დედამთილის შოკმანჟე

Approved by Natia Jinjolava

მე და ჩემს დედამთილს ძალიან გვიყვარს ტკბილეული. ჰოდა, გუშინ ღამითაც სიმსუნაგის მორიგი შემოტევის დროს ჩემმა დედამთილმა უჯრიდან თავისი კულინარიული რვეული ამოიღო და კიდევ ერთ კონდიტერულ საიდუმლოს მაზიარა. ღამის ორ საათზე დაუზარელი შრომა დაგვიფასდა და მე და ჩემი შვილი დღეს სიამოვნებით მივივირთმევთ  წუხანდელი ჯაფის შედეგს. მოკლედ, ძალიან გემრიელი და ადვილი „შოკმანჟეს“ ჩემი დედამთილისეული რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ:
4 ცალი კვერცხი, 1,5 ჭ შაქარი; 3 ს/კ კაკაო, 3 ს/კ შაქარი და 30 გრ კარაქი შოკოლადის გასაკეთებლად.
ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა და კარგად რომ ამოფუვდება დავუმატოთ შაქარი. ვთქვიფოთ დიდხანს და შაქარი რომ გაიხსნება ჩავუმატოთ კვერცხის გულები და ისევ ვთქვიფოთ.  პარალელურად მოვადუღოთ შოკოლადის მინანქარი კაკაოთი, შაქრით და კარაქით და რომ შეგრილდება შევურიოთ კვერცხიან მასას. ისევ ავთქვიფოთ. შემდეგ მიღებული მასა გავანაწილოთ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 2 საათით. შოკმანჟე კარამელივით შეიკვრება და ძალიან ნაზი და გემრიელი გამოვა!
სასარგებლო რჩევა დედამთილისგან: ვისაც უფრო თხელი, დასალევი შოკოლადის სასმელის მომზადება გსურთ, შაქარი თავიდანვე დააყარეთ კვეცხის ცილას და ბეზეს წინასწარ ნუ ათქვეფთ!
მეორე რჩევა ჩემი გამოცდილებიდან: მინანქრის ნაცვლად შეგიძლიათ შოკოლადის ფილა გაადნოთ 2-3 ს/კ წყალთან ერთად და ის შეურიოთ კვერცხის მასაში.
აი, რამხელა სარგებლობა მოაქვს ოჯახში ტკბილეულის მოყვარულ დედამთილს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

P. S. სხვათა შორის, მალე ჩემი დედამთილისეულ ხაჭაპურსაც შემოგთავაზებთ, დამიჯერეთ, ისიც უგემრიელესია!

0 კომენტარი.:

Post a Comment