"ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსა რომ მოვრჩები მერე"

Approved by Mary Poppins


დღეს მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს... და, დავფიქრდი: რა წვილი შემიძლია შევიტანო პირადად მე ამ მართლაც ძალიან საჭირო და საჭირბოროტო საქმეში? კაი, გავედი ქუჩაში და მათხოვარს მივეცი ლარი. ეშველა ამით რამე მის სიღარიბეს? მეტი არაა ჩემი მტერი. ან ჩემს მეზობელ პენსიონერს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ თვითონ მიკაკუნებს კარებზე და ხარკის სახით 2 ლარს მთხოვს, თავად მივაკითხო და რიგგარეშე რკინის მონეტა ჩავუკუჭო მუჭში? არა მგონია, რამე გამოვიდეს. მობილურზე ფული ჩავურიცხო უმუშევარ კურსელს, რომლისგანაც აგერ უკვე მეოცე SMS-ი მივიღე: „ტელეფონზე ლარი დამრჩა და 5 ლარი ჩამირიცხე. გკოცნი, გიო“... გეფიცებით, რომ მწერდეს მშიაო, ბაზარში დავიტვირთებოდი და მივქანდებოდი, მაგრამ ტელეფონზე ფულს პრინციპულად არ ჩავრიცხავ. მსგავსი თხოვნა, სიღარიბის კი არა, სითავხედის ნიშნია.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა - ხან ადამიანთა ყოფაზე ამიჩუყდა გული, ხან საკუთარ უსუსურობაზე და მივხვდი, რომ ამ, ანუ მსოფლიოს სიღარიბისგან გათავისუფლების საქმეში, სხვისი არ ვიცი და მე, სასწაულის გარდა ვერაფერი მიშველიდა. ჰოდა, გამოსავალსაც მივაგენი: მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის, ახალ წელს კი ყველა თუ არა, დედამიწის მოსახლეობის სამი მეოთხედი მაინც გაუმჯობესებას და უკეთესობას ელის და ამისთვის ზოგი საათის რეკვასთან ერთად ყურძნის თორმეტ მარცვალს სანსლავს, ზოგი კი სურვილებს ქაღალდზე წერს, წვავს და მერე შამპანურთან ერთად მიირთმევს. რაც მარტივად შესასრულებელი და უსაფრთხო პროცედურა არ გეგონოთ, გარკვეულ გამოცდილებასთან ერთად მოხერხებულობასაც მოითხოვს. აბა, თავად სცადეთ, თორმეტი ყურძნის მარცვლის ზედიზედ და რიტმულად გადაყლაპვა და თან სურვილების ჩაფიქრება. ან თუნდაც ყველაზე თხელ ქაღალდზე ჩამოწიკწიკებული სურვილების ნუსხისგან დარჩენილი ნაცრის გროვის კუჭში ჩაძახება დახჩობის გარეშე.
მოკლედ, ახალი წლის ღამე ტრაგედიად რომ არ იქცეს და მსოფლიო თუ არა, ჩვენი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა მაინც რომ გამოსწორდეს, პატარა კვლევა ჩავატარე და იღბლის, ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდი 10 ყველაზე გავრცელებული და „საიმედო“ ტრადიცია შევკრიბე. მაშ, ასე:

10. ფეიერვერკი
ახალი წლის დამდეგს სუფრაზე ფეიერვერკი, მხიარული შეძახილები, ხმაური, კისკისი და სიმღერა თურმე ბოროტ სულებს აფრთხობს. ამიტომ, რაც უფრო მეტს იმხიარულებთ და იხმაურებთ, უფრო მეტად დაზაფრავთ უიღბლობას და უფრო მეტად გარანტირებული ბედნიერი წელი გექნებათ.


9. გადაწყვეტილებების მიღება
ითვლება, რომ პირველი იანვარი სამომავლო გეგმებზე ფიქრში უნდა გავატაროთ. რასაკვირველია, წინა დღის ლოთობის და ბოროტი სულების დასაფრთხობად ჩხავილის შემდეგ რამის თავი კიდევ თუ გვექნა. არ არის სავალდებულო, მსოფლიო მასშტაბების სტრატეგია დავსახოთ, რამდენიმე პაწია და ნაკლებადპრეტენზიული მიზნის ჩამოყალიბებაც საკმარისი იქნება. მაგალითად: დავალაგო სარდაფი, ან ორშაბათიდან ვიარო სავარჯიშოდ. 


8. ვალების დაბრუნება
ვალები 1 იანვრამდე უნდა გაისტუმროთ (!) და ახალ წელს უვალოდ და უდარდელად შეხვდეთ. უფრო მეტიც, 1 იანვარს ფულს ნუ დახარჯავთ და ნურაფერს იყიდით - ამ დღეს გასავალს ნუ დაიბედებთ.




7. შუაღამის კოცნა
თუ გინდათ რომ ახალი წელი მეწყვილეთან ერთად გაატაროთ, საათი თორმეტს ჩამოკრავს თუ არა, გვერდზე მდგომს აკოცეთ. გაითვალისწინეთ, სავალდებულო არაა, რომ ამისთვის ნებისმიერ უცნობს ეტაკოთ. მიიხედ-მოიხედეთ, მეგობარი მოძებნეთ და იმას გადაეხვიეთ.






6. სიმღერა
მთლად საშობაო ჰიმნების და ქორალების შესრულება თუ არ გეხერხებათ, იცეკვეთ მაინც.




5. მეკვლე
მეკლვლის როლზე და მნიშვნელობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და კარგად დავფიქრდეთ სანამ სახლში შემოვუშვებთ. ზოგადი ინსტუქციები ასეთია: სახლის კარის საკუთარი გასაღებით გამღები მეკვლედ არ ითვლება - მას აუცილებლად უნდა გაუღონ კარი. ქალს და ქერას უბედურება მოაქვს. რაც უფრო მაღლი და შავთმიანია მამაკაცი, მით უფრო ბედნიერი და ბარაქიანი იქნება წელი. მთლად გადასარევია მეკვლე საჩუქრად პურს, ღვინოს, ხილს და მარილს თუ მოიტანს.


4. სახლიდან ნურაფერს გაიტანთ!
თუ გინდათ რომ შემოსავალმა გასავალს გადააჭარბოს 1 იანვარს სახლიდან ნუ გაიტანთ ნურაფერს. თადარიგიანი ხალხი ამ დღეს სხვაგან წასაღებ საჩუქრებს ან ნივთებს, წინასწარ ინახავს მანქანაში ან ჯერ რამე შემოაქვს და წასაღები მერე გააქვს.



3. არაფრის კეთების და დასვენების კანონი
როგორც ამბობენ, ამ დღეზე არაფრის კეთების და დასვენების კანონი მოქმედებ: ნურაფერს გარეცხავთ და წყალს იღბალს ნუ გაატანთ; ნუ დაგვით და მტვერთან ერთად ბარაქასაც ნუ გადაფერთხავთ; ნაგავს ნუ გადაყრით, შემოსავალი გაყვება... სტუმრად თუ არ მიდიხართ ან სტუმრებს  არ ელოდებით, წამოწექით და დასვენება შეირგეთ.

2. ჭამეთ!
ახალ წელს საჭმელსაც თავისი დატვირთვა აქვს, რაზეც ამ დღეებში ცალკე მოგიყვებით, მანამდე კი იღბლის მომტანი საჭმლის სია ასე გამოიყურება: ყურძენის თითო მარცვალი - თითო თვის სიმბოლოა; ღორის ხორცი - წინსვლის (ღორი მარტო წინ მიდი, უკან არასდროს იხევს), ლობიო - იღბლის, ოსპი - მონეტების და მწვანე ბოსტნეული - დოლარის. ასე, რომ იდეაში, რაც უფრო მეტ სალათის ფოთოლს შეჭამთ, მით უფრო მეტი ფული გექნებათ.

1. ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი წელი გექნება
აქ უკვე კომენტარი ზედმეტია, ახალ წელს კარგად როგორ შევხვდეთ და რა ვაკეთოთ, ამას ზედა 9 პუნქტი მივუძღვენი. ასე რომ, აბა თქვენ იცით და ამ ინსტრუქციების წყალობით, რომელიმე თუ აშენდით - გამიხსენეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment