მსუნაგების ნაძვის ხე

Approved by Mary Poppins


ჩემს საკუთარ ბინაში პირველი საკუთარი ნაძვის ხე შოკოლადებით რომ მქონდა მორთული სათამაშოების არქონის გამო, ერთხელ უკვე მოგიყევით. შარშან, ძველებური ტრადიციის მიხედვით, ნაძვის ხის საჭმელი სათამაშოებით მოკაზმვა უკვე შეგნებულად განვიზრახე და უნდა გითხრათ, რომ  შედეგმა გაამართლა. ჯერ ერთი, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა და მეორე - ოჯახის წევრებთან ერთად სათამაშოების ანუ პეჩენიების ცხობა და სამი თხლის სიგრძის ჩურჩხელების ამოვლება ფრიად სახალისო პროცესი გამოდგა. წელს ჩემმა ყბადაღებულმა სიზარმაცემ მძლია და პეჩენიების კიდევ ერთხელ გამოცხობა შემეზარა (ექსპერიმენტები მიყვარს და ერთი და იგივეს კეთება კი მბეზრდება). მაგრამ იდეა ისე მომწონს, რომ ასე მარტივად ვერ შევეშვი (ბოლოსდაბოლოს, სახლში დასაწყობებულ სხვადასხვა ზომის 5 ნაძვის ხეს, რამე ხომ უნდა მოვუხერხო) და ცხობის საკმაოდ იოლი და გასართობი ალტერნატივა ვიპოვე.  მსგავსი სათამაშოების დამზადებას არც ბევრი ენერგია და არც პროფესიონალიზმი  და რაც მთავარია, ბევრი დრო არ ჭირდება. მოუხმეთ დაქალებს და ბაშვებს და გპირდებით, ცივი ზამთრის საკმაოდ უჩვეულო და მხიარულ საღამოს გაატარებთ.

ბატი-ბუტის გირლიანდა
დაგვჭირდება: 5-დან 10 ჭიქამდე ბატი-ბუტი, 1 ან მეტი ნემსი და თეთრი ძაფი. ბატი-ბუტის და ნემსების ზუსტი რაოდენობა და ძაფის სიგრძე, თქვენი ნაძვის ხის ზომასა და დამხმარეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
უმარილო და დაუტკბილავი ბატი-ბუტი ჩაყარეთ დიდი ზომის ჯამში. თქვენთვის სასურველის სიგრძის ძაფი გადაზომეთ, გადაჭერით და გაუყარეთ ნემსში. თან გაითვალისწინეთ, ერთ უსაშველოდ გრძელ გირლიანდას 2 შედარებით მოკლე აჯობებს. მერე აიღეთ 1 ბატ-ბუტი და შუაში გაუტარეთ ნემსი, ბატი-ბუტი ძაფის ბოლოსკენ ჩააცურეთ (პირველ ბატი-ბუტს ძაფის ბოლო შემოახვიეთ და განაკვეთ, ასე თქვენი ბატი-ტუტის მძივი აღარ დაიშლება), მერე მეორე, მესამე და ა.შ. სანამ ძაფს მთლიანად არ შეავსებთ. მეორე თავიც გამონასკვეთ. ასე გააგრძელეთ სანამ თქვენთვის საურველი სიგრძი გირლიანდები არ დაგიგროვდებათ ან მასალა ანუ ბატი-ბტი არ გათავდება.

ნაძვის ხის წვერსართავი კარამელის ჯოხებისგან
კლასიკური პიტნის თეთრ-წითელი კარამელის ჯოხებით მორთული ნაძვის ხე ვის არ უნახავს კინოში მაინც, მაგრამ ჩვენ უფრო შორს წავიდეთ და კარამელის ჯოხებიგან ნაძვის ხის წვერსართავი ანუ წვერზე ჩამოსაცმელი სათამაშო დეკორაცია.
დაგვჭირდება: დაახლოებით 15 ცალი კარამელის ჩხირი, ცხელი პისტოლეტი, აკვარიუმის სილიკონი ან ნებიმიერი არატოქსიკური წებო თავისი პისტოლეტით, შოკოლადის პატარა წითელი დრაჟეები
ავიღოთ 2 კარამელის ჯოხი და მოღუნული ნაწილით ერთმანეთს მივატყუპოთ, ისე რომ ქვედა გრძელი ნაწილები ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული (გაჩაჩხული) იყოს. ასე დავიჭიროთ ორი თითით და მეორე ხელით მოღუნულ ნაწილში დავაწებოთ. ასე გვეჭიროს, სანამ წებო არ გაშრება, მერე მესამე მივაწებოთ და ასე გავაგრძელოთ, სანამ 9 ჯოხისგან შემდგარ „გვირგვინს“ არ მივიღებთ, მორკალული მხარეებით ზევით და გარეთ და გაფარჩხული გრძელი მხარეებით ქვევით. დავრწმუნდეთ, რომ კარგად გაშრა და ფრთხულად გადავდოთ გვერდზე. მერე, თითო-თითოდ ავიღოთ დარჩენილი ჯოხები და ამოყირავებულად სათითაოდ შევაწებოთ გაფარჩუხლად მიწებებულ ჯოხებს შორის - ანუ მორკალული მხარით ქვევით და გრძელი მხარით ზევით - ისე როგორც სურათზეა. ჩვენი კონსტრუქცია საბოლოოდ რომ გამაგრდება, ყველა ჯოხს თავებში და ბოლოებში მივაწებოთ შოკოლადის წითელი დრაჟეები (შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი "სკიტლსი" ან "ემენდემსი").


ნაძვის ხის სათამაშოები ციტრუსებისგან
ასეთი „სათამაშოები“ გარდა იმისა, რომ საკმაოდ ლამაზია, კარგი სუნიც ასდით და მთელ სახლს ზამთრისა და ახალი წლი არომატით ავსებენ.
დაგვჭირდება: ციტრუსები (მაგ.: ფორთოხალი, ლიმონი ან ლაიმი), დეკორატიული ატლასის ლენტები ან ლამაზი თოკი და პერგამენტდაფენილი საცხობი ფირფიტა
გავახუროთ ღუმელი 90°C-მდე. დავჭრათ ციტრუები თხელ რგოლებად. ნაჭრები შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდდაფენილ (ან სილკონის ფირფიტაზე) საცხობ ფირფიტაზე. შევდგათ ღუმელში 2-3 საათით. ხილი უნდა გამოშრეს, ამიტომ „ცხობის“ ხანგრძლივობა მთლიანად ხილის სიწვნიანეზეა დამოკიდებული. ამიტომ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შეამოწმეთ - შუა გამოშრობის პროცესში კი გადაატრიალეთ. ბოლომდე რომ დაჩირდება ჩვენი ციტრუსები, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. მერე სადგისით გავუკეთოთ ხვრელი და გავუყაროთ წვრილი ლენტი ან თოკი და ამ ლენტით ჩამოვკიდოთ ნაძვის ხეზე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პიპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment