სილამაზე ქართულად 2

Approved by Natia Jinjolava

დეიდა პოლის ამავე სათაურის სტატია რომ წავიკითხე, თბილისელი გოგოების ჩაცმულობაზე  ორიოდე ტკბილი სიტყვის მიმატების სურვილი მეც გამიჩნდა, მაგრამ მერე ეზოში გადავიხედე და კაპოტახდილ მანქანაში გადაყუდებული გაოფლილი ქართველი კაცების მაისურიდან გადმოგდებულმა ღიპებმა და (ღმერთო, შენ დამიფარე იგივეს კიდევ ერთხელ ხილვისგან!) ნახევრად ჩახდილი შარვლიდან გადმოყუდებულმა ბანჯგვლიანმა და მუწუკებიანმა უკანალმაც რომ შემომანათა, სიმართლე გითხრათ, გოგოების მრავალტანჯული და გასაოცრად დაგრეხილი ამოკვეტებული ბიკინები და ჭუჭყისგან თუ სიძველისგან გაცვეთილი ლიფის ბრეტელები სულაც აღარ მომეჩვენა უწინდებურად გულისამრევად! ახლა არ მითხრათ, რომ თბილისის ეზოებში თუ ბენზოგასამართ სადგურებთან არასდროს გინახავთ „საროჩკა“-გაღეღილი, ან სულაც წელზემოთ გაშიშვლებული და უქამროდ, მხოლოდ პატიოსანი სიტყვის იმედად გაჩერებული, თეძოს ქონებამდე ჩამოჩაჩული საქამრეამოტრიალებული შარვლებში გამოწყობილი არც მთლად ტარზანის აღნაგობის მქონე საშუალო ასაკს და ზომიერ წონას კარგა გადაცილებული მამაკაცები?
მართლა ვერ ვხვდები მარტო იმიტომ რომ კაცად დაიბადნენ, რატომ აძლევთ ქუჩაში გაშიშვლების უფლებას?! მით უმეტეს, რომ მათი მზერა ყველაზე გამძლე ნერვების პატრონსაც კი ვერ მიანიჭებს ესთეტიურ სიამოვნებას. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ქართველ კაცებში პირადი ჰიგიენა და საკუთარი სხეულისადმი პატივისცემა რომ მოიკოჭლებს, ფაქტია. მთავარია სმა ეხერხებოდეს და კარგი მანქანა ყავდეს და დანარჩენი ვის აინტერესებს - უკვე კარგი ტიპია. ჰო, კიდევ ქალებში უნდა დადიოდეს, ოღონდ ეს „ქალებში სიარული“ რას ნიშნავს ზუსტად არავინ იცის. მე გაგიმხელთ - რაც შეიძლება მეტი ლეგენდა და ტყუილი მოყვნენ, ოდესმე გამარჯობა თუ უთქვამთ იმ ქალებზე. ვისაც უკეთესი ფანტაზიის და გადმოცემის უნარი აქვს, სახელიც უკეთესი აქვს, მაგრამ ამაზე სხვა დროს. დღეს ქართველი კაცების გემოვნება მაქვს მიზანში ამოღებულილ.
ჩაცმა-დახურვაზე და გარეგნობაზე არ შევჩერდები, მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახის კაცები ყველა მოწესრიგებული დადის. მოგეხსენებათ, რაც პირადად არ გაწუხებს, იმაზე ნაკლებად გეწერინება... ჰოდა, პირველ რიგში, ქართველი კაცის უგემოვნებაზე ის მეტყველებს, რომ ჩვენმა პოლიმ ასე ხატოვნად რომ აღწერა ისე ჩაცმულ გოგოებს გვერდზე ამაყი სიფათებით დაყვებიან. როგორ დავიჯერო, რომ მოხდენილი, კოხტა და სიანმდვილეში თუ არა, თუნდაც ვიზუალურად შელამაზებული ლამაზმკერდიან და გრძელფეხება ქალთან ერთად სეირნობა უფრო სასიამოვნო არაა? თავის თავს უკნიდან თვითონ თუ ვერ ხედავს, თქვენ სადღა დაკარგეთ თვალები, დალოცვილებო? სანამ სახლიდან გამოვა უთხარით,  აუხსენით, თხოვეთ. გააგებინეთ რომ მოტკეცილი და ვიწრო შარვალი დიდ გავას კიდევ უფრო ადიდებს, მოკლე ფეხებს კიდევ უფრო ამოკლებს. მაგრამ იცით რაშია საქმე? ქართველი კაცისთვის ისიც სულერთია ქალი როგორ გამოიყურება, მათთვის მთავარი რაოდენობაა და არა ხარისხი.
ახლა ის რაც სულერთი არაა, რაზეც ზრუნავენ და თავზეც ევლებიან, მაგრამ მაინც პარიოდიას ღებულობენ: მანქანები და მათი გარეგნული ტიუნინგი. ავტომოყვარულების ერთ ძალიან კარგ საიტთან ვმეგობრობ (თუმცა, მათ ამის შესახებ არ იციან) – mysubaru.ge. ამ სტატიას რომ ამშვენებენ, ამ ფოტოებსაც სწორედ მათ ფორუმზე წავაწყდი და მოვიტაცე. ბარაქალა მის მარჯვენას და ტალანტს ვინც არც ერთი საავტომობილო ფირმის ყველაზე ექსტრავაგანტული ფანტაზიის მქონე ინჟინერის და დიზაინერის გონებასაც რომ არ დასიზმრიებია ისეთი  ბამპერები, სპოილერები და კიდევ ათასი უბედურება რომ შექმნა. ხელობით მართლაც რომ აღვფრთოვანდი. მაგრამ დამკვეთების გემოვნებაზე რა მოგახსენოთ?! დაახლოებით როგორი ვარიანტია, იცით? მიქელანჯელოსაც რომ აგული ერისთავივით მარტო სავლეს და ბატონი ბონავენტურას  ბიუსტები ეკეთებინა. „მერსედესის“ წარმომადგენელი რომ ვიყო, სასამართლოს მივმართავდი და ამ „G“ კლასის პატრონს  მარკის შეურცხყოფისთვის ნებისმიერი მოდელის „მერსედესთან“ 300 მეტრზე მიახლოებასაც კი ავუკრძალავდი. მეორე „მერსედესის“ უკანა ხედზე რას იტყვით? ტრასაზე ხანგრძლივი მგზავრობისგან თუ დაიღლებით, მანქანას გვერდზე გადააყენებთ, სპოილერის ქვეშ ჰამაკს გაჰკიდებთ და მის ჩრდილში მშვიდად დაისვენებთ. აი, აშკარად საბჭოთა ტრქატორზე ნოსტალგიის გავლენით გალამაზებული „ფორესტერით“ კი, მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილი, ნებისმიერ შემთხვედრს გულის გახეთქვამდე დაფეთებთ...
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ეს ფოტოები ჩემზე უკეთ მეტყველებენ ყველაფერზე (მით უმეტეს, რომ ყველა ეს მანქანა თბილისში დადის) და  ამ სტატიას ისევ იგივე საიტის ფორუმიდან მოპარული ციტატით დავამთავრებ: „ერთი რამ მაინტერესებს, ამ ანტიკრილოების გაკეთებისას რამე აეროდინამიური გათვლები კეთდება თუ მთავარია ლამაზი იყოს და აეროდინამიკა თუნდაც გაფუჭდეს???“ - მანქანა ვისაც მართლა უყვარს, მე და იმ ფორუმელს რა გვაწუხებს და რა ვიკითხეთ მიხვდება...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment