ნანადირევად ქცეული მონადირე

Approved by Mary Poppins

არსებობს ასეთი საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრება, რომ ყველა ქალი სულელია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ამას მეც ვეთანხმები, მაგრამ ამ გამონათქვამის თავი სინამდვილეში მამაკაცების კომპლექსებსა და შიშებშია ჩამარხული. თანაც ზოგადად კი არა, კონკრეტულად - ჭკვიანი ქალის შიშში. ეს გასაგებიცაა - ჯერ ერთი, კაცმა არ იცის, რატომ, მაგრამ ისეა მიღებულია, რომ მამაკაცი ყველაფრით ქალზე მაღლა უნდა იდგეს (არადა, კაციც ადამიანია, მასაც აქვს უფლება, ნაკლი და სისუსტე  ჰქონდეს); მეორეც, კაცის მიერ „სუსტ სქესად“ წოდებული და მუდმივი ქილიკის საგნად ქცეული არსების უპირატესობა კაცის ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს; მესამე და მთავარი: კაცი მით უფრო „კაცია“, რაც მეტ ქალს მოინადირებს და თავს მოაწონებს, ჭკვიანი ქალის ყურადღების მიქცევას კი ბევრი შრომა (ხანდახან უშედეგო) და დამსახურება უნდა. ამიტომ მარტივია - თუ არ სცდი, წაგებადაც არ ჩაგეთვლება. ღირსეული მოწინააღმდეგეების მოშიშ კაცებს ერთი რამ ავიწყდებათ: მათ ირგვლივ სულ სხვა ტიპის ქალები ირევიან (სწორედ ისინი, რომელთა წყალობითაც ხანდახან მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ ქალი სულელია). ასეთებს დაბადებიდან სამად-სამი ინსტინქტი მოჰყვება: სუნთქვის, ჭამის და გათხოვების, და დასახული მიზნისკენ სწრაფვაში ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს.
ასეთ ქალებთან ურთიერთობაში კაცს ერთი სისუსტე აქვს: მსგავს არსებების „დაბალ ხარისხს“ და მისი პერსონისთვის შეუფერებლობას თავიდანვე ამჩნევს, მათთან რაიმე სერიოზულ კავშირს გამორიცხავს და ყურადღებას ადუნებს. ამ დროს კი დადარაჯებული, ჩასაფრებული, შესაშური მოთმინების მქონე ქალი მუდმივად მის გვერდითაა, დღედაღამ ხოტბას ასხამს, მისი ყველა წამოწყებით აღფრთოვანებულია, ყველაფერში მხარს უჭერს და, როგორ ამერიკელი ფსიქოლოგები იტყოდნენ, მის უაზრო ხუმრობებზე დაუზარლად ჭიხვინებს. ამასობაში კაცი მოკრძალებული გონებრივი შესაძლებლობების, მაგრამ ურყევი მიზნების მქონე ქალების ყურადღებას, თაყვანისცემას და ძაღლივით ერთგულ აღტაცებულ თვალებს ეჩვევა (ფანების აუდიტორია ვის არ უყვარს?!) და, სანამ „ხარისხიან“ ქალს მიახლოებასაც ვერ უბედავს, დრო გადის... ასაკშეპარული და შემჭკნარი (не первой свежести), სტაბილურობას მოწყურებული,   მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ აგერ, ცხვირწინ, დროით გამოცდილი და არაერთგზის შემოწმებული, მისი ღირსებების „ობიექტურად“ დამნახველი და შემფასებელ-დამფასებელი ფინია ფეხებთან ჰყავს და უსაბელოდ უკან დასდევს. უკეთესზე რაზე იოცნებოს?! ჭკვიანი ქალი რად უნდა, როცა მხოლოდ ასეთს შეუძლია მისი გაბედიერება? ქალს, რომელიც ქმრის გულისთვის საკუთარ თავმოყვარეობას და „მეს“ დაივიწყებს...
ასე „გაბედნიერებული“ მამაკაცებო ერთ რამეს ვერ აჩნევენ: ქალი, რომელიც ამდენს თმობს, ამდენს შრომობს და თამაშობს, დასახული ამოცანის მიღწევაში ასეთი დახელოვნებული და მოთმინების უძირო ფიალის პატრონია, რასაც კი მოინდომებს, სხვა დანარჩენსაც ასევე წარმატებით მიაღწევს და მსგავს ოჯახებში ყველაფერი ყოველთვის ამ ქალის ჭკუაზე გაკეთდება. ჩემო ძვირფასო კომპლექსიანო მამაკაცებო, ახლა თქვენს ცხოვრებას ჭკვიანი ქალის ნაცვლად, ადრე ზემოდან რომ უყურებდით და შესაფერისად რომ არ მიგაჩნდათ (ხშირად, დამსახურებულადაც), სწორედ ასეთი ქალები მართავენ. და საერთოდ, თქვენი რჩეული რომ გგონიათ, სინამდვილეში თავის დროზე თვითონ დაგადგათ თვალი, კარგა ხნის განმავლობაში გამზადებდათ, „გამუშავებდათ“, საჭირო კონდიციამდეც მიგიყვანათ (клиент дозрел) და თავი ცოლად შეგრთოთ!
ისიც გამიგია, ჭკვიანი ქალი თავისთვის კვარცხლბეკზე დგას და გარშემო ვერავის ამჩნევს. მერე, შე დალოცვილო, ჰქენი რამე, აფოფხდი, ადი, წამოეწიე, გვერდით მიუდექი და მხარშიც ამაყად გაიმართე! დაბლა, ვაითაყვანისმცემლების გუნდში თავმომწონედ, უმოქმედოდ რომ დგახარ და შენთვის ოცნებობ, „ეგებ ამ მაღლა მდგომ ლამაზ ქალს ფეხი დაუცდეს, ჩამოვარდეს და ცოდვილ მიწაზე ჩემს გვერდით დაებერტყოსო. წამოვაყენებ, მის თვალში გმირი ვიქნები და საუკუნოდ მადლიერიც დარჩებაო“. ღირსეული ქალი თუ „ჩამოვარდა“, ფეხზე სხვისი დახმარების გარეშე წამოდგება. აი, თქვენი გაცუცურაკების მსურველი ქალები კი, თქვენი საბრალულის გამოსაწვევად, გულის ასაჩუყებლად და მოსაგებად თეატრალურად ფეხსაც იღრძობენ, დიდხანს უმწეოდაც იფართხალებენ და, ასაყენებლად ხელგაწვდილს, თავს რაინდად გაგრძნობინებენ.
იცით, ყველაზე ტრაგიკული რა არის? ასეთი „რაინდები“ ცოლს რომ მოიყვანენ, ირგვლივ მერე მიმოიხედავენ, ახლომახლო ძმაკაც-მეგობრების ცოლებს შეათვალიერებენ და სახტად დარჩენილები აღმოაჩენენ, რომ თვითონ სხვებზე ნაკლები ცოლი ჰყავთ და ეს ამბავი ძალიანაც არ მოეპრიანებთ. მაგრამ ხომ არ გამოტყდებიან, „ჩემია ცოლია ბრიყვიო“ და იწყება მერე: „ყველა ქალი სულელია“. არა, გენაცვალე, ასეთი საუნჯე საკუთარი ნებით აირჩიეთ! ამას თქვენი ბავშვობისდროინდელი და კარგად ნაცნობი ზღაპრებიც კი ადასტურებს: კონკიას და ფიფქიას მამებმა მორჩილი და დამყოლი ცოლები მხოლოდ და მხოლოდ შვილების და ოჯახების მოსავლელად მოიყვანეს და კარგად უწყით, რა ჩიტიც დაიჭირეს...
ასეა, ხანდახან თავი ამაყი მონადირე რომ გგონიათ, კარგად დაფიქრდით, თქვენი „მეგზური“ როგორ და რანაირად აღმოჩნდა თქვენს გვერდით. თავად ხომ არ ხართ მახეში გაბმული ნანადირევი?

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment