რამდენიმე ცხელი კოქტეილი საშობაო განწყობისთვის

Approved by Mary Poppins


ისტორიისთვის არც თუ ისე დიდი ხნი წინ, ჩვენთვის კი ოდესღაც, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში, და არა მარტო, ცივი და სუსხიანი ზამთრის ნავთის ლამპით განათებული საღამოების უკუნსა და ბნელში ტავერნებისა და დუქნების მოყვარულ მოქეიფეთა ან სახლში ბუხართან მსხდომი არისტოკრატიის ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ცხელ ალკოჰოლურ სასმელს - თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ცხელ კოქტეილებს. დროთა განმავლობაში, პროგრესთან და ცენტრალური გათბობის სისტემის შემოსვლასთან ეთად უამრავი საინტერესო რეცეპტი დავიწყებას მიეცა და უკვე 1939 წელს წერდა ჩარლზ ბრაუნი თავის წიგნში „The Gun Club Drink Book“, რომ „ცხელმა კარაქიანმა რომმა“, „ვასალმა“, „ბიშოპმა“ და მსგავსმა ძველი ყაიდის სასმელებმა დიდი ხანია დრო მოჭამეს. საბედნიეროდ, დრო გავიდა და მოდა და სტილი უთვალავჯერ შეიცვალა და სხვა დანარჩენ დაუმსახურებლად მივიწყებულ ტრადიციებთან ერთად გლინტვეინი, ცხელი პუნში და გროგიც დაგვიბრუნდა. რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ახალი წლის სამზადისი და განწყობა ჰაერში გლინტვეინის სუნის დატრიალებასთან ერთად იწყება და გარდა ამისა, რა ჯობია გემრიელ, არომატულ და თანაც ალკოჰოლის ზომიერი დოზის წყალობით სწორედ საჭირო დონეზე მატონიზირებელ სასმელს სიცივეში ხანგრძლივი სეირნობის, თხილამურებზე სრიალის ან თუნდაც სამსახური გატარებული საკმაოდ უღიმღამო დღის შემდეგ.

შესუნელებული ცხელი კარაქიანი რომი - Hot Spiced Buttered Rum
თუ, ყველაფერი ძველმოდურის მოძულე ჩარლზ ბრაუნი ამტკიცებდა, რომ კარაქიანი რომის თავზე მოტივტივე გამდნარი კარაქის ფენის ერთადერთი დანიშნულება მისი დალევისას ულვაშების გაქონვა გახლდა, თანამედროვე ბარმენების პატრიარქი ჯერი ტომასი დაჟინებულად გვირჩევს, რომ ცხელ რომში ჩაგდებული კარაქის ნაჭერი მინიმუმ მაუწაბლისხელა ანუ ერთი თავშედგმული ჩაის კოვზი მაინც უნდა იყოს. თანაც, ამ სამელის მთელი მუღამი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თბილ რომს გამდნარი ცხიმის ქვეშიდან წრუპავ. გარდა ამისა, ამ სასმელს რომიც ძველი ყაიდის, დაძველებული, მუქი და  იამაიკური უნდა, იმიტომ რომ მისი პოპულარულობის პერიოდში პუერტო-რიკული თეთრის სტილის რომი ჯერ არ არსებონდა. დღევანდელი კოქტეილის ვინტაჟური რეცეპტი 1969 წლის „Gourmet“-დან გახლავთ და ლიმონი ცედრის, თაფლისა და სანელებლების წყალობით მართლა ძალიან კარგია.
1 პორცია
1 ჩ/კ ლერწმის შაქარი, ¼ ჩ/კ ძალიან თხლად ათლილი ლიმონის ბურბუშელა, 3 მწიკვი დარიჩინი, 1 მწიკვი დაფქული მიხაკი, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი), 45 მლ  ოქროსფერი რომი, მდუღარე წყალი, 1 სავსე ჩ/კ კარაქი
ფაიფურის ან მინის ფინჯანს მდუღარე წყალი გამოვავლოთ, ჩავყაროთ შაქარი, ლიმონის კანი, დარიჩინი, მიხაკი და ჯავზის კაკალი. დავასხათ რომი. შევავსოთ მდუღარე წყლით და ჩავაგდოთ კარაქი.
ასეთ რომს ძალიან უხდება ყველიანი და მარილიანი ჩხირები, რომლებიც ძალიან გემრიელია ცხელ რომში ჩაწობილი და თანაც მის მოსარევადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც შეხება ტკბილეულს: ნებისმიერი კექსი და ნამცხვარი ... რომის არომატით.

ცხელი ტოდი - Hot Toddy
აიღეთ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი ვისკის კოქტეილი ლიმონითა და შაქრით, დაუმატეთ მდუღარე და მინერალური წყლები და საკუთარი შემოქმედების „ტოდი“ გამოგივათ. როგორც ამ ტიპის ყველა კოქტეილში, ამჯერადაც მთავარია ტკბილისა და მჟავის ბალანსის დაცვა, ალკოჰოლის წილის სწორად შერჩევა და სანელებლების კარგად შეხამება. ხარისხიანი ვისკი და შაქრის თაფლით ჩანაცვლება წარმატების გარანტიას იძლევა და განსაკუთებულად კარგია გასათბობად სიცივით ატანის შემთხვევაში. თუმცა, ვერც სხვა დროს დაუწუნებთ ვერაფერს.
1 პორცია
2 ს/კ ბურბონი, 1 ს/კ თაფლი, 2 ჩ/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი, ¼ ჭ მდუღარე წყალი
150 მლ-იან ჩაის ჭიქაში მოვათავსოთ ბურბონი, თაფლი და ლიმონის წვენი და დავასხათ მდუღარე წყალი, ვურიოთ თაფლის გახნამდე.
ჩვენი რეცეპტით მომზადებულ „ტოდის“ განსაკუთრებულად უხდება შებოლილი ორაგულის, წიწმატისა და ვაშის სალათა ან როზმარინისა და ცისფერობიანი ყველის თაფლაკვერები.

ირლანდიური ყავა -Irish Coffee
ზუსტადაა ცნობილი, რომ ირლანდიური ყავა 1940 წელს ჯო შერიდანმა შექმნა (რაზეც ერთხელ უკვე ვწერდი) და დანარჩენებივით მცხოვანი ვერაა, მაგრამ რადგან საუბარი ცხელ და საახალწლო სასმელებზე ჩამოვარდა, ამ შესანიშნავ კოქტეილს ნამდვილად ვერსად გავექცევი. გარანტირებულად განუმეორებელი შედეგისთვის მხოლოდ და მხოლოდ ირლანდიური ვისკი გამოდგება, მაგ.: 12 წლის დაძველების Jameson Special Reserve ან Bushmills Black Rush-ი. და, ნურც საუკეთესო ხარისხის ახალდაყენებულ მაგარ ყავას და ხელით ათქვეფილ ნატურალურ ნაღებს დაივიწყებთ.
2 პორცია
¼ ჭ ნაღები, 3 ჩ/კ შაქარი, 1 1/3 ჭ ცხელი მაგარი ყავა, 6 ს/კ ირლანდიური ვისკი
ათქვეფილი ნაღები და 2 ჩ/კ შაქარი მოვათავსოთ პატარა ჯამში და ავთქვიფოთ. შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით. ცხელი წყალი გამოვავლოთ და შევათბოთ 2  ცალი სახელურიანი მინის ჭიქა. შევამშრალოთ სწრაფად. ჩავყაროთ ნახევარ-ნახევარი ჩ/კ შაქარი, დავასხათ ყავა და მოვურიოთ. შაქარი რომ გადნება, დავუმატოთ 3-3 ს/კ ვისკი. ბოლოს ჩაცივებული ათქვეფილი ნაღებით მოვრთოთ და დავლიოთ.
ირლანდიურ ყავას განსაკუთრებულად უხდება მარილიანი და პილპილიანი ჩედერის პეჩენიები და ნებისმიერი შოკოლადიანი პეჩენია.

ბიშოპი - Bishop
ჩარლზ დიკენსის „შვიდ საბრალო მოგზაურში“ ერთ-ერთი სტუმარი თავის ცხელ სამელს ასე ახაიათებს: „მწიფე ყურძნის, სურნელოვანი ტროპიკული ტყისა და ფორთოხლის ბაღის არომატი...“, რაც ბუნებრივად მიხაკით შესუნელებული გამომცხვარი ფორთოხლის და მუქი შინდისფერი  ანუ ტრადიციული ინგლისური „ბიშოპის“ ასოციაციას იწვევს და ეს სურნელოვანი და საკმაოდ მათრობელა კოქტეილი ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
4 პორცია
1 ჭიპიანი ფორთოხალი, 8 ცალი მიხაკი, 1 ბოთლი (750 მლ) მუქი წითელი პორტო
გავახუროთ ღუმელი 205°C-მდე. ფორთოხალში ჩავარჭით მიხაკი ჩხირები, მოვათავსოთ პატარა ცეცხლგამძლე ფორმაში და ვაცხოთ სანამ ყავისფერი და რბილი არ გახდება - დაახლოებით 1 ½ სთ. ფრთხილად გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და მივირთვათ ცხლად.
„ბიშოპს“ განსაკუთრებულად უხდება შემწვარი ღორის ხორცი პორტვეინის სოუსით და ნებისმიერი წითელი ხილის პუდინგი.

კიდევ ერთი საკმაოდ სახელგანთქმული და გემრიელი ცხელი კოქტეილი - "ტომი და ჯერი", რომელიც სახელგანთქმულ მულტფილმზე ბევრად ადრე შეიქმნა, ცალკე სასაუბრო თემაა და ამაზე სხვა დროს, ახლა კი...


საუკთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. მართლა შოკოლადი

    შეკითხვების შემადგენლობა:
    1/3 - ფორთოხალი კანგაუცლელი უნდა იყოს, ხომ?
    2/3 - სად ვიშოვოთ პოტო? :) მუქი წითელი ღვინო შეცვლის?

    გემოვნებაზე რომაა დამოკიდებული, ის შენიშვნაა - ირლანდიული ყავა მომეწონა.

  1. Mary Poppins

    როგორც ვხვდები კთხვა "ბიშოპს" ეხება. კი, ფორთოხალი გაუფცქვნელია. რაც შეეხება პორტოს, მუქი წითელი და ცოტა ზედმეტად ტკბილი, მაღალ გრადუსიანი ღვინო ხილის არომატით, თავისუფლად შეცვლის.

Post a Comment