Royal Ascot - სამეფო დოღი და ქუდების აღლუმი

Approved by Mary Poppins

დოღი ასკოტში დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ყოველწლიური მოვლენების სამეულში შედის (მდ. თემზაზე რეგატისა და ჩელსის ყვავილების გამოფენის შემდეგ). ეს დოღი უძველესი ნამდვილად არ გახლავთ (ჩესტერის, დონკასტერისა და ნიუმარკეტის დოღებს უფრო ძველი ისტორია აქვთ) და მის გაჩენას სტიუარტების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს, დედოფალ ანას მიაწერენ. გადმოცემით, 1711 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს უინძორის ტყეში ეტლით მიმავალმა დედოფალმა დოღისთვის ადვილი შეიგულა, ჰერცოგს სომერსეტს ამ ადგილის სასწრაფოდ მოსუფთავება-მოწესრიგება დაავალა და პირველი დოღიც იმავე წლის 12 აგვისტოს გაიმართა: მასში შვიდი ცხენი მონაწილეობდა, პრიზი კი იმ დროისთვის არნახული თანხას - 100 გინეას შეადგენდა. დოღის მონაწილეთათვის პირობები მკაცრი ნამდვილად არ იყო: ცხენებისთვის წაყენებული ერთადერთი მოთხოვნა მათი ასაკი გახლდათ (არანაკლებ ექვსი წლისა), ხოლო მხედრებისთვის - წონა (არაუმეტეს 76 კილოგრამისა).
დედოფალ ანას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ერთმანეთს გეორგ I და გეორგ II ენაცვლებოდნენ, არცერთი მათგანი ცხენების დიდი მოყვარული არ იყო, მომდევნო 30 წლის მანძილზე დოღი სულ რამოდენიმეჯერ გაიმართა და ალბათ სულაც დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა გეორგ II-ს ძმა უილიამ-ავგუსტი, რომელმაც 1744 წელს შეჯიბრი ააღორძინა და უინძორის ტყეში დიდი ცხენსაშენიც დააარსა (მისი სახელგანთქმული ცხენი „ეკლიფსი“ 23 წლის მანძილზე არცერთ გარბენაში არ დამარცხებულა).
1807 წელს დაარსდა ასკოტის პრესტიჟული პრიზი „ოქროს თასი“, 1813 წელს კი ინგლისის პარლამენტმა გამოსცა აქტი, რომელიც თანახმად ასკოტი სამუდამოდ იქცა დოღის ადგილად. თანდათანობით ჩამოყალიბდა ეტიკეტიც, რომლის მიხედვით დოღზე დასწრება და სამეფო ტრიბუნაზე (Royal Enclosure) მოხვედრა მხოლოდ მეფის პირადი მოწვევით შეიძლება, მამაკაცების ტანსაცმელს მხოლოდ და მხოლოდ შავი ან მუქი ნაცრისფერი ფრაკი, აბრეშუმის ჰალსტუხი, ლოსის ტყავის ხელთათმანი და ცილინდრი უნდა შეადგენდეს, ქალს კი აუცილებლად ქუდი უნდა ეხუროს (თანაც ყოველდღე ახალ-ახალი!) და მისი კაბის სიგრძეც მკაცრადაა განსაზღვრული (სამეფო ტრიბუნის სტუმარს, რომელმაც ჩაცმის წესები თუნდაც უმნიშვნელოდ დაარღვია, წარმომავლობის მიუხედავად, დოღიდან უბოდიშოდ გაძევება ელის). ასკოტი ნელ-ნელა იქცა ქალის თავსაბურავების (ზოგიერთი მათგანი ქუდს ბუნდოვნად თუ წააგავს) „საგამოფენო ადგილად“.
 მომავალი დედოფალი ელისაბედ II
დედასთან ერთად (1950)
ყოველწლიურად დოღზე (რომელიც ერთი და იგივე დროს, ივნისში ტარდება) სამასი ათასამდე ადამიანი იყრის თავს, საპრიზო ფონდი სამნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. სხვათა შორის, ასკოტის პოპულარობას ხელი დედოფალმა ელისაბედ II-მაც შეუწყო, რომელიც დოღს ყოველწლიურად ესწრება, 1952 წლიდან შეჯიბრში მისი ცხენები აუცილებლად მონაწილეობენ და საერთოდ, დედოფალი საცხენოსნო სპორტის დიდი მოყვარული და გულმხურვალე გულშემატკივარიცაა.
დღევანდელი წესების მიხედვით, დოღი ოფიციალურად გახსნილად დედოფლისა და სამეფო ოჯახის მობრძანების წუთიდან ითვლება, ხუთ დღეს გრძელდება და ყველაზე მნიშვნელოვან დღე - ხუთშაბათი, „ოქროს თასის“ შეჯიბრის და, ამავე დროს, ქალების დღეცაა (Lady’s Day) - ამ დღეს ქუდები განსაკუთრებით ექსტრავაგანტული და დაუვიწყარი უნდა იყოს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

P.S. ცნობისათვის: წლევანდელი ასკოტის დოღის სარეკლამო კამპანიას ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი უძღვება.
P.P.S. ახლა კი ყველაზე ორიგინალური და შთამბეჭდავი ქუდები. მათი შემყურე ვხვდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინგლისელებს შეიძლება ჰყოლოდათ ისეთი პერსონაჟი, როგორიცაა შეშლილი მექუდე (იხ. ლ.კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში“).


1 კომენტარი.:

  1. maia

    wow, I like them all

Post a Comment