12 ფენიანი ყავის ტორტი

Approved by Mary Poppins



ძალიან გემრიელი, მაგრამ ძალიან შრომატევადი ტორტია, მის გაკეთებას მთელი დღე და უამრავი ენერგია მიაქვს - მაგრამ წვალებად ნამდვილად ღირს. კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი აქვს, ოჯახის წევრებს თუ გაასინჯებთ, მის გაკეთებას კიდევ არაერთხელ მოგთხოვენ. ალბათ აჯობებს მისი ბისკივიტები ერთ დღეს გააკეთოთ, კრემები კი მეორეს. მოკლედ, საკუთარი გამძლეობისა და მოთმინების იმედი თუ გაქვთ - უშესნიშნავესი ტორტია!
ბისკვიტისთვის: 4 ოთახის ტემპერატურის დიდი ზომის კვერცხის გული, 2 ს/კ რძე, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ¾ ჭ შაქარი, ½ ჭ ფქვილი, ¼ ჩ/კ მარილი,  2 ოთახის ტემპერატურის დიდი ზომის კვერცხის ცილა
სუფლესათვის: 150 გრ წვრილად გახეხილი საუკეთესო ხარისხის 60%-იანი შავი შოკოლადი, ¼ ჭ წყალი, 5 ოთახის ტემპერატურის დიდი ზომის კვერცხი, ¼ ჩ/კ მარილი, ½ ჭ შაქარი, 1 ს/კ კაკაო
ბეზესათვის: 2/3 ჭ თხილი, 3 ოთახის ტემპერატურის დიდი კვერცხის ცილა, 1/8 ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ ღვინის ქვა (იყიდება აფთიაქებში), ½ ჭ შაქარი
სიროპისთვის: 1/3 ჭ წყალი, 2 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ ხსნადი ყავა
ყავის და შოკოლადის კრემისათვის: 2 ჭ შაქარი, ¾ ჭ წყალი, 6 ოთახის ტემპერატურის დიდი კვერცხის ცილა, 2 ს/კ + 1ჩ/კ ხსნადი ყავა, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, ½ ჩ/კ ღვინის ქვა, ¼ ჩ/კ მარილი, 600 გრ დარბილებული კარაქი, 150 გრ საუკეთესო ხარისხის 60%-იანი შავი შოკოლადი გამდნარი და გაგრილებული
3 ცალი ნამცხვრის საცხობი მართკთხედი ფორმა 25X40 სმ-ზე.
ბისკვიტებისათვის: გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. 1 ცალი ნამცხვრის საცხობი ფორმა დავცხიმოთ და დავაფინოთ ასევე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი. მოვაყაროთ ფქვილი და დავფერთხოთ. ერთად ავთქვიფოთ კვერცხის გულები, რძე, ვანილი და ½ ჭ შაქარი დიდი ჯამში, მერე ჩავათქვიფოთ ფქვილი და მარილი. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ ცალკე ჯამში. ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ დარჩენილი ¼ ჭ შაქარი თითო-თითო კოვზად და ვთქვიფოთ ბეზეს საბოლოო გამაგრებამდე. ბეზეს ერთი მესამედე ფრთხილად გადავუროთ ათქვეფილ გულებში, კარგად მოვურიოთ და მერე დარჩენილი ცილაც გადავურიოთ. ცომი დავასხათ საცხობ ფომრაზე, თავი მოვუსწოროთ და დაახლოებით 10-11 წუთი ვაცხოთ ღია ოქროსფერი სანამ არ გახდება. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ღუმელს ნუ გამორთავთ. გაგრილებული ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, ორი 25X20-ზე სმ ბისკვიტი რომ გამოგვივიდეს.
სუფლესათვის: მეორე საცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ. შოკოლადი და წყალი ერთად გავალღვოთ და გავაგრილოთ სანამ ნელ-თბილი არ გახდება. კვერცხის გულები, მარილი და ¼ ჭ შაქარი ავთქვიფოთ დიდ ჯამში გათეთრებამდე (დაახლოებით 8 წუთი ვთქვიფოთ). დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ დარჩენილი ¼ ჭ შაქარი თითო-თითო კოვზად და ასე ვთქვიფოთ ბეზეს საბოლოოდ გამაგრებამდე, დაახლოებით 8 წუთი. ათქვეფილი ბეზეს 1/3 შოკოლადის კრემში გადავურიოთ ძალიან ფრთხილად და კარგად მოვურიოთ, მერე დარჩენილი ბეზეც დავუმატოთ. სუფლე საცხობ ფირფიტაზე დავასხათ და თანაბრად გავანაწილოთ.
სუფლეს გამოცხობა: შევდგათ ღუმელში და დაახლოებით 25-30 წუთი ვაცხოთ. მზა სუფლეს შუაში ხის ჩხირს რომ ჩავარჭობთ რამდენიმე ნამცეცი უნდა ამოყვეს. სუფლე ღუმელიდან გამოვიღოთ და თავზე ორ ფენად გაკეცილი ნამიანი (სველი და კარგად გაწურული) ჩაის ტილო გადავაფაროთ და 5 წუთი გავაჩეროთ. მერე ტილო ავაცალოთ და თავის ფორმაშივე გავაცივოთ (გაცივებული სუფლე ცოტათი „ჩავარდება“). გაცივებულ სუფლეს თავზე კაკაო მოვაყაროთ და გვერდებში ბასრი დანა შემოვატაროთ. ბისკვიტივით შუაზე გავჭრათ.
გამომცხვარი ბეზესათვის: თხილი მოვხალოთ, კანი გავაცალოთ და გავაგრილოთ. ღუმელის ტემპერატურა 120°C-მდე დავიყვანოთ. თხილი წვრილად დავჭრათ. კვერცხის ცილები, მარილი და ღვინის ქვა ავთქვიფოთ მიქსერით, ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ შაქარი თითო-თითო კოვზად. ბეზე ბოლომდე რომ გამაგრდება მესამე საცხობი ფორმაში პერგამენტი ჩავაფინოთ. პერგამენტი კარგად რომ დამაგრდეს, კუთხეებში ქვედა მხრიდან თითო წვეთი ბეზე წავუსვათ და ფორმის ფსკერს მივაწებოთ. ბეზეში ფრთხილად გადავურიოთ თხილი და პერგამენტზე დავასხათ და თანაბრად გავანაწილოთ. გამოვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი სანამ ღია ოქროსფერი არ გახდება. ბეზეც ორ თანაბარ ნაწილად გავჭრათ, ღუმელში შევაბრუნოთ და კიდევ ერთი საათი ან მეტი ვაცხოთ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. გავაცივოთ ფორმაშივე. რომ გაცივდება პერგამენტი ავაცალოთ.
ყავის და შოკოლადის კრემისათვის: 1 ¾ ჭ შაქარი და წყალი საშუალო ცეცხლზე ავადუღოთ და ვურიოთ შაქრის გადნობამდე. შაქარი რომ გადნება, დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ და მორევის გარეშე დაახლოებით 15-20 წუთი ვადუღოთ. სანამ სიროპი იხარშება, კვერცხის ცილები მარილთან, ღვინი ქვასთან, ვანილთან და ყავასთან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს დარჩენილი შაქარი ჩავათქვიფოთ თითო-თითო კოვზად. ვთქვიფოთ ბეზეს საბოლოოდ გამაგრებამდე. სიროპი ბუშტების გაკეთებას რომ დაიწყებს, ათქვეფილ ბეზეში ძალიან წვრილ ნაკად ჩავათქვიფოთ (ბეზეში პირდაპირ ნუ ჩაასხამთ, ჯამის კიდეზე დაასხით და იქდან გადაურიეთ). ამ დროს ბეზე მიქსერის მაქსიმალური სიჩქარით უნდა ვთქვიფოთ, სიროპის ბოლომდე გაგრილებამდე, დაახლოებით 25-30 წუთი. მიქსერი საშუალო სიჩქარეზე გადავიყვანოთ და თითო-თითო კოვზი დარბილებული კარაქი ჩავათქვიფოთ. ყოველი კოვზის მერე ცოტა ხანი ვთქვიფოთ, სანამ რბილ კრემს არ მივიღებთ. თქვეფის პროცეში შეიძლება კრემი აიჭრას, მაგერამ ბოლოსთვის მაინც შეიკვრება. 2 ჭიქა კრემი ცალკე ჯამში გადავიტანოთ და შოკოლადი ჩავათქვიფოთ. კრემი ზედმეტად თხლად თუ მოგეჩვენათ, კრემიანი ჯამი ყინულებიანი წყლით სავსე ჯამში ჩადგით და ისე თქვიფეთ. ამ კრემის მომზადება 1 კვირით ან თუნდაც ერთი თვით ადრეც შეიძლება, ის შესანიშნავად იყინება თავდახურულ პლასტმასის კონტეინერში. სანამ გამოიყენებთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათი გააჩერეთ და მერე კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
სიროპი და ტორტის აწყობა: წყალი, შაქარი და ხსნადი ყავა დუღილამდე მივიყვანოთ, ვურიოთ შაქარი სანამ არ გადნება და გავაცივოთ. ბისკვიტის ერთ ნახევარს პერგამენტი ფრთხილად ავაცალოთ და ლანგარზე მოვათავსოთ, ფუნჯით წავუსვათ სიროპი. თავზე 1 ¼ ჭ ყავის კრემი გადავუსვათ. ზევიდან ბეზეს ფენა დავადოთ და იმასაც გადავუსვათ 1 ¼ ჭ ყავის კრემი. სუფლეს ერთი ფენა ძალიან ფრთხილად გადავაბრუნოთ და კრემზე დავდოთ და რაც შეიძლება ფრთხილად ავაცალოთ პერგამენტი. თავზე 1 ¼ ჭ ყავის კრემი გადავუსვათ. და ყველაფერი თავიდან გავიმეოროთ: ბისკვიტი, სიროპი, კრემი, ბეზე, კრემი, სუფლე და კრემი. დარჩენილი კრემი კიდეებზე წავუვათ და კარგად ჩავაცივოთ. სანამ შევჭამთ, 1 საათით ადრე მაცივრიდან გამოვიღოთ.
რჩევები: ბეზეს და სუფლეს გამოცხობა წინა დღეს შეიძლება, ოღონდ ცელოფანში გახვეული უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. გამზადებული ტორტი, შეგიძლიათ ორი დღის განმავლობაშიც კი ჩააცივოთ.
ამ ყველაფრისთვის ნერვები თუ გეყოთ, შედეგი ნამდვილად გასაოცარია. განსაკუთრებულად გემრიელი სწორედ ეს კრემია.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. tinatin nanitashvili

    am torts nakhevari chika fkvili yofnis? :O

  1. tinatin nanitashvili
    This comment has been removed by the author.
  1. Mary Poppins

    სულ 4 კვერცხის გული და 2 ცილა უნდა, ყოფნის. ძალიან ფაქიზი ცომი გამოდის და კარგად გამართული ღუმელი თუ არ გაქვთ, წვალებად არ ღირს, იმდენად ფაქიზი რეცეპტია, ძალიან მაღალი ხარისხის ფქვილი, ახალი კვერცხი და დაუნესტავი მშრალი შაქარი თუ არ არის, შეიძება ბეზეს და სუფლეს ფენებიც ჩავარდეს. თუ გამოვიდა, მართლა ძალიან გემრიელია :)

Post a Comment