ყველაზე, ყველაზე საშობაო სასმელი, რომელსაც ქართველები საერთოდ არ ვსვამთ

Approved by Mary Poppins


არა, არც მთლად ისეა, საქმე რომ გაგონილიც არ გქვონდეს, მაგრამ უცხოელების ასე საყვარელ და ასე საშობაო „ეგ-ნოგს“ ანუ ჩვენებურად „გოგლი-მოგლს“ ჩვენ არ ვსვამთ - ვჭამთ და ისიც რატომღაც მარტო ბავშვობაში. მერე კი მის არსებობას, საკუთარი შვილის ან შვილიშვილის შეძენამდე სამუდამოდ ვივიწყებთ.
უცხოელები კი, მთელი საშობაო სამზადისის, შოფინგის, ფუსფუსისა და რია-რიისთვის ჯილდოდ საკუთარ თავს ნაზი, ტკბილი და ალკოჰოლიანი გოგლი-მოგლით ასაჩუქრებენ. თავად დასალევი გოგლი-მოგლის წარმოშობის ისტორიას დიდ ბრიტანეთში, დედოფალი ელისაბედის ეპოქამდე მივყავართ - იმ პერიოდის წიგნებში, მართალია სხვა სახელით, მაგრამ ვისკის, რომის, კონიაკისა და ბრენდის ეგ-ნოგის არაერთი რეცეპტია შემონახული, რომლებსაც ხანდახან შაქრის ნაცვლად გოგრის ჩირითაც კი ატკბობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ეგ-ნოგის“ სახელის წარმოშობის ეტიმოლოგიას სპეციალისტები „Egg and Grog“-ის („კვერცხი და გროგი“) შემოკლებაში ხედავენ, ეს უგემრიელესი კოქტეილი მიუხედავად ალკოჰოლს შსოლიდური დოზისა, იმდენად კარგ ხასიათზე აყენებს ყველას, რომ კონკრეტულად საშობაო-საოჯახო სასმელად ითვლება და მას მხოლოდ სახლში ან მეგობრების ვიწრო წრეში სვამენ.

საშობაო გოგლი-მოგლი
დაახლოებით 20 პორცია
6 მსხვილი კვერცხი, ¾ ჭ შაქარი, 3 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ლ ნაკლებად ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ ბრენდი, 2 ჭ ბურბონი ან მუქი რომი, 1 ჩ/კ ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)
კვერცხის გულები და შაქარი ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შაქარი ბოლომდე რომ გადნება დავუმატოთ ვანილის შაქარი, ნაღები და ალკოჰოლი. შვდგათ მაცივარში ჩასაცივებლად მინიმუმ 3 საათით.  დალევის წინ, კვერცხის ცილებისგან ავთქვიფოთ ბეზე და ფრთხილად გადავურიოთ გოგლი-მოგლში. ჩავასხათ სახელურიან პუნშის ჭიქებში და ზევიდან თითო მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი მოვაყაროთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment