,,მწვანე ფერია“

Approved by Natia Jinjolava

აბსენტი (Absinthe) - სპირტისა და ტუიონის, ამ ორი ძირითად ინგრედიენტის იდუმალებით აღსავსე ნაზავი, რომლის გარშემოც არაერთი მითი ტრიალებს. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება,  მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნა რევოლუციის შემდეგ საფრანგეთიდან შვეიცარიაში ემიგრირებულმა ექიმმა - პიერ ორდინიერმა. ,,მწვანე ფერია“ (,,La Fee Verte“) – ასე მოიხსენიებდნენ ამ სასმელს. მას იყენებდნენ როგორც უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას, ასევე უმატებდნენ ღვინოში, რათა გაეზარდათ ამ უკანასკნელის მათრობელი ეფექტი. სასმელის პოპულარობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა და უკვე რამდენიმე წელიწადში ჰენრი-ლუი პერნომ შვეიცარიაში აბსენტის ქარხანა გახსნა. მის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება არაერთ ქვეყანაში ხდებოდა.
აბსენტის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა აფრიკაში საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკის გატარებისას. იმ პერიოდში იგი გაიცემოდა ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებზე სასმელი წყლის დეზინფექციისა თუ ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისათვის. დროთა განმავლობაში სასმელმა აფრიკაში მებრძოლი, საფრანგეთში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობიდან ბურჟუაზიაშიც მოიკიდა ფეხი და მალე იგი პარიზული ცხოვრების დამახასიათებელ შტრიხად იქცა. თუმცა ეს სპეციფიკური გემოს მქონე სასმელი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ნელ-ნელა ვითარება შეიცვალა და აბსენტის მოხმარება საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისთვის გახდა შესაძლებელი, რამეთუ აქტიურად იქნა აპრობირებული წარმოებაში ბევრად უფრო იაფი (ხშირად უხარისხო) ნედლეულის გამოყენება. შესაბამისად იმატა ალკოჰოლიზმის დონემ, რამაც არმიაში გაწვევის პროცესში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. კერძოდ, სულ უფრო მეტი წვევამდელი იცნობოდა სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად (ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარების დამანგრეველი ზემოქმედების გამო). საზოგადოების დიდი ნაწილის აბსენტით მკვეთრმა გატაცებამ წარმოშვა ტერმინი ,,აბსენტიზმი“. აღნიშნული ტერმინი ადამიანის კონკრეტულად აბსენტზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე საფრანგეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ფიქრი ამ სასმელის აკრძალვაზე.
1905 წელს ფერმერმა ჯინ ლანდფრეიმ ალკოჰოლის (რომელშიც თავისი როლი აბსენტსაც ჰქონდა ნათამაშები) ზემოქმედების შედეგად საკუთარი ოჯახი ამოხოცა. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო ,,ანტიაბსენტისეული“ კამპანიის აქტიურად გატარებას და მალე იგი არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. ეს აკრძალვა ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა ძალაში. სასმელისათვის რთული პერიოდი 21-ე საუკუნის დასაწყისში სრულდება, როდესაც ევროპაში ეტაპობრივად დაიწყეს მის წარმოება-რეალიზაციაზე აკრძალვების მოხსნა და სასმელის ლეგალიზება, თუმცა ევროკავშირის მიერ დადგენილი იქნა გარკვეული სტანდარტები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია. ,,მწვანე ფერია“ ძლიერი ალკოჰოლური, სპეციფიკური გემოს მქონე სასმელია. იგი როგორც წესი 70-75% ალკოჰოლს შეიცავს. სასმელის შემადგენლობაში რამდენიმე მცენარე თამაშობს თავის როლს, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია - Artemisia absinthium (ლათ.), მცენარე, რომლის ეთერზეთებიც დიდი რაოდენობით ტუიონს შეიცავს. აბსენტისთვის დამახასიათებელ ეფექტში ,,ბრალი“ სწორედ ტუიონს მიუძღვის. სასმელი შეიძლება სხვადასხვა, მიმზიდველი ფერით იქნას წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე გავრცელებული შეფერილობა – ზურმუხტისფერი მწვანეა.როგორც წესი დალევის წინ აბსენტს წყლით აზავებენ, რაც ერთგვარი წესის დაცვით ხდება. შეზავებისას გავრცელებულ პროპორციებად მიიჩნევა: 5:1 ან 3:1 (ორივე შემთხვევაში წყლის წილის უპირატესობით), თუმცა ყოველივე მომხმარებლის გემოვნებაზე და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მისი ზრუნვის დონეზეა დამოკიდებული, რადგან წყლის ოდენობა განსაზღვრავს მიღებული ნაზავის სიმაგრეს. წყალთან შერევისას აბსენტისთვის ამღვრევაა დამახასიათებელი. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ წყლით გაჯერებული სპირტი ვეღარ ითავსებს ეთერზეთებს და ხდება მათი განცალკევება. შეზავებისას ასევე შაქარსაც იყენებენ. ზოგიერთის აზრით შაქარწყალი ,,აბსენტისეული ეფექტისათვის“ კატალიზატორის როლს ასრულებს. აღნიშნული პროცესი სპეციალური, პერფორირებული კოვზის გამოყენებით ხდება. აღნიშნული კოვზი თავისი სპეციფიკური სტილის წყალობით შეიძლება სრულიად სხვა დანიშნულებით გამოყენების პროცესშიც იხილოთ (ფორმით ტორტის დანას წააგავს და ბევრი შეცდომით ნამცხვრის დასაჭრელად იყენებს). არსებობს აბსენტის კოვზების საკმაოდ მრავალფეროვანი ნაირსახეობები. კოლექციონერების დიდი ყურადღებით სარგებლობენ ძველებური კოვზები ან მათი ასლები.
სასმელის შეზავების სხვადასხვა წესია ცნობილი: 1) აბსენტის ჭიქის ზემოდან, კოვზზე დადებულ შაქრის კუბს ასხამენ ყინულოვან, ცივ წყალს, რომელიც ალღობს შაქარს და მიღებული სიროფი ერევა აბსენტს; 2) აბსენტის ჭიქის ზემოდან, კოვზზე დადებულ შაქრის კუბზე ნელა ასხამენ ერთ წილ სასმელს. შემდეგ შაქარს ცეცხლს უკიდებენ. შედეგად მიღებულ კარამელს აბსენტში ღვრიან და სამ წილ წყალს უმატებენ (აღნიშნული ხერხის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან ალკოჰოლიანი ჭიქა შეიძლება ადვილად აალდეს); 3) აბსენტის ჭიქის ზემოდან, გაცხელებულ კოვზზე დადებულ შაქრის კუბზე ნელა ასხამენ სასმელს. შედეგად ხდება გამდნარი შაქრისა და შემთბარი სასმელის შეზავება; 4) შეიძლება საჭირო პროპორციის მიხედვით ცალკე მომზადებული შაქრის სიროფის სასმელთან შეზავება. შაქრიანი წყალი ხელს უწყობს სასმელის მომწარო გემოს დაბალანსებას.    
საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად აბსენტი ჰალუცინოგენური საშუალებაა, რაც 100 პროცენტიან სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ზოგს მიაჩნია, რომ ამ სამელის დაჭაშნიკების შემთხვევაში აუცილებლად ,,მწვანე კაცუნების“ გარემოცვაში აღმოჩნდება. გამოცდილთა აზრით ნამდვილი აბსენტისეული თრობა ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებულია და სხვადასხვა შემთხვევაში ეფექტი შეიძლება ძალზედ არაერთგვაროვანი იყოს. ეფექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ მის ხასიათზე და გამოვლენაზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს (მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა; მისი ორგანიზმის დამოკიდებულება ზოგადად ალკოჰოლზე ან თუნდაც სასმელის შემადგენლობაში შემავალ კონკრეტულად რომელიმე ინგრედიენტზე და ა.შ.) ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ხშირად შევხვდეთ მისაბაძი ხასიათის მქონე ადამიანს, რომელიც ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღებისა და თრობის შემთხვევაში პათოლოგიური სიმთვრალის ,,არაჩვეულებრივ“ გამოხატულებად გარდაიქმნება ხოლმე.აბსენტის მოყვარულთა რიგებში არაერთი ცნობილი პიროვნება ირიცხებოდა: ვინსენტ ვან გოგი; ერნესტ ჰემინგუეი; ანრი დე ტულუზ ლოტრეკი (მხატვარმა სპეციალურად თავისთვის შეიმუშავა აბსენტის კოვზის დიზაინი. კოვზის წვერზე ამოჭრილია მისი მონოგრამა). ერთი რამ ცხადია: აბსენტი ტრადიციულ ქართულ სუფრასთან თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოს  შემდეგ ყელის ჩასასველებლად არ გამოდგება! საქართველოს კანონმდებლობით არნიშნული სასმელი აკრძალული არ არის. ამის დასადგენად კოდექსებში ჩახედვა სულაც არ არის აუცილებელი. საკმარისია თბილისის სუპერმარკეტებისა თუ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე ორიენტირებული მაღაზიების თაროებზე მოთავსებულ სხვადასხვა მოცულობის აბსენტის ბოთლებს გადაავლოთ თვალი. იყიდება როგორც საკოლექციო - მომცრო ზომის ბოთლებში, ასევე მის აქტიურ მომხმარებელზე გათვლილი, მოცულობით ჭურჭელში ჩამოსხმული აბსენტი. შეხვდებით სასაჩუქრო კომპლექტაციებსაც, რომლებშიც აბსენტის კოვზი ან სპეციფიკური მოყვანილობის ჭიქებიც შედის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    გავსინჯეთ! მივირთვით! ყინულიანი წყლითაც ვცადეთ და ლერწმის შაქარიც შევაშიშხინეთ! აბა რა გითხრათ? ვისაც "ლაკრიჩნიკები" (არ ვიცი ქართულად მაგ კანფეტს რა ქვია) ან "პექტუსინი" გიყვართ, მოგეწონებათ, დანარჩენებს კი რა მოგახსენოთ :) აზრი ორად გაიყო, ზოგმა ვერ აიტანა, ზოგიც აღფრთოვანდა. ერთი სიტყვით, საკმაოდ დამახასიათებელი გემო და სუნი აქვს და რაც შეეხება ალკოჰოლს...ქართული ქეიფი არ გამოვა - პირველივე ყლუპი თავში ურტყამს უროსავით!

Post a Comment