„დედა მიყვარს ძალიან, დედა ნატვრის თვალია, საყვარელო ჩემო დედიიიიი...“ - სიმღერა მარშუტკების რეპერტუარიდან

Approved by Mary Poppins


ადამიანის უფლებებზე და მათ დაცვასა თუ დარღვევებზე უკვე არაერთხელ ვწერდი. დღეს, კი ადამიანი უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა და მეც დავფიქრდი ვისი უფლებები ირღვევა ჩვენთან ყველაზე მეტად და ჩემდა გააოცრად, სრულიად მოულოდნელ პასუხამდე მივედი - მშობლების. ეპოქაში, როცა უზომოდ მოდურად და საკუთარი დახვეწილობისა და სინატიფის ლამის ერთადერთ გამოხატულებად სექსუალურ უმცირესობათა (რომლებიც, მენდეთ თავს სულ არ იჩაგრავენ), შინაურ თუ გარეულ ცხოველთა, ამაზონიის ჯუნგლებში მობინადრე იშვიათი ჯიშის მოსკიტების და ათასი უაზრობის დაცვა ითვლება, ეს უფლებათა დამცველებიც და დანარჩენებიც, რომლებსაც ყველაფერი მსგავსი ფეხზე გვკიდია, ერთნაირი წარმატებით ვთელავთ ჩვენთვის უსაყვარლესი და როგორც სადღეგრძელოები ვამბობთ, სათაყვანებელი ადამიანების - დედ-მამის უფლებებს.
დავიწყოთ იქიდან რომ დაბადებიდან ლამის ჩვენს თუ არა, მშობლების პენსიამდე მაინც მათ კისერზე ვსხედვართ და ეს მიღებულ ნორმად ითვლება. რამდენი 25-45 წლის ნაცნობი გყავთ, რომლებიც მშობლებთან ცხოვრობს, საკუთარ ხელფასს მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ხარჯავს და აზრად არ მოსდის ოჯახის ხარჯებში მონაწილეობა მიიღოს და თუნდაც კომუნალური გადასახადებიდან ერთი მაინც გადაიხადოს? უფრო მეტიც, თვის ბოლოსკენ თავისას რომ დახარჯავენ, მერე მშობლებს ართმევენ სამსახურში სასიარულო ფულს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არაფრად ვთვლით და სავალდებულო მოცემულებად ვღებულობთ  უფასო ბინისა და უკვე გამზადებული უფასო საჭმლის არსებობას.
ლამის სასკოლო ასაკში მშობლების კისერზე და იმედად ცოლის მოყვანა და მერე შვილიშვილის აღზრდის მთლიანად მათთვის დაკისრება, ხომ სავალდებულო და თანაც საპატიო და სანატრელ მოვალეობად ითვლება. ამას წინათ ერთი ახლობელი ქალი ყვებოდა - მის 27 წელს გადაშორებულ მაგრამ, ტრადიციულად დედის კალთას გამოკერებულ შვილს თავისივე ხნის გოგონას, უკაცრავად, უკვე ახალგაზრდა ქალის ცლად მოყვანა განუზრახავს. თანაც, თურმე ნუ იტყვით, მშოლებთან ცხოვრებაც არ უნდათ, უკვე დიდები ვართო. და, როგორ გგონიათ, რას აპირებენ? მშობლებს დაუყენეს კატეგორიულად საკითხი, ბინა უქირაონ სადმე პრესტიჟულ უბანში და თანაც მინიმუმ ოროთახიანი. მომავალი დედამთილი იმის ნაცვლად რომ საკუთარი შვილის თავხედობაზე აღშოთებულიყო, წუხდა: ბინის ქირაობის საშუალება არ გვაქვს და მაგრამ რა ვქნათ, მოგვიწევს და თანაც სადმე ახლოს, სასხლის დასალაგებლად და სადილების გასაკეთებლად ხომ მე უნდა ვიაროო... 27 წლის ქალს რატომ უნდა დაგილაგოს სახლი დედამთილმა?
ერთი სიტყვით, დედები ისე გვიყვარს, რომ მათ გარდა ვერავის ვანდობთ ჩვენი ნაგვის გატანას, ჩვენი ჭუჭყის ხეხვას და ვინ უნდა ვიმსახუროთ უფრო ერთგულად და უკეთესად? სამაგიეროდ, მადლიერების ნიშნად, დედას დავიფიცებთ, მისივე სახელზე დავიგინებით და მათ გაწყობილ და მათვე ასალაგებელ სუფრასთან  სადღეგრძელოშიც არ დავიშურებთ თბილ სიტყვებს.
ერთხელ ჩვენი დეიდა პოლი რაღაც კოსმეტიკას ყიდულობდა, თავისთვის რომ მორჩა, „ეს დადასო“, თქვა ხმამაღლა და უფრო ძვირიანი ნაკრები შეარჩია. გამყიდველი გოგოს გაოცება არ დამავიწყდება: „როგორც წესი, დედისთვის ბევრად უფრო იაფიანი მიაქვთო“. არ გეცნობათ? ვინ დადის ქუჩაში საკუთარი პირმშოს გამონაცვალი და გაცვეთილი პალტოთი, კურტკით, ჩანთებით, ფეხსაცმლით? ვის ჩუქნიან მოდიდან გადასულ და ექსპლუატაციის ყველა ვადაგასულ მობილურებს? ვინ იღებავს თმას შვილს მორჩენილი საღებავით? ვინ ხმარობს იმ კრემს, შამპუნს ან ბალზამს, რომელიც შვილს არ მოუხდა? დედა.
ერთმა ძალიან „მაგარმა“ 17 წლის გოგომ თავის (რეალურად კი მშობლების) კერძოს სახლში გრანდიოზული დაბადების დღის გადახდა განიზრახა და ძალიან ბევრი ხალხი დაპატიჟა. მშობლებს გამოართვა ფული, მოამზადებინა ყველაფერი, მოართვევინა სახლი, გააწყობინა სუფრა და... სახლიდან გაამწესა. ქართველი დედ-მამა რისი ქართველი დედ-მამა იქნებოდა, ან შვილისთვის რომ ეწყენინებინათ და ან უპატრონოდ მიეტოვებინათ: თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მთელი ღამე საკუთარ ეზოში, საკუთარ მანქანაში გაათენა სახლიდან გამომავალი ღრიანცელისა და ღრეობის ფონზე. ალბათ როგორ ძალიან უნდა გიყვარდეს მშობლები, რომ საკუთარი დროსტარების გამო გააგდო სახლიდან და ქუჩაში გაათენებინო ღამე?!
მაგრამ ყველაფრის გვირგვინად, ერთი სვანის ტატუ მახსენდება უნივერსიტეტის ბაღიდან. საკმაოდ ვაჟკაცური შესახედაობის ბიჭის მხარს ამაყად ამშვენებდა ყვალილებიან ჩარჩოში ჩასმული წარწერა: „ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა!“

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Anonymous

    კიდევ ეს მინდოდა? :| ჩემი შინაგანი/ფარული/გულისკუნჭულის/სულისგამოძახილი ოცნებების პირველ ადგილს კვლავ უცვლელად იკავებს ჩემს მეუღლესთან ტანგოს ცეკვა ნახევრად ბნელ და ხის იატაკიან, ესპანურსისხლიან/ღვინიანი მაყურებელით გარშემორტყმულ, სინათლის სხივზე მტვრის ნაწილაკებით აბრჭყვიალებულ წრეში <3

  1. Mary Poppins

    ისეთი ოცნებაა, ნამდვილად უნდა ახდეს... წარმოვიდგინე და მომეწონა :)

Post a Comment