კატლეტი კიევურად

Approved by Mary Poppins


კატლეტი კიევურად ყველას უყვარს, მაგრამ რატომღაც მიიჩნევა რომ მისი დამზადება სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც, რასაკვირველია, სიმართლეს არ შეეფერება და უფრო მეტიც, ჩვენ რომ რესტორნებში მივირთმევთ და ასე ძალიან მოგვწონს ის უნაკლო და იდეალური ფორმის კიევური კატლეტები ქარხანაშია დამზადებული, მერე გაყინულია და ვინ იცის რამდენი დღის გამოუცლელ ზეთშია მოხარშული. ნამდვილ კიევურ კატლეტს ასეთი უზადო ფორმა და  გიგანტური ზომაც არ აქვს, სამაგიეროდ ბევრად უფრო ნაზი, წვნიანი და გემრიელია. მისი დამზადება წარმოსადგენად და ასახსნელად უფრო ძნელია, ვიდრე თვითონ პროცესი. კიევური კატლეტი, ისევე როგორც საქონლის კლასიკური კატლეტი ფარშის ნაცვლად დაბეგვილი ფილესგან მზადდება. მაგრამ ნამდვილ კიევურს ფილესთან (გულმკერდთან) ერთად ქათმის, არ ვიცი სხვანაირად რა ვუწოდო, მკლავის ძვალიც უნდა მოყვებოდეს. ანუ ქათამს ფილესთან ერთად ფრთაც უნდა ავაჭრათ და მერე მისი პირველი ნაწილი (წვეტიანი) მოვაჭრათ. გაიგეთ რამე? მეც ამას ვიძახი, რომ ძნელი ასახსნელია. ამიტომ ცნობილი ავსტრალიელი მზარეულის, ედრიენ რიჩარდსონის ვიდეო მოვიშველიე, სადაც თვალნათლივ ნახავთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მე კი რამდენიმე მარტივი რეკომენდაციით მოგეშველებით: შეგიძლიათ ქათმის ჩემს მიერ მკლავად წოდებული ნაწილი დაივიწყოთ და პირდაპირ ფილე იყიდოთ. ოღონდ, გაყინული და ერთმანეთზე მიწებებული ფილე, რომელიც გალღვობისას ნაწილებად იშლება, არ გამოგადგებათ. მეტ-ნაკლებად წესიერი ზომის კატლეტი რომ გამოვიდეს, ფილე უნდა იყოს დიდი და ჯანსაღი, ამიტომ მათ შესაძენად დიდ სუპერმარკეტებში მოგიწევთ წასვლა. რაც შეეხება კარაქს, იგი ცივი უნდა იყოს და ტრადიციული მწვანილის ნაცვლად, მასში წვრილად დაჭრილი ლორის ან სოკოს დამატებაც შეიძლება და საერთოდ აჯობებს კარაქის ბრიკეტებს კატლეტისთვის წინასწარ თუ დაამზადებთ და გაყინავთ. ახლა თავად რეცეპტი:

კატლეტი კიევურად
ინგრედიენტები 2 ულუფისთვის: 2 ცალი ქათმის მკერდი, 2 კბილი ნიორი, 100 გრ კარაქი, 1 კვერცხი, ½ ჭ რძე, 1 ჭ ფქვილი, 1 ჭ დაფქული ორცხობილა ან პურის ნამცეცები, ½ ჭ ზეთი, 1 პატარა კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით
კანგაცლილი ქათმის ფილე დავბეგვოთ აკურატულად და ვეცადოთ რომ არ გაგვეხეს  და ძალიან არ გავითხელდეს. ოხრახუში დავჭრათ წვრილად და გადავურიოთ კარაქში. კარაქს დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. მწვანილიანი კარაქი გავყოთ ორ ნაწილად და ხელის გულებით თითოეულ ნაწილს მივცით მოგრძო მორის ფორმა. ავიღოთ ქათმის ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ავიღოთ კარაქი და ფილეზე მოვათავსოთ „მკლავის“ ძვლის გასწვრივ და ფილე დავახვიოთ კარაქის ირგვლივ რულეტივით. პურის ნამცეცები მოხვალოთ და დავყაროთ თეფშზე (ორცხობილას მოხალვა არ ჭირდება). სუპის თეფშზე ერთმანეთში ავურიოთ კვერცხი, რძე და მარილი. ცალკე თეფშზე დავყაროთ ფქვილი. გამზადებული კატლეტი ამოვგანგლოთ ჯერ ფქვილში, მერე ამოვავლოთ კვერცხის გულში და შემდეგ ორცხობილაში. გამზადებული კატლეტი 20 წუთით მაცივარში შევდოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად რომ გაცხელდება კატლეტები ყველა მხრიდან გაყავისფრებამდე დავბრაწოთ.



გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


2 კომენტარი.:

  1. gvantsuka

    მიყვარს ძალიან

  1. Mary Poppins

    მეც :)))))

Post a Comment