„გაუცხოელებული“ ქართველობა

Approved by Natia Jinjolava

მკითხველის საყურადღებოდ: ეს სტატია არამც და არამც არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში რეალურმა გაჭირვებამ ან პროფესიულმა უპერსპექტივობამ წაიყვანა, დღედაღამეს სწავლასა თუ შრომაში ასწორებენ და ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვამ აიძულა შინიდან შორს გადახვეწილიყვნენ!!! ქვემოთ დაწერილი ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმათ, ვინც „შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდა“.

ყველა ადამიანი ცდილობს თავისი ერთადერთი ცხოვრება ისე აიწყოს, როგორც შეუძლია და როგორც ხელეწიფება. ამ სურვილში დასაძრახი არაფერია, თუმცა ზოგიერთი მათგანი  არსებობისათვის ბრძოლის პატიოსანი მეთოდებითა და კარგი აღზრდა-ადამიანობით ვერ დაიკვეხნის. ბოლო წლებში ისეთი აზრი დამკვიდრდა, თითქოს ყველა პრობლემა საქართველოს საზღვარზე ფეხის გადადგმით გვარდება და საკმარისია, სასაზღვრო შლაგბაუმს იქით აღმოჩნდე, რომ იქაურები „ეს ვინ მოსულაო“-ს ძახილით, ხელგაშლილნი შეგეგებებიან და აწყობილ მზამზარეულ ცხოვრებას დაგახვედრებენ. ასეთი ცხოვრება მხოლოდ ჰოლივუდის მელოდრამებშია, ისიც, იქ დაბადებულ-გაზრდილებს, თუ მემკვიდრეობით არა, მუყაითი შრომის შედეგად აქვთ მოპოვებული. თუმცა აქედან წასულ „ჩვენებურებს“ ილუზიები მალე ემსხვრევათ და თითოეული მათგანი თავისი მორალისა და სინდისის თანახმად ცდილობს ბედთან ბრძოლას ან მასთან შეგუებას: ზოგი სამსახურს მართლა ეძებს (ნაწილს უმართლებს კიდეც), უფრო სუსტი ნებისყოფის პატრონი მარტივ გამოსავალს ნახულობს და თავს (და ოჯახსაც) ქურდობით ირჩენს, ზოგიერთი მარჩენალის ძიებაში დახეტიალობს და გათხოვებას ცდილობს, ზოგიც საზღვარგარეთ ფეხმოკიდებულ ქართველს ეძებს, რომ კისერზე მუდმივ პარაზიტად ჩამოეკიდოს.
ჩემს ნაცნობ გოგოს, რომელიც დიდი ხანია ბერლინში ცხოვრობს, წლიდან წლამდე ერთი თბილისელი ოჯახი  არქიტექტორ შვილთან წერილებს ატანდა ხოლმე. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბიჭი რაღაც გერმანულ ფირმაში საკმაოდ სოლიდურ თანამდებობაზე სრულიად ლეგალურად მუშაობს და სამშობლოში დარჩენილ ნათესაობასაც არაფერს არ აკლებს. უცხოეთში წარმატებული შვილით ოჯახი უსაზღვროდ ამაყობდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ნაცნობი პოლიციაში დაიბარეს და დაწვრილებით გამოკითხეს, ამ ბიჭთან რა აკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ წვრილმან ქურდობაზე, ვინ იცის მერამდენედ დაკავებულმა „არქიტექტორმა“ პოლიციას საკონტაქტო პირად და თავმდებად ეს გოგონა დაუსახელა. თურმე ეს შენი ნაქებ-ნალოლიავები და ყოჩაღი ყმაწვილი კვირაში ერთხელ ბერლინის უზარმაზარ მაღაზია Kaufhof-ს პარსავს!
ასევე გერმანიაში მცხოვრებ მეორე ნაცნობს ერთ დღეს კარზე მოულოდნელად მიუკაკუნეს. ზღურბლზე სრულიად უცნობი ქართველი გოგონა საცოდავად ატუზულიყო, „შენი მისამართი ვიღაცამ მომცა, ორი დღით შეიფარე, სამსახურს ველოდები და ქუჩაში ნუ დამტოვებო“. ორი დღე ექვს თვედ იქცა, მთელი ამ ხნის მანძილზე სტუმარს სამუშაოს ძებნის სურვილი და სინდისის ქეჯნის ნასახიც არ გაუმჟღავნებია. გაუთვალისწინებელი ხარჯების გაზრდით შეწუხებული მასპინძელი იძულებული გახდა, დაუპატიჟებელი და აბეზარი „მდგმურის“ კეთილმოწყობაზე თავად ეზრუნა და თავის ნაცნობ გერმანელს, რასაც ჰქვია „იარაღის ძალით“ მიათხოვა.
მოკლედ, ამ გერმანიას ვერა და ვერ გავცდი - რა ვქნა, ჩვენმა თანამემამულეებმა ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მჭიდროდ მოიკიდეს ფეხი და თავიც ისახელეს... გაგონილი გექნებათ ახალგაზრდა გოგონების უცხოეთში  Aupair Mädchen-ებად (ძიძებად, მომვლელებად, ერთი სიტყვით, დამხმარე პერსონალად) „გადინების“ შესახებ. ასეთი გოგონას სამუშაოდ მიწვევის ერთ-ერთი პირობა ორი ღერი გერმანულის ცოდნაა. ერთმა ბავარიელმა ინტერნეტით გერმანულად საკმაოდ კარგად მოჟღურტულე ზესტაფონელი გოგონა გაიცნო და თავისი ორი პატარა შვილის მოსავლელად მიიპატიჟა (ერთი შეხედვით, ეს გოგონა მომავალი დამსაქმებლის და ამ სამუშაო პროგრამის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა). რარიგ დიდი იყო საბრალო კაცის  გაოცება, როცა აეროპორტში დასახვედრად მისულს, სულ სხვა ადამიანი და ისიც მხოლოდ იმერული კილოთი ქართულად მოსაუბრე გოგონა შერჩა ხელთ! თურმე მთელი მოსამზადებელი პერიოდის მანძილზე, მომავალი ძიძა თავის დამსაქმებელთან სასაუბროდ მეზობელს ეძახდა ხოლმე. სტუმარ-მასპინძელმა ერთმანეთს ვერაფერი რომ ვერ გააგებინა, ნაცნობი ქართველი თარჯიმანი მოიშველიეს, რომელსაც ზესტაფონელმა ავანტიურისტმა მშვიდად განუმარტა: „რა მუშაობა, რის მუშაობა, გასათხოვებლად ჩამოვედი და მაგას ენის ცოდნა რად უნდა!“ ყველა სახტად დარჩა, მაგრამ გერმანელმა ქართული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა და თავხედი ბედის მაძიებელი ქუჩაში გასაგდებად არ გაიმეტა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რამდენიმე თვეში გოგონამ საწადელი მართლაც აისრულა და დღეს თავისი წარმოდგენით მშვენივრად  (მთავარია, რომ საზღვარგარეთ!) ცხოვრობს.
ამაზე ერთი კურიოზი გამახსენდა (რა ქვეყანას ეხება, ალბათ უკვე ხვდებით!). ერთ ჩემს სტუდენტობისდროინდელ ნაცნობს ძალიან უნდოდა გერმანიაში გათხოვება, პროფესიადაც კი გერმანისტობა აირჩია. ბევრს ეცად თუ ცოტას, მიზანს მიაღწია - ჯერ  სასწავლებლად გაემგზავრა და რამოდენიმე თვეში „წარმატებულად გაბედნიერდა“ კიდეც. პატარძალს ბედკრული საქართველო ისე ჰქონდა მოძულებული, რამდენიმე წელი არც თვითონ გამოუხედავს აქეთ და არც თავისი მეორე ნახევრისთვის დაუნახვებია. ერთხელაც შეცდა და საზაფხულო არადადეგებზე ქმართან ერთად ჩამოვიდა. ქმარს აქაურობა და აქაურები თავიდანვე ძალიან მოეწონა, მაგრამ ამას შეიძლება არც არაფერი მოჰყოლოდა, ცოლს მეორე და ამჯერად საბედისწერო შეცდომა რომ არ დაეშვა - რამდენიმე დღით ყაზბეგში წაეყვანა. აი, მანდ მწარედ შეცდა - კაცს, როგორც ჩანს, გერგეთის მადლი გადმოესხა და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა მტკიცედ და შეურყევლად განიზრახა. მთაში ცხოვრება კი გადაათქმევინეს, მაგრამ „ბარში ჩამოსვლაზეც“ ცივი უარი განაცხადა და თბილისში, მთაწმინდაზე რაღაც დაფხავებული ბარაკისმაგვარი შეიძინა (სადაც ფეხსალაგიც კი ეზოში იდგა!). ქმარი შენაძენით კმაყოფილი იყო („უღრუბლო დღეს ამ სახლიდან ყაზბეგი კარგად ჩანსო“), აი, ცოლის კი რა მოგახსენოთ... დახეთ ბედის ირონიას - მართალია, წყვილმა მოგვიანებით საკუთარი სახლი ააშენა და კეთილმოაწყო კიდეც, დღესაც იქ ცხოვრობენ, ქმარმა ქართულიც ისწავლა და აქაურობას მშვენივრად მოერგო, ცოლი კი თავის სანატრელ გერმანიაში წელიწადში ერთხელ ერთი კვირით მიდის...
ამდენს კი ვცდილობთ, საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის რა ხერხს არ მივმართავთ, მაგრამ ამ საქმეში მეზობელმა სომხებმა მაინც გვაჯობეს. ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როცა ოციოდე წლის წინ გერმანიის (ისევ და ისევ!) ერთ-ერთ პატარა, ტიპიური ბიურგერული ქალაქის მთავარ მოედანზე, მთავარი ტაძრის გარშემო გაშლილი კარვები და მათ ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანები რომ დავინახე: ზოგი იქვე სარეცხს ფენდა, ზოგი სახელდახელოდ გაჩაღებულ კოცონზე სადილს ამზადებდა, ბავშვები თამაშობდნენ, ოღონდ ამ ყველაფერს მდუმარედ და ზედმეტი ალიაქოთის გარეშე აკეთებდნენ! ადგილობრივებმა ამიხსნეს, რომ ეს სომხების დიდი ჯგუფია, რომელიც ეკლესიის ეზოში თვითნებურად დასახლდა, გერმანიის პოლიცია კი, თუ მაინცდამაინც რამე არ დააშავეს, კირხეს ეზოში შეფარებულებს, ხელს ვერ ჰკიდებს (წესრიგის დამცველებს კარვების ქალაქის დაშლისთვის ხულიგნობა რომ არ მოემიზეზებინათ, იმიტომაც იყვნენ მისი ბინადრები ასე ჩუმად და უხმაუროდ). ამ „ქალაქმა“ რამდენიმე თვე იარსება, სანამ დაბანაკებულებმა თავისი არ გაიტანეს და გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ლეგალურად ცხოვრების უფლება არ მიიღეს. არც უქურდიათ, არც ვინმე მოუტყუებით და არც თავისი თანამემამულეები შეუწუხებიათ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment