენი ბლოგის მორიგი შეხვედრა ახლოვდებოდა, ჩვენი მერის მორიგ უგემრიელეს დესერტის  პერსპექტივის მოლოდინში გადავწყვიტეთ, რომ  არ გვაწყენდა და რამე გემრიელობა თავად მოგვემზადებინა. შევთანხმდით ბლინჩიკებზე სხვადასხვა სატენით. არჩევანის უპირატესობა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველაფრის წინასწარ მომზადება  შეიძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში გაყინვაც კი. ასეთი მეთოდით მომზადებული კერძი ტრანსპორტირებასაც შესანიშნავად აიტანდა. ორმა ჩვენთაგანმა შეხვედრის წინა არც თუ გრილი დღე კი გაატარა ბლინჩიკების გამოცხობა-დახვევაში, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. უგემრიელესი ქათმიანი ბლინჩიკების  რეცეპტს ამ ბლოგშივე ცალკე სტატიად იხილავთ. მე ჩემს ვარიანტს სოკოთი და ყველით შემოგთავაზებთ.

ბლინჩიკების ცომი:
3 კვერცხი, 3 ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის), 2 ჭიქა ფქვილი, ¾-1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ (თქვეფის ყველაზე სწრაფი მეთოდი), ცომი თხელი არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. გააცხელეთ ტაფა, დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე (ამისთვის, შეგიძლიათ შუაზე გაჭრილი კარტოფილის ნახევარი გამოიყენოთ - ანუ გათლილი კარტოფილის ნახევარს წამოაცმევთ ჩანგალზე ამობურცული მხრიდან, გაჭრილი მხარით კი ზეტში ჩააწობთ და ტაფას მოუმევთ). შეგიძლიათ ცომი დაასხათ და გამოაცხოთ. ბლინჩიკს მეორე მხრიდან ნუ დაბრაწავთ თუ გულსართიანს ამზადებთ.
ყველის გულსართი: გამოდგება ნებისმიერი ჯიშის ყველი, რომელიც გაცხელებისას იწელება. გახეხეთ ან  წვრილად დაჭერით, დადეთ ბლინჩიკზე და ტოლმასავით გადაახვიეთ. (მთავარია, ჩემსავით არ ეცადოთ ზომაზე მეტი გულსართის ჩადებას,  კუპატი ხომ არაა, ცომია, ხოდა შიგადაშიგ სკდება, იხევა, მოკლედ, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ხელგაშლილობას და არც იზარალებთ).
სოკოს გულსართი: შამპინიონი თხლად დაჭერით და შეწვით (ზეთში ან კარაქში) საშუალო ცეცხლზე. თავიდან გამოყოფს თავისივე წვენს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ მზადება, სითხე შეშრობას რომ დაიწყებს, დაამარილეთ, დააპილპილეთ (წითელი ცხარე წიწაკა უფრო მომწონს, ვიდრე შავი),  ცეცხლს დაუწიეთ და სადღაც კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. სოკო მზადაა.
ეს ორი გულსართი შესანიშნავად უხდება ერთმანეთს, შეგიძლიათ ისინი „შეაერთოთ“ და  პრაქტიკულად სოკოს ჟულიენი ბლინჩიკში გამოგივათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment